ევროკავშირი რუსეთს საზღვარგარეთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისთვის სანქციების ახალ მექანიზმს უწესებს
EU
ოქტომბერი 10, 2024

ევროკავშირი რუსეთს საზღვარგარეთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისთვის სანქციების ახალ მექანიზმს უწესებს


8 ოქტომბერს ევროპის კავშირის საბჭომ რუსეთს საზღვარგარეთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების საპასუხოდ შემზღუდველი ზომების ახალი მექანიზმი დაუწესა. 

მექანიზმი ევროკავშირს უფლებას მისცემს, სამიზნეში ამოიღოს რუსეთის ფედერაციის მთავრობის იმ ქმედებებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართული ინდივიდები თუ ერთეულები, რომლებიც ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მესამე ქვეყნების, ფუნდამენტურ ღირებულებებს, უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობასა და ერთიანობას  უთხრის ძირს. 

ამიერიდან ევროკავშირი შეძლებს, დაუპირისპირდეს ისეთ ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორებიცაა: საარჩევნო პროცესებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების ხელისშემშლელი ქმედებები; ეკონომიკური საქმიანობებისადმი, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მომსახურებებისა თუ კრიტიკული უსაფრთხოებისადმი საფრთხის შექმნა და საბოტაჟი; კოორდინირებული დეზინფორმაციის, ინფორმაციით მანიპულირებისა და გარე ჩარევის (FIMI) გამოყენება; მავნე კიბერაქტივობები, მიგრანტების ინსტრუმენტალიზება და დესტაბილიზაციის გამომწვევი სხვა ქმედებები. 

ამ მექანიზმის ქვეშ მოხვედრილ პირებს თუ ერთეულებს გაეყინებათ აქტივები, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს აეკრძალებათ მათთვის თანხების მიწოდება. ამას გარდა, ფიზიკურ პირებს შეეხებათ სამოგზაურო აკრძალვაც, რის საფუძველზეც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას ან გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ

ევროკავშირის სახელით გაკეთებულ ამ განცხადებაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორების წინააღმდეგ ჰიბრიდული აქტივობების კამპანიის გაძლიერება.

მან დაურთო, რომ რუსეთის ქმედებები, სხვა სამიზნეებთან ერთად, მიმართულია უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის აღმოფხვრისაკენ და ქვეყნის თავდაცვის უნარის განადგურებისაკენ. „ამას ვერ მიაღწევენ: ჩვენ ერთად და მიზანდასახულად ვიმოქმედებთ ამ ქმედებათა საპასუხოდ და დამნაშავეებს პასუხს ვაგებინებთ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისადმი მძლავრ და უპირობო მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება“, – აღნიშნა ბორელმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,