აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის ნორმატიულ და საკანონმდებლო სისტემასთან დაახლოების კარგ დონეს უჩვენებენ
აპრილი 1, 2022

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის ნორმატიულ და საკანონმდებლო სისტემასთან დაახლოების კარგ დონეს უჩვენებენ


30 მარტს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი 2020-21“ გამოაქვეყნა. ესაა მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომელიც აფასებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის საქმიანობას და წინსვლას მდგრადი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ.

პუბლიკაცია ფოკუსირდება საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე, რადგან, უკრაინაში რუსეთის აგრესიით გამოწვეული ზეწოლის ფონზე, ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების სასწრაფო წესით შეტანა მოუწიათ. 

ინდექსში მიმოხილული შედეგები უჩვენებს, რომ სამივე ქვეყანა ნორმატიული და საკანონმდებლო კუთხით უკვე მყარად არის დაახლოებული ევროკავშირთან. ეს იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ისინი კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულების მიმართულებით მიდიან. ესაა კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა პოტენციური კანდიდატი, რომელსაც შეაქვს განაცხადი და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი ხდება.

ინდექსის თანახმად, 2015 წლიდან მოყოლებული სამივე ქვეყანა კოპენჰაგენის კრიტერიუმების მიერ დასახული სტანდარტების დაკმაყოფილებისკენ მტკიცედ მიიწევს. ეს კრიტერიუმები მოიცავს ფუნქციონირებად საბაზრო ეკონომიკას, სტაბილურ დემოკრატიას, კანონის მყარ უზენაესობას და ევროკავშირის მთლიანი კანონმდებლობის მიღებას. სამ ქვეყანაში წინსვლის სხვადასხვა ხარისხი აღინიშნება ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიული უფლებები და არჩევნები, ადამიანის უფლებები და წამებისაგან დაცვა, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება, სიტყვის თავისუფლება, შეკრების უფლება და საჯარო ადმინისტრაცია. 

შედეგების მიხედვით, წინსვლა არ იყო ყოველთვის სწორხაზოვანი და აღინიშნებოდა უმოქმედობა და უკუსვლაც:  „სამივე ქვეყანას კვლავ აქვს გამოწვევები კორუფციასთან ბრძოლის საკითხში. ამავე დროს, საქართველომ და უკრაინამ  სასამართლო სისტემების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო ქულების დიდი რაოდენობა დაკარგეს“. 

მიუხედავად ამისა, გასული შვიდი წლის განმავლობაში მიღწეული წინსვლა ასახავს იმ მასშტაბურ გავლენას, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებამ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ სამივე ქვეყანაზე იქონია. ასევე აშკარაა ის როლი,  რომელსაც ევროკავშირის დახმარება ასრულებს იმაში, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ქვეყნებში დემოკრატიული განვითარება ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შესაბამისად წარიმართოს.

იმავე ვადებში, სომხეთმა — რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ქულების რეიტინგში მეოთხე ადგილზეა — ასევე გააუმჯობესა მაჩვენებლები. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია დემოკრატიისა და კარგი მმართველობის მიმართულებით. „მაგრამ ქვეყანას შედარებით ნაკლებად შთამბეჭდავი შედეგები აქვს პოლიტიკის დაახლოების საკითხში“, — აღნიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა. 

ბელარუსი და აზერბაიჯანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის რეიტინგის ქვედა საფეხურებზე არიან. 2020-21 წლებში ორივე ქვეყნის ქულები ინდექსის წინა ვერსიებთან შედარებით უფრო დაბალი იყო. ამის გამო ყველაზე დაბალი ქულების მქონე ამ ორ ქვეყანას და ზემოაღნიშნულ ოთხ ქვეყანას შორის სხვაობა საგრძნობლად გაიზარდა.

ფორუმი ასკვნის: „აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020-21 წლების ინდექსის შედეგები მიუთითებს, რომ ევროპული გზის არჩევას — ქმედით ევროპულ პერსპექტივასთან და მიზანმიმართულ ფინანსურ, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ჩარჩოსთან ერთად — ეფექტიანი დემოკრატიული წინსვლის მოტივირება და ხელმძღვანელობა შეუძლია“. 

ის იქვე დასძენს, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირის დახმარების გააქტიურება შეუძლია. ეს კი დააჩქარებდა მათ სვლას ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის, სტაბილური დემოკრატიის და კანონის მყარი უზენაესობისკენ — საითაც ასოცირების ხელშეკრულების მქონე ეს სამი ქვეყანა უკვე მიემართება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,