როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირის დაფინანსების მიღება კვლევისა და ინოვაციისთვის საქართველოში?

სექტემბერი 11, 2019

  • მე მაქვს ინოვაციური ბიზნეს-იდეა: შემიძლია ევროკავშირის გრანტის მიღება?
  • როგორ შევიტანო განაცხადი?
  • ჟღერს შესანიშნავად, მაგრამ განაცხადის შეტანა არასოდეს არის მარტივი?
  • რომელიმე ქართულ კომპანიას მიუღია გრანტი?
  • არსებობს დაფინანსების შესაძლებლობები ცალკეული პირებისთვის?
  • გრანტის მიღების რა შანსი აქვთ ქართველ მეცნიერებს და მკვლევარებს?
  • კიდევ სად შემიძლია დაფინანსების მოძიება ჩემი სტარტაპის მხარდასაჭერად?
ბარათი %1 %2-დან

მე მაქვს ინოვაციური ბიზნეს-იდეა: შემიძლია ევროკავშირის გრანტის მიღება?

დიახ, შეგიძლიათ. საქართველოსთვის სრულად ხელმისაწვდომია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამა „ჰორიზონტი 2020“, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი ინოვაციის გრანტებზე ზუსტად იმავე წესით, როგორც ევროკავშირში არსებულმა კომპანიებმა.

მხარდაჭერა დაჯგუფებულია გაძლიერებული ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC) აქსელერატორი პილოტის ფარგლებში, რომელიც მხარს უჭერს ბრწყინვალე იდეების და საერთაშორისო აღიარების მოპოვების ამბიციის მქონე ინოვაციებს, მეწარმეებს, მცირე საწარმოებს და მეცნიერებს. თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი როგორც დამოუკიდებელმა მცირე და საშუალო საწარმომ, ან პარტნიორებთან ერთად, ხოლო დაფინანსება ხელმისაწვდომია როგორც იდეის განვითარებისთვის
(50,000 ევრო), ისე უფრო მომწიფებული ინოვაციური ბიზნეს-პროექტებისთვის (გრანტი – 500,000 – 2.5 მილიონი ევრო + ხელმისაწვდომი სესხები 15 მილიონ ევრომდე). გარდა ამისა, პროგრამა დაფინანსების მიმღებ კომპანიებს სთავაზობს ხელმძღვანელობას და მენტორობას.

ინოვაციური ბიზნეს-კომპანიები თვლიან, რომ მათთვის, რა თქმა უნდა, ძნელია დაფინანსების მოპოვება: მათი პროდუქცია შეიძლება იყოს კომპლექსური, ტექნოლოგიები – გამოუცდელი, ხოლო მათი ბაზრები შესაძლოა ჯერ არც კი არსებობდეს. ამ გამოწვევის დასაძლევად, H2020-ის პროგრამა რისკ-ფინანსებთან წვდომა ეხმარება კომპანიებს და სტარტაპებს სესხების უფრო მარტივად მიღებაში.

როგორ შევიტანო განაცხადი?

თუ გაქვთ ბრწყინვალე იდეა ან ინოვაცია, მაგრამ ჯერ არ ხართ დარწმუნებული, თუ რა სახის დაფინანსების სქემაა თქვენთვის სწორი, ეწვიეთ ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC) დაფინანსების გვერდს და გაეცანით ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC) „ექსპერტს – დაფინანსების შესანიშნავი ინტერაქტიული ასისტენტი დაგეხმარებათ განსაზღვროთ საუკეთესო გადაწყვეტა თქვენი კომპანიისთვის.

განაცხადის შესატანად უნდა დაარეგისტრიროთ თქვენი კომპანია სისტემაში და წარადგინოთ განაცხადის ფორმა თქვენი იდეის აღწერით.

დაიმახსოვრეთ, პროგრამა გამიზნულია მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომლებსაც აქვთ რევოლუციური ბიზნეს-იდეა ინოვაციური ტექნოლოგიის განვითარების საფუძველზე. თქვენი წინადადების შესაფასებლად გამოიყენება სამი მთავარი კრიტერიუმი:

  • ბრწყინვალება: თუ როგორ უსწრებს თქვენი მაღალრისკიანი/მაღალპოტენციური ინოვაცია უკანასკნელ მიღწევებს ამ სფეროში.
  • გავლენა: როგორ შექმნის თქვენი ინოვაცია პროდუქტზე, სერვისზე ან მოდელზე მნიშვნელოვან  მოთხოვნას (მათ შორის ფულის გადახდის სურვილს).
  • განხორციელება: როგორ მოხდება ინოვაციური პროდუქტის მართვა და რომელი გუნდის რესურსებია ხელმისაწვდომი ამისათვის.

