ევროკავშირს აქვს გადაწყვეტილების მიმღები 4 ძირითადი ინსტიტუტი, რომლებიც ერთად განსაზღვრავენ მის პოლიტიკურ კურსს და ასრულებენ სხვადასხვა როლს კანონების მიღების პროცესში.
ევროპარლამენტი (European Parliament) ევროკავშირის ქვეყნების ასობით მილიონი მოქალაქის ინტერესებს წარმოადგენს და მას პირდაპირი წესით მოქალაქეები ირჩევენ. ევროპარლამენტის წევრების (ევროპარლამენტარების) ასარჩევად ევროკავშირის ქვეყნები არჩევნებს ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ატარებენ. 2024 წლის არჩევნების შედეგად ევროპარლამენტარების რიცხვი 720-მდე გაიზარდა. პარლამენტი ევროკავშირის საბჭოსთან (Council of the European Union) ერთად ევროპულ კანონებს იღებს და ამტკიცებს მრავალწლიურ და წლიურ ბიუჯეტს. ევროკომისია (European Commission) და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები ევროპარლამენტის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი.
ევროპარლამენტარები (MEPs) ასევე ირჩევენ ევროკომისიის პრეზიდენტს და ასრულებენ საკვანძო როლს, ინდივიდუალური მოსმენებით კომისრის პოსტებზე კანდიდატების დასამტკიცებლად. ამის შემდეგ, ისინი კენჭისყრით წყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა კომისართა კოლეგია – ასე მოიხსენიება 27 კომისრის ერთობა.
ევროპული საბჭო (European Council/EUCO) შედგება ევროკავშირის ქვეყნების მთავრობის ან სახელმწიფოს მეთაურებისგან და ის ევროკავშირის ზოგად პოლიტიკასა და პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ევროპულ საბჭოს თავმჯდომარეობს პრეზიდენტი (President of the European Council), რომელიც ორ-ნახევარი წლით ინიშნება ვადის ერთჯერადად განახლების უფლებით.
ევროპული საბჭო არ განიხილავს და არ იღებს ევროკავშირის კანონებს. მისი მთავარი დანიშნულება ევროკავშირის პოლიტიკური მიმართულების განსაზღვრაა.

საბჭო ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს წარმოადგენს. ევროკავშირის საბჭოზე (Council of the European Union) წევრი სახელმწიფოების ეროვნულ მთავრობათა მინისტრები ევროკავშირის კანონებს განიხილავენ და იღებენ და კოორდინაციას უწევენ გარკვეულ სფეროებს. საბჭო, ცალკეული პოლიტიკური სფეროს შესაბამისად, 10 განსხვავებული კონფიგურაციით იკრიბება. იმის მიხედვით, თუ რა კონფიგურაციით იკრიბება საბჭო, თითოეული ქვეყანა შესაბამის პოლიტიკურ სფეროზე პასუხისმგებელ დარგობრივ მინისტრს აგზავნის.
ევროკავშირის საბჭო კანონებს უმეტესად ევროპარლამენტთან ერთად იღებს. საბჭოს შეხვედრები იმართება ბრიუსელში, გარდა სამი თვისა (აპრილი, ივნისი და ოქტომბერი), როდესაც საბჭო ლუქსემბურგში იკრიბება.
ევროკომისია, როგორც წესი, საბჭოს საკანონმდებლო წინადადებებს წარუდგენს. ევროკომისიის წინადადებათა უმრავლესობა საბჭოსა და ევროპარლამენტისგან ერთობლივ მიღებას საჭიროებს.
ევროკავშირის საბჭო არ უნდა აგვერიოს ევროპის საბჭოში (Council of Europe), რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს ევროკავშირის ორგანოს.
ევროკომისია (European Commission) ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი ორგანოა. ის სარგებლობს „ინიციატივის უფლებით“ ახალი კანონპროექტების წარსადგენად, რომლებსაც ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო შეისწავლის და ამტკიცებს. ის ასევე მართავს ევროკავშირის პოლიტიკასა და ევროკავშირის ბიუჯეტს და მეთვალყურეობს ქვეყნების მიერ ევროკავშირის კანონმდებლობის სწორად აღსრულებას. წარმომადგენლობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კომისიის ხმას წარმოადგენენ. ისინი მასპინძელ ქვეყნებში საზოგადოებრივ აზრს აკვირდებიან და აანალიზებენ, ავრცელებენ ინფორმაციას ევროკავშირის პოლიტიკისა და საქმიანობის შესახებ და ხელს უწყობენ კომისიის თანამშრომლობას ქვეყნის მთავრობასთან.
უმეტეს შემთხვევაში, ევროპარლამენტი, ევროკავშირის საბჭო და ევროკომისია შეიმუშავებენ პოლიტიკასა და კანონებს, რომლებიც მოქმედებს მთელ ევროკავშირში. კომისია წარადგენს ახალ კანონებს, ხოლო ევროკავშირის პარლამენტსა და საბჭოს ცვლილებები შეაქვს და მათ ამტკიცებს. შემდეგ, წევრი სახელმწიფოები ამ კანონებს პრაქტიკაში ახორციელებენ და კომისია მათ სათანადო აღსრულებას უზრუნველყოფს.
ევროკავშირის ამ ინსტიტუტების მუშაობას ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს საქმიანობა ამყარებს. ეს სამი ინსტიტუტი პასუხისმგებელია ევროკავშირის სამართლებრივი, ფინანსური და გარე აუდიტთან დაკავშირებული საქმიანობის მართვაზე.
ინსტიტუტების გარდა, ევროკავშირის ამოცანების შესრულებაში სპეციალიზებულ როლებს რამდენიმე ორგანოც ასრულებს. ესენია: ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი, ევროპის რეგიონთა კომიტეტი, ევროკავშირის ომბუდსმენი, ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი, მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭო და ევროკავშირის პროკურატურა.
ინსტიტუტებისგან განსხვავებით, ევროკავშირის ორგანოები უშუალოდ არ არიან ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ისინი უფრო მეტად კონცენტრირდებიან პოლიტიკისა თუ მმართველობის სპეციფიკურ სფეროებზე.
გაიგეთ მეტი მათი როლის შესახებ აქ.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (European External Action Service/EEAS) ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურია. ის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაში ეხმარება და ევროკავშირის საგარეო საქმეთა თანმიმდევრულობასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს. მის შემადგენლობაშია ევროკავშირის დელეგაციათა გლობალური ქსელი.
