ნულოვანი ნარჩენის დღე: ევროკავშირი და გაეროს განვითრების პროგრამა საქართველოში ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში ცირკულარობის ინტერაქტიულ პროგრამას მასპინძლობენ
აპრილი 1, 2026

ნულოვანი ნარჩენის დღე: ევროკავშირი და გაეროს განვითრების პროგრამა საქართველოში ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში ცირკულარობის ინტერაქტიულ პროგრამას მასპინძლობენ


ევროკავშირმა და გაეროს განვითრების პროგრამამ (UNDP) ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად ნულოვანი ნარჩენების დღე აღნიშნეს და ცირკულარული აქტივობების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვის მიზნით საგანმანათლებლო და ინტერაქტიულ ღონისძიებებს უმასპინძლეს.

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველწიურად 30 მარტს აღინიშნება, ხაზს უსვამს მდგრადი მოხმარების და წარმოების, ასევე ნარჩენების უკეთესი მართვის აუცილებლობას ნარჩენების გლობალურ კრიზისთან საბრძოლველად.

მოსწავლეები მთელი დღის განმავლობაში წარმოადგენდნენ საკუთარ ცირკულარულ ინიციატივებს, რომელთა შორის აღსანიშნავია ნარჩენების აუდიტი სკოლის მასშტაბით, ხელნაკეთი ნივთების შექმნა გადამუშავებული მასალებისგან და ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმართვა თანატოლებში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ახალგაზრდებს ციფრული გამოწვევა „აირჩიე გონივრულად“ (Choose Smart) გააცნო, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში პატარა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ცირკულარული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს. მწარმოებლის პასუხისმგებლობის ორგანიზაციამ Wasteless უმასპინძლა ნარჩენების შეგროვების კონკურს, რომლის მიზანი იყო  ნარჩენების პასუხისმგებლიანი გადაყრის წახალისება და ცნობიერების ამაღლება ელექტრონული ნარჩენების შესახებ.

ღონისძიების მონაწილეებმა ასევე გამოსცადეს ევროკავშირისა და UNDP-ის მიერ მხარდაჭერილი  სამაგიდო თამაში „ჩომპო-კალიფსი“, რომელშიც მოთამაშეებმა ნარჩენების მონსტრი უნდა დაამარცხონ და ამავე დროს საკუთარი სახლისა თუ ქალაქის მწვანე და სუფთა გარემოზე იზრუნონ.

„ჩვენი ეკონომიკის მომავალი ცირკულარულია“, – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.  „მისასალმებელია, რომ საქართველოში ცირკულარული მომავლის ხედვა ახალგაზრდების აქტიური მხარდაჭერით სარგებლობს. ევროკავშირი მოხარულია ხელი შეუწყოს მათი იდეების განხორციელებასა და ლიდერობას უფრო მდგრადი მომავლის შექმნის პროცესში“.

ნულოვანი ნარჩენების დღის აღნიშვნა მოჰყვა ორკვირიან საგანმანათლებლო კამპანიას საქართველოს რამდენიმე სკოლაში, სადაც ცირკულარული ეკონომიკის ძირითადი პრინციპები იყო წარმოდგენილი. ინტერაქტიული სესიებისა და დებატების საშუალებით მოსწავლეები გაეცნენ პრაქტიკულ გადაწყვეტებს და იდეები მოქმედებად აქციეს.

ნულოვანი ნარჩენების დღის კამპანია ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს გადასვლას ინკლუზიურ და ცირკულარულ ეკონომიკაზე.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,