„ოჯახური კავშირები“: ის, რაც რთულ დროებაში გვაძლიერებს
აპრილი 19, 2023

„ოჯახური კავშირები“: ის, რაც რთულ დროებაში გვაძლიერებს


„ეს მოულოდნელი და ნამდვილად ახლებური ხედვაა იმ ნამუშევრებთან შედარებით, რომელთა ყურებასაც მიჩვეულნი ვართ“, — ასე აღწერა EU NEIGHBOURS east – FOTOFESTIWAL ფოტოკონკურსის ჟიურის წევრმა, კურატორმა და ფოტო-კონსულტანტმა, არიანა რინალდომ, ფინალისტების პროექტებისგან მიღებული შთაბეჭდილება. გამარჯვებულები 31 მარტს თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდნენ. კონკურსში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობას იღებდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან. მათ „ოჯახური კავშირების“ თემაზე შექმნილი ფოტოსერიები წარადგინეს. შედეგებმა მთელი რეგიონიდან თავმოყრილ აუდიტორიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ხელოვნებამ გადაარჩინა

„ამ კონკურსს ჰქონდა დიდი მიზანი, ესაუბრა ოჯახსა და ოჯახურ კავშირებზე ასეთ რთულ დროში. ჩვენ ადამიანებს უნდა შევახსენოთ, რომ უკრაინა ევროპის ნაწილია იმის მიუხედავად, არის თუ არა ის ევროკავშირის წევრი. უკრაინა ევროპის კულტურული რუკის ნაწილია და ამ კავშირების გამოკვეთა მნიშვნელოვანია“, — აღნიშნა გამარჯვებულმა უკრაინიდან, მარისია მიანოვსკამ.

მისი პროექტი, „ო, ძმაო, სად ხარ?“, 90-იანი წლების კიევის ერთი საცხოვრებელი უბნის „დაკარგული თაობის“ქალაქურ ისტორიას გვიყვება. პროექტზე მუშაობა ფოტოგრაფმა ძმის გარდაცვალების მერე დაიწყო. ის სწორედ იმ თაობის წარმომადგენელი იყო, რომლის მოზარდობის წლებიც უკრაინის დამოუკიდებლობის პირველ ათწლეულს დაემთხვა. თუმცა მარისიას ხედვა ამაზე შორს მიდის. 

„მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ხელოვნებამ გადაარჩინა. ჩემს მშობლებს იმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ ფინანსურად დამხმარებოდნენ, მაგრამ ისინი იმით მედგნენ მუდამ გვერდში, რომ ჩემი ნათელი მომავლის სჯეროდათ. რაც შეეხება ჩემს პროექტს, ვფიქრობ, თავისუფლად შეიძლებოდა, რომ მე ჩემი ძმის ცხოვრებით მეცხოვრა, მას კი — ჩემი. ჩემი დიდი ოცნებაა, კიევის უბან ტროიეშჩინაში გავხსნა ხელოვნების სკოლა, რომელში სწავლაც უფასო იქნება. ძალიან მინდა, ბავშვებმა, რომლებსაც ზოგჯერ ჰგონიათ, თავიანთი მშობლების ბედს ვერ გაექცევიან, ისწავლონ, რომ ხელოვნებას სამყაროს შეცვლა შეუძლია“, — დაურთო მან. 

პირად დანაკარგთან გამკლავებისა და არა მხოლოდ ოჯახის ცნების, არამედ ქვეყნის ბედისწერის გადააზრების კიდევ ერთი მაგალითია მოლდოველი გამარჯვებულის, კატერინა შოშევას პროექტი, “SEM’YA”.

„ოჯახური კავშირები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცხოვრებაში ბევრ რამეს სათანადოდ ვერ ვაფასებდი. ჩემი ძმა დაახლოებით ექვსი წლის წინ გარდაიცვალა და მე მისი ფირების არქივი ვიპოვე. ეს არქივი, მოზარდობის წლებში რომ ქმნიდა, ჩემთვის და ჩემი ოთხი ძმისთვის, რომლებიც იმ ბინაში გავიზარდეთ, ერთგვარი მეხსიერებაა“, — თქვა ფოტოგრაფმა, რომელსაც თავდაპირველად არც კი უფიქრია, თვითანალიზის ეს პროცესი პროექტად ექცია.

მაგრამ ხელოვნებამ მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა, ამიტომ მენეჯერად მუშაობის 10 წლის თავზე გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დრო იყო.

„მე ვუყურებდი, როგორ იზრდებოდნენ ჩემი ძმისშვილები იმავე ბინაში, ამიტომ გადავწყვიტე, თაობათაშორისი ურთიერთობები და ჩვენზე მათი გავლენა მეკვლია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ოჯახი ახლა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშია მიმოფანტული და მე უკანასკნელი ვარ, ვინც მოლდოვაში რჩება“, — აღნიშნა კატერინამ.

