სოციალური მეწარმეობა ომისშემდგომი აღდგენის ხელშესაწყობად: EU4Youth უკრაინასთან სოლიდარობის მიზნით ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების გამოცდილებას აშუქებს 

სოციალური მეწარმეობა ომისშემდგომი აღდგენის ხელშესაწყობად: EU4Youth უკრაინასთან სოლიდარობის მიზნით ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების გამოცდილებას აშუქებს 

მაისი 11, 2022

გასულ კვირას პროგრამამ, EU4Youth, ომისშემდგომი აღდგენის თემაზე საქართველოში ვებინარი გამართა. ვებინარი უკრაინელ ხალხთან სოლიდარობის გამოსავლენად იყო ორგანიზებული და მისი მიზანი მოქმედი და პოტენციური სოციალური მეწარმეებისთვის გამოცდილების გაზიარება გახლდათ. ღონისძიება  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის, ფარგლებში განხორციელდა.

სოციალური მეწარმეობის ხანგრძლივმა ისტორიამ ცხადყო, რომ სოციალური საწარმოები, ჩვეულებრივ, არასტაბილურ, კრიზისულ სიტუაციებში ყალიბდება, რათა  დაზარალებული ადამიანების ცხოვრების და პირობების გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი. 2008 წელს საქართველოს რუსეთთან ომის გადატანა მოუწია. შედეგად, შიდა ქართლის რეგიონი — განსაკუთრებით კი, გორის მუნიციპალიტეტი — მძიმედ დაზარალდა. ასობით ადამიანს იძულებით მოუხდა სახლ-კარის დატოვება, რასაც მიგრაციის ტალღები და უმუშევრობის ზრდა მოჰყვა. პირადი ტრაგედიების და ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, არაერთ იძულებით გადაადგილებულ პირს სოციალური ან გარემოს დაცვის მიზნით ბიზნესის ჩამოყალიბების უნარი აღმოაჩნდა. 

ვებინარი  Facebook-ის და Zoom-ის საშუალებით ჩატარდა. მას Zoom-ში 30-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ხოლო 800-ზე მეტმა ის Facebook Live-ის საშუალებით იხილა. შეხვედრა უკრაინულ ენაზე ითარგმნა და მას უკრაინის სოციალურ საწარმოებს იმ მიზნით გაუზიარებენ, რომ უკრაინელ ხალხს სხვა ადამიანების ცხოვრებისეული მაგალითების ჩვენებით გაუღვივოს მომავლის იმედი.

ვებინარის ფარგლებში ოთხმა სოციალურმა მეწარმემ გორის მუნიციპალიტეტიდან საკუთარი საწარმოების და გამოცდილების შესახებ ისაუბრა. სპიკერებმა სოციალური მეწარმეობის სფეროში შეუპოვრობის და გამძლეობის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.

ნინო გიორგაძე, გორში მდებარე მდგრადი სამკერვალო საწარმოს, ლიმოს დამფუძნებელი (EU4Youth-SEED-ის ბენეფიციარი), ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონში, ვინც სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების სტრატეგია შეიმუშავა. ლიმოს ტანსაცმელს გამორჩეული დიზაინი აქვს და მისი პროდუქტები ბუნებრივი მასალისგან არის დამზადებული. ამასთან, სამოსზე ამოქარგული გამოსახულებები ბავშვებში სოციალური და შემეცნებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს. საწარმოს მთლიანი მოგება გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ომით დაზარალებული და სოციალურად დაუცველი ქალების გაძლიერებას ხმარდება. კომპანიის ყველა თანამშრომელი 2008 წლის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირია.

ქეთევან კვაჭანტირაძემ სოფელ კარალეთიდან მდგრადი სამკერვალო საწარმო, ბამანე დააარსა (EU4Youth-SEED ბენეფიციარი). ქეთევანს იქამდე სამკერვალო ჰქონდა, ახლა კი ის მონარჩენი ქსოვილებიდან ბავშვებისათვის საძილე ტომრებს კერავს. „ჩვენ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ვასაქმებთ და საწარმოს გაფართოებას ვგეგმავთ, რათა კიდევ უფრო მეტი დავასაქმოთ“, — თქვა ქეთევანმა, — „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საწარმო კარალეთში, რუსული ბაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ჩვენი მიზანი კარალეთის მსგავს სოფლებში მდგრადი თემების შექმნაა, რათა ისინი არ დაცარიელდნენ და ახალგაზრდებს ადგილობრივად ჰქონდეთ დასაქმების და საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალება“.

ნანა ჩქარეულმა ტიხრული მინანქრის საწარმოდან, იკორთა, რომელიც 2012 წელს  წეროვანის ლტოლვილთა დასახლებაში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „უკეთესი მომავლისათვის“, დააარსა, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აპოვნინა კომპანიამ თავის ბენეფიციარებს საკუთარი პროფესიული ცხოვრების განვითარების გზა. ამჟამად სამკაულების დამამზადებელ საწარმოში 10 ადამიანი მუშაობს, რომელთაგან 9 ქალია. კომპანია რეგიონის სამოქალაქო და ეკონომიკურ განვითარებას სხვა გზითაც უწყობს ხელს. კერძოდ, ის სამკაულების გაყიდვებიდან მიღებული მოგების რეინვესტირებას იმ ახალგაზრდებისა და ქალებისათვის განკუთვნილ პროგრამებში ახდენს, რომლებიც 2008 წლის ომის შედეგად დევნილი ადამიანებისთვის განკუთვნილ დასახლებაში ცხოვრობენ.

არჩილ გობეჯიშვილი იძულებით გადაადგილებული პირია, რომელმაც სოციალური საწარმო, დადარი დააარსა. საწარმოში განსხვავებული უნარების მქონე ადამიანებისგან შემდგარი ძლიერი და ერთიანი გუნდი მუშაობს. ისინი ხისგან  მაღალი ხარისხის ხელნაკეთ სათამაშოებს ამზადებენ. კომპანიის მთავარი სოციალური მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და განსაკუთრებული ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ადამიანების ტრენინგი, დასაქმება და სრულყოფილად ჩართვა სოციალურ ცხოვრებაში.

დამატებითი ინფორმაცია

EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის

უყურეთ ვებინარს



თემაზე

ევროკავშირი თავის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების შესრულებას აფასებს
აგვისტო 16, 2022

ევროკავშირი თავის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების შესრულებას აფასებს

ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ქართული სოფლები Google Maps-ზე გამოჩნდა
აგვისტო 10, 2022

ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ქართული სოფლები Google Maps-ზე გამოჩნდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქები მუნიციპალური განვითარების ახალ გზებს სახავენ 
აგვისტო 9, 2022

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქები მუნიციპალური განვითარების ახალ გზებს სახავენ 

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი: ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს 
აგვისტო 9, 2022

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი: ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს 

საქართველოში ადამიანის უფლებების უკეთ დასაცავად საგანმანათლებლო ტრენინგთა სერია ჩატარდა
აგვისტო 5, 2022

საქართველოში ადამიანის უფლებების უკეთ დასაცავად საგანმანათლებლო ტრენინგთა სერია ჩატარდა


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,