ევროპის საინვესტიციო ბანკი (European Investment Bank/EIB) ევროკავშირის საკრედიტო ორგანოა. მისი საქმიანობა ფოკუსირდება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა, განვითარება, ინოვაცია და უნარები, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი, ინფრასტრუქტურა და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.
ევროპარლამენტი შედგება 720 წევრისგან, რომლებსაც ევროკავშირის 27 ქვეყანაში ირჩევენ. 1979 წლიდან ისინი პირდაპირი, საყოველთაო ხმის მიცემით ხუთი წლის ვადით აირჩევიან.
ევროპული არჩევნები წევრი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ტარდება, თუმცა ევროკავშირის კანონმდებლობა რამდენიმე საერთო პირობას მაინც ადგენს. ევროპარლამენტში უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროპორციული წარმომადგენლობა და მაშინ, როდესაც ქვეყნების უმრავლესობა ერთიან საარჩევნო ოლქადაა ორგანიზებული, ზოგიერთი მათგანი – ბელგია, პოლონეთი, ირლანდია და იტალია – თავის ტერიტორიას რამდენიმე საარჩევნო ოლქად ყოფს.
გაეცანით დეტალებს არჩევნების ორგანიზაციულ საკითხებზე ამ ინფოგრაფიკასა და მოკლე ანგარიშში.
პარლამენტში ადგილები ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდება. ამ მომენტისთვის, ევროპარლამენტართა მესამედზე მეტი ქალია. ევროპარლამენტარები ჯგუფდებიან პოლიტიკური – და არა ეროვნული – მიკუთვნებულობის ნიშნით.
ევროპარლამენტის ბოლო არჩევნები 2024 წლის 6-9 ივნისს ჩატარდა და ყველაზე მეტი ადგილი (188) „ევროპის სახალხო პარტიამ“ (European People’s Party/EPP) დაიკავა.
ევროპარლამენტარები სამუშაო დროს ანაწილებენ თავიანთ საარჩევნო ოლქებში, სტრასბურგში – სადაც წლიურად 12 პლენარული სხდომა იმართება – და ბრიუსელში, სადაც ისინი დამატებით პლენარულ სხდომებსა და საკომიტეტო თუ პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან.
პოლიტიკურ ხელმძღვანელობას 27 კომისრით (თითო კომისარი ევროკავშირის თითოეული ქვეყნიდან) დაკომპლექტებული გუნდი შეადგენს, რომელსაც კომისიის პრეზიდენტი (European Commission President) უძღვება. სწორედ ის განსაზღვრავს, რომელი კომისარი რომელ პოლიტიკურ სფეროზეა პასუხისმგებელი.
კომისართა კოლეგია შედგება კომისიის პრეზიდენტისგან, რვა ვიცე-პრეზიდენტისგან, რომელთა შორისაა სამი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან და 18 კომისრისგან, რომელთაგან თითოეული კონკრეტულ პოლიტიკურ სფეროზეა (პორტფელზე) პასუხისმგებელი.
კომისიის ყოველდღიურ საქმიანობას მისი თანამშრომელთა შტატი უძღვება. ის ორგანიზებულია გენერალური დირექტორატების (DGs) სახელით ცნობილ განყოფილებებად, რომელთაგან თითოეული პოლიტიკის კონკრეტულ სფეროზეა პასუხისმგებელი.
კოლეგიის 27 წევრი კომისიის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ხუთწლიანი ვადის განმავლობაში წარმოადგენს.
პრეზიდენტის კანდიდატურას ევროპული საბჭოს ეროვნული ლიდერები ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით წარადგენენ. კანდიდატს ასარჩევად ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
კომისრის წოდების მიღების მსურველი თითოეული კანდიდატი ევროპარლამენტის წინაშე წარდგება, განმარტავს საკუთარ ხედვას სამომავლო პოლიტიკის შესახებ მისი საქმიანობის სფეროში და პასუხობს ევროპარლამენტარების კითხვებს. შემდეგ, პარლამენტი კენჭს უყრის ევროკომისიის ახალ შემადგენლობას – მთლიან გუნდს და არა ცალკეულ კანდიდატებს. საბოლოოდ კი, ევროპული საბჭო, ხმათა უმრავლესობით, ამტკიცებს ევროკომისიის ახალ შემადგენლობას.
წესდების შესაბამისად, პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებებს კომისიის სტრუქტურული ორგანიზების შესახებ და ანაწილებს პორტფელებს კომისრებს შორის. პრეზიდენტი ასევე ადგენს კომისიის პოლიტიკურ დღის წესრიგს.
ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკომისიას წარმოადგენს ევროპული საბჭოს შეხვედრებზე, დიდი შვიდეულის (G7) და დიდი ოცეულის (G20) სამიტებზე, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან სამიტებზე და ევროპარლამენტსა და საბჭოში გამართულ ძირითად დებატებზე.
ევროკავშირის თითოეული ქვეყანა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ექვსთვიანი როტაციის პრინციპით იკავებს. ამ ექვსთვიანი ვადის განმავლობაში, თავმჯდომარე ქვეყანა საბჭოს ყველა დონეზე ორგანიზებულ სხდომას უძღვება, რათა საბჭოს მუშაობის უწყვეტობა უზრუნველყოს.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის არჩევნები არ ტარდება: თითოეული ქვეყანა ამ პოზიციას მორიგეობით იკავებს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყანა, განურჩევლად მისი ზომისა, საბჭოს თავმჯდომარეობს. ქვეყნის რიგი ყოველ 13 წელიწადნახევარში ერთხელ დგება.
თავმჯდომარე ქვეყნის პასუხისმგებლობაა, წინ წაწიოს საბჭოს მუშაობა ევროკავშირის კანონმდებლობაზე. ის უზრუნველყოფს ევროკავშირის დღის წესრიგის უწყვეტობას, ორგანიზებულ საკანონმდებლო პროცესებს და წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ამისათვის, თავმჯდომარე ქვეყანა უნდა მოქმედებდეს როგორც პატიოსანი და ნეიტრალური შუამავალი.
თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა საბჭოსა და მისი მუდმივი კომიტეტების სხდომების დაგეგმვა და თავმჯდომარეობაა. ამ ორგანოებში შედის როგორც მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (Coreper) მსგავსი მუდმივი კომიტეტები, ასევე კონკრეტულ საკითხებზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფები და კომიტეტები.
თავმჯდომარე ქვეყანა ასევე უზრუნველყოფს დისკუსიების წესისამებრ წარმართვას და იმას, რომ საბჭოს პროცედურული წესები და სამუშაო მეთოდები სწორად აღესრულებოდეს.
ის ასევე ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ფორმალურ და არაფორმალურ შეხვედრას ბრიუსელში და როტაციული წესით არჩეულ თავმჯდომარე ქვეყანაში.
