„მეტი ევროკავშირი საქართველოში“: ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობასა და შესაძლებლობებს ღონისძიებათა სერიით წარმოაჩენენ
სექტემბერი 27, 2023

„მეტი ევროკავშირი საქართველოში“: ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობასა და შესაძლებლობებს ღონისძიებათა სერიით წარმოაჩენენ


26 სექტემბრიდან სამი დღის განმავლობაში, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები (YEAs) საქართველოდან და ევროკავშირიდან დასავლეთ საქართველოში ღონისძიებებს გამართავენ. ინიციატივის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შედეგების წარმოჩენა და გზავნილის, „მეტი ევროკავშირი საქართველოში“ (More EU in Georgia), მნიშვნელობის გამოკვეთაა.

ამ მიზნის მისაღწევად, 17 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ქვეყნის სამი რეგიონის — იმერეთის (ქუთაისი), სამეგრელოს (ზუგდიდი) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (ბათუმი, ქედა) — საჯარო და კერძო სკოლებს, სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და ევროკლუბებს ეწვევა. შეხვედრები ორიენტირებულია 16-იდან 26 წლამდე ასაკის სტუდენტებსა და ახალგაზრდებზე, რომლებსაც აინტერესებთ ევროკავშირის საქმიანობა და სამოქალაქო აქტივიზმი.

პირველი შეხვედრები 26 სექტემბერს ქუთაისში გაიმართა, სადაც ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა ორი სკოლა (N26 საჯარო სკოლა და ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“) მოინახულეს. ისინი ასევე შეხვდნენ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს და ესტუმრნენ ქუთაისის ევროკლუბს, რომელიც „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივისა და სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის, „თაობათა დიალოგის“ ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.

„ინტერაქციული შეხვედრები არა მხოლოდ ევროკავშირის სტრატეგიულ მიზნებს ააშკარავებს, არამედ, ამასთან, იმ პრაქტიკულ შესაძლებლობებსაც წარმოაჩენს, რომელთა მიზანიც უნარების განვითარება და მეწარმეობის ხელშეწყობაა“, — აღნიშნა ება ფაგერლუნდმა, ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა შვედეთიდან, — „ჩვენმა შეხვედრებმა დაგვანახა, როგორ დადებითად აისახება ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოზე. მოხარული ვარ, რომ განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ხდება ამ დინამიკური ინიციატივის ნაწილი“.

ღონისძიებების მიზანია, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირება ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის მიმდინარე კონკურსის შესახებ, რათა სოფლად მცხოვრები მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ინიციატივით, შეუერთდეს არსებულ ქსელს და გახდეს ახალგაზრდა ევროპელი ელჩი. კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადა 1 ოქტომბერია.

დღეს, 27 სექტემბერს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ზუგდიდის N4 საჯარო სკოლას, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ზუგდიდის ევროკლუბს ეწვევიან, სადაც ისინი ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდებიან. ზუგდიდის ევროკლუბი ახალგაზრდა ევროპელი ელჩებისა და „ასოციაცია ათინათის“ ერთობლივი ინიციატივით დაარსდა.  

28 სექტემბერს ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ქედის ევროკლუბს ეწვევიან, რომელიც ოფიციალურად 2023 წლის ივნისში, ქედის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით გაიხსნა, და მათ მიერ ორგანიზებულ აქტივობებს შეუერთდებიან. აქტივობის დროს მოსწავლეები დაამზადებენ ხელნაკეთ ნამუშევრებს ევროკავშირისა და საქართველოს სიმბოლიკით, გაეცნობიან საქართველოსა და ევროკავშირის დროშების შექმნის ისტორიას და მიიღებენ ინფორმაციას თანამშრომლობის შესახებ.

ამ დღეების განმავლობაში ახალგაზრდა ევროპელი ელჩები სხვადასხვა ინტერაქციულ აქტივობას და ინფორმაციულ შეხვედრებს ჩაატარებენ და ახალგაზრდებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ იმ შესაძლებლობებს გააცნობენ, რომლებიც მათ უნარების განვითარებაში დაეხმარება. შეხვედრების დროს ისინი კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ასევე წარმოაჩენენ, როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უნარების განვითარებასა და მეწარმეობას საქართველოში.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, საკომუნიკაციო ქსელია, რომელიც აკავშირებს ახალგაზრდებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და გაერთიანებული სამეფოდან. „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას ევროკავშირმა 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი და მას მერე ქსელში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ 1,700-ზე მეტ ახალგაზრდას მიუღია მონაწილეობა.


თემაზე

დეკემბერი 8, 2023

მედიაწიგნიერების თემაზე გამართული TruthTechThon ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 

დეკემბერი 6, 2023

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინორეჟისორებს ევროკავშირის პრიზი, „ადამიანის უფლებები კინოში“, გადაეცათ

დეკემბერი 6, 2023

ევროპის განათლების ფონდი ევროკავშირის სამეზობლოში ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით #MySkills4You კამპანიას იწყებს

დეკემბერი 5, 2023

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების კონკურსში შეტანილი რეკორდული რაოდენობის განაცხადებიდან 657 ახალი წევრი შეირჩა

დეკემბერი 5, 2023

COP28: ევროკავშირი და EBRD პარტნიორ ქვეყნებში მწვანე ინვესტიციების გაზრდის ვალდებულებას იღებენ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,