ბელარუსელი გამარჯვებულის, პაშა კრიტჩკოს ცხოვრებაც მის ქვეყანაში მომხდარმა მოვლენებმა შეცვალა. კონკურსის ჟიურის წევრები მოხიბლა მისი თვალით დანახულმა იმ ბელარუსელთა ოჯახურმა კავშირებმა, რომლებსაც 2020 წლის მოვლენებმა ქვეყნის დატოვება აიძულა. ამ მოვლენებამდე ის კომერციული ფოტოგრაფი იყო, მაგრამ ახლა იმ მძიმე რეალობის დოკუმენტირება უწევს, რომელსაც არა მხოლოდ ბელარუსელები უმკლავდებიან, არამედ უკრაინელებიც, თავიანთ ქვეყანას რომ უკვე წელზე მეტია, რუსეთის მასშტაბური შეჭრისგან იცავენ.

„ოჯახი მინსკში მყავს, ჩემი მშობლები იქ არიან, მათ ისე ხშირად ვერ ვხედავ, როგორც ვისურვებდი. მამაჩემს კიბო აქვს და რამე რომ მოხდეს, არ ვიცი, როგორ შევძლებ მის მონახულებას, რადგან საზღვრის გადაკვეთისთანავე შეიძლება, დამაკავონ. ამიტომ მინდოდა, რომ რამდენიმე ადამიანის ისტორიის მაგალითზე წარმომეჩინა მთლიანი საზოგადოება და ის, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება“, — თქვა მან.

პაშა იმ თანამემამულეების ბედს იზიარებს, რომლებმაც ბელარუსი დატოვეს და უკან ვეღარ ბრუნდებიან. და ის სწორედ ამ რეალობას აღბეჭდავს. „მე ისიც მესმის, რომ ეს სიტუაცია, ამასთან, მუშაობის გაგრძელების ძალას მაძლევს, რადგან ვინმემ ხომ უნდა ამოიღოს ხმა არსებულ პრობლემებზე?! ამიტომ ძალიან მეამაყება, რომ ბელარუსელი ვარ“, — დაურთო მან. 

ნუ შეგეშინდებათ სოციალური საკითხების გაშუქების

სოციალური გამოწვევები და გარემოებები ცნობილი სომეხი ფოტოგრაფის, ნაზიკ არმენაკიანისკარიერისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდა. ის, როგორც წესი, ფოტორეპორტაჟებსა და დოკუმენტურ ესეებზე მუშაობს, მაგრამ კონკურსისთვის პირადი პროექტი, „ჩემი ომი (ფრაგმენტული გამოცდილება)“, წარადგინა.

„ეს პირადი ფოტოგრაფია კია, მაგრამ, იმავდროულად, ოჯახურ ფოტოგრაფიაზე მეტია. ვეცადე, ამესახა ჩემი ურთიერთობა ჩემს შვილთან, მიკაიელთან, რომელიც ომში გაიწვიეს. ძალიან მიხარია, რომ ეს ამბავი იხილეს და ამოარჩიეს“, — აღნიშნა მან.

თავდაპირველად ნაზიკი მის ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა ისე შეძრა, რომ იფიქრა, ფოტოებს ვეღარასდროს გადაიღებდა. მაგრამ ეს გამოწვევა მისთვის შიშების გადალახვისა და პროფესიული საქმიანობის გაგრძელების ბიძგადაც იქცა.

„ოჯახური კავშირები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცოლი და დედა ძალიან ადრე გავხდი. მე და ჩემს ქმარს ჩვენს ორ ვაჟთან მტკიცე ოჯახი გვაქვს და ორივე ძალიან მიყვარს. ყოველთვის სხვა ადამიანების ცხოვრებას ვიღებ ხოლმე და აქამდე არასდროს მომსვლია თავში, ჩემი შვილი და საკუთარი თავი გადამეღო“, — თქვა მან.

ფოტოკონკურსის ერთი მიზანი ისიც იყო, რომ ევროპას აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ახლოდან შეეხედა. „მე ამ გზით თვალი შევავლე სამყაროს ერთ ნაწილს და ფოტოგრაფიის სამყაროს, რომელსაც ყოველდღიურად ნამდვილად ვერ ვხედავ“, — განაცხადა ჟიურის წევრმა, არიანა რინალდომ, — „ფოტოგრაფიის სფეროში მომუშავეთა უმრავლესობა დასავლეთ ევროპაზე და დასავლურ სამყაროზე ვფოკუსირდებით. კონკურსის ნამუშევრებს შორის ისტორიებისა და სტილის მრავალფეროვნება იგრძნობოდა. მართლაც საინტერესო იყო იმის ხილვა, თუ როგორ გადმოსცემენ მსოფლიოს ამ ნაწილში, აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები ადამიანები ამ წლის თემის — ‘ოჯახური კავშირების’ — საკუთარ ხედვას“. 