თავმჯდომარე ქვეყანა წარმოადგენს საბჭოს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან ურთიერთობაში და ხელს უწყობს საკანონმდებლო აქტებზე შეთანხმების მიღწევას.
ის მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან. ის მხარს უჭერს მათ საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მას დაევალოს უმაღლესი წარმომადგენლის მოვალეობების შესრულება, როგორიცაა საგარეო საქმეთა საბჭოს წარმომადგენლად ყოფნა ან საგარეო საქმეთა საბჭოს თავმჯდომარეობა, როდესაც ის საერთო სავაჭრო პოლიტიკის საკითხებს განიხილავს.
არსებული და მომავალი თავმჯდომარე ქვეყნების, მათი პროგრამის, პრიორიტეტებისა და ვებსაიტის შესახებ ინფორმაცია ამ ბმულზეა ხელმისაწვდომი.
ევროკავშირი მეტია, ვიდრე უბრალოდ ქვეყნების კონფედერაცია, თუმცა, ის არც ფედერალური სახელმწიფოა. მისი სტრუქტურა არ შეესაბამება არცერთ ტრადიციულ სამართლებრივ კატეგორიას. ის ისტორიულად უნიკალურია და გადაწყვეტილების მიღების მისი სისტემა ბოლო 60 წლის განმავლობაში მუდამ ვითარდება და იხვეწება.
ხელშეკრულებები, „პირველადი კანონმდებლობა“, საფუძველს უქმნის მოცულობით „მეორად კანონმდებლობას“, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს ევროკავშირის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მეორადი კანონმდებლობა ძირითადად შედგება ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ მიღებული რეგულაციების, დირექტივებისა და რეკომენდაციებისგან.
ეს კანონები, ევროკავშირის ზოგად პოლიტიკასთან ერთად, იმ გადაწყვეტილებათა შედეგია, რომლებსაც იღებს ევროპარლამენტი (ხალხის წარმომადგენლობა), საბჭო (ეროვნულ მთავრობათა წარმომადგენლობა) და ევროკომისია (აღმასრულებელი ორგანო, რომელიც არაა დამოკიდებული ევროკავშირის მთავრობებზე და კოლექტიურ ევროპულ ინტერესებს იცავს).
საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა განსაზღვრავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მთავარ ამოცანებს და მათ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი (HR/VP) უძღვება.
ამ თანამდებობის მთავარი ფუნქციებია:
მეტი ინფორმაციისათვის, მიწყევით ამ ბმულს.
ამის პარალელურად, წევრი ქვეყნები აგრძელებენ საკუთარი საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. თუმცა, როდესაც ევროკავშირი ერთხმად საუბრობს, სწორედ მაშინ ჩანს მისი, როგორც გლობალური მოთამაშის, ჭეშმარიტი სახე. ევროპის სანდოობა და გავლენა ძლიერდება მაშინ, როცა ევროკავშირს ეკონომიკური და სავაჭრო სიძლიერე თანხვედრაში მოჰყავს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ეტაპობრივ განხორციელებასთან.
COREPER (იგივე Comité des Représentants Permanents) ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკვანძო ინსტიტუტს წარმოადგენს. ის ითარგმნება, როგორც მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი და შედგება ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლებისგან (არსებითად, ელჩებისგან) ევროკავშირში.
COREPER საკვანძო როლს ასრულებს ევროკავშირის კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში. მისი მთავარი ვალდებულებებია:
COREPER-ის ფარგლებში წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ცალკეულ წინადადებებს განიხილავენ, აწარმოებენ მოლაპარაკებებს და კომპრომისის მიღწევას ცდილობენ. ეს დისკუსიები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან მათი მიზანი სხვადასხვა ეროვნული ინტერესის შეჯერებაა. ხშირად, ტექნიკურ დეტალებს, სპეციალიზებული სამუშაო ჯგუფები აგვარებენ, რომლებიც ეროვნული ექსპერტებისგან შედგება. ეს სამუშაო ჯგუფები მიღწეულ შედეგებს COREPER-ს წარუდგენენ.
თუ COREPER შეთანხმებას აღწევს, წინადადება საბჭოს მინისტრებს გადაეცემა – როგორც წესი, დამატებითი დებატების გარეშე ოფიციალურად მისაღებად. თუ COREPER კონსენსუსს ვერ აღწევს, საკითხი საბჭოს მინისტრებს მომდევნო მოლაპარაკებებისთვის გადაეცემა. ევროკავშირის საბჭო, COREPER-ის მიერ გაწეულ სამუშაოზე დაყრდნობით, იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას აღნიშნულ წინადადებაზე.
COREPER ევროკავშირის გამართული ფუნქციონირებისთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა, რადგან ის ფილტრავს და აგვარებს მრავალ ტექნიკურ თუ პოლიტიკურ დეტალს, სანამ წინადადებები უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე, საბჭოში გადაინაცვლებს. ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს მეტად ეფექტიანს ხდის და უზრუნველყოფს, რომ მინისტრებამდე წინადადებები მათი საფუძვლიანი შემოწმებისა და დახვეწის შემდეგ მივიდეს.
„რეგულაცია“ სავალდებულო სამართლებრივი აქტია. ის მთელ ევროკავშირში სრულად გამოიყენება. მაგალითად, როცა ევროკავშირში მოგზაურობისას როუმინგის გადასახადების შეწყვეტაზე რეგულაციას ვადა 2022 წელს ამოეწურა, პარლამენტმა და საბჭომ მიიღეს ახალი რეგულაცია, რომლის მიზანიც იყო წინა რეგულაციის სიცხადის გაუმჯობესება და იმის უზრუნველყოფა, რომ როუმინგის გადასახადებზე საერთო მიდგომა მომდევნო ათი წლის განმავლობაშიც იმუშავებდა.
„დირექტივა“ იურიდიული აქტია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს გარკვეული მიზნის განსაზღვრულ დროში შესრულების ამოცანას უსახავს. თუმცა, ამ შემთხვევაში თითოეული ქვეყანა ინდივიდუალურად ადგენს ამ მიზნების მიღწევისთვის საჭირო კანონებს. ამის ერთი მაგალითია ევროკავშირის ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის დირექტივა, რომელიც ამცირებს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ზემოქმედებას გარემოზე, რაც შეიძლება მიიღწეს ისეთი პროდუქციის გამოყენების შემცირებით ან აკრძალვითაც კი, როგორებიცაა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის თეფშები, საწრუპები და ჭიქები.
