აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ევროკავშირის ინვესტიციების მიმოხილვა

ოქტომბერი 6, 2025
რა მხარდაჭერას სთავაზობს ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს სატრანსპორტო კავშირების გასავითარებლად

  • რა არის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი?
  • რა როლს ასრულებს TEN-T ევროკავშირის მიზანში, გააძლიეროს დაკავშირებულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში?
  • როგორ გეგმავს ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი და უსაფრთხო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნას?
  • რა მხარდაჭერაა ხელმისაწვდომი EPIC-ის პროგრამის ფარგლებში?
  • როგორ შეუძლიათ მთავრობებს მხარდაჭერის მოპოვება?
  • როგორ შემუშავდება EPIC-ის მხარდაჭერა?
  • რა პროექტები ხორციელდება ამჟამად?
ბარათი %1 %2-დან

რა არის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი?

ევროკავშირის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პოლიტიკა ევროკავშირში თანმიმდევრული, ეფექტიანი, მულტიმოდალური და მაღალხარისხიანი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვასა და განვითარებაში საკვანძო როლს ასრულებს.

ქსელი სარკინიგზო ხაზებს, შიდა წყლების გზებს, ურბანული კვანძების დამაკავშირებელ მოკლე საზღვაო მარშრუტებსა და გზებს, საზღვაო და შიდა წყლების პორტებს, აეროპორტებსა და ტერმინალებს აერთიანებს.

TEN-T ხელს უწყობს ადამიანებისა და ტვირთის  ეფექტიან ტრანსპორტირებას, უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებისა და სერვისების ხელმისაწვდომობას, ავითარებს ვაჭრობას და ზრდის ეკონომიკას. ეს კი, თავის მხრივ, ევროკავშირის ეკონომიკურ, სოციალურ და ტერიტორიულ ერთიანობას აძლიერებს და ქმნის შეუფერხებელ სახელმწიფოთაშორის სატრანსპორტო სისტემებს. ის ასევე მიზნად ისახავს გარემოზე ტრანსპორტის მავნე ზემოქმედების შემცირებას და ქსელის უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაძლიერებას.

რა როლს ასრულებს TEN-T ევროკავშირის მიზანში, გააძლიეროს დაკავშირებულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში?

ძლიერი კავშირები – და TEN-T-ის ქსელის აღმოსავლეთით გაფართოება – აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს მიზანი ერთ-ერთი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტზე დადგენილ 20 შედეგს შორის და, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის განსაზღვრულ 10 მთავარ მიზანს შორის („გაუმჯობესებული სატრანსპორტო ურთიერთკავშირი“, რაც ითვალისწინებს 3,000 კმ. სიგრძის პრიორიტეტული გზებისა და სარკინიგზო ხაზების (განსაკუთრებით, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის სავაჭრო მარშრუტების) ევროკავშირის სტანდარტებით მშენებლობას ან მოდერნიზაციას.

2019 წელს შედგენილი TEN-T-ის საინვესტიციო სამოქმედო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის პრიორიტეტულ პროექტებს განსაზღვრავს, რაც საერთო ჯამში მოიცავს 4,800 კმ. სიგრძის გზასა და სარკინიგზო ხაზს, 6 პორტს და 11 ლოჯისტიკურ ცენტრს. ამ გეგმის სავარაუდო ინვესტიცია თითქმის 13 მილიარდ ევროს შეადგენს.

ამ პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდასაჭერად, ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მიზნად ისახავს  ევროკავშირის ბიუჯეტიდან 2.3 მილიარდი ევროს მობილიზებას და დამატებით 17 მილიარდამდე საჯარო და კერძო ინვესტიციის მოზიდვას, რათა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკა მდგრადად გარდაიქმნას, გახდეს მეტად მედეგი და ინტეგრირებული.

მაგალითად, მოლდოვაში სატრანსპორტო კავშირები მოლდოვის ზრდის გეგმის საკვანძო შემადგენელი ნაწილია, რასაც ამყარებს 1.9 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე რეფორმისა და ზრდის მექანიზმი. ამაში შედის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები TEN-T-ის პრიორიტეტული სასაზღვრო გამტარი პუნქტების განვითარებისათვის და მოლდოვის სარკინიგზო სისტემების ევროკავშირის სისტემაში ინტეგრაცია. ტრანსპორტის სფეროში ინვესტიციები სომხეთის 270 მილიონი ევროს ღირებულების მდგრადობისა და ზრდის გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიცაა. გეგმა მიზნად ისახავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მობილიზებას, რათა სომხეთმა რეგიონში ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების ჰაბის როლის შესრულება შეძლოს.

როგორ გეგმავს ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი და უსაფრთხო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნას?

TEN-T-ის საინვესტიციო სამოქმედო გეგმის გამოქვეყნების შემდეგ, ევროკომისიამ და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) დაიწყეს მუშაობა მექანიზმზე, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს სატრანსპორტო კავშირების ინფრასტრუქტურის პროექტების მომზადებაში დახმარებოდნენ. ამისათვის მათ აღმოსავლეთ პარტნიორობის სატრანსპორტო პანელის შეხვედრის დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენელთა უკუკავშირის შეგროვება დაისახეს მიზნად. 2019 წლის ივნისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრები შეთანხმდნენ მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანიც იყო, პარტნიორ ქვეყნებს პრიორიტეტული TEN-T პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში დახმარებოდა.