ზუსტად ეს უნიკალური ხედვა ჩანს კიდევ ორ გამარჯვებულ პროექტშიც, რომელთაგან ერთი აზერბაიჯანიდანაა, მეორე კი — საქართველოდან.

კერძოდ, აზერბაიჯანელმა გამარჯვებულმა, ორხან აზიმოვმა, ასტარის რაიონის მიუვალი სოფლის, დიგოს, ბავშვების ცხოვრება ასახა. მან ერთდროულად რამდენიმე სოციალური საკითხი წამოწია: ეკონომიკურიცა და საგანმანათლებლოც. 

„ბავშვებს რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ, რომ მეზობელ სოფლებში მდებარე სკოლებში ისწავლონ. იქ 40-50 ბავშვი ცხოვრობს. ამ საკითხმა ძალიან დამაინტერესა და ადგილობრივებს დავუკავშირდი. როცა სოფელში ჩავედი და ეს ფოტოები სოციალურ მედიაში გავაზიარე, ამან დიდი აღელვება გამოიწვია. რამდენიმე თვის თავზე კი გადაწყდა, რომ იმ სოფელში სკოლა აშენებულიყო“, — ორხანის მიერ მოყოლილი ეს ამბავი იმის მაგალითია, როგორ შეუძლია ხელოვნებას სოციალური პრობლემების გადაჭრა. მეტიც, ბავშვები უკვე 2023 წლის სექტემბრიდან შეძლებენ თავიანთი სოფლის სკოლაში სწავლას.

ორხან აზიმოვი ინსტაგრამზე აქტიურად აქვეყნებს ფოტოებს. ამას წინათ მან თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგები გადაიღო, რადგან მას დოკუმენტური ფოტოგრაფიის ძალის მტკიცედ სწამს.

„ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და ბევრი განსხვავებული მოვლენა გადამიღია. ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, არ შეეშინდეთ მსგავსი საკითხების გაშუქების. ჩვენ, ფოტოგრაფებმა, ნათელი უნდა მოვფინოთ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს და ვანახოთ ისინი საზოგადოებას“, — განაცხადა მან. 

ქართველი გამარჯვებული, ნათელა გრიგალაშვილი, ძირითადად, ქვეყნის რეგიონებში მუშაობს. მისი პროექტი, „ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები“, საქართველოს გამორჩეული რეგიონის, მაღალმთიანი აჭარის შესახებაა.

„პროექტის სათაური ცოტა პესიმისტურია, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ორივე მხარის გაგება შეგვიძლია — ნელ-ნელა მომთაბარული ცხოვრება წარსულს ბარდება, მაგრამ, იმავდროულად, დღეს მხოლოდ ისინი ინარჩუნებენ ამ მემკვიდრეობას. ეს ადამიანები ოჯახებით გადაადგილდებიან და ცხოვრების მსგავს მოძრავ სტილს თანამედროვე სამყაროში ერთგულობენ“, — აღნიშნა მან.

ნათელა გრიგალაშვილი წარსულში ფოტორეპორტიორად და კინო ოპერატორად მუშაობდა, დოკუმენტურ ფოტოგრაფიას კი ხელი 2016 წელს მიჰყო.

„ჩემი კამერის დახმარებით ერთგვარ კვლევას ვაწარმოებ ადამიანებზე, რომლებიც ამ რეგიონებში ცხოვრობენ. გლობალიზაცია ნელ-ნელა ყველაფერს შლის, ჩვენ ამას ვერ შევაჩერებთ, მაგრამ კამერას იმ აწმყოსეული ისტორიის შენარჩუნების უნარი აქვს, რომელიც ჩვენ თვალწინ იცვლება“, — გვიხსნის ის.

რეგიონის ამგვარი ყურადღებიანი და პროფესიული თვალით აღბეჭდვა ჟიურისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. მათ გამარჯვებულების არჩევა 400 ნამუშევარს შორის მოუწიათ.

„უნდა აღვნიშნო, რომ კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხმა სასიამოვნოდ გამაკვირვა. ჩემი დაკვირვებით, ორი ტენდენცია გამოიკვეთა: პირველი ფოტოგრაფების პოლიტიკური ჩართულობა და ის ფაქტია, რომ მათ არჩეული თემა საფუძვლიანად იკვლიეს და სოციალურად და პოლიტიკურად გათვითცნობიერებულები არიან; მეორე კი რეგიონის სათანადოდ წარმოჩენისა და თავიანთ ადგილობრივ თემებთან მუშაობის გულწრფელი სურვილია“, — განაცხადა ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა, ფოტოგრაფმა კაროლინა გემბარამ

ყველა ფინალისტისა და მათი ნამუშევრების ხილვა აქ შეგიძლიათ. 



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,