მამების სკოლები: ინიციატივა, რომელიც ოჯახების კეთილდღეობასა და გენდერულ თანასწორობაზე ზრუნავს
ივლისი 20, 2022

მამების სკოლები: ინიციატივა, რომელიც ოჯახების კეთილდღეობასა და გენდერულ თანასწორობაზე ზრუნავს


არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ შვილების აღზრდაში მამების აქტიური ჩართულობა ბავშვების განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს. მამასთან გატარებული დრო პირდაპირ აისახება ბავშვის ქცევაზე, ბედნიერებასა და შემეცნებით უნარებზე.

თუმცა მაშინაც კი, როცა კარგი მამობის დადებითი მხარეები აშკარაა,  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებში ღრმად ჩანერგილი გენდერული სტერეოტიპების გამო კაცებისთვის შვილების აღზრდაში აქტიურად ჩართვა გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ (EU 4 Gender Equality), ამ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სხვადასხვა წერტილში გახსნილი 18 მამების სკოლა ოჯახებში მამების როლის გააქტიურებას უწყობს ხელს. სკოლებში კაცებს ასწავლიან, როგორც დაამყარონ შვილებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები.

„ეს სკოლა სწორედ ის საშუალებაა, რომელიც მამებს დაარწმუნებს თავიანთ შესაძლებლობებში და უკეთეს მშობლებად აქცევს“, — ამბობს ლაშა ჭეიშვილი, რომელმაც საქართველოში გახსნილ მამების სკოლაში მიიღო მონაწილეობა.

ლაშა ერთ-ერთია იმ 2,200-ზე მეტ აზერბაიჯანელ, ბელარუს, მოლდოველ, სომეხ, უკრაინელ და ქართველ მამას შორის, რომლებმაც მამების სკოლებში მონაწილეობა მიიღეს.

სკოლები გენდერული თანასწორობის საკითხებზე კონცენტრირდებიან. ისინი მამებს ეხმარებიან, გახდნენ მეტად ჩართული და პასუხისმგებლიანი მშობლები, რაც ბავშვის მოვლასა და საოჯახო საქმესთან დაკავშირებული მოვალეობების მეუღლეებთან თუ პარტნიორებთან გადანაწილებას გულისხმობს.

მართლაც, აუნაზღაურებელ ზრუნვით შრომაში მამების ჩაბმა სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისა და გენდერული თანასწორობის ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელია. ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ქალები აუნაზღაურებელ ზრუნვით შრომას კაცებზე, საშუალოდ, 2.5-ჯერ მეტ დროს უთმობენ. COVID-19-ის პანდემიამ ქალებს ეს ტვირთი კიდევ უფრო დაუმძიმა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ახალ გლობალურ მონაცემთა თანახმად, 2020 წელს 2 მილიონზე მეტმა დედამ დატოვა შრომის ბაზარი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მამების სკოლები კაცებს არა მარტო მეტად აქტიურ მამებად ქცევაში ეხმარება, არამედ იმასაც ასწავლის, თუ როგორ გახდნენ უკეთესი პარტნიორები. ისინი იგებენ, რომ მეუღლეებთან აუნაზღაურებელი საშინაო საქმეების გაყოფის გზით ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ქალების სრულფასოვან მონაწილეობას დაუჭერენ მხარს.

„ცოლი არ უნდა იყოს ერთადერთი, ვინც ზრუნვით შრომას სწევს“, — ამბობს სტანისლავ გრუგოვი, რომელმაც მოლდოვაში გახსნილ მამების სკოლაში მიიღო მონაწილეობა, — „ქმარიც თანაბრად ჩართული უნდა იყოს. ორივემ უნდა იზრუნოს შვილის განათლებაზე და თანაბრად უნდა გაიყოს სახლის საქმეები“.

აქტიური მამობა ოჯახის ემოციურ კეთილდღეობასთან და ძალადობის შემცირებულ რისკთანაცაა ასოცირებული. ასეთ დროს კაცები მეტად ირგებენ აღმზრდელისა თუ მზრუნველის როლს და ამ გზით სოციალურ ნორმად გენდერულ თანაბარუფლებიანობასა და კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის ფორმებს სახავენ. კარგი მამობა თავისთავად მოიაზრებს მეორე მშობლის პატივისცემასაც.

„მამების სკოლაში ჩვენ, მომავალი მამები, ვსწავლობთ, რას ნიშნავს, იყო პასუხისმგებლიანი მშობელი, როგორ უნდა აღზარდო ბავშვები და როგორ ებრძოლო იმ გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებსაც, საბოლოოდ, ძალადობამდე მივყავართ. მე 17 წლის ვარ და უკვე ვიცი, როგორი მამა მინდა ვიყო. მე კეთილი ვიქნები და ჩემს შვილებს ვეტყვი, რომ მიყვარს ისინი. ბავშვების ცხოვრებაში მამა არსებით როლს თამაშობს. ბავშვები, რომლების ცხოვრებაშიც მამა აქტიურადაა ჩართული, სკოლაში უკეთესი მოსწრებით გამოირჩევიან და მეტად წარმატებულნიც არიან“, — ამბობს იონუტ ჩინტეა, რომელიც მოლდოვაში გახსნილ მამების სკოლაში წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მონაწილეობდა.

მამების სკოლის მხარდასაჭერად, პროექტმა „მამების სკოლების სახელმძღვანელო“ შექმნა. სახელმძღვანელოს სკოლების კურატორები იყენებენ და მასში თავმოყრილია გაკვეთილები, რომლებიც მამებს თავიანთ ცხოვრებაში დადებითი, ჯანსაღი ცვლილებების შეტანის და ურთიერთმხარდაჭერის აუცილებლობაზე აფიქრებს.

„სიახლე არაა, რომ კაცებისა და ქალების როლების შესახებ სტერეოტიპები საყოველთაოდაა გავრცელებული“, — ამბობს სუსანა, რომელმაც სომხეთის მამების სკოლაში მონაწილეობა ქმართან, გარეგინთან ერთად მიიღო, — „ჩემმა ქმარმა და მე მამების სკოლაში მონაწილეობა იმ პრობლემების თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტეთ, რომლებთან გამკლავებაც ჩვენ გარშემო მრავალ წყვილს უწევს. მაგალითად, ზოგიერთ ახალგაზრდა მამას ახალდაბადებულთან კონტაქტი აშინებს. ისინი იმაზე დარდობენ, ვაითუ ბავშვი არასწორად დავიკავო და რაიმე დავუზიანოო. სკოლის სესიების განმავლობაში ჩვენ ბევრ სხვა რამესთან ერთად ისიც გავიგეთ, სწორად როგორ უნდა აიყვანო და გეჭიროს ჩვილი. ჩვენ ის სუნთქვითი ტექნიკებიც კი ვისწავლეთ, რომლითაც მშობიარობის ტკივილების შემსუბუქებაა შესაძლებელი“. 

პროგრამის, „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, წაახალისოს კაცები, მეტად აქტიურად ჩაერთონ შვილების აღზრდის პროცესში. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ამ ინიციატივას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ერთობლივად ახორციელებენ.

სამწლიანი პროგრამა ქალებსა და კაცებს შორის თანასწორუფლებიანობასა და თანაბარ შესაძლებლობებს ისეთი გზებით უჭერს მხარს, როგორიცაა გენდერული როლების გარშემო არსებული სოციალური მოლოდინების ცვლა, გენდერული სტერეოტიპების მსხვრევა და შვილების აღზრდასა და სხვა საშინაო საქმეებში კაცების ჩართულობის გაზრდა.

სტატია მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი და ის, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის პოზიციას.



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,