EaP CSF და საქართველოს ეროვნული პლატფორმა სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტებისადმი მიმართულ ცილისწამების კამპანიას გმობენ
თებერვალი 2, 2024

EaP CSF და საქართველოს ეროვნული პლატფორმა სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტებისადმი მიმართულ ცილისწამების კამპანიას გმობენ


31 იანვარს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) მმართველმა კომიტეტმა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭომ გაავრცელეს განცხადება, სადაც მკაცრად დაგმეს ცილისწამების კამპანია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების იმ ექსპერტების წინააღმდეგ, რომლებმაც EaP CSF-ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის 2023 წლის გამოცემის შექმნაში შეიტანეს წვლილი. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი 2023 ამ წლის 24 იანვარს გამოქვეყნდა. ის აფასებს დემოკრატიული რეფორმების მდგომარეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და იძლევა რეკომენდაციებს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. კვლევის თანახმად, საქართველოს საქმიანობის მაჩვენებლები ხასიათდებოდა „მრავალ სფეროში მკვეთრი ვარდნით თუ არა, მნიშვნელოვანი დაღმასვლით, რაც ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას ასახავს“.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ თავზარი დასცა მმართველი კოალიციის წევრ პარტიასთან („ხალხის ძალა“) აფილირებული მედიის მიერ აგორებულმა ცილისწამების კამპანიამ. გარდა ამისა, ორივე ორგანიზაცია სახიფათოდ მიიჩნევს „ქართული ოცნების“ ცალკეული წევრის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს.

„სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობები, ჩვენი დამკვირვებლის როლის დაკნინება და აქტივისტების ქვეყნის ‘მტრებად’ წარმოჩენა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ღირებულებებს და მის ვალდებულებებს ევროპული ინტეგრაციის მიმართ“, — ნათქვამია განცხადებაში, — „სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელშემწყობი გარემო იყო და იქნება ძირითადი დასაყრდენი ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიისთვის და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მქონე ქვეყნისათვის“.

ორგანიზაციებმა პასუხისმგებელ პირებს მოუწოდეს, შეწყვიტონ ცილისმწამებლური ქმედებები ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებისა და კონკრეტულად აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ექსპერტების მიმართ. მათ ასევე მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საკითხებზე გაკეთებული შეფასებები და გაცემული რეკომენდაციები.

„დაშინების, სიძულვილის ენისა და ცილისწამების გამოყენება იმისათვის, რომ დაკნინდეს და შესუსტდეს დემოკრატიზაციისკენ მიმართული ჩვენი საქმიანობის — მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ექსპერტების მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი მონიტორინგის — გავლენა, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, — აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა, EaP CSF-ის ეროვნულმა ფასილიტატორმა საქართველოდან, — „სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს მთავრობას, დაიწყოს ღია დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და პატივი სცეს ჩვენს განსხვავებულ მოსაზრებებს.“

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,