სანქციების მეექვსე პაკეტი: ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობის აკრძალვასა და „სბერბანკის“ SWIFT-ის სისტემიდან გათიშვაზე თანხმდებიან
ივნისი 1, 2022

სანქციების მეექვსე პაკეტი: ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობის აკრძალვასა და „სბერბანკის“ SWIFT-ის სისტემიდან გათიშვაზე თანხმდებიან


30 მაისს ევროკომისიამ ბრიუსელში ორდღიან შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმა. 

შეთანხმების თანახმად, რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მიწოდება იკრძალება. სანქციები რუსეთის ნავთობის იმპორტის 75%-ზე დაუყოვნებელ ზეგავლენას მოახდენს, ხოლო წლის ბოლომდე აკრძალვა ევროკავშირში რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის 90%-ზე გავრცელდება. 

„აკრძალვა დაუყოვნებლივ შეეხება რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის 2/3-ს, რაც რუსეთს საომარი მექანიზმის დაფინანსების უზარმაზარ წყაროს მოუსპობს“,  – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Twitter-ზე, – „ესაა რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლა ომის დამთავრების მიზნით“. 

საბჭო შეთანხმდა, რომ მილსადენის საშუალებით მიწოდებულ ნედლ ნავთობზე დროებითი გამონაკლისი გაკეთდება. მიწოდებაში შესაძლო უეცარ შეფერხებებთან გასამკლავებლად კი ევროკავშირი მიიღებს გადაუდებელ ზომებს, რომლებიც ნავთობის უსაფრთხო მიწოდებას უზრუნველყოფს.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, სანქციების ეს პაკეტი მოიცავს სხვა მკაცრ შეზღუდვებსაც. კერძოდ, SWIFT-ის სისტემიდან გაითიშება რუსეთის უდიდესი ბანკი, „სბერბანკი“, აიკრძალება რუსეთის კიდევ სამი სახელმწიფო მედიაკომპანიის მაუწყებლობა და სანქციები დაუწესდებათ უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელ ინდივიდებს.

ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა მას ჰუმანიტარულ, ლიკვიდურობის და რეკონსტრუქციის საჭიროებათა დაკმაყოფილებაში დაეხმაროს. საბჭო შეთანხმდა, „იმუშაოს მექანიზმზე, რომელიც უკრაინას ახალი,  9 მილიარდ ევრომდე ოდენობის განსაკუთრებული მაკროფინანსური დახმარების პაკეტით უზრუნველყოფს“,  –  დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპული საბჭო ასევე მიესალმა ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვით, უკრაინას ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში  სამხედრო მხარდაჭერა გაეზრდება და უკრაინიდან ევროკავშირში ყოველგვარ ექსპორტზე იმპორტის მოსაკრებელი ერთი წლის განმავლობაში შეჩერდება.

გარდა ამისა, ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ აუცილებელია, მოლდოვას გაეწიოს ყოველგვარი მხარდაჭერა ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისის და ომით გამოწვეული მიგრაციის პრობლემების მოსაგვარებლად. ამასთან, საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ბელარუსს რეპრესიების შეწყვეტისკენ და ხაზი გაუსვა ბელარუსი ხალხის დემოკრატიულ უფლებებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,