შენება ნგრევის დროს — ბუჩა და ირპინი დღეს
ივლისი 3, 2023

შენება ნგრევის დროს — ბუჩა და ირპინი დღეს


„ხსოვნა უკვდავყოფილ უნდა იქნას, მაგრამ ქალაქი არ უნდა ჰგავდეს სასაფლაოს“, — ამბობს ირპინის რეკონსტრუქციის სამიტის წევრი რუსლან სავჩუკი ე.წ. „მანქანების სასაფლაოს“ მომავალზე საუბრისას.

კიევის ოლქში, ირპინის გარეუბანში, გზის პირას დახვავებულია რუსული ოკუპაციისას დაზიანებული, დაჟანგული ავტომანქანები. ზოგიერთი დაცხრილულია. უმეტესი მათგანის მიტოვება ირპინის მცხოვრებლებს ევაკუაციისას, უკრაინელების მიერ რუსული ტანკების შესაჩერებლად დანგრეულ ხიდთან მოუხდათ, საიდანაც გზა ფეხით განაგრძეს.

ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით, მანქანები ამერიკელმა და უკრაინელმა მხატვრებმა მოხატეს, ფოტოები ციფრულ აქტივად (NFT) აქციეს, რომლის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი რეკონსტრუქციის პროექტებში ჩართულ არტისტების ხმარდება. თუმცა ზოგიერთ ადგილობრივს, რუსლანის ჩათვლით, „ტრაგედიის გალამაზების“ იდეა არ მოსწონს.

რა ბედი ეწევა მანქანების სასაფლაოს, დისკუსიის საგანია ისევე, როგორც მრავალი პროექტი რეკონსტრუქციის ფარგლებში. მუდმივი სარაკეტო თავდასხმებისა და განმეორებითი ნგრევის საფრთხის მიუხედავად, უკრაინა არ ელოდება ომის დასრულებას, რათა აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს. ეს მიდგომა კონტრავერსიულია — თუმცა ოპტიმალური ადგილობრივთათვის, რომელთაც ტრაგედიის ადგილას ცხოვრება უნდა განაგრძონ.

ირპინის ინფრასტრუქტურას კიევის ოლქის დასახლებებს შორის ყველაზე მეტად ზიანი მიადგა ომის დასაწყისში, როცა რუსული არმიის სვლა დედაქალაქისკენ სწორედ ამ ქალაქში შეაჩერეს. დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურის 70% და ირპინის 16 358 მცხოვრები უსახლკაროდ დარჩა. განადგურდა 119 მაღალსართულიანი და 1 483 კერძო საცხოვრებელი სახლი, დაზიანებულია 60 635 საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები და ბაღები, წყალგაყვანილობის სისტემები, მუნიციპალური სპეცტექნიკა. დაინგრა ქალაქის სტადიონი „ჩემპიონი“.

ამ უკანასკნელის აღდგენისთვის თანხის დიდი ნაწილი უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ ანდრეი შევჩენკომ შეაგროვა — 150 000 ევრო მილანში გამართულ საქველმოქმედო საღამოს მეშვეობით, 150 000 და 100 000 ევრო კი, შესაბამისად, საფეხბურთო კლუბებმა „მილანმა“ და „შახტარმა“ გაიღეს.

ირპინის რეკონსტრუქციის ერთი წლის მანძილზე საცხოვრებელი კორპუსის 412 და 322 კერძო სახლის მფლობელს გაეწია დახმარება. გამოიცვალა 4787 ფანჯარა. დონორებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები, დაძმობილებული ქალაქები, საერთაშორისო ფონდები და უკრაინის თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ირპინის მე-3 ლიცეუმის რეკონსტრუქციისთვის UNICEF-მა 4,8 მილიონი ევრო გამოყო.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ დავურეკეთ UNICEF-ს და ვუთხარით, რომ ლიცეუმის რეკონსტრუქციისთვის თითქმის 5 მილიონი ევრო გვჭირდებოდა და მეორე დღეს მოგვცეს, ძალიან ცდებიან. იყო უამრავი წერილი, შეხვედრები, მოლაპარაკებები, დღეების და კვირების განმავლობაში ხალხის შრომისმოყვარეობა“, — აცხადებს ვოლოდიმირ კარპლიუკი, ირპინის რეკონსტრუქციის ფონდის დამფუძნებელი.

