მსოფლიო წყლის დღე: EU4Environment უკრაინაში მიმდინარე ომის ზემოქმედების შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
მარტი 23, 2022

მსოფლიო წყლის დღე: EU4Environment უკრაინაში მიმდინარე ომის ზემოქმედების შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს


მსოფლიო წყლის დღეს — 22 მარტს პროგრამამ, EU4Environment გამოაქვეყნა გაფრთხილება იმ მავნე ზემოქმედების შესახებ, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს წყლის რესურსებზე აქვს. კერძოდ, ხარვეზებია წყლის მიწოდების სისტემაში, გაუარესებულია სანიტარული პირობები და გარემოსთვის მიყენებულია ისეთი ზიანი, რომლის აღდგენას ათწლეულები შეიძლება დასჭირდეს.

ადამიანებისთვის მიყენებულ საშინელ ტანჯვასთან ერთად, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ 90 მილიარდამდე ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურაც გაანადგურა. ევროპის გარემოს დაცვის სააგენტომ კი წყალში, ნიადაგსა და ჰაერში ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების არსებობის შესახებ გამოაქვეყნა გაფრთხილება. ეს ნივთიერებები გარემოში ათწლეულების განმავლობაში შეიძლება დარჩეს. 

ადამიანის უფლება წყალზე და სანიტარულ პირობებზე გაერომ 2010 წლის ივლისში აღიარა. იქ კი, სადაც განსაკუთრებით ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, წყალმომარაგება და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შენარჩუნება სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხთა შორისაა. ამ პირობების გაუარესების დროს იზრდება წყლით გავრცელებადი ისეთი დაავადებების გაჩენის რისკი, როგორიც ქოლერაა — განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ კი ბავშვები არიან.

„დღეს უკრაინას ომის გამო იზოლირებული რეგიონებისთვის სუფთა სასმელი წყალი სჭირდება. ხვალ კი მას დასჭირდება მხარდაჭერა ქვეყნის აღდგენის და აღმშენებლობისთვის — მათ შორის წყლის და გარემოს მმართველობის, მართვის და მონიტორინგის საკითხებში“, — ეს გაფრთხილება პროგრამამ, EU4Environment მსოფლიო წყლის დღისადმი მიძღვნილ სტატიაში გამოაქვეყნა (სტატიის სრული სახით ნახვა აქ შეგიძლიათ).

სუფთა წყალი და გარემო ადამიანის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. ევროკავშირი ამ საკითხშიც უკრაინის გვერდით დგას, რათა დაეხმაროს მას ყველაზე აუცილებელი საჭიროებების მოგვარებაში ქვეყნის გრძელვადიანი აღდგენის და შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად. 

მსოფლიო წყლის დღე, რომელიც 1993 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად 22 მარტს აღინიშნება, ხაზს უსვამს წყლის მნიშვნელობას და იმ 2 მილიარდი ადამიანის შესახებ ამაღლებს ცნობიერებას, ვისთვისაც სუფთა წყალი ხელმისაწვდომი არ არის. წყალი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი  ექვსი ქვეყნის მნიშვნელოვანი აქტივია. ამ მხრივ, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა მზარდ ზეწოლას განიცდიან, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ამ მიმართულებით მხარდასაჭერად ევროკავშირმა იანვარში ახალი ინიციატივა, EU4Environment — წყლის რესურსების და გარემოსდაცვითი მონაცემების რეგიონული პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, დაიწყო. პროგრამა წყლის მდგრადი რესურსების მართვას, შესაბამისი პოლიტიკის განვითარებას, სანდო გარემოსდაცვითი სტატისტიკის წარმოებას და მონაცემების ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაცია

მსოფლიო წყლის დღე: წყალი ომის პერიოდში – უკრაინის შემთხვევა 

მსოფლიო წყლის დღე: ეკოლოგიის პერსპექტივები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,