თუ ეძებთ სესხს თქვენი ინოვაციის დასაფინანსებლად, უნდა გაეცნოთ H2020 რისკ-ფინანსებთან წვდომის გვერდს.

თუ დახმარება გჭირდებათ, ეწვიეთ „ჰორიზონტი 2020“-ის ეროვნულ პორტალს, და აუცილებლად დაუკავშირდით H2020-ის ეროვნულ საკონტაქტო პირს საქართველოში.

ჟღერს შესანიშნავად, მაგრამ განაცხადის შეტანა არასოდეს არის მარტივი?

ეს ნამდვილად ასეა. თქვენ სერიოზულად უნდა მოეკიდოთ განაცხადის შეტანას, და ყველა კითხვაზე უნდა გასცეთ ამომწურავი პასუხი. არ გეგონოთ, რომ შეძლებთ უკვე დაწერილი ტექსტის ამოჭრას და მის ჩასმას განაცხადის ფორმაში – შემფასებლები დეტალურად განიხილავენ თქვენს პასუხებს თითოეულ კითხვაზე. 

ზოგიერთი ფიქრობს, რომ პროექტის აღწერა უნდა იყოს მაქსიმალურად აკადემიური, მაგრამ ეს ასე არ არის – შემფასებლებს არ უნდათ სამეცნიერო ტრაქტატის წაკითხვა, მათ უნდათ, რომ მიაწოდოთ თქვენი პროექტი არასპეციალისტისთვის გასაგები ენით. წარმოიდგინეთ, რომ ესაუბრებით ინვესტორებს, ასე რომ ეცადეთ მიაღწიოთ „ვაუ!“ ეფექტს, და დაიმახსოვრეთ, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ თქვენი პროდუქტის ინოვაციურობა – თქვენ ასევე უდა შეძლოთ იმის დამტკიცება, რომ ეს პროდუქტი კომერციულად ღირებულია.

თქვენი წინადადება მწყობრ ისტორიას უნდა ყვებოდეს, ის დაწერილი უნდა იყოს იმგვარად, რომ იყოს ადვილი წასაკითხი, გვერდები არ უნდა იყოს სავსე გამეორებებით და ფუჭი ტრაბახით (გვერდების მაქსიმალური რაოდენობა არის მაქსიმუმი – და არა მოთხოვნა). დაიმახსოვრეთ, რომ შემფასებელი ადამიანია და ამიტომ თქვენთვისვე აჯობებს, თუ თქვენი წინადადება ადვილი წასაკითხი იქნება.

ზოგიერთს ხალისს დაუკარგავს ის ფაქტი, რომ ყველაფერი ინგლისურ ენაზე უნდა იყოს წარდგენილი. მაგრამ ეს შესაძლებლობად უნდა აღიქვათ: დაწერეთ თქვენი პრეზენტაცია ქართულად და ათარგმნინეთ ის პროფესიონალს. თქვენ მარტივად უპასუხებთ კითხვებს ქართულად, მაგრამ საბოლოო განაცხადი გამართულ ინგლისურ ენაზე იქნება. საბოლოოდ კი მიიღებთ თქვენი პროექტის პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე, რაც ასევე გამოგადგებათ სხვა პროგრამებთან და ინვესტორებთან ურთიერთობისას.

თუ ავსებთ მცირე და საშუალო ბიზნესის ინოვაციის განაცხადს, აუცილებლად წაიკითხეთ წინადადების შაბლონი მცირე და საშუალო ბიზნესის ინსტრუმენტის ეტაპობრივი სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემულია ფასდაუდებელი რჩევები და მითითებები წინადადების წარდგენის საკითხებზე. ეს რჩევები ემყარება ინფორმაციას, მოწოდებულს შემფასებლების და „ჰორიზონტი 2020“-ის ეროვნული საკონტაქტო პირებისგან – ისინი  მცირე და საშუალო ბიზნესის განაცხადებს ყოველდღიურად კითხულობენ.

რომელიმე ქართულ კომპანიას მიუღია გრანტი?

ქართული კომპანიები არ იღებენ მაქსიმუმს დაფინანსების ხელმისაწვდომი შესაძლებლობებიდან: არა იმიტომ, რომ ისინი ნაკლებ ნოვატორები არიან, არამედ იმიტომ, რომ დაფინანსებას ვერ იღებენ. საქართველოდან მხოლოდ სამი აპლიკანტი იყო ჩართული შესაბამის წინადადებებში, და დღემდე წარმატებას ვერც ერთმა ვერ მიაღწია.

