პროგრამის EU4Digital ახალი ანგარიში ავლენს კონკურენციისთვის არსებულ დაბრკოლებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ხმოვანი ზარების დასრულების (VCT) საბითუმო ბაზრებზე; ეს ანგარიში სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ეროვნულ მარეგულირებლებთან ერთად ჩატარებულ პირველ კოორდინირებულ რეგიონულ შეფასებას ეფუძნება.
პროგრამის EU4Digital „ანგარიში ხმოვანი ზარების დასრულების ბაზრის ანალიზის შესახებ“, რომელიც 2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, წარმოადგენს კომპლექსურ მიმოხილვას, შედეგებს და რეკომენდაციებს.
ხმოვანი ზარის დასრულება – პროცესი, რომელიც ოპერატორს საშუალებას აძლევს დაასრულოს ზარი სხვა ქსელში – პირდაპირ გავლენას ახდენს თითოეული სატელეფონო ზარის ფასსა და ხარისხზე, განმარტავს EU4Digital პრესრელიზში. დაკავშირების ყველაზე მეტად გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, თითოეული ოპერატორი აკონტროლებს წვდომას საკუთარ ქსელზე: ეს ნიშნავს, რომ ბაზარი ადვილად შეიძლება გახდეს დაუბალანსებელი, რაც პოტენციურად გამოიწვევს წვდომის შესაძლებლობების და კონკურენციის შეზღუდვას და ფასების ზრდას.
ანგარიშში განხილულია, თუ როგორ უწესებენ ერთმანეთს გადასახადებს ოპერატორები ზარის დასასრულებლად, და თუ რატომ აქვს ამ გადასახადებს მნიშვნელობა მომხმარებლებისთვის და ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის გაჯანსაღებისთვის.
ყველა შესწავლილი ბაზრის შედეგები მიუთითებს, რომ ამ ბაზრებზე კონკურენციას აფერხებს სერიოზული და მუდმივი დაბრკოლებების არსებობა.
„ეს ნიშნავს, რომ მარეგულირებლებმა უნდა შეინარჩუნონ ან შემოიღონ მკაფიო წესები წვდომასა და ფასებთან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილონ უსამართლო გადასახადები და დაიცვან მცირე ოპერატორები. როდესაც ზარის დასრულების საფასური ძალიან მაღალია ან ის არათანმიმდევრულად გამოიყენება, მომხმარებლები იხდიან მეტს, ხოლო ბაზარი ნაკლებად კონკურენტუნარიანი ხდება“, ნათქვამია პრესრელიზში.
საერთო წესებისა და გამჭვირვალე ფასწარმოქმნის გამოყენებით აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შეუძლიათ შეამცირონ ზარების ღირებულება საბოლოო მომხმარებლებისთვის, უზრუნველყონ თანაბარი პირობები ყველა ზომის ოპერატორისთვის, დაუახლოვდნენ ევროკავშირის მარეგულირებელ სტანდარტებს, მათ შორის ევროკავშირის მასშტაბით არსებულ შეზღუდვას ზარის დასრულების ტარიფებზე, და გზა გაუხსნან უფრო მჭიდრო რეგიონულ საზღვრისპირა თანამშრომლობას, მაგალითად, საერთო როუმინგულ შეთანხმებებს.
როგორც ეს პრესრელიზშია მითითებული, ეროვნული მარეგულირებლები გამართავენ კონსულტაციებს, დახვეწავენ ანგარიშში შემოთავაზებულ ღონისძიებებს და მიიღებენ განახლებულ გადაწყვეტილებებს რეგულირებასთან დაკავშირებით.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,