„გადაწყვეტილება“ სავალდებულოა მათთვის, ვისაც ის მიემართება (ეს შეიძლება იყოს ევროკავშირის ქვეყანა ან ცალკეული კომპანია) და ის პირდაპირ შედის ძალაში. მაგალითად, საბჭომ 2023 წლის 1 იანვარს გამოსცა გადაწყვეტილება, რომლითაც ხორვატიას ევროს მიღების უფლება მიეცა. გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ქვეყანას ეხებოდა.
„რეკომენდაცია“ არ არის სავალდებულო. როდესაც კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნების მედიასერვისების პროვაიდერებს გაეუმჯობესებინათ საკუთრების გამჭვირვალობა და დაეცვათ საკუთარი სარედაქციო დამოუკიდებლობა, ამას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. რეკომენდაცია ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს, გამოთქვან თავიანთი შეხედულებები და შესთავაზონ მოქმედების გეგმა ისე, რომ ადრესატს სამართლებრივი ვალდებულება არ დააკისრონ.
„მოსაზრება“ ის ინსტრუმენტია, რომელიც ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს, გააკეთონ განცხადება ადრესატის დავალდებულების გარეშე, ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადრესატისადმი რაიმე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაუკისრებლად. მოსაზრება სავალდებულო არ არის. ის შეიძლება გამოსცეს ევროკავშირის მთავარმა ინსტიტუტებმა (კომისიამ, საბჭომ, პარლამენტმა), რეგიონთა კომიტეტმა და ევროპის ეკონომიკურმა და სოციალურმა კომიტეტმა. კანონების მიღების პარალელურად, კომიტეტები გასცემენ მოსაზრებებს თავიანთი სპეციფიკური რეგიონული თუ ეკონომიკურ-სოციალური პერსპექტივიდან. მაგალითად, ევროპის ეკონომიკურმა და სოციალურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა მოსაზრება კომისიის ინსტრუმენტის, Next GenerationEU-ს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების სტრატეგიაზე.
2002 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად 12 ქვეყანა მიიწვია. ამ გზით, ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ვერ სარგებლობდნენ დემოკრატიული თავისუფლებებით, მიიღეს შესაძლებლობა, ხელახლა შეერთებოდნენ დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოების ოჯახს. შედეგად, 2004 წელს ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ხმელთაშუა ზღვის კუნძულები, კვიპროსი და მალტა ევროკავშირის წევრები გახდნენ. 2007 წელს მათ რიცხვს ბულგარეთი და რუმინეთი შეემატა. ხორვატია კი ევროკავშირს 2013 წელს შეუერთდა.
ევროპული ინტეგრაცია პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესია და ის ღიაა ყველა ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც მზად არის, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს და სრულად მიიღოს ევროკავშირის კანონმდებლობა. ლისაბონის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს შეუძლია შეიტანოს განცხადება ევროკავშირის წევრობაზე იმ პირობით, თუ ის პატივს სცემს თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებს, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და კანონის უზენაესობას.
1993 წელს ევროპულმა საბჭომ განსაზღვრა სამი კრიტერიუმი („კოპენჰაგენის კრიტერიუმები“), რომლებიც წევრობის მსურველმა ყველა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ევროკავშირში შესვლის მომენტისთვის ახალ წევრს უნდა ჰქონდეს:
გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს კანდიდატ ქვეყანასა და ევროკომისიას შორის, რომელიც ამ პროცესში ევროკავშირს წარმოადგენს. მათი დასრულების მერე საბჭოში შეკრებილმა წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად უნდა მიიღონ ამ ქვეყნისთვის ევროკავშირში შესვლის უფლების მიღების გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ საჭიროა გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება წევრი სახელმწიფოებისა და კანდიდატი ქვეყნის მიერ, თავთავიანთი კონსტიტუციური პროცედურის დაცვით.
მოლაპარაკებების პერიოდში კანდიდატი ქვეყნები, როგორც წესი, იღებენ „გაწევრიანების წინა“ ფინანსურ დახმარებას იმისათვის, რომ ევროკავშირის ეკონომიკასთან წამოწევა შეძლონ. ამასთან, როგორც წესი, ისინი დებენ „სტაბილიზაციისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებებს“ ევროკავშირთან. ამ შეთანხმებების თანახმად, ევროკავშირი პირდაპირ მეთვალყურეობს ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ რეფორმებს, რომლებიც კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო პირობების დასაკმაყოფილებლად უნდა გაატარონ.
უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის შესახებ მეტის გაგება ამ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ.
2004 წელს დაწყებული ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (ENP) განსაზღვრავს ევროკავშირის ურთიერთობებს მის 16 უახლოეს აღმოსავლეთ და სამხრეთ მეზობელთან (ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა აღმოსავლეთით და ალჟირი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, მაროკო, ოკუპირებული პალესტინური ტერიტორია, სირია და ტუნისი სამხრეთით).
აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სპეციფიკური განშტოებაა, რომელიც 2009 წელს შევიდა ძალაში. მისი მიზანია ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის „პარტნიორ ქვეყნებს“ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება.
აღმოსავლეთ პარტნიორობა მრავალი ისეთი გლობალური პოლიტიკური მიზნების შესრულებას უწყობს ხელს, როგორიცაა პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილებაზე და გაეროს 2030 წლის დღის წესრიგი და მისი მდგრადი განვითარების მიზნები. ის ხელს უწყობს ევროკავშირის მეზობლების სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მედეგობის გაზრდის ზოგად მიზანს, როგორც ეს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაში არის განსაზღვრული.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ 2022 წელს ოფიციალურად წარადგინეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. შედეგად, ევროკავშირმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას იმავე წელს მიანიჭა, ხოლო საქართველოს – 2023-ში. უკრაინამ და მოლდოვამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2024 წელს დაიწყეს.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, სერბეთი და ჩრდილოეთი მაკედონია) ევროპის ნაწილს წარმოადგენენ და გეოგრაფიულად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებით არიან გარშემორტყმულნი. ევროკავშირი დიდი ხანია, რაც ამ რეგიონში ძლიერადაა ჩართული, 2003 წლიდან კი რეგიონის მომავლის მხარდაჭერას ევროკავშირის პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად ხედავს. ამ დროიდან მოყოლებული, რეგიონის ევროპული პერსპექტივა ქვეყნებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში და დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაში დაეხმარა. ალბანეთს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, სერბეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ოფიციალურად აქვთ მინიჭებული კანდიდატის სტატუსი, ხოლო კოსოვო ევროკავშირის მიერ პოტენციურ კანდიდატად არის მიჩნეული.
თურქეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა 1999 წლიდან არის.
გაიგეთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოზე, ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთზე და ევროკავშირის გაფართოებაზე.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი პასუხისმგებელია გაფართოების პროცესის წარმართვაზე და რეგიონის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
კომისრის მოვალეობები, რომელსაც ის უმაღლეს წარმომადგენელთან/ვიცე-პრეზიდენტთან თანამშრომლობით და გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებზე ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG ENEST) მხარდაჭერით ასრულებს, მოიცავს შემდეგს:
DG ENEST მხარს უჭერს კომისარს ევროკავშირის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს პოლიტიკის განხორციელებაში. გაფართოების სფეროში, ის ეხმარება ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, დააკმაყოფილონ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებითა და ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები. DG ENEST ასევე მართავს ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მიმართულია კანდიდატი ან პოტენციური კანდიდატი ქვეყნების, ისევე, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, კერძოდ კი – სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსის დახმარებაზე.
გაიგეთ მეტი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და აღმოსავლეთ სამეზობლოს შესახებ.
ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და სატელევიზიო გადამღებ ჯგუფებს საბჭოს პრესზონებში შესასვლელად აკრედიტაცია სჭირდებათ. მედიააკრედიტაციები გადაეცემათ მასმედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც bona fide მედიაორგანიზაციებში მუშაობენ.
აკრედიტაციის მიღებაზე განაცხადებს საბჭოს პრესოფისი განიხილავს იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რომელიც პრესის საერთაშორისო ასოციაციასთან (API) ერთად შემუშავდა.
ერთწლიან საშვზე განაცხადები, ამასთან, უსაფრთხოების შემოწმებასაც გადის. ამისათვის, წარდგენილ ინფორმაციას ევროპის კავშირის საბჭოს გენერალური სამდივნო (GSC) გამოიყენებს და ის ეგზავნება ეროვნული უსაფრთხოების ერთ ან რამდენიმე ორგანოს.
ევროპულ საბჭოში მედიააკრედიტაციის მიღების მსურველმა ჟურნალისტმა გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. ის უნდა იყოს bona fide მედიაორგანიზაციის თანამშრომელი ან შტატგარეშე ჟურნალისტი, რომელიც რეგულარულად აშუქებს ევროკავშირის საქმეებს bona fide მედიაორგანიზაციისთვის და ჟურნალისტიკა მისი შემოსავლის მთავარი წყაროა.
სააკრედიტაციო წესებზე მეტის გაგება ამ ბმულზეა შესაძლებელი.
მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც ევროკავშირის სამიტების გაშუქება სურთ, უნდა დარეგისტრირდნენ აკრედიტაციისთვის რეგისტრაციის გახსნისას – რაც, როგორც წესი, სამიტამდე ექვსი კვირით ადრე ხდება – და რეგისტრირების პროცესი ბოლო ვადის გასვლამდე უნდა დაასრულონ.
მომავალ ღონისძიებებზე დასასწრები აკრედიტაციებისთვის ინფორმაციის მისაღებად, გამოიწერეთ საბჭოს X-ის ანგარიში და პრესისთვის განკუთვნილი ბიულეტენი.
ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა და აუდიოვიზუალური მასალის შემქმნელმა ჯგუფებმა, რომლებიც bona fide მედიაორგანიზაციებში მუშაობენ და რომლებიც არ ფლობენ ევროკავშირის საერთო ინსტიტუციურ მედიასაშვს, ევროპარლამენტის ტერიტორიაზე მოსახვედრად მედიააკრედიტაციისთვის უნდა შეიტანონ განაცხადი.
სხვადასხვა ტიპის მედიააკრედიტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით ამ ბმულს.
ევროპარლამენტის დღის წესრიგის შესახებ ელექტრონულ ფოსტაზე ცნობების მისაღებად გამოიწერეთ ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი.
გაეცანით ევროპარლამენტის პრესკიტს, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ევროპარლამენტის შემადგენლობასა და უფლებამოსილებაზე, პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოზე. აქვეა თავმოყრილი დამატებითი მასალა, გრაფიკები, საზოგადოებრივი გამოკითხვის მონაცემები და საჭირო კონტაქტები.
ეს მასალა პარლამენტის საქმიანობის გამშუქებელ ჟურნალისტებს ეხმარება, სწრაფად იპოვონ რელევანტური, განახლებული ინფორმაცია და გაუმარტივდეთ პარლამენტის ვებსაიტებზე ნავიგაცია.
თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ევროკომისიის ახალ ამბებსა და ღონისძიებებს და გამოიწეროთ შეტყობინებები პრესრელიზებისთვის.
ასევე შეგიძლიათ, [email protected]-ზე მეილის გაგზავნით გამოიწეროთ ევროკომისიის სპიკერებისგან გამოგზავნილი შეტყობინებები.
ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და სატელევიზიო გადამღებ ჯგუფებს ევროკომისიის, პარლამენტისა და საბჭოს პრესზონებში მოსახვედრად აკრედიტაცია სჭირდებათ. გაეცანით აკრედიტაციის ტიპებს აქ.
გამოიწერეთ EEAS-ის საინფორმაციო ბიულეტენი უახლეს ცნობებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაციის მისაღებად.
გამოიწერეთ EEAS-ის სოციალური მედიის გვერდები:
https://www.facebook.com/EuropeanExternalActionService
https://www.instagram.com/eudiplomacy/
https://www.linkedin.com/company/european-external-action-service/
https://www.youtube.com/user/EUExternalAction
ასევე, თვალი ადევნეთ EUvsDisinfo-ს ვებსაიტს.
EUvsDisinfo ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის „აღმოსავლეთ სტარტკომის“ (East StratCom Task Force) ფლაგმანი პროექტია, რომლის მიზანიცაა კრემლის დეზინფორმაციული კამპანიების უკეთ პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ მეტად ეფექტიანად ბრძოლა. EUvsDisinfo-ს მთავარი მისიაა, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება დეზინფორმაციული ოპერაციების შესახებ და დაეხმაროს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ციფრული ინფორმაციისა და მედია მანიპულაციების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებაში.
თვალი ადევნეთ EUvsDisinfo-ს საქმიანობას სოციალურ მედიაშიც:
https://www.facebook.com/EUvsDisinfo/
https://www.linkedin.com/company/euvsdisinfo/
https://www.youtube.com/channel/UCAiQd5dj168VcYa6Nly_jIw/featured
ვიდეო და ფოტო არქივები ამ ბმულზეა ხელმისაწვდომი, პირდაპირი ჩართვების ჩამოტვირთვა კი შესაძლებელია ამ ბმულიდან. ამ მასალათა გამოყენებისას, გთხოვთ, დაიცვათ საავტორო უფლება @European Union-ის მითითებით.
