ევროკავშირმა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი წესები მიიღო
ნოემბერი 19, 2025

ევროკავშირმა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი წესები მიიღო


17 ნოემბერს ევროკავშირის საბჭომ საბოლოო თანხმობა მისცა ევროკავშირის განახლებულ მექანიზმს, რომელიც იმ მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ეხება, რომელთაც შენგენის ზონაში მოგზაურობისას ვიზა არ სჭირდებათ. 

ევროკავშირს ამიერიდან შეეძლება, მეტად სწრაფად და მტკიცედ იმოქმედოს იმ სიტუაციებში, როცა უვიზო მიმოსვლის უფლებას ბოროტად ან ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყენებენ.

ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირს ექნება უფლება, ქვეყანას იმ შემთხვევაში შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა, თუ აღნიშნული მესამე ქვეყანა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაში არ იქნება.

ამას გარდა, ევროკავშირს ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ ის მოქალაქეობას აძლევს ადამიანებს, რომლებსაც, სინამდვილეში, არაფერი არ აკავშირებთ ამ მესამე ქვეყანასთან. 

იგივე მოხდება იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობა გაუარესდება – მაგალითად, ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. 

რეგულაცია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასაც ამარტივებს. მაგალითად, საზღვრის გადალახვაზე უარის მიღების, ევროკავშირში დარჩენის დაშვებული ვადის გადაცილების, თავშესაფრის მოთხოვნებისა და მძიმე კრიმინალური დანაშაულების მნიშვნელოვან ზრდად ამიერიდან 50%-ის ნაცვლად, 30%-იანი ზღვარი მიიჩნევა. 

უვიზო მიმოსვლის პირველად შეჩერების ხანგრძლივობა ცხრა თვიდან 12 თვემდე გაიზრდება. ეს საწყისი პერიოდი  დამატებით შეიძლება, 18 თვის ნაცვლად, 24 თვით გახანგრძლივდეს. ეს მეტად ხანგრძლივი პერიოდი ევროკავშირს მისცემს საშუალებას, ითანამშრომლოს შესაბამის მესამე ქვეყანასთან იმ გარემოებების გამოსასწორებლად, რამაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია (სანამ უვიზო რეჟიმის სრულად გაუქმება გახდება შესაძლებელი). 

ახალი მექანიზმი ასევე ითვალისწინებს მიზნობრივ მიდგომას უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.

თუკი ამჟამად საწყისი პერიოდის გახანგრძლივების შემთხვევაში უვიზო რეჟიმის შეჩერება ქვეყნის ყველა მოქალაქეს ეხება, ახალი წესებით დამატებითი 24-თვიანი შეჩერების ეტაპი მთელ მოსახლეობაზე ავტომატურად არ გავრცელდება. სანაცვლოდ, ევროკავშირს შეეძლება გადაწყვიტოს, რომ ზომები (კვლავ) მხოლოდ მთავრობის ოფიციალურ პირებსა და დიპლომატებს შეეხოს. 

რეგულაცია ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მისი გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს შევა. ის სავალდებულო იქნება და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს შეეხება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,