ევრობარომეტრი: ევროპელები უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ  ევროკავშირის რეაგირებას მხარს უჭერენ
მაისი 6, 2022

ევრობარომეტრი: ევროპელები უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ ევროკავშირის რეაგირებას მხარს უჭერენ


5 მაისს ევრობარომეტრის მიერ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში ჩატარებული ექსპრეს-გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. მის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეები მხარს უჭერენ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ევროკავშირის რეაგირებას. 

ევროპელების უმრავლესობა თვლის, რომ ომის დაწყებიდან ევროკავშირმა გამოავლინა სოლიდარობა (79%) და იყო ერთიანი (63%) და სწრაფი (58%) საპასუხო ნაბიჯების გადადგმისას.

რესპონდენტების უმრავლესობა უკრაინის და მისი ხალხის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს. კერძოდ, ათიდან ცხრა რესპონდენტზე მეტი (93%) იწონებს ომით დაზარალებული ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. ევროპელების 88% ეთანხმება ევროკავშირის მიერ ომს გამოქცეული ადამიანების მიღების იდეას, 80% იწონებს უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევას, ხოლო 66% მომხრეა, რომ „უკრაინა შევიდეს ევროკავშირში, როდესაც ის ამისთვის მზად იქნება“. გამოკითხულთა 71% ეთანხმება მოსაზრებას, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია, 89% კი თანაუგრძნობს უკრაინელებს.

ასევე ძალიან მაღალია იმ ევროპელთა რიცხვი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარს უჭერენ. გამოკითხულთა უდიდესი უმრავლესობა (80%) ეთანხმება ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო 79% იწონებს რუს ოლიგარქებზე იმ მიზნით დაკისრებულ სანქციებს, რომ ინტერვენციაზე პასუხისმგებელმა რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ ჩადენილისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური საფასური გადაიხადოს.

ევროპელების ორი მესამედი (67%) ეთანხმება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შეძენას და მიწოდებას. გარდა ამისა, 75%-ის აზრით, უკრაინაში ომი ცხადყოფს, რომ ევროკავშირის ფარგლებში საჭიროა „უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა“.

გამოკითხვა ასევე მოწმობს, რომ ევროპელები მხარს უჭერენ ევროკავშირის იმ ქმედებებს ენერგეტიკის სფეროში, რომელთა მიზანიც რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაა. გამოკითხულთა 86% ეთანხმება ევროკავშირში გაზის საცავების შევსების იდეას, რათა მომავალ ზამთარს საწვავის დეფიციტის რისკი აღმოიფხვრას. ევროპელთა 85% მხარს უჭერს იმ ზომებს, რომლებიც  შენობების, ტრანსპორტის და პროდუქტების ენერგოეფექტიანობას გაზრდის, 84% კი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის გათვალისწინებით, კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს ინვესტირება განახლებად ენერგეტიკაში.

ევრობარომეტრის ექსპრეს-გამოკითხვა ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში 2022 წლის 13-20 აპრილს ჩატარდა. ევროკავშირის 26,066 მოქალაქე ონლაინ გამოიკითხა.

დამატებითი ინფორმაცია

Პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,