სამაუწყებლო ხარისხის აუდიოვიზუალური მასალა ასევე ხელმისაწვდომია სატელიტით ევროპული ინსტიტუტების სატელევიზიო საინფორმაციო სერვისზე, EbS-სა და EbS+-ზე. ამ გზით მოცულობითი ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალის უფასოდ ჩამოტვირთვაა შესაძლებელი.
მასალის გამოყენება უფასოა, თუმცა აუცილებელია წყაროს მითითება. ზოგიერთი მასალის რედაქტირება შეუძლებელია; ისინი სრულად უნდა იყოს ნაჩვენები ან ფაილის დასარედაქტირებლად უფლება ცენტრალური აუდიოვიზუალური ბიბლიოთეკიდან უნდა გამოითხოვოთ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების განყოფილება.
EbS ვიდეოებით გაშუქებულია ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროპული საბჭოს, ევროკავშირის საბჭოს, ევროპის ცენტრალური ბანკისა და სხვა ინსტიტუტთა საქმიანობა. აქვეა პირდაპირი ჩართვები პრესკონფერენციებიდან, ინსტიტუციური ბრიფინგებიდან, პარლამენტის პლენარული სხდომებიდან და ევროპული საბჭოს შეხვედრებიდან.
ვებსაიტზე ხელმისაწვდომია დაუმუშავებელი ვიდეოკადრები, ახალი ამბების კლიპები და ვიდეოს ფორმატით მომზადებული პრესრელიზები. აქვეა ევროკავშირის ოფიციალური პირების აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვიზიტების ამსახველი ვიდეოები, რომელთა გამოყენებაც ეროვნულ სატელევიზიო არხებს შეუძლიათ. უახლესი ვიდეოების ონლაინსტრიმინგი მათი გამოქვეყნებიდან შვიდი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.
ვებსაიტიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მაღალი ხარისხის ვიდეოფაილები (MPEG2) და აუდიოფაილები (MP3).
ევროპარლამენტი
ევროპარლამენტი მედიის წარმომადგენლებს აუდიოვიზუალურ მომსახურებასა და აღჭურვილობას უფასოდ სთავაზობს. დეტალების გასაგებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აუდიოვიზუალური მხარდაჭერის მიმართულებით მომუშავე პრესსამსახურის თანამშრომლებს.
ევროპარლამენტის მულტიმედიის ცენტრი (MMC) გთავაზობთ მაღალი ხარისხის მზა ვიდეოებსა და ფოტოებს, რომელთა ჩამოტვირთვაც უფასოა. ევროპარლამენტის დაუმუშავებელი და რედაქტირებული მასალა MMC-ში სამუდამოდ ინახება. აუდიოვიზუალურ საცავში თავმოყრილია როგორც პირდაპირი ჩართვები, ასევე წარსული მოვლენების ამსახველი მასალა, ახალი ამბები, საილუსტრაციო ინფოკლიპები თუ შაბლონური კადრები და საარქივო მასალა. MMC-ში დაცული ვიდეოკადრების ან საარქივო მასალის მოძებნაში მედიაბიბლიოთეკის თანამშრომლები დაგეხმარებიან.
MMC-ის პირდაპირი ჩართვების განყოფილებაში შეგიძლიათ გაეცნოთ ევროპარლამენტიდან (პლენარული თუ კომიტეტის შეხვედრებიდან) დაგეგმილი გაშუქების ყოველდღიურ განრიგს და გადმოწეროთ სხვადასხვა მიზანზე მორგებული და ამოჭრილი კლიპები ცოცხალი ეთერიდან. Embed-კოდების მიღება შესაძლებელია თხოვნის საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ პრესისთვის განკუთვნილ დამხმარე მასალას, რომელიც აუდიოვიზუალური მომსახურების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ევროპარლამენტი ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ სტრასბურგსა და ბრიუსელში არსებული სამაუწყებლო და მულტიმედიური რესურსები.
ევროპარლამენტი გთავაზობთ კონფიგურირებად სამაუწყებლო სტუდიებს, მრგვალი მაგიდის ფორმატის მულტიმედიურ სტუდიებს, რადიოსტუდიებს, სამაუწყებლო ან მულტიმედიური ფორმატის სივრცეებს პირდაპირ ეთერში გასასვლელად და გადამღებ ჯგუფებს. სრულად დაკომპლექტებული და აღჭურვილი ეს მრავალფეროვანი სერვისები მედიის წარმომადგენლებმა წინასწარ უნდა დაჯავშნონ. აუდიოვიზუალური მედიისთვის განკუთვნილი ისეთი სხვადასხვა სივრცე, რომელიც არაა აღჭურვილი სპეციალური ტექნიკით – მაგალითად, პირდაპირ ეთერში ჩასართავად ხელსაყრელი წერტილები ევროპარლამენტის ტერიტორიაზე – ასევე შეიძლება წინასწარ დაიჯავშნოს შერჩეული დროის ან მთელი დღის განმავლობაში. ევროპარლამენტის ყველა რესურსი ჟურნალისტებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი.
აუდიოვიზუალურ სერვისებზე მეტის გასაგებად გაეცანით ონლაინბროშურას.
ევროპარლამენტის ფოტობიბლიოთეკა შეიცავს 600,000-ზე მეტ ფოტოს, რომლებიც 42,000 თემატურ ნაკრებადაა დახარისხებული და ევროპული პროექტის ჩასახვიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. ევროპარლამენტის პროფესიონალ ფოტოგრაფებს ასევე შეუძლიათ შემოგთავაზონ კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ხარისხიანი ფოტოები. მულტიმედიის ცენტრიდან ფოტოების გადმოწერა ყველასთვის უფასოა. თხოვნის საფუძველზე, ფოტოსერვისი თქვენთვის საჭირო ფოტოს მოძებნაში დაგეხმარებათ. ამ ვებსაიტიდან ფოტოების უფასოდ გადმოწერა შეუძლია ყველას, იქნება ეს ჟურნალისტი, სტუდენტი თუ რიგითი მოქალაქე. წყაროს მითითება (© European Union – YYYY) სავალდებულოა.
