აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 
აგვისტო 8, 2023

აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 


ევროკავშირმა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის მე-15 წლისთავზე სპეციალური განცხადება გააკეთა. მასში დაგმობილია რუსეთის სამხედრო ყოფნა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, რაც საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევაა. 

„კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი ევროკავშირის  ერთგულება დღეს ისე ძლიერია, როგორც არასდროს“, — აღნიშნულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაში. 

„ადგილობრივი თემები კვლავ აწყდებიან ჰუმანიტარულ გამოწვევებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას და უკანონო დაკავებებს. იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს საკუთარი წარმომავლობის ადგილებში დასაბრუნებლად კვლავ დაბრკოლებები ეღობებათ“, — ვკითხულობთ განცხადებაში. 

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კონფლიქტის მოგვარებას, რაც მოიცავს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობას და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევას. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მოუწოდებს ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთოს მოლაპარაკებებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრულად შესრულების მისაღწევად. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს უნდა ჰქონდეთ უფლება, აირჩიონ საკითხის მოგვარების მათთვის ხელსაყრელი ფორმა — მათ შორის ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციას ასევე ხელი შეუწყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM), რომელშიც 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი მონაწილეობს. 2024 წლის დეკემბრამდე განახლებული მანდატით, EUMM ადგილზე მყოფ იმ ერთადერთ საერთაშორისო მისიად რჩება, რომელიც აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი თემების უსაფრთხო და ნორმალურ ცხოვრებას უწყობს ხელს.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავ იყოს ჩართული საქართველოში ვითარების სტაბილიზაციისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში და ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,