საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: განვითარებული მოვლენები ძალზე შემაშფოთებელია, აცხადებს ევროკავშირი
Maurizio Orlando _ Hans Lucas via Reuters Connect
ოქტომბერი 30, 2024

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: განვითარებული მოვლენები ძალზე შემაშფოთებელია, აცხადებს ევროკავშირი


26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენები „ძალზე შემაშფოთებელია“, აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა დღევანდელ განცხადებაში.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა გააკეთეს ანგარიშები დარღვევების შესახებ როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ისე არჩევნების დღეს. „მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო“, – თქვა ბორელმა. „გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლის და მათი დაშინების ფაქტები, რაც საზოგადოების მხრიდან პროცესისადმი ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა აღმოიფხვრას“.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, უნდა გამოავლინოს ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, დაწყებული საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით. „კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნები და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი“, თქვა მან.

ბორელმა დასძინა, რომ მან სთხოვა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს (PSC), რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, სასწრაფოდ შეიკრიბოს დღეს და გამართოს დისკუსია საქართველოში არსებული რთული ვითარების თაობაზე. ბორელმა საქართველოში არსებული მდგომარეობა საგარეო საქმეთა საბჭოს ნოემბრის დღის წესრიგშიც შეიტანა.

„საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში ავლენს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისა და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლის მიმართ. ის იმსახურებს იმას, რომ საარჩევნო პროცესი იყოს მკაფიო, რათა  ჰქონდეს მომდევნო მთავრობის ლეგიტიმურობის რწმენა. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიან ფარგლებში გაგრძელდეს“, დასკვნის სახით განაცხადა ბორელმა.

დამატებით ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,