ფოტოგადაღების მოკლე სესიები ასევე ხელმისაწვდომია ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ევროპარლამენტარებთან ინტერვიუებს წერენ და ინსტიტუციური საქმიანობის აღმბეჭდავი შიდა სერვისებისთვის. ამისათვის განაცხადი უნდა გაიგზავნოს 48 საათით ადრე – გამონაკლისია პლენარული სხდომები, რა დროსაც განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა ყოველთვის პარასკევის შუადღე არის ([email protected] ). ფოტოგადაღების ეს რესურსი შეზღუდულია და დამოკიდებულია სერვისის მიმწოდებელ პირთა ხელმისაწვდომობაზე.
აუდიოვიზუალურ არქივებში დაცულია ათასობით საათის ხანგრძლივობის ვიდეოები, აუდიოჩანაწერები და ფოტოები, რომლებიც ევროპის ისტორიას ერთიანი ბაზრის ჩასახვიდან მოყოლებული აღბეჭდავს. ვიდეომასალის გამოყენება უფასოა, თუმცა სავალდებულოა წყაროს მითითება (© European Union – YYYY).
ევროკომისია
ევროკომისიის ფოტოარქივი შეიცავს პიროვნებათა და ღონისძიებათა ამსახველ ფოტოებს, იქნება ეს პრეზიდენტისა და მისი კოლეგიის წევრების ოფიციალური პორტრეტები თუ ევროკავშირთან დაკავშირებული ყოველდღიური ახალი ამბების კადრები და სხვადასხვა თემის საილუსტრაციო ფოტოები. „ვინ ვინ არის“ განყოფილება ევროკავშირის ლიდერების ფოტოგალერეას შეიცავს. მასალა სრულად ამ ბმულზეა ხელმისაწვდომი.
თუ სხვაგვარად არაა მითითებული საავტორო უფლებების შესახებ ცალკეულ შენიშვნებში და/ან არ არსებობს კონკრეტული შეზღუდვები ან სპეციალური შემთხვევები, ამ ვებსაიტზე განთავსებული ევროკომისიის საკუთრებაში არსებული მასალა ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით (CC BY 4.0). ეს ლიცენზია იძლევა მასალის ხელახალი გამოყენების უფლებას იმ პირობით, რომ სათანადოდ და მკაფიოდ იქნება მითითებული საავტორო უფლება და ნებისმიერი სახის მოდიფიკაცია.
მასალის გამომყენებელი ვალდებულია, მიუთითოს საავტორო უფლებების ის ნიშანი, რომელიც ცალკეულ ფაილს აქვს დართული. იმ შემთხვევაში, როცა სხვა არაფერია მითითებული, გთხოვთ, გამოიყენოთ საავტორო უფლებების დაცვის შემდეგი ნიშანი:
© European Union, 2025, CC BY 4.0
EEAS
ევროკავშირთან დაკავშირებული და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაღებული ვიდეოები და ფოტოები ამ მედიაგალერეაში არის ხელმისაწვდომი. ძებნის გასამარტივებლად გამოიყენეთ ფილტრები ან საძიებო ველში ჩაწერეთ საკვანძო სიტყვები.
ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური საბჭოს, ევროპული საბჭოს და ევროჯგუფის საქმიანობასა და ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკაზე მედიას ზუსტი, დროული და ობიექტური ინფორმაციით ამარაგებს.
საბჭოს სპიკერები და პრესსამსახურის თანამშრომლები ხშირად ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობენ. ჟურნალისტურ მასალაში მათ მოიხსენიებენ როგორც „ევროკავშირის წყაროებს“ ან „ევროკავშირის ოფიციალურ პირებს“ და მათი სახელები თუ თანამდებობები არაა გამხელილი. თუმცა, ზოგჯერ სპიკერებმა მედიას ოფიციალური კომენტარი ციტატაზე საკუთარი სახელის მითითების უფლებით შეიძლება მისცენ, თუ ეს წინასწარ არის შეთანხმებული.
პრესისთვის განკუთვნილი კონტაქტები ამ ბმულზეა ხელმისაწვდომი.
ევროპარლამენტის პრესსამსახური ჟურნალისტებს პარლამენტის მუშაობაზე სანდო და ობიექტურ ინფორმაციას სთავაზობს. ის, ამასთან, მედიის წარმომადგენლებს პრაქტიკულ და ტექნიკურ დახმარებასაც აწვდის. ევროპარლამენტის პრესსამსახურის თანამშრომლები მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის დღის წესრიგის შემცველი საკანონმდებლო დოსიეებით, აუდიოვიზუალური მხარდაჭერითა და კონტაქტებით ამარაგებენ.
სპიკერების აპარატი მედიის იმ შეკითხვებს პასუხობს, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება ევროპარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობას და ანეიტრალებს პარლამენტის შესახებ დეზინფორმაციის მცდელობებს. სპიკერების აპარატს ხელმძღვანელობს დელფინ კოლარდი, რომელიც, ამასთან, ევროპარლამენტის მოქმედი სპიკერიცაა.
თუ პარლამენტის საქმიანობაზე, კონკრეტულ თემაზე ან კომიტეტზე დეტალურ ინფორმაციას ეძებთ, აქაა თავმოყრილი ბრიუსელში არსებული პრესსამსახურის იმ თანამშრომლების სია, რომლებსაც თქვენი დახმარება შეუძლიათ. მათი სახელების გვერდით მითითებულია ინფორმაცია იმაზეც, თუ რომელ პოლიტიკურ სფეროებზე და კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტს და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს საკუთარი პრესსამსახური აქვს.
პარლამენტის წევრების, კომიტეტების წევრებისა და ევროპარლამენტის დელეგაციების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული კომენტარები არ შეიძლება ჩაითვალოს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციად შესაბამის საკითხებზე.
ჟურნალისტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ როგორც ევროკომისიის სპიკერებსა და პრესსამსახურის თანამშრომლებს, ასევე ევროკომისიის ეროვნული წარმომადგენლობების (ევროკავშირის დელეგაციების) პრესსამსახურის თანამშრომლებსაც.
პრესსპიკერების სამსახური (SPP) ის ოფიციალური ხმაა, რომლითაც ევროკომისია მედიას ესაუბრება. ის ორგანიზებას უწევს პრესკონფერენციებსა და ბრიფინგებს და, ამასთან, მედიაორგანიზაციების მთავარ საკონტაქტო წყაროს წარმოადგენს.
პრესსპიკერებს შეუძლიათ ოფიციალური განცხადებების გაკეთება ან ამა თუ იმ საკითხზე ევროკომისიის პოზიციის ამსახველი კომენტარების მიცემა. ევროკომისიის პრესსამსახურს უძღვება მთავარი სპიკერი, რომელსაც კომისიის, როგორც ინსტიტუტის, და პრეზიდენტის სახელით საუბრის უფლებამოსილება აქვს. მხოლოდ კომისრებს, გენერალურ დირექტორებს და სპიკერებს აქვთ უფლება, ევროკომისიის სახელით მისცენ პრესას ოფიციალური კომენტარი.
