ომი უკრაინაში: ახალი სანქციები ბელარუსულ ბანკებს, კრიპტოაქტივებს, საზღვაო ტექნოლოგიას და ოფიციალურ პირებსა და ოლიგარქებს ეხება
მარტი 10, 2022

ომი უკრაინაში: ახალი სანქციები ბელარუსულ ბანკებს, კრიპტოაქტივებს, საზღვაო ტექნოლოგიას და ოფიციალურ პირებსა და ოლიგარქებს ეხება


დღეს ევროპის კავშირის საბჭომ ბელარუსის და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაამტკიცა.

ეს სანქციები უკრაინისადმი რუსეთის გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიაში ბელარუსის მონაწილეობის საპასუხოდ დაწესდა. ახალი სანქციები 2 მარტს მიღებულ შემზღუდველ ზომებს იმის გათვალისწინებით ერთვის, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია კვლავინდებურად უმძიმესია. 

ბელარუსისთვის ეს ზომები ითვალისწინებს SWIFT სისტემასთან დაკავშირებულ ისეთ შეზღუდვებს, როგორიც  რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ უკვე განხორციელდა. ამ გზით ბელარუსის მიმართ არსებული ფინანსური შეზღუდვები კიდევ უფრო დამძიმდება და რუსეთისადმი დაწესებული სანქციების მსგავსი იქნება. 

კერძოდ, შეთანხმებული სანქციები:

  • ზღუდავს SWIFT სერვისების მიწოდებას Belagroprombank-ის, Dabrabyt ბანკის, ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკისა და ამ ბანკების ბელარუსული შვილობილი კომპანიებისთვის;
  • კრძალავს ოპერაციებს ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან, რითაც ბელარუსთან ვაჭრობა და ქვეყანაში ინვესტირება იზღუდება;
  •  2022 წლის 12 აპრილიდან კრძალავს ევროკავშირის სავაჭრო ბირჟებზე ბელარუსის სახელმწიფო კომპანიების აქციების განთავსებას და მომსახურებების მიწოდებას; 
  • მნიშვნელოვნად ზღუდავს ბელარუსიდან ევროკავშირში ფინანსების გადინებას, რაც მიიღწევა ბელარუსის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისგან 100,000 ევროზე მეტი ოდენობის დეპოზიტების მიღების აკრძალვით, ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების ცენტრალური საცავების მიერ ბელარუსი კლიენტების ანგარიშებს გაყინვით და ბელარუსი კლიენტებისთვის ფასიანი ქაღალდების ევროში მიყიდვის აკრძალვით;
  • კრძალავს ბელარუსისთვის ევროს ბანკნოტების მიწოდებას.

გარდა ამისა, საბჭომ  რუსეთში საზღვაო ნავიგაციის საქონლის და რადიოკომუნიკაციის ტექნოლოგიის ექსპორტზეც დააწესა დამატებითი შეზღუდვები. კერძოდ, იკრძალება საზღვაო ნავიგაციის საქონლის და ტექნოლოგიების პირდაპირი ან არაპირდაპირი გაყიდვა, მიწოდება, გადაზიდვა ან ექსპორტი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის, სამართალსუბიექტის ან ორგანიზაციისთვის რუსეთში, რუსეთში გამოყენებისთვის ან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის ბორტზე განთავსებისთვის.

ევროკავშირმა ასევე განმარტა, რომ სანქციები ეხება სესხებსა და კრედიტებსაც, რომლებიც კრიპტოაქტივების სახით გაიცემა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კრიპტოაქტივები „მიმოქცევაში მყოფ ფასიან ქაღალდებად“ მოიაზრება, რასაც შემზღუდველი ზომების განხორციელებისას გაითვალისწინებენ.

საბჭომ, ამასთან, ინდივიდუალური ეკონომიკური სანქციები დამატებით 160 ადამიანს დაუწესა. 

ახალ სიაში შეყვანილები არიან:

14 ოლიგარქი და ცნობილი ბიზნესმენი, რომლებიც საქმიანობენ ეკონომიკის წამყვან სექტორებში და წარმოადგენენ შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს რუსეთის ფედერაციისთვის — კერძოდ, მეტალურგიის, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტულ, ტელეკომუნიკაციის და ციფრულ ინდუსტრიაში (სანქციები ეხება მათ ოჯახის წევრებსაც).

რუსეთის ფედერაციის საბჭოს 146 წევრი, რომლებმაც დაამტკიცეს მთავრობის ხელშეკრულებები რუსეთის ფედერაციას და დონეცკის და ლუგანსკის ეგრეთ წოდებულ „სახალხო რესპუბლიკებს“ შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ. 

ამ ეტაპისთვის ევროკავშირის შემზღუდველი ზომები სულ 862 ფიზიკურ პირს და 53 იურიდიულ პირს ეხება.

დამატებითი ინფორმაცია

ევროპის კავშირის საბჭოს პრესრელიზი

ევროკომისიის პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,