ევროკავშირის ინიციატივა EU4Energy სთავაზობს მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგ ექვს ქვეყანას – აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა ენერგეტიკის სფეროში.
ევროკავშირი აფინანსებს პროექტებს და პროგრამებს ენერგეტიკის სფეროში, რომლებიც ეხმარება ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და განახლებადი ენერგიის გამოყენებას. ის ასევე მოიცავს ენერგეტიკული ბაზრების რეფორმირებას, ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ქვეყნებს შორის კავშირებს.
რუკაზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ყველა პროექტს მოიცავს, ხელმისაწვდომია ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროგრამების შესახებ.
პროგრამას საქართველოში ბევრი პრაქტიკული და რეალური შედეგი აქვს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში მერების შეთანხმება-აღმოსავლეთი მონაწილეობს 22 ქალაქი, რაც მთელი ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 60%-ია. ევროკავშირი ეხმარება ამ ქალაქებს შემდეგი მიზნის მიღწევაში – სათბურის აირების გაფრქვევების 40%-ით შემცირება 2030 წლამდე და ერთობლივი სტრატეგიის მიღება კლიმატის ცვლილების შერბილების და მასთან ადაპტაციისთვის.
ამასთან, აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის პარტნიორობამ (E5P), რომლის ძირითადი ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი, დაიწყო ენერგოეფექტურობის რამდენიმე პროექტი საქართველოში, მათ შორის “მწვანე” ავტობუსების შემოყვანა ქალაქ ბათუმში, ენერგოეფექტური ავტობუსების პარკის შექმნა ქალაქ თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების ახლად აღჭურვა მეტი ენერგოეფექტურობისათვის.
გარდა ამისა, ევროკავშირი ეხმარება საქართველოში ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ენერგომომარაგების ხარისხის, სანდოობის და მდგრადობის გაუმჯობესებაში. ამის თვალსაჩინო მაგალითებია ენგურის და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია და რეგიონში პირველი ქარის ელექტროსადგურის – ქართლი აშენება.
ენერგოკრედიტის პროგრამამ, რომელსაც ახორციელებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და მხარს უჭერს ევროკავშირი, დააფინანსა არაერთი ენერგოეფექტური ინიციატივა, მათ შორის სამედიცინო ცენტრი „ინოვა“ და მეღვინეობა შილდა – ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის 2019 წლის მდგრადი ენერგეტიკის პირველი კონკურსის გამარჯვებული.
2018 წლიდან ინიციატივის მერების შეთანხმება ფარგლებში მიმდინარეობს სადემონსტრაციო პროექტი, რომელიც გულისხმობს ქალაქ თელავში არსებული ორი მუნიციპალური საბავშვო ბაღის სრულ თერმულ რეაბილიტაციას.
EU4Energy პროგრამის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ენერგეტიკული მონაცემების და სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესება, დისკუსიების წარმართვა რეგიონული პოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო – პროგრამის ერთ-ერთი განმახორციელებელი პარტნიორი, ეხმარება საქართველოს, შესაბამისობაში მოიყვანოს ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის კანონმდებლობა ევროკავშირის მესამე ენერგეტიკულ პაკეტთან, რომელიც მიზნად ისახავს გაზის და ელექტროენერგიის ბაზრების გახსნას. ბოლოდროინდელი მოვლენები მოიცავს, 2020 წლის მაისში, ევროკავშირის ენერგოეფექტურობის ძირითადი კანონმდებლობის მიღებას, რაც, თავის მხრივ, შენობების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის ფართომასშტაბიანი პროგრამების წინაპირობაა. ევროკავშირის დაფინანსება და სხვა პარტნიორების ძალისხმევა საქართველოს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ეკონომიკის, გარემოს დაცვის და ჯანმრთელობის სფეროებში.
ისეთი პროგრამები, როგორიცაა მერების შეთანხმება-აღმოსავლეთი და მერების შეთანხმება – სადემონსტრაციო პროექტები მოსახლეობას სთავაზობს უფრო სანდო ენერგომომარაგებას, ასევე ენერგიის მოხმარების და CO2-ის გაფრქვევების შემცირების შესაძლებლობას.
თუ გსურთ, რომ თქვენი ბიზნესი გახდეს უფრო ენერგოეფექტური და გარემოსადმი მეგობრული, შეგიძლიათ ეწვიოთ პორტალს EU4Business და მოიძიოთ ინფორმაცია სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ.
დამატებით, თუ გაინტერესებთ თანამედროვე კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით დაფინანსების მოპოვება, შეგიძლიათ გაეცნოთ პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს.
ასევე, ხელმისაწვდომია, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სხვადასხვა პროგრამები ბიზნესისა და ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამისობის მოთხოვნებს და კრიტერიუმებს. ამისათვის, შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებ–გვერდს ან გამოიწეროთ სიახლეები და მიიღოთ უახლესი ინფორმაცია სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ EU4Energy პროექტის მეშვეობით.
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,