EEAS პრესის გუნდი ევროკავშირის საგარეო საქმეებითა და უსაფრთხოების პოლიტიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის მთავარი საკონტაქტო წყაროა. გუნდი მედიას ამარაგებს ინფორმაციით პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, წინადადებებსა და გადაწყვეტილებებზე, ორგანიზებას უწევს პრესღონისძიებებს და გამოსცემს პრესისთვის განკუთვნილ მასალასა და განცხადებებს.
„გამოქვეყნების უფლებით“ (On the record) ნიშნავს, რომ გაზიარებული ინფორმაცია ავტორის ვინაობის მითითებით შეიძლება იყოს ციტირებული და გამოქვეყნებული. კომენტარის ავტორის ვინაობა და მისი სიტყვები სრულად საჯაროა და მედიასა თუ ადრესატებს აქვთ უფლება, თავისუფლად გამოიყენონ ეს განცხადებები ნებისმიერ ჟურნალისტურ მასალაში ან დისკუსიაში.
„გამოქვეყნების უფლების გარეშე“ (off the record) გაცემული ინფორმაცია არ შეიძლება გამოქვეყნდეს. ასეთ დროს არ შეიძლება ავტორის არც ციტირება და არც მისი ვინაობის გამხელა. მისი მიზანია კონტექსტის შეთავაზება ან ჟურნალისტების დახმარება, გაერკვნენ სიტუაციაში, მაგრამ ის არ უნდა იყოს პირდაპირ გამოყენებული ჟურნალისტურ მასალაში. მოსაუბრის ვინაობა და სიტყვები კონფიდენციალურია.
„ფონური ბრიფინგისას“ (background briefing) გაზიარებული ინფორმაცია მედიას კი შეუძლია, რომ გამოიყენოს, თუმცა, როგორც წესი, ჟურნალისტებს არ აქვთ მის წყაროდ კონკრეტული ადამიანის დასახელების უფლება. სანაცვლოდ, ინფორმაციის წყარო არის უფრო ზოგადი (მაგალითად, „მაღალი რანგის ოფიციალური პირი“ ან „საკითხში გათვითცნობიერებული პიროვნება“). ასეთ დროს მიზანი არის კონტექსტის ჩვენება ინფორმაციის წყაროს გამხელის გარეშე.
ევროკავშირის ინსტიტუტები და ორგანოები მუშაობენ იმისთვის, რომ მიაღწიონ ხელშესახებ შედეგებს თავიანთი მოქალაქეებისთვის:
-საკვები ევროკავშირის ნებისმიერ წერტილში აკმაყოფილებს უსაფრთხოების ძალიან მკაცრ მოთხოვნებს – ფაქტობრივად, ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს მთელ მსოფლიოში. მოქალაქეებს აქვთ წვდომა მაღალი სტანდარტის საკვებსა და სასმელ წყალზე.
-როდესაც ადამიანები ყიდულობენ საქონელს ან მომსახურებას, იქნება ეს ონლაინ თუ მაღაზიაში, ისინი სარგებლობენ მკაფიო წესებით, რომლებიც იცავს მათი, როგორც მომხმარებლის, უფლებებს.
-CE მარკირება ადასტურებს, რომ საქონელი უსაფრთხოა. მაგალითად, ევროკავშირის ეს სტანდარტი იძლევა გარანტიას, რომ ქიმიკატები, რომლებმაც კიბო შეიძლება გამოიწვიოს, ან ვერცხლისწყლის მსგავსი მძიმე ელემენტები, დაუშვებელია გამოიყენებოდეს სათამაშოების ხელმისაწვდომ ნაწილებში მკაცრად დადგენილ მოცულობაზე დიდი რაოდენობით.
-ევროკავშირის მოქალაქეები ინტერნეტში ყოფნისას სარგებლობენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემთა დაცვის ყველაზე ძლიერი კანონით მთელ მსოფლიოში.
-ბევრი ცხოველი და ფრინველი, ასევე მათი ჰაბიტატი, დაცულია კანონით. ევროკავშირის დონეზე შეთანხმებული ზომები ხელს უწყობს ბუნებისა და მისი ბიომრავალფეროვნების დაცვას.
-ევროკავშირის ქვეყნებს ასევე მიღებული აქვთ მკაცრი ზომები ჰაერის ხარისხის მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
-ევროკავშირის მოქალაქეებს შეუძლიათ, უფასოდ დარეკონ 112-ზე სახლის ან მობილური ტელეფონიდან, რათა გამოიძახონ სამედიცინო თუ სხვა სახის სასწრაფო დახმარება.
-ევროკავშირის მოქალაქეებს, ჯანმრთელობის დაზღვევის ევროპული ბარათის წყალობით, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში აქვთ უფლება, მიიღონ ერთნაირი ხარისხის სამედიცინო მკურნალობა.
-ევროკავშირის მოქალაქეებს უფლება აქვთ იმუშაონ ევროკავშირის ნებისმიერ წერტილში – დამსაქმებელთან ან თვითდასაქმებულად – მუშაობის ნებართვის აღების გარეშე.
-ბიზნესმოვაჭრეებს შეუძლიათ გაყიდონ თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის მთელ ბაზარზე დამატებითი ხარჯებისა და რაოდენობის შეზღუდვის გარეშე, თუ ისინი აკმაყოფილებენ ევროკავშირის სტანდარტების მოთხოვნებს.
-უკვე 25 წელია, რაც ევრო ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ერთიან ვალუტას წარმოადგენს. ეს აადვილებს საქონლისა და მომსახურების შეძენას ყველა იმ ქვეყანაში, რომლის ოფიციალური ვალუტაც ევროა.
-სხვადასხვა ქვეყნის ბანკებს შორის ევროში გადახდები იგივე ღირს, რაც შიდა გადახდები.
-ევროკავშირის კანონმდებლობა იცავს საბანკო დანაზოგებს. თუ ბანკი გაკოტრდება, ანგარიშის მფლობელს შეუძლია მიიღოს 100,000 ევრომდე დაკარგული დანაზოგის ანაზღაურება სულ რაღაც შვიდ დღეში.
-ევროკავშირის მოქალაქეებს უფლება აქვთ, თავისუფლად იმოგზაურონ ევროკავშირის 27 ქვეყანაში მოქმედი პასპორტით ან ეროვნული პირადობის მოწმობით.
გაიგეთ, რას აკეთებს ევროკავშირი აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,