ირპინის რეკონსტრუქციის ფონდი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც ქალაქის ხელისუფლებასთან ერთად აწარმოებს ხარჯთაღრიცხვას, აღადგენს განადგურებულ სოციალურ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას და მოიზიდავს თანხებს საერთაშორისო ფონდებიდან თუ ქველმოქმედების საშუალებით. ირპინის რეკონსტრუქციის ფონდმა საინვესტიციო საბჭოსთან ერთად შექმნა საინფორმაციო პორტალი  IRPIN HELP , რომელიც წარმოადგენს მონაცემთა ბაზას ირპინში მომხდარი ნგრევისა და რეკონსტრუქციის, ასევე, აღმშენებლობაში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის შესახებ. საიტის მეშვეობით შესაძლებელია თანხის დონაციაც.

ფონდის პროექტია ირპინის რეკონსტრუქციის სამიტიც, რომელიც მუშაობს თავისუფლების მოედნის, მუზეუმისა და ბიბლიოთეკების შენობების, კულტურის სახლისა და სხვა პროექტების დიზაინზე. ქალაქში, რომელსაც ომამდე უკრაინულ პარნასს უწოდებდნენ, თავისი მდიდარი მხატვრული მემკვიდრეობის გამო, კულტურის სახლი ერთ-ერთი ყველაზე დაცხრილული ნაგებობაა.

გათავისუფლებიდან წელიწადისა და სამი თვის შემდეგ ნანგრევებისგან თითქმის გასუფთავებულია ბუჩა — კიევიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქი, რომელიც რუსეთის არმიის სისასტიკის სიმბოლოდ იქცა.

აქ დახვრიტეს ხელებშეკრული მშვიდობიანი მოქალაქეები. ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი რუსეთის მოქალაქე იყო, რომელმაც ჯარისკაცებს ჰკითხა, თუ რისთვის შემოვიდნენ აქ. უკრაინელებისთვის პოსტ ფაქტუმ გახდა ნათელი, რომ ბუჩის ოკუპაციისთვის რუსებმა თადარიგი წინასწარ დაიჭირეს — ჯერ კიდევ ომამდე იქირავეს საწყობი ქალაქში, სადაც საკვები მოიმარაგეს. 33 დღის განმავლობაში ქალაქში სუფევდა ტერორი, წამება, გაუპატიურება, ძარცვა და სიკვდილით დასჯა. ქუჩები გვამებით იყო მიმოფენილი. მორგი სავსე იყო, სასაფლაო მდებარეობდა ქალაქგარეთ, სადაც მუდმივად ჭურვები ცვიოდა. ადგილობრივებს მასობრივი სამარხის გათხრა ქალაქის ცენტრში მოუხდათ.

ანდრია პირველწოდებულის ტაძრის ეზოში, მასობრივი სამარხის ადგილას, ახლა ღვთისმშობლის ბარელიეფი დგას. მოქალაქეებს აქ ყვავილები და სათამაშოები მოაქვთ და სანთლებს ანთებენ.

ერთთვიანი ოკუპაციის უფრო ღრმა კვალი შემორჩენილია ბუჩის რაიონის სოფლებსა და დასახლებებში. „დაგვეხმარეთ სახლების აღდგენაში“, „ჩვენ აქ გვინდა ცხოვრება“, „გააძევეთ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოდან“, — წერია დანგრეულ შენობებზე ბოროდიანკაში.

ომამდე ბუჩაში დაახლოებით 38 000-მდე მოსახლე ცხოვრობდა, თუმცა რუსეთის ჯარის შეჭრის დროისთვის ადგილზე მხოლოდ 5 000 მოასახლე რჩებოდა. წელიწადისა და სამი თვის შემდეგ, მოსახლეობის 90% დაბრუნდა. პლუს ბუჩამ მიიღო დაახლოებით 8 000 დევნილი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან.

„ახლა თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა“, — გვიყვება ვასილი, 63 წლის კაცი, რომელმაც ბუჩა 2022 წლის 24 თებერვალს დატოვა და აპრილის ბოლოს დაბრუნდა. თუმცა ომის ნაკვალევის გაფერმკრთალება ქალაქის იერსახეზე გაცილებით მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე თვითმხილველების მეხსიერებაში:

