ევროკომისიაში სტაჟირების გასავლელად განაცხადების მიღება დაიწყო
ივლისი 24, 2026

ევროკომისიაში სტაჟირების გასავლელად განაცხადების მიღება დაიწყო


ევროკომისიამ დაიწყო განაცხადების მიღება Blue Book-ის სტაჟირების ყოველწლიურ პროგრამაზე, რომელიც 2027 წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

პროგრამა ითვალისწინებს ხუთთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ევროკომისიაში, რათა ახალგაზრდებმა ევროკავშირის პოლიტიკური და ადმინისტრაციული საქმიანობის სფეროში გამოცდილების დაგროვება შეძლონ.

2027 წლის მარტის სესიის ფარგლებში მსურველებს 1 000-მდე პოზიციაზე შეუძლიათ განაცხადის შეტანა. სტაჟირების გავლა შესაძლებელია კომისიის დეპარტამენტებში, სერვისებსა თუ სააგენტოებში, რომლებიც ბრიუსელში, ლუქსემბურგსა და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ეროვნულ ბიუროებშია გადანაწილებული. 

კონკურსი ღიაა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, თუმცა კონკრეტულ გენერალურ დირექტორატებსა და სერვისებში შეზღუდული რაოდენობით ადგილი ასევე განსაზღვრულია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვისაც.

სტაჟირებები ორ ტიპად იყოფა: ადმინისტრაციული სტაჟირებები და მთარგმნელობითი სტაჟირებები კონკრეტულად თარგმნის გენერალური დირექტორატისთვის (DGT). გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სამეცნიერო სტაჟირებები ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრში.

მონაწილეობის მსურველთა ასაკი შეზღუდული არაა. აპლიკანტი უნდა ფლობდეს სტანდარტული სამწლიანი უმაღლესი განათლების ხარისხს და კარგად უნდა იცოდეს ევროკავშირის, სულ მცირე, ორი ენა, რომელთაგან ერთი ინგლისური, ფრანგული ან გერმანული უნდა იყოს. წელს პირველად პროგრამა ასევე ღიაა პროფესიული განათლებისა და მომზადების (VET) კურსდამთავრებულთათვის – ამგვარად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მათაც, ვისაც უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია. 

სტაჟიორებისგან მოელიან კომისიის საქმიანობისადმი ინტერესისა და მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის სურვილის ქონას და საქმისადმი პროაქტიულ დამოკიდებულებას.

შერჩეული სტაჟიორები მიიღებენ 1 538 ევროს ოდენობის გრანტს  საცხოვრებელი ხარჯებისთვის, თუმცა მათ თავად მოუწევთ საცხოვრებელი ადგილის პოვნა. 

სტაჟიორის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს მრავალფეროვან დავალებებს, რომელთა შორისაც იქნება შეხვედრებზე, სამუშაო ჯგუფებში და საჯარო მოსმენებზე დასწრება თუ მათი ორგანიზება, საბუთების კვლევა, მოქალაქეების ინფორმაციით მომარაგება და პროექტების მართვაში მონაწილეობის მიღება. 

განაცხადის შევსება ევროკომისიის დამოწმების სერვისზე (EU Login) რეგისტრირების მეშვეობითაა შესაძლებელი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 4 სექტემბერი, ბრიუსელის დროით დილის 10 საათი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 

Blue Book-ის სტაჟირების პროგრამა 

ევროპული ახალგაზრდობის პორტალი  – Blue Book-ის სტაჟირების პროგრამაზე განაცხადის შეტანისას გასათვალისწინებელი რჩევები

ევროკავშირის ინსტიტუტებში, სააგენტოებსა და ორგანოებში ხელმისაწვდომი სტაჟირებები

ვიზუალური ისტორია: ევროპა ახალგაზრდებისათვის

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 4, 2026


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,