გაფართოების საკითხებზე ევროკომისარმა, მარტა კოსმა 4 ნოემბერს გაფართოების 2025 წლის პაკეტის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოში სიტუაცია მწვავედაა გაუარესებული და აღინიშნება სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა. „ალბათ, აქამდე არასოდეს მომხდარა, რომ რომელიმე გაფართოების ანგარიშში ამდენი თქმულიყო უკუსვლაზე“, აღნიშნა მან.
გაფართოების პაკეტის თანახმად, ევროკომისიისთვის საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მხოლოდ ფურცელზეღა არსებობს.
„ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი აღმოფხვრა და ფუნდამენტური უფლებების მძიმე შეზღუდვა. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს თავისი კურსი. საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ ევროპულ მომავალს და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ“, განაცხადა ევროკომისარმა.
მარტა კოსმა ასევე ისაუბრა სხვა კანდიდატი ქვეყნების პროგრესზე: „პროგრესი, რომელსაც მონტენეგრომ, ალბანეთმა, მოლდოვამ და უკრაინამ ამ ეტაპზე მიაღწიეს, აჩვენებს, რომ რეფორმებს შედეგი მოაქვს. ეს ამ პროცესში ჩართული ყველა ქვეყნისთვის ძლიერი მოტივაცია უნდა იყოს“.
ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკომისია მოლდოვასთან და უკრაინასთან მუშაობას გააგრძელებს, რათა „საბჭომ ნოემბრისთვის შეძლოს მათთან მოლაპარაკებების ყველა ბლოკის გახსნა“.
„ჩვენ ვეძებთ გზებს იმისათვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს და მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები არ შეჩერდეს“, დაურთო მან.
ევროკომისრის თანახმად, მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „ასწრაფებული სიჩქარით“ წაიწია წინ და მნიშვნელოვნად გააღრმავა თანამშრომლობა ევროკავშირთან გამუდმებული ჰიბრიდული მუქარებისა და იმ მცდელობათა მიუხედავად, რომელთა მიზანიც ქვეყნის ევროკავშირის გზიდან ჩამოშორებაა. „მოლდოვამ ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის უდიდესი ერთწლიანი პროგრესი აჩვენა“, აღნიშნა მან.
მარტა კოსმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინამაც წაიწია წინ ძირითადი რეფორმების გატარების კუთხით.
„მე მართლაც აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ რას აღწევს ეს ქვეყანა. წარმოგიდგენიათ? ჩვენ უკრაინას ისეთსავე მკაცრ მოთხოვნებს ვუყენებთ, როგორც ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანას – და ისინი რეფორმებს ატარებენ. ეს განსაკუთრებული ფაქტორია, რომელიც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, როცა უკრაინის წარმატებაზე ვსაუბრობთ“, აღნიშნა ევროკომისარმა, „ცხადია, საჭიროა დამატებითი და სტაბილური პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით“.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,