სწავლა ევროპაში: რჩევები სტუდენტებისთვის ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციის შესახებ 
სექტემბერი 4, 2024

სწავლა ევროპაში: რჩევები სტუდენტებისთვის ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციის შესახებ 


ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ ევროკომისიის დეპარტამენტმა – მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა (DG HOME), გაავრცელა მოგზაურობის შესახებ ახალი მოთხოვნები, რომლებიც უვიზო ქვეყნებიდან ევროკავშირში ჩასულმა სტუდენტებმაც უნდა დაიცვან. 

ამჟამად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინას აქვთ. 

ესაა შვიდი ძირითადი ფაქტი „ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაზე“ (ETIAS), რომელიც 2025 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება:

  1. ETIAS აუცილებელი იქნება ევროპის 30 ქვეყანაში შესასვლელად და დასარჩენად. ეს 30 ქვეყანა მოიცავს შენგენის 29 სახელმწიფოს და კვიპროსს. ამ ქვეყნებში ჩასვლის მსურველებმა სამოგზაურო ავტორიზაცია მოგზაურობის დაწყებამდე უნდა გაიარონ. 
  2. ETIAS-ით ევროპის 30 ქვეყანაში სწავლას შეძლებთ მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. ხოლო ხანგრძლივ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობისთვის სტუდენტური ვიზა დაგჭირდებათ.
  3. ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციაზე განაცხადის შესატანად დაგჭირდებათ: პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს 3 თვეს და არ უნდა აჭარბებდეს 10 წელს; ელექტრონული ფოსტის მისამართი; ონლაინფორმის შევსება; 7 ევროს ოდენობის საფასურის გადახდა.
  4. არსებობს ETIAS-ის მხოლოდ ერთი ოფიციალური ვებსაიტი. განაცხადის ფორმის შევსებას სწორედ ამ ვებსაიტზე შეძლებთ.
  5. თქვენი ETIAS ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე, იმის მიხედვით, თუ ამ ორიდან პირველი რომელი მოხდება. ETIAS შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალჯერადი შესვლისთვის.
  6. ETIAS ვიზა არ არის. მსგავს სამოგზაურო ავტორიზაციას უვიზო მგზავრებისთვის მოითხოვენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები (ESTA), კანადა (eTA), ავსტრალია (ETA და eVisitor) და გაერთიანებული სამეფო (ETA).
  7. უფრთხილდით თაღლითებს! არსებობს ETIAS-ის 100-ზე მეტი არაოფიციალური ვებგვერდი, რომელიც იძლევა ინფორმაციას ამ ახალი ევროპული სამოგზაურო ავტორიზაციის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ამ ვებსაიტს, სავარაუდოდ, კანონიერი კომპანიები მართავენ, შეიძლება შეგხვდეთ ნაკლებად სანდო ვებსაიტებიც. თუ გადაწყვეტთ, მესამე მხარეს სთხოვოთ ETIAS-ზე განაცხადის თქვენი სახელით შეტანა, დარწმუნდით, რომ სანდო შუამავალი აირჩიეთ.

თუ ხართ უვიზო ქვეყნის მოქალაქე და გეგმავთ სწავლას ევროპულ ქვეყანაში, რომელიც ETIAS-ს მოითხოვს, 90-ზე მეტი დღისთვის დასარჩენად სტუდენტური ვიზა დაგჭირდებათ.

ETIAS-ის მომთხოვნ ევროპის ქვეყნებში თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ  დამატებით 90 დღემდე წასვლისა და დაბრუნების საჭიროების გარეშე. თუმცა, თქვენ გჭირდებათ:

  • მოქმედი ETIAS-ის მოგზაურობის ავტორიზაცია თქვენი სტუდენტური ვიზის ვადის ამოწურვის მომენტიდან; და
  • რეგისტრაცია შესვლა/გამოსვლის სისტემაში (EES).

EES აღრიცხავს უვიზო ან ვიზის მქონე მოგზაურებს, რომლებიც შენგენის ზონაში ხანმოკლე ვადით დასარჩენად შედიან. კერძოდ, ის აღრიცხავს თქვენი შესვლის დროს და ადგილს და ინახავს თქვენი სახის გამოსახულებას და თითის ანაბეჭდებს.

EES-ში ჩვეულებრივ საზღვარზე რეგისტრირდებიან. თუმცა თუ თქვენ ქვეყანაში სტუდენტური ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ მცირე პერიოდით რჩებით, EES-ში დარეგისტრირება უნდა მოითხოვოთ ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიფოს ხელისუფლებისგან, სადაც სწავლობთ ან სადაც გამგზავრებას აპირებთ. EES-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ გვერდებს.

ავტორიზებული ყოფნის დარჩენილი დღეების რაოდენობის გადამოწმებას შეძლებთ EES-ის ოფიციალურ ვებსაიტზე მას შემდეგ, რაც სისტემა ამოქმედდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,