ევროკავშირი თავის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების შესრულებას აფასებს
აგვისტო 16, 2022

ევროკავშირი თავის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების შესრულებას აფასებს


ევროკავშირმა საქართველოზე ასოცირების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში განხილულია ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანამ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაში მიაღწია. ანგარიში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს 2022 წლის 6 სექტემბერს დანიშნული სხდომის წინ გამოქვეყნდა. 

„საქართველომ რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში გააგრძელა — COVID-19-ის პანდემიის შემდეგ სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის, დაძაბული პოლიტიკური გარემოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე“,  — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, — „თუმცა, ჩვენ ასევე ვნახეთ უკუსვლა ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები. მაშინ, როცა საქართველო, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით, ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობიანი და კეთილსინდისიერი მიდგომა, რომელიც მის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და მოქალაქეთა მისწრაფებებს შეესაბამება“.

ძირითადი დასკვნები

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რჩება რეფორმების მამოძრავებელ ძალად. ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, რაშიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პირობების შესრულებაც შედის, მთლიანობაში წარმატებით მიმდინარეობს და პროგრესირებს. ინკლუზიური და ეკოლოგიურად დაბალანსებული ზრდა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ცენტრალურ ნაწილად რჩება. 2021 წელს ევროკავშირმა გააგრძელა ქვეყნისთვის COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული დახმარების გაწევა და ხელი შეუწყო ძლიერ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებას.

„თუმცა, 2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს საფრთხეს უქმნიდა და კანონის უზენაესობის კუთხითაც უკუსვლა აღინიშნა. ეს ცხადყოფს, რომ აუცილებელია განახლებული და სერიოზული ვალდებულებების აღება დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის, სასამართლო რეფორმების გასატარებლად, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად, კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. სწორედ ესენია ის არსებითი პრიორიტეტები, რომელიც საქართველომ ევროპულ გზაზე წინსვლისთვის უნდა დაისახოს“, — ნათქვამია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესრელიზში.

„ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების,  კანონის უზენაესობის გაძლიერების და კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სერიოზული ვალდებულებების აღება გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება“, — აღნიშნა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, სრულად ძალაში 2016 წლის 1 ივლისს შევიდა. ის პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და საერთო ღირებულებების პატივისცემას უწყობს ხელს. შეთანხმება, ამასთან, ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის და ევროკავშირის მიერ საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის საფუძველს წარმოადგენს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

საქართველოზე გამოქვეყნებული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების 2021 წლის ანგარიში



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,