ნეონილა, 83 წლის: „ადამიანები გონებას კარგავდნენ რუსი ჯარისკაცების დანახვისას. სადარბაზოს იქით არ გავდიოდით. ძალიან გვეშინოდა. ყველგან ისროდნენ. დღის გამავლობაში — ნაკლებად, საღამოს 6-ის ნახევრიდან ღამის 12 საათამდე კი სროლა იყო ინტენსიური. ისროდნენ 20 წუთი, ნახევარი საათი. შეისვენებდნენ იმდენივე ხნით, გადატენიდნენ ტექნიკას და ისევ აგრძელებდნენ… გახვიდოდი გარეთ და მოგკლავდნენ. გვამები ქუჩაში ეყარა. ორკები მათი გადმოსვენების ნებასაც არ რთავდნენ. ჩვენი ბიჭები აგროვებდნენ და მარხავდნენ საერთო საფლავში. ჩვენთან ეკლესიაში ბიჭი გალობდა — ანდრიუაშა. ის, დედამისი, მამამისი, მათი ორი ახალგაზრდა მეზობელი მოკლეს, ტანკით გადაუარეს, ჩაყარეს ორმოში, ფიჩხები მიაყარეს, ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. ბევრი ადგილობრივი წასული იყო, განსაკუთრებით, ბავშვები და ქალები. სწორადაც მოიქცნენ, რომ წავიდნენ და კარგია, რომ სხვა ქვეყნებმა მიიღეს ისინი. ჩვენ უკვე მოხუცები ვართ, არ შეგვეძლო წასვლა. ასეთ შიშში ვიცხოვრეთ. ასეთი ყოფა გვაქვს იმის გამო, რომ ვიღაც არანორმალურს თავში მოუვიდა ომის დაწყება“.

გენადი ადრეევი, 86 წლის: „მეორე მსოფლიო ომის დროს სკოლის მოსწავლე ვიყავი. ლუგანსკის ოლქში ვცხოვრობდით, რომელიც ფაშისტებმა დაიკავეს. სარდაფში ვიმალებოდით და ერთ-ერთმა გერმანელმა ჯარისკაცმა პური შემოგვაწოდა. ეს კარგად დამამახსოვრდა. ყველა გერმანელი ფაშისტი არ იყო. ესენი [რუსი ჯარისკაცები] კი ყველაზე ცუდი ადამიანები არიან. 86 წელი ვიცხოვრე და მსგავსი ველურობა და არაადამიანობა არ მინახავს. პუტინმა ყველა ძალაუფლებას გადააჭარბა. ეს უკვე კაცობრიობის მასხრად აგდებაა“.

ვასილი, 63 წლის: „პატიება, რა თქმა უნდა, არ იქნება. ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთი რამე შესაძლებელი იქნებოდა უკრაინაში. ძმებად ვითვლებოდით ხომ ჩვენ, რუსები, ქართველები…? შურს აგრესორს უკრაინის. არ უნდათ ევროპულად ცხოვრება. უნდათ ისევ თვითნებური კავშირი. ჩვენ საბჭოთა კავშირი უკვე გავიარეთ და აღარ გვჭირდება“.

უტყუარი მტკიცებულებების, გვამების ექსჰუმაციის, სატელიტის თუ უცხოელი ჟურნალისტების ფოტომასალისა და მოწმეების სიმრავლის მიუხედავად, მოსკოვი დღემდე უარყოფს ბუჩაში ჩადენილ ომის დანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბუჩას შემზარავ კადრებს დადგმული უწოდა.

„ვთავაზობ ლავროვს, ჩამოვიდეს და თავისი თვალით ნახოს რუსეთის არმიის დანატოვარი. დარწმუნებული ვარ, მას მაინც მოუწევს ბუჩის გავლა ჰააგისკენ მიმავალ გზაზე“, — თქვა ბუჩის მერმა, ანატოლი ფედორიუკმა.

კიევის ცნობით, ბუჩის რაიონში 1346 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, მათ შორის 37 ბავშვი. გამოვლინდა 9 000 ომის დანაშაული.

ნინო ჩიჩუა კიევში გაემგზავრა EU NEIGHBOURS east-ის მიერ საერთაშორისო არასამთავრობო მედია ორგანიზაცია n-ostთან პარტნიორობით ორგანიზებულ პრესტურშისადაც მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და მოლდოველი ჟურნალისტები. პრესტური მიზნად ისახავდა უკრაინის, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტებს შორის ინფორმაციის გაცვლას და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობას და უკრაინის დღის წესრიგის გაშუქების აქტუალობის შენარჩუნებას.

ავტორი: ნინო ჩიჩუა

სტატია გამოქვეყნებულია ქართულად Netgazeti.ge-ზე



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,