ევროკავშირმა საჰაერო უსაფრთხოების დასაცავად შექმნილ შავ სიას ოცი რუსული ავიაკომპანია დაამატა
აპრილი 13, 2022

ევროკავშირმა საჰაერო უსაფრთხოების დასაცავად შექმნილ შავ სიას ოცი რუსული ავიაკომპანია დაამატა


11 აპრილს ევროკომისიამ ევროკავშირის საჰაერო უსაფრთხოების დასაცავად შექმნილ შავ სიაში რუსეთში სერტიფიცირებული 20 ავიაკომპანია შეიყვანა.  

ეს სია წარმოადგენს იმ ავიაკომპანიების ჩამონათვალს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა იმ მიზეზით  ეკრძალებათ ან ეზღუდებათ, რომ ისინი საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ.

ევროკომისიის მიხედვით,  ეს გადაწყვეტილება ასახავს ევროკავშირის შეშფოთებას უსაფრთხოებასთან მიმართებით, რაც დაკავშირებულია რუსეთის მიერ უცხო ქვეყნების მფლობელობაში მყოფი თვითმფრინავების იძულებით ხელმეორე რეგისტრაციასთან. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ფრენისთვის ვარგისიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატების გარეშე რთავს მათ ოპერირების უფლებას.

„ეს არა მარტო საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის (ჩიკაგოს კონვენციის) აშკარა დარღვევას წარმოადგენს, არამედ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ უშუალო რისკებსაც შეიცავს“, — განაცხადა ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში, ადინა ვალეანმა.

მან დაურთო, რომ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის კონტექსტის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული კიდევ ერთი სანქცია არ არის: „ის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური და უსაფრთხოების საფუძველზეა მიღებული. ჩვენ უსაფრთხოებას და პოლიტიკას ერთმანეთში არ ვურევთ“.

განახლებული სიით, ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა დღეისთვის სულ 117 ავიაკომპანიას ეკრძალება. მათგან 21 რუსეთშია სერტიფიცირებული.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, 27 თებერვალს ევროკავშირმა საჰაერო სივრცე რუსეთის მფლობელობაში მყოფი, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებული ყველა თვითმფრინავისთვის დახურა. ამ თვითმფრინავებს აღარ შეუძლიათ ევროკავშირის ტერიტორიის დასაშვებად, ასაფრენად თუ გადასაფრენად გამოყენება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

კითხვა-პასუხი: ევროკომისია ევროკავშირის საჰაერო უსაფრთხოების ახალ სიას ამტკიცებს



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,