16 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ ცერემონიალზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ 2025 წლის სახაროვის პრემია საქართველოსა და ბელარუსში პატიმრობაში მყოფი ორი ჟურნალისტის წარმომადგენლებს გადასცა.
„ვამაყობ, რომ ამ წლის სახაროვის პრემიას ბელარუსსა და საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული მომავლისთვის შეუპოვარი ბრძოლისთვის გადავცემ ჟურნალისტებს, ანდჟეი პოჩობუტსა და მზია ამაღლობელს“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ, – „პარლამენტი მზიასა და ანდჟეის სოლიდარობას უცხადებს და მოითხოვს ციხიდან მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – რადგან ძალაუფლების მქონეთა მხილება დანაშაული არასოდეს არ უნდა იყოს“.
ქართველი ჟურნალისტის და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამაარსებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სახელით პრემია „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ირმა დიმიტრაძემ მიიღო.
მან ევროპარლამენტის წევრებს მზია ამაღლობელის მიერ დაწერილი სიტყვა წაუკითხა: „[ამ ჯილდოს] ვიღებ ჩემი კოლეგების, იმ ჟურნალისტების სახელით, რომლებიც ახლა საქართველოში ჟურნალისტიკის, როგორც ასეთის, გადასარჩენად იბრძვიან. ისინი დაუღალავად მუშაობენ, რათა გესმოდეთ ქართველ მოქალაქეთა წინააღმდეგობის ხმა, რათა სიმართლე არ დაადუმონ“.
საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მზია ამაღლობელმა დაწერა: „ეს რეჟიმი ულმობელია (…). ის ანადგურებს თავისუფალ მედიას, კრძალავს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და აპატიმრებს მათ ლიდერებს, ეფექტიანად შლის არასამთავრობო ორგანიზაციებს და იქ მომუშავე ადამიანებს ‘უცხოეთის აგენტების’ იარლიყს აწებებს (…). და მაინც, მან ვერ შეძლო დემონსტრანტთა ხმის ჩახშობა. შეიძლება, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ევროკავშირის მიერ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებები ისეთი მკვეთრი და მკაფიოა, როგორც აქამდე არასოდეს ყოფილა. და ამისათვის მე უსაზღვროდ მადლიერი ვარ“.
ევროპარლამენტარებმა კატეგორიულად დაგმეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლა, რეპრესიული კანონები (როგორიცაა „უცხოეთის აგენტების“ კანონი), გამოხატვის თავისუფლებასა და პრესაზე თავდასხმები და მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესიები.
ევროპარლამენტარებმა ასევე მოითხოვეს, ხელახლა ჩატარდეს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები, რომელშიც გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ გაიფორმა. მათ დაგმეს რუსეთის გავლენა ქვეყანაზე და მოითხოვეს დაკავებულთა გათავისუფლება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შენარჩუნებას, რაც დამოკიდებულია რეფორმებსა და კანონის უზენაესობის დაცვაზე, და მოითხოვენ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებზე პერსონალური სანქციების დაწესებას.
2025 წლის ივნისში ძალაში შევიდა რეზოლუცია საქართველოში პრესის თავისუფლებასა და მზია ამაღლობელის პირად საქმეზე.
ბელარუსში პოლონური წარმომავლობის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჟურნალისტის, ესეისტისა და ბლოგერის, ანდჟეი პოჩობუტის სახელით პრემია მისმა ქალიშვილმა, იანა პოჩობუტმა მიიღო.
„უდიდესი პატივია დღეს აქ დგომა და მამაჩემის სახელით ამ ჯილდოს მიღება. (…) უკვე თითქმის ხუთი წელია, რაც ჩემს ოჯახს დუმილის, გაურკვევლობისა და საყვარელი ადამიანის გარეშე ყოფნის ატანა უწევს“, – განუცხადა იანა პოჩობუტმა ევროპარლამენტარებს, – „როდესაც [მათ] სახელებს ხმამაღლა ვამბობთ, ისინი სტატისტიკად ყოფნას წყვეტენ. ისინი კვლავ რეალურ ადამიანებად იქცევიან. და ამიტომაც აქვს ამხელა მნიშვნელობა თქვენს ყურადღებას, ევროპარლამენტის ყურადღებას. ეს ადამიანურ ღირსებას იცავს მაშინ, როცა სხვა ყველაფერი მის წაშლას ცდილობს“.
საბჭოელი ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია, რომელიც აზრის თავისუფლებისთვის გაიცემა, ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა. 1988 წლიდან მოყოლებული მას ევროპარლამენტი ყოველწლიურად ანიჭებს პიროვნებებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საქმეში წვლილის შეტანისთვის. პრემია 50,000 ევროს ოდენობის ფულად ჯილდოსაც მოიაზრებს.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,