14 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სტავროს ლამბრინიდისმა რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სისტემატური და სასტიკი დაბომბვა“.
„შეწყვიტე შენი უკანონო ომი და ის უკანონო ქმედებები, რომელთაც ამ ომის საწარმოებლად მიმართავ“, — განაცხადა ლამბრინიდისმა ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, სახელით სიტყვით გამოსვლისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მმართველობამ „სრულად უნდა აგოს პასუხი“ აგრესიული ომის წარმოების, სხვა „უაღრესად სერიოზული დანაშაულების“ ჩადენისა და გამოწვეული „უმძიმესი ზიანისათვის“.
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, უკანასკნელი კვირების განმავლობაში რუსეთი აგრძელებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რაკეტებითა და დრონებით შეტევას, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად აზიანებს უკრაინის ენერგოწარმოების უნარს.
„მრავალ ათას უკრაინელს ახლა ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს. სარაკეტო თავდასხმები ასევე გრძელდება ოდესაში და შავი ზღვის სხვა პორტებში, რაც საფრთხეს უქმნის ნავიგაციას და აფერხებს მარცვლეულისა და სხვა საქონლის გლობალურ ბაზარზე მიწოდებას. […] მეტიც, არსებობს სარწმუნო ცნობები, რომ რუსეთი იყენებს ორმაგი თავდასხმის ტაქტიკას, რაც მაშველებზე განმეორებით შეტევას გულისხმობს“, — აღნიშნა მან.
ლამბრინიდისმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი კვლავაც უჭერს მხარს უკრაინაში სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. მან ასევე მოიწონა შვეიცარიის ინიციატივა მომდევნო თვეს მშვიდობის სამიტის მასპინძლობასთან დაკავშირებით და ყველა სახელმწიფოს მასში მონაწილეობის მიღებისაკენ მოუწოდა.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,