18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ახალი დეტალური წინადადება გამოაქვეყნა. შეთავაზებული შეთანხმების მიზანია, დაეხმაროს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში.
აღნიშნულ დოკუმენტში შარლ მიშელი პარტიებს სთავაზობს, მოკლე ვადაში გადაჭრან მართლმსაჯულების პოლიტიზებასთან დაკავშირებული პრობლემები, განახორციელონ საარჩევნო და სასამართლო რეფორმები და მოახდინონ ძალთა გადანაწილება პარლამენტში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
„ეს არის შეთანხმება, რომელზე ხელის მოწერაც ყველა მხარის პასუხისმგებლობაა, რადგან ცალმხრივი ქმედებები ძირს უთხრის საყოველთაო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას“, — ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთსა და იმავე დღეს გამოაქვეყნეს. ორივე მხარემ მოუწოდა საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას.
„შეთანხმებაში გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმები საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე წინსვლაში დაეხმარება. მათი განხორციელება ქვეყნის მოქალაქეებს თვალშისაცემ სარგებელს მოუტანს. ამ რეფორმების შედეგად შეიქმნება მეტად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, წარიმართება უფრო ძლიერი საარჩევნო პროცესები და ამუშავდება პარლამენტი, რომელსაც უკეთესად შეეძლება ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა“, — აღნიშნულია განცხადებაში, — „ამ კომპრომისზე წასვლით ყველა მხარე წარმოაჩენს კეთილგონიერებასა და მზაობას, რომ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებები ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე წინ დააყენოს“.
დამატებითი ინფორმაცია
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,