ევროკომისია 404.3 მილიონ ევროს გამოყოფს მკვლევრებისთვის პოსტ-სადოქტორო ეტაპზე 2025 წლის მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) პოსტ-სადოქტორო სტიპენდიების ფარგლებში.
ეს ინიციატივა საშუალებას მისცემს 17066 საერთაშორისო კანდიდატიდან შერჩეულ 1610 პოსტ-სადოქტორო ეტაპის მკვლევარს შეიმუშაონ საკუთარი პროექტები; პარალელურად მათ ექნებათ მაღალი ხარისხის ტრენინგებსა და საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობის და ექსპერტული ხელმძღვანელობის მიღების საშუალება აკადემიურ და არა-აკადემიურ დაწესებულებებში. მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA) პოსტ სადოქტორო სტიპენდიების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი ეროვნების საუკეთესო მკვლევრებს.
მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) 2025 წლის პოსტ-სადოქტორო სტიპენდიები წარმოადგენს ევროკავშირის მრავალმილიარდიანი კვლევის ჩარჩო-პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ ნაწილს.
შერჩეული სტიპენდიანტები 80-მდე ქვეყნის წარმომადგენლები არიან. ისინი თავიანთ კვლევით პროექტებს განახორციელებენ ევროპის 45 ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მდებარე უნივერსიტეტებში, კვლევით ცენტრებში, საჯარო დაწესებულებებში, კერძო ორგანიზაციებსა და მცირე და საშუალო საწარმოებში.
მათი პროექტები მოიცავს ყველა სამეცნიერო დისციპლინას. უდიდესი წარმომადგენლობა აქვს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებს და ინჟინერიას, ხოლო აქტივობები მოიცავს ფუნდამენტურ კვლევას და პროექტებს, რომლებიც უშუალოდ ეხება ძირითადი სოციალური და ტექნოლოგიური გამოწვევების გადაჭრას.
დაფინანსების უმეტესი ნაწილი მხარს დაუჭერს ევროპულ პოსტ-სადოქტორო სტიპენდიებს, რაც საშუალებას მისცემს 1,446 მკვლევარს იმუშაოს ევროკავშირსა და „ჰორიზონტი ევროპასთან“ ასოცირებულ ქვეყნებში. გარდა ამისა, გლობალური პოსტ-სადოქტორო სტიპენდიებიდან კიდევ 164 მკვლევარი ისარგებლებს. ეს მათ საშუალებას მისცემს კვლევის ნაწილი ევროპის ფარგლებს გარეთ – კერძოდ, შეერთებულ შტატების, კანადის და ავსტრალიის წამყვან ინსტიტუტებში განახორციელონ, მერე კი ევროპაში დაბრუნდნენ ამ ინსტიტუტებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად.
„მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების პოსტ-სადოქტორო სტიპენდიები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რატომ ირჩევენ მკვლევარები ევროპას“, – განაცხადა ევროკომისარმა სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციების სფეროში ეკატერინა ზაჰარიევამ. „ეს შედეგები ასახავს ჩვენი კვლევითი ეკოსისტემის სიძლიერეს და ადასტურებს ჩვენს ერთგულებას სამეცნიერო სრულყოფილების, ღიაობისა და მობილობის მხარდაჭერის მიმართ“.
მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების პოსტ-სადოქტორო სტიპენდიების მომდევნო კონკურსის გახსნა დაგეგმილია 2026 წლის 9 აპრილს.
2026 წელი მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების 30-ე საიუბილეო წელია. პროგრამა, რომელიც 1996 წელს დაიწყო, ხელს უწყობს კვლევისა და ინოვაციების განვითარებას, რაც 30 წლის მანძილზე 150 000-ზე მეტი მკვლევრის, მათ შორის
23 ნობელის პრემიის ლაურეატის მხარდაჭერაში აისახა.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,