27 ნოემბერს თბილისში გამართულ „სამართლიანი გადასვლის ფორუმზე“ ევროპის მასშტაბით მთავრობათა წარმომადგენლები, პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და თემთა ლიდერები შეიკრიბნენ. მათ განიხილეს, თუ როგორ შეიძლება, ენერგოეფექტიანობის გზით დაიძლიოს ენერგეტიკული სიღარიბე და გაიზარდოს მოსახლეობის ნდობა სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესისადმი.
ენერგეტიკული თანამეგობრობა საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ევროკავშირსა და მის მეზობლად მდებარე კანდიდატ ან პოტენციურ კანდიდატ ცხრა ქვეყანას, რომელთა რიცხვში საქართველოც არის. მისი მიზანია ინტეგრირებული რეგიონული ენერგობაზრის შექმნა, რომელიც სავალდებულო სამართლებრივ ჩარჩოს დაეფუძნება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნომ ფორუმზე წარმოადგინა „სამართლიანი გადასვლის პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებები“, რომლებიც მთავრობებს დაეხმარება, ჩართონ სამართლიანი გადასვლის ელემენტები ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ გეგმებში (NECPs). რეკომენდაციები უზრუნველყოფს, რომ დეკარბონიზაციის პროცესს თან ახლდეს სოციალური დაცვის, ადგილობრივი შესაძლებლობების გაჩენისა და საზოგადოებრივი ნდობის გაძლიერების ძალისხმევა და გარდაქმნის პროცესი ევროკავშირის სუფთა ენერგიისა და კლიმატის მიზნებთან თანხვედრით წარიმართოს.
„სამართლიანი გარდაქმნის პრინციპებით ხელმძღვანელობის გზით, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმები ევროკავშირის ენერგობაზარში ინტეგრაციისკენ გზას გაკვალავს და მწვანე გარდაქმნას ინვესტიციების, ინკლუზიისა და საერთო კეთილდღეობის მომტანად აქცევს“, – ფორუმის გახსნისას განაცხადა ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს დირექტორმა, არტურ ლორკოვსკიმ.
„ევროკავშირისთვის ‘სამართლიანი გადასვლა’ არ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი მიზანი, ეს ასევე არის აღებული ვალდებულება ადამიანების, სამართლიანობისა და გრძელვადიანი მდგრადობის მიმართ. ეს გარდაქმნა უნდა დაეფუძნოს დიალოგს, გამჭვირვალობასა და თემის წევრთა აქტიურ ჩართულობას“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, პაველ ჰერჩინსკიმ.
ფორუმის მონაწილეებმა ასევე განიხილეს სამდივნოს მიერ ჩატარებული კვლევის, „ენერგოეფექტიანობა უპირველესად ენერგეტიკული სიღარიბის დასაძლევად“, შედეგები. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში, კოსოვოში, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ოჯახების 30-40% ენერგეტიკული სიღარიბის წინაშე დგას. ის ასევე ააშკარავებს, თუ როგორ გარდასახავს რეგიონის მოსახლეობის ცხოვრებას ენერგოეფექტიანობა სახლების გათბობით, გაჯანსაღებითა და შედარებით დაბალი ფასებით. სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროებების წინ წამოწევით, სარეაბილიტაციო ფონდების შექმნით და „ენერგოეფექტიანობა უპირველესად“ პრინციპის გამოყენებით, ხელშეკრულების მხარეებს შეეძლებათ, 60%-ზე მეტად შეამცირონ საყოფაცხოვრებო მოთხოვნა ენერგეტიკაზე, თითოეული მილიონევროიანი ინვესტიციის ფარგლებში შექმნან 19-მდე ადგილობრივი სამუშაო ადგილი და სამმაგად გაზარდონ სარგებელი კეთილდღეობის, კომფორტისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების გზით.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,