აღმოსავლეთ პარტნიორობა 2009 წლიდან მოყოლებული მუშაობს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებაზე ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ ევროპის და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის. ეს პარტნიორი სახელმწიფოებია: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ორ წელიწადში ერთხელ, სახელმწიფოების თუ მთავრობების ლიდერების მონაწილეობით ტარდება. სამიტი პარტნიორობის პოლიტიკურ მიმართულებას და მომდევნო წლების პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? — ევროკავშირის სამიტებზე განსაზღვრული პოლიტიკური პრიორიტეტები საფუძვლად ედება ევროკავშირის მხარდაჭერას. ეს, თავის მხრივ, ისეთ სფეროებში თანამშრომლობის დაფინანსებას მოიაზრებს, როგორებიცაა დასაქმება, ენერგეტიკა, ეკოლოგია, ჯანდაცვა, ციფრული და სატრანსპორტო კავშირები, სასამართლო რეფორმა და ახალგაზრდობის გაძლიერება.
სამიტების შედეგები რეალური ცვლილებების მომტანია. ეს ცვლილებები შეიძლება იყოს: შემცირებული ფასები ავიაბილეთებსა და როუმინგზე, საგანმანათლებლო შესაძლებლობები, დასაქმება, გენდერული უთანასწორობის შემცირება, უფრო ინკლუზიური საზოგადოება, უფრო სუფთა წყალი, COVID-ვაქცინებზე წვდომა და ინოვაციებისა და უნარების განვითარება სამომავლო ეკონომიკური გამოწვევების პასუხად.
აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის დეკემბრის მე-6 სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები და შეთანხმებული მიმართულებები გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე მომდევნო წლების განმავლობაში.
თქვენ ამა თუ იმ სახით იგრძნობთ ცვლილებებს, რომლებსაც ევროკავშირი სამიტზე შეთანხმებული მიზნების მისაღწევად ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებებთან თანამშრომლობით განახორციელებს. ეს ცვლილება შეიძლება აისახოს თქვენ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯზე, რომელიც ენერგოეფექტიანობის მისაღწევად გაწეული ძალისხმევის შედეგად შემცირდა; ეს შეიძლება იყოს თქვენი ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც ადგილობრივმა ბიზნესმა განვითარებისთვის აღებული სესხის საშუალებით შექმნა ან რომელიც ტრენინგის ახალი პროგრამის ფარგლებში ათვისებული უნარების დახმარებით იპოვეთ; ეს შეიძლება იყოს ევროკავშირის მხარდაჭერით განახლებული გზები თუ რკინიგზები, ან ფართოხაზოვანი ინტერნეტის გაუმჯობესებული ხარისხი თქვენს რეგიონში, რაც სწავლის, ბიზნესის კეთების თუ ონლაინსერვისებით ყოველდღიური სარგებლობის პროცესს გაგიმარტივებთ.
დეკემბრის სამიტზე ყურადღება, ძირითადად, შემდეგ ხუთ საკვანძო სფეროზე გამახვილდება – ეკონომიკა, მმართველობა, გარემოს დაცვა, ციფრული სფერო და ინკლუზიური საზოგადოებები.
ეს პრიორიტეტები განისაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარსულ მიღწევებზე დაყრდნობით და ითვალისწინებს ისეთ ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, როგორებიცაა მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია და პანდემიის შემდგომი აღდგენა.
აღდგენა, მდგრადობა და რეფორმები მომავალი დღის წესრიგის საფუძველს წარმოადგენს. ის მოიცავს შემდეგ 10 ძირითად მიზანს, რომელთა მიღწევა 2025 წლისთვის არის დასახული:
გარდა ამისა, 2.3-მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ევროკავშირმა თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის ფართომასშტაბიანი ინიციატივები დასახა. თითოეული საფლაგმანო ინიციატივა მოიაზრებს კონკრეტულ პრიორიტეტულ პროექტებს, რომლებიც მოსახლეობასა და ბიზნესებს ხელშესახებ შედეგებს მოუტანენ. ეს ინვესტიციები მოხმარდება სატრანსპორტო კავშირებს, მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, ციფრულ გარდაქმნას, გარემოს და კლიმატის მდგრადობას (ენერგოეფექტიანობის ჩათვლით), ჯანდაცვის სისტემების გამძლეობას და განათლების რეფორმებს.
2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა საკუთარ თავს დაუსახა მიზანი, „20 შედეგი 2020 წლისთვის“ — ეს გახლდათ ამბიციური სამოქმედო გეგმა იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც მოქალაქეებს ხელშესახებ სარგებელს მოუტანდა. სამი წლის შემდეგ შედეგები თვალსაჩინო იყო.
მაგალითად:
ევროკავშირმა მხარი დაუჭირა 185,000-ზე მეტ მცირე საწარმოს — მათ შორის, ორთოპედიული და სამედიცინო პროდუქციის უკრაინელ მწარმოებელს, რომელმაც EU4Business-ისგან მიღებული სესხით სპეციალიზებული აღჭურვილობის შეძენა შეძლო. ამის შედეგად მან გააფართოვა წარმოება, შექმნა ახალი სამუშაო ადგილები და დაიწყო ექსპორტი ბელარუსის, პოლონეთის და ესტონეთის ბაზრებზე. ევროკავშირის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო საწარმოებმა რეგიონის მასშტაბით 1.65 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნეს ან შეინარჩუნეს.
