ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეცვალოს გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შემაჩერებელი კურსი 
ივლისი 2, 2024

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეცვალოს გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შემაჩერებელი კურსი 


27 და 28 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროპულ საბჭოზე „სერიოზული შეშფოთება“ გამოითქვა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, ეს ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ კანონს, რომელიც, ევროპული საბჭოს თანახმად, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციებში გაწერილი ნაბიჯებიდან „უკუსვლას“ წარმოადგენს. 

„ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განმარტოს საკუთარი განზრახვები მოქმედების იმ მიმდინარე კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას“, – ნათქვამია საბჭოს მიერ მიღებულ დასკვნაში.

ევროპული საბჭო ასევე ითხოვს, შეწყდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის ფაქტები. გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს, რომ „იმ ფასეულობებისა და პრინციპების პატივისცემა, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც მისი წევრობისკენ მიისწრაფვის“.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს მიმდინარე წლის შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ხაზი გაუსვა პარტნიორების მიერ „არჩევნებზე გრძელვადიანი და მოკლევადიანი დაკვირვების“ მნიშვნელობას. საბჭომ ასევე განაცხადა, რომ გააგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს.

ამავე დროს, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა თუ ქართველი ხალხისადმი და გამოთქვა მზადყოფნა, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,