ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საკითხები განიხილა
EU
ოქტომბერი 22, 2025

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საკითხები განიხილა


20 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის საკითხი განიხილეს. 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, მან ისაუბრა 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლაზე. 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, კომისია ამ წლის დასასრულამდე წარადგენს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რაც მინისტრებს სამომავლო ზომების განხილვის შესაძლებლობას მისცემს. 

საბჭოს შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე და მოლდოვაში ჩატარებული ბოლო არჩევნების შედეგებზე. 

საგარეო საქმეთა საბჭომ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების საკითხი განიხილა, რაც სანქციების მე-19 პაკეტის მიღებასაც გულისხმობს.

„უკრაინა ჯერ კიდევ თებერვლიდან მოყოლებული იყო მზად უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ რუსეთი მშვიდობისადმი გულწრფელ ინტერესს არ ავლენს“,  – განაცხადა კაია კალასმა, – „ჩვენ ყველა მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მაგრამ პუტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება სერიოზულ მოლაპარაკებებს, თუკი ჩათვლის, რომ ის მარცხდება“. 

საბჭომ ასევე განიხილა უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის საკითხი, მათ შორის გაყინული აქტივების გამოყენებით, რაც განსაკუთრებით რელევანტურია ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მუდმივი შეტევების ფონზე.

შეხვედრას პირადად დაესწრო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი აძლიერებს შეტევებს ენერგოსისტემაზე და მისი მიზანია, რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. 

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დაუკავშირდებიან მესამე ქვეყნებს, რათა უკრაინას ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის სარემონტო აღჭურვილობა და გაზი მიეწოდოს. 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე განიხილა მოსკოვის ჩრდილოვანი ფლოტის საკითხი და განაცხადა, რომ ევროპა უფრო მძლავრად და კოორდინირებულად დაუპირისპირდება ამ პრობლემას. 

დასასრულს კაია კალასმა საბჭოს შეატყობინა, რომ ამ დროისთვის 26-მა წევრმა სახელმწიფომ გამოთქვა მზაობა, გახდეს „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის“ მონაწილე მხარე.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეეხნენ მოლდოვის რესპუბლიკაში ახლახან ჩატარებულ არჩევნებს, რომელმაც მკაფიოდ აჩვენა, რომ საზოგადოება ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერს მხარს. საბჭო შეთანხმდა ახალ ინიციატივაზე, რომელიც საარჩევნო სადამკვირვებლო მეთოდების უფრო მეტად მოდერნიზაციას დაისახავს მიზნად. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ პრესისთვის გაკეთებული განცხადება 



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,