ინიციატივის, EU4Business ფარგლებში მხოლოდ 2018 წელს ქალების მიერ მართული 7,250-მდე მცირე და საშუალო საწარმოსთვის 60 მილიონ ევროზე მეტი გამოიყო, ხოლო 290 მეწარმე ქალს ტრენინგი ჩაუტარდა. მაგალითად, ამ შესაძლებლობით ისარგებლა ქალთა მიერ მართულმა „ტექინჟინერინგ ჯგუფმა“ საქართველოში, რომლის მოგება ევროკავშირის პროგრამის, „ქალები ბიზნესში“, მხარდაჭერით 7.5%-ით გაიზარდა.
ევროკავშირის მხარდაჭერით, 187-მა ადგილობრივმა ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, 2020 წლამდე 20%-ით შეემცირებინა CO2-ის ემისია, ხოლო 240-მა — 2030 წლამდე ემისიის 30%-ით შემცირების პირობა დადო. ამის მაგალითია მოლდოვის ქალაქები, ოკნიცა და კანტემირი, სადაც ენერგიის მოხმარება და ემისია ქუჩის ჭკვიანი ენერგოეფექტიანი განათების საშუალებით შემცირდა.
ევროკავშირის მხარდაჭერამ მდინარეების აუზების დონეზე თანამედროვე წყლის პოლიტიკის შემუშავებას შეუწყო ხელი, რამაც 500,000 კვ2 მოიცვა და რეგიონში მცხოვრები 30 მილიონი ადამიანის ყოფა გააუმჯობესა. სუფთა წყლის ხელმისაწვდომობის პროექტები განხორციელდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა სომხეთის სევანის ტბის აუზი და აზერბაიჯანის აფშერონის ნახევარკუნძული.
ევროკავშირის მხარდაჭერით, 80,000-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო გაცვლით პროგრამებში — მათ შორის, Erasmus+-ის მეშვეობით. 2018 წლის სექტემბერში კი თბილისში ევროპული სკოლა გაიხსნა და ის მაღალი ხარისხის განათლებით უზრუნველყოფს ექვსივე პარტნიორი ქვეყნის ახალგაზრდებს, რომელთა შორისაც არიან ალინა ბაქოდან, ევა ხარკოვიდან, ლილიტი და ნანე სომხეთიდან, ნინო და ლუკა საქართველოდან, ადრიანი მოლდოვიდან და ალინა ბელარუსიდან.
ეს რამდენიმე მაგალითი ასახავს, თუ როგორ მიაღწია აღმოსავლეთ პარტნიორობამ მოქალაქეებისთვის ხელშესახებ შედეგებს 2017 წლის სამიტზე დასახული მიზნის, 20 შედეგი 2020 წლისთვის, შესაბამისად.
ქვემოთ მოცემულ ბმულებზე გადასვლით თქვენ შეძლებთ, დამატებითი ინფორმაცია მოიძიოთ იმ მხარდაჭერაზე, რომლითაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანას უზრუნველყოფს:
აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა.
ევროკავშირის მხარდაჭერა ხორციელდება ასობით პროექტის და პროგრამის საშუალებით — დაწყებული ისეთი ძირითადი რეგიონული ინიციატივებიდან, როგორებიცაა EU4Business, EU4Youth ან EU4Energy და დამთავრებული ყველაზე მცირემასშტაბიანი ადგილობრივი პროექტებით, რომლებიც უშუალო დახმარებას უწევს თქვენი ქვეყნის ცენტრალური დასახლებებიდან მოშორებით მცხოვრებ ადამიანებს.
ეს პროექტები უშუალოდ თანამშრომლობენ ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებებთან, ეკონომიკურ პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ეროვნულ მთავრობებთან შეთანხმებული ქმედებები და რეფორმები განახორციელონ.
ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის ფინანსურ ინსტიტუტებთან — კერძოდ, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან — და, ასევე, განვითარებაზე მომუშავე პარტნიორებთან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, რაც ევროპის გუნდის საშუალებით ხორციელდება. ამ გზით ევროკავშირი თავისი მხარდაჭერის ფარგლებსა და საბოლოო გავლენას ზრდის.
თუ გსურთ, მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირის მხარდაჭერა, რა გავლენას ახდენს ის და რა შესაძლებლობებია თქვენთვის ხელმისაწვდომი, წაიკითხეთ ჩვენი ინტერაქტიური გზამკვლევები:
როგორ შეგიძლიათ, თქვენს ბიზნესს COVID-ის შემდგომ აღდგენაში დაეხმაროთ
რა სარგებლობა მოაქვს ბიზნესისთვის მწვანე ტრანსფორმაციას
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა
დაფინანსება კვლევისა და ინოვაციისთვის
როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი გარემოს დაცვას
რა არის EU4Energy და რა სარგებელი მოაქვს მას
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შესაძლებლობების შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიღება კი აქ შეგიძლიათ.
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,