მაგრამ კომპანიები აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებიდან წარმატებებს აღწევენ: „პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ მცირე და საშუალო ბიზნესის ინსტრუმენტი ნამდვილად საინტერესოდ ჩავთვალეთ, რადგან მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტის შევსებით შეგვეძლო უდიდესი შედეგების მიღწევა და ჩვენი ბიზნესის ერთი საფეხურით უფრო მაღალ დონეზე აყვანა“, ამბობს ხაჩიკ სააკიანი, სომხური სტარტაპის Grovf თანადამფუძნებელი – მისი  კომპანია სწორედ ასე მოიქცა და 50,000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო. დმიტრო კოვალჩუკს უკრაინიდან მსგავსი გამოცდილება ჰქონდა: პროფესიონალი კონსულტანტების დახმარებით მას მხოლოდ ორი კვირა დასჭირდა თავისი მაღალტექნოლოგიური კომპანიის განაცხადის წარსადგენად, და გამარჯვება მოიპოვა. „პროგრამასთან „ჰორიზონტი 2020“ თანამშრომლობამ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მე უკვე მქონდა სამუშაო იდეა, ასე რომ, მქონდა პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც დამისვეს, ამან კი დაფინანსების ბედი გადაწყვიტა“, იხსენებს ის. რამდენიმე თვის შემდეგ კი მისი კომპანიის ანგარიშზე გრანტის თანხა ჩაირიცხა – 50,000 ევრო. 

საქართველოში ბევრი ინოვაციური კომპანიაა, და არსებობს დაფინანსების შესაძლებლობები – ქართულ კომპანიას ევროკავშირის გრანტის მოგების ისეთივე უფლება და შანსი აქვს, როგორც კომპანიას ესტონეთში, გერმანიაში ან ესპანეთში: საჭიროა მხოლოდ განაცხადის შეტანა.

არსებობს დაფინანსების შესაძლებლობები ცალკეული პირებისთვის?

თუ ხართ მეცნიერი რომელსაც სურს საკუთარი კარიერის განვითარება საზღვარგარეთ მუშაობით, შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი ინდივიდუალურ სტიპენდიაზე პროგრამის H2020 მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში. განაცხადის შესატანად თქვენ უნდა გქონდეთ სამეცნიერო ხარისხი (PhD), ან მინიმუმ ოთხწლიანი სამეცნიერო კვლევის გამოცდილება სრულ შტატზე. დაფინანსების მიღება შესაძლებელია ყველა დისციპლინაში – ფიზიკიდან ლინგვისტიკამდე, და ჯანდაცვის მეცნიერებებიდან მათემატიკურ მოდელირებამდე. ორ წლამდე ხანგრძლივობის გრანტები მოიცავს საცხოვრებელ, სამგზავრო და საოჯახო ხარჯებს, გარდა ამისა, ევროკავშირი ხელს შეუწყობს თქვენს ტრენინგს, კავშირების დამყარებას და კვლევის ხარჯებს, ასევე პროექტის მენეჯმენტის და არაპირდაპირ ხარჯებს (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. სახელმძღვანელო აპლიკანტებისთვის). გრანტი ენიჭება მასპინძელ ორგანიზაციას, ჩვეულებრივ -უნივერსიტეტს, კვლევით ცენტრს ან კომპანიას ევროპაში.

გარდა ამისა, ევროპული კვლევების საბჭო (ERC) უზრუნველყოფს დაფინანსებას ნებისმიერი ეროვნების წამყვანი მეცნიერებისთვის კვლევების საწარმოებლად ევროპაში. ევროპული კვლევების საბჭოს საწყისი გრანტით, მეცნიერებს კარიერის დასაწყისში შეუძლიათ მიიღონ 1.5 მილიონ ევრომდე ხუთწლიანი კვლევისთვის. კიდევ უფრო მიმზიდველი გრანტებია ხელმისაწვდომი უფროსი, ჩამოყალიბებული მეცნიერებისთვის.

ამდენად, ევროპული კვლევების დაფინანსების უმრავლესობის მიზანია საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერა ინოვაციების წინსვლისთვის; ასე, რომ, თუ ხართ მეცნიერი, ყველაზე უფრო პერსპექტიული გზა ევროკავშირის დაფინანსების მისაღებად თანამშრომლობაა. პროგრამა „ჰორიზონტი 2020“ აფინანსებს კვლევით პროექტებს ყველა სფეროში – დაწყებული კოსმოსური კვლევებიდან, დამთავრებული ჰუმანიტარული მეცნიერებებით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, სოფლის მეურნეობით, ბიო-ტექნოლოგიებით, ენერგეტიკით…

გრანტის მიღების რა შანსი აქვთ ქართველ მეცნიერებს და მკვლევარებს?

