ევროკავშირის ცისფერი ბარათის ახალი წესები მაღალკვალიფიციური მიგრანტების ევროპაში დასაქმებას გაამარტივებს
სექტემბერი 17, 2021

ევროკავშირის ცისფერი ბარათის ახალი წესები მაღალკვალიფიციური მიგრანტების ევროპაში დასაქმებას გაამარტივებს


ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკავშირის ცისფერი ბარათის რეფორმა, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს დასაქმებას გაუმარტივებს. რეფორმა, ამასთან, ძირითად სექტორებში სამუშაო ძალის დეფიციტის შევსებასაც შეუწყობს ხელს.

2009 წლის ბოლოს ამოქმედებული ცისფერი ბარათის დირექტივა განსაზღვრავს ევროკავშირში შესვლის და ცხოვრების პირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები (და მათი ოჯახის წევრები), თუ მათ ევროკავშირის შიგნით მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე სურთ დასაქმება. 

ძალაში შესვლამდე ახალი წესები საბჭომ  უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ორი წლის ვადა ექნებათ იმისათვის, რომ საკუთარი ეროვნული კანონმდებლობა დირექტივასთან შესაბამისობაში მოიყვანონ.

განახლებული წესების მიხედვით, დასაქმების მსურველებმა საკუთარი პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების გარდა უნდა წარადგინონ შრომითი ხელშეკრულება ან იურიდიულად სავალდებულო სამუშაოს შეთავაზება მინიმუმ ექვსი თვის ვადით. აქამდე მოთხოვნილი სამუშაო კონტრაქტის ვადა 12 თვე იყო. 

სამუშაოს მაძიებელთა სახელფასო ქვედა ზღვარი შემცირდა და ევროკავშირის წევრ დამსაქმებელ სახელმწიფოში არსებული საშუალო წლიური ხელფასის მინიმუმ 100%-ს და არაუმეტეს 160%-ს შეადგენს. აქამდე ეს მაჩვენებელი მინიმუმ 150% იყო და ზედა ზღვარი არ გააჩნდა.

ევროკავშირის ცისფერი ბარათის მიღება ასევე შეუძლიათ საერთაშორისო დაცვის ბენეფიციარებს — მაგალითად, იძულებით ადგილნაცვალ პირებს — რომლებსაც განაცხადის შეტანა ევროკავშირის იმ ქვეყანაში სურთ, სადაც თავშესაფარი ან დაცვის სხვა სტატუსი არ მიუღიათ.

ევროკავშირის ცისფერი ბარათის მფლობელებს სხვა წევრ სახელმწიფოში საცხოვრებლად გადასვლის უფლება მას მერე ექნებათ, რაც 12 თვეს დაყოფენ ქვეყანაში, რომელმაც მათ ცისფერი ბარათი მიანიჭა. ისინი ასევე შეძლებენ, უფრო სწრაფად წაიყვანონ ოჯახის წევრები, რადგან შესაბამისი პროცედურები დაჩქარებულია და მათი დასაქმების პროცესიც გამარტივებულია.

ევროსტატის მიხედვით, წინა წლებში სქემა საკმარისი რაოდენობის სპეციალისტებს  ვერ იზიდავდა. შედეგად, 2019 წელს ევროკავშირში მხოლოდ 36,806 ცისფერი ბარათი გაიცა. ამასთან, მათი უდიდესი ნაწილი გერმანიის მიერ იყო გაცემული.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,