„ჰორიზონტი ევროპა“: ევროკავშირი EIC აქსელერატორის სააპლიკაციო პროცესს ამარტივებს 
ნოემბერი 10, 2025

„ჰორიზონტი ევროპა“: ევროკავშირი EIC აქსელერატორის სააპლიკაციო პროცესს ამარტივებს 


6 ნოემბერს ევროკომისიამ ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC) 2026 წლის სამუშაო პროგრამა შეიმუშავა, რის საფუძველზეც გარდამტეხ ინოვაციებსა და ღრმა ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიების მხარდასაჭერად 1.4 მილიარდი ევრო გამოიყო. 

პროგრამა გარკვეულ პროცედურებს აუმჯობესებს, რის შედეგადაც დაფინანსების პროცესი იქნება მეტად სწრაფი, მოქნილი და ინოვატორთა საჭიროებებზე უკეთ მორგებული.

მაგალითად, EIC აქსელერატორისთვის განაცხადების შეტანის პროცესი გამარტივდება: განაცხადის მოცულობა 50-იდან 20 გვერდამდე შემცირდება და შეფასების რაუნდი, რომელიც ადრე წელიწადში ორჯერ ეწყობოდა, ახლა ყოველ ორ თვეში ერთხელ გაიმართება. მეტად ეფექტიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად, პროცესი ტექნოლოგიური მზადყოფნის შეფასებისას მეტად ცხად კრიტერიუმებს დაეყრდნობა. 

EIC აქსელერატორი, რომელიც ფინანსების გამცემი პროგრამაა, „ჰორიზონტი ევროპას“ ფარგლებში მუშაობს. ის მხარს უჭერს სტარტაპებსა და მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური, სტატუს-კვოს შემცვლელი პროდუქტი, მომსახურება ან ბიზნესმოდელი, რომელსაც შეუძლია ახალი ბაზრების შექმნა ან არსებულების გარდაქმნა ევროპაში ან თუნდაც მსოფლიოს მასშტაბით. 

EIC აქსელერატორი განაცხადებს იღებს იმ აპლიკანტებისგან, რომლებიც „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყნებს წარმოადგენენ. ამ ქვეყნებს შორის არიან საქართველო, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა.

ინიციატივა მხარს დაუჭერს ცალკეულ სტარტაპებს ან მცირე და საშუალო საწარმოებს (მათ შორის „სპინაუტებს“), საშუალო კაპიტალიზაციის მქონე მცირე კომპანიებს (499-მდე დასაქმებული) და ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებსაც მცირე და საშუალო საწარმოს ან საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიის დაარსება სურთ.  

გამარტივებული სააპლიკაციო პროცესი ნიშნავს იმას, რომ კონკურსში მოკლე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს და მას მიღებისთანავე დისტანციურად შეაფასებენ EIC-ის ექსპერტი შემფასებლები. თუ ისინი მოკლე აპლიკაციას მოიწონებენ, გამცხადებელს შეეძლება სრული განაცხადის წარდგენა 2026 წლის რომელიმე ბოლო ვადისთვის: 

  • 2026 წლის 7 იანვარი,
  • 2026 წლის 4 მარტი,
  • 2026 წლის 6 მაისი,
  • 2026 წლის 8 ივლისი,
  • 2026 წლის 2 სექტემბერი,
  • 2026 წლის 4 ოქტომბერი. 

განაცხადები მიიღება დაფინანსებისა და ტენდერების პორტალზე, რომელზე მოხვედრაც EIC-ის ვებსაიტიდანაც შეიძლება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC) სამუშაო პროგრამა



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივნისი 4, 2026

ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით საქართველო ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს აფართოებს

მაისი 26, 2026

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

მაისი 8, 2026

ევროპის პოლიტიკური საზოგადოება ერევანში: „ეს სამიტი სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში, როგორც მშვიდობის სამიტი კავკასიაში“,  ანტონიუ კოშტა

აპრილი 30, 2026

ევროკავშირი აქვეყნებს განმარტებით დოკუმენტს შესვლა-გასვლის სისტემასა (EES) და ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემას (ETIAS) შორის არსებული ძირითადი განსხვავებების შესახებ: რა უნდა იცოდნენ მგზავრებმა

აპრილი 30, 2026

ევროკავშირი წევრობას არავის აიძულებს, განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,