საქართველო ისევე სარგებლობს პროგრამით „ჰორიზონტი 2020“, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რაც ნიშნავს, რომ ქართველ მეცნიერებს დაფინანსების მიღების ზუსტად იგივე შანსი აქვთ, როგორიც მათ კოლეგებს ევროკავშირიდან.

მას შემდეგ, რაც 2016 წლის აპრილში საქართველო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ სრული წევრი გახდა, 2018 წლის ბოლოსთვის 30 დამოუკიდებელმა ქართველმა მეცნიერმა მიიღო დაფინანსება მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ბოლო ფაზიდან (2014-2020),

მაგრამ „ჰორიზონტი 2020“ მხოლოდ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს არ აფინანსებს. პროექტების უმრავლესობის მოთხოვნის მიხედვით თქვენ სხვადასხვა ქვეყნის მინიმუმ სამ სხვა დაწესებულებასთან ან საწარმოსთან უნდა თანამშრომლობდეთ. ამდენად, „ჰორიზონტი 2020“ ხელს უწყობს ქართველი მეცნიერების თანამშრომლობის გაუმჯობესებას უცხოელ კოლეგებთან, ასევე ბიზნეს-პარტნიორებთან ევროკავშირიდან და მთელი მსოფლიოდან.

მაგალითად, ქართველი მეცნიერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ასთმის მკურნალობის კვლევით პროექტში CURE project – ისინი თანამშრომლობენ 7 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ 10 პარტნიორთან 3 მილიონი ევროს ღირებულების ერთობლივ პროექტში, რომელსაც ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“ აფინანსებს. თუკი კვლევა CURE წარმატებით დამთავრდება, ქართველი პაციენტები იქნებიან პირველები, ვინც სარგებლობას მიიღებს ინოვაციური მკურნალობიდან, რომელიც ბაქტერიების გასანადგურებლად ანტიბიოტიკების ნაცვლად ბუნებრივად წარმოშობილ ვირუსებს იყენებს. წაიკითხეთ ისტორია სრულად და მოისმინეთ პროექტის პოდკასტი.

სხვა კვლევითი პროექტები, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს, მოიცავს თანამშრომლობით მიდგომას განახლებადი ენერგიისადმი, მუშაობას საზღვაო დაცულ ტერიტორიებზე, და ვირტუალური კვლევითი გარემოს შექნას ე-ინფრასტრუქტურის აშენებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ. იხილეთ „ჰორიზონტი 2020“-ის ქვეყნის პროფილი საქართველოსთვის, ევროკავშირის კვლევის შედეგების CORDIS მონაცემთა ბაზა და H2020-ის ქართველი პარტნიორების მონაწილეობით მიმდინარე პროექტების სია.

კიდევ სად შემიძლია დაფინანსების მოძიება ჩემი სტარტაპის მხარდასაჭერად?

„ჰორიზონტი 2020“ ახორციელებს კვლევის და ინოვაციების დაფინანსებას, მაგრამ არსებობს ევროკავშირის მხარდაჭერის სხვა უამრავი შესაძლებლობა, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოში.

თუ ხართ ბიზნესი: შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი მთელ რიგ დაფინანსებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობებზე EU4Business ინიციატივის ფარგლებში. გარდა ამისა, ქართველი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომია ევროპის მეწარმეთა ქსელი, რომელიც ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს ბიზნეს-პარტნიორების და ტექნოლოგიის პოვნაში ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

თუ ხართ მეცნიერი ან სტუდენტი პროგრამა „ერაზმუს +“ გთავაზობთ კვლევის და გაცვლების უამრავ შესაძლებლობას სხვადასხვა სფეროში და ყველა დონისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „ერაზმუს+ ოფისს საქართველოში, გარდა ამისა, იხილეთ ჩვენი „ერაზმუს+ ე-ბარათები ამ პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გასაცნობად.

თუ ხართ კულტურის სფეროს ან მედიის წარმომადგენელი: საქართველო სრულად არის ჩართული ევროკავშირის პროგრამის შემოქმედებით ევროპა კულტურის და მედიის პროგრამებში.

თუ გსურთ, რეგულარულად მიიღოთ უახლესი ინფორმაცია ევროკავშირის მიერ კვლევების და ინოვაციების მხარდაჭერის ღონისძიებების და შესაძლებლობების შესახებ, გახდით EU NEIGHBOURS east სიახლეების გამომწერი.

ჩასვით
The recommended iFrame size is 100% width and 750px height


ყველაზე წაკითხული


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,