შედეგად შეიქმნა საკონსულტაციო მხარდაჭერისა და ტექნიკური დახმარების მექანიზმი – დაკავშირებულობის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინვესტირების მექანიზმი (EPIC). ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ შემუშავებული ეს მექანიზმი 2022 წლის დასაწყისში  ევროკომისიის, EIB-ის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და მსოფლიო ბანკის ერთობლივ ინიციატივად ამოქმედდა.

EPIC-ის მიზანია TEN-T-ის ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობა საკონსულტაციო მხარდაჭერისა და ტექნიკური დახმარების გაერთიანებით, რათა მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში დაკავშირებულობის სფეროში ინვესტიციებს და დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს ამ ინვესტიციების მომზადებაში, ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნების შესაბამისად.

რა მხარდაჭერაა ხელმისაწვდომი EPIC-ის პროგრამის ფარგლებში?

EPIC საქართველოს, აზერბაიჯანს, მოლდოვის რესპუბლიკას, სომხეთსა და უკრაინას სთავაზობს უფასო საკონსულტაციო და ტექნიკურ მხარდაჭერას, რათა საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო და ინტერმოდალურ სატრანსპორტო პროექტებში TEN-T-ის პრიორიტეტული ინვესტიციების საშუალებით სატრანსპორტო კავშირები გაუმჯობესდეს.

ასეთი პროექტები, როგორც წესი, მიზნად ისახავს მგზავრობის დროისა და ხარჯების შემცირებას, საცობების აღმოფხვრას, გზების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან ადაპტირებასა და სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებლის უზრუნველყოფას.

EPIC-ის მხარდაჭერა მოიცავს შემდეგ სფეროებს:

  • სტრატეგიული ორიენტაცია, მაგალითად, სატრანსპორტო სექტორის კვლევების მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურულ ინვესტიციათა პროგრამირება, პროექტების იდენტიფიცირება და მათი პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
  • პროექტის მომზადება, რაც მოიცავს პროექტის განხორციელების შესაძლებლობის შესწავლას, წინასწარ დაგეგმვას, გარემოსდაცვით შეფასებებს, უსაფრთხოების აუდიტებს და სხვა.
  • მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა, მაგალითად, ხარჯისა და სარგებლის ანალიზი, გარემოზე ზემოქმედებაზე, სოციალურ გავლენასა და ინფრასტრუქტურის მდგრადობაზე შეფასებების მომზადება და სხვა.
  • პროექტის განხორციელება ისეთ პრაქტიკულ საკითხებზე რჩევების გაცემით, როგორიცაა შესყიდვების სტრატეგიები და პროცედურები, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და პროექტის განხორციელების საფეხურების განსაზღვრა.

უნარების გაძლიერება და ცოდნის გადაცემა, ქვეყნების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება სპეციალური ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და თემატური სამუშაო დოკუმენტების საშუალებით.

როგორ შეუძლიათ მთავრობებს მხარდაჭერის მოპოვება?

მექანიზმი ისეთ პროექტებს უჭერს მხარს, რომლებიც ცალკეული ქვეყნებისთვის პრიორიტეტულია და, ასევე, შეტანილია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის განკუთვნილ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში, ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელსა (TEN-T) და TEN-T-ის საკვანძო საინვესტიციო სამოქმედო გეგმაში რეგიონისთვის.

კონკურსები ცხადდება EPIC-ის ვებსაიტზე და მათზე ინფორმაციას აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ან ეკვივალენტური სამინისტროები აზიარებენ.

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ეროვნული სამინისტროები პასუხისმგებლები არიან განაცხადების წარდგენაზე. EPIC-ის საკონსულტაციო ჯგუფი მათ EPIC-ის მხარდაჭერის მსურველი პროექტების წინასწარ შერჩევის პროცესსა და განაცხადების მომზადებაში ეხმარება.

განაცხადები უნდა მოიცავდეს საინვესტიციო პროექტის აღწერას, მოთხოვნილი მხარდაჭერისა და ხარჯების შეფასების აღწერას, პროექტის მზაობის სტატუსის ანალიზს და პროექტის განვითარების ინსტიტუციური ჩარჩოს აღწერას.

EPIC-სა და განაცხადების შეტანის პროცესზე დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ გზამკვლევში.

ამჯერად განაცხადები ტექნიკური დახმარების მოსაპოვებლად მიიღება.

როგორ შემუშავდება EPIC-ის მხარდაჭერა?

მას მერე, რაც EPIC მხარდაჭერისთვის წარდგენილ განაცხადს შეარჩევს, ტექნიკური დახმარების ხელშეკრულებისთვის იქმნება უფლებამოსილებათა პირობების სრული პაკეტი და შეირჩევა შესაბამისი კონსულტანტები.

EPIC-ის საკონსულტაციო ჯგუფი ტექნიკური დახმარების კონსულტანტებს შედეგების მიმოხილვითა და შეფასებით და კონსულტაციებში მონაწილეობით ზედამხედველობს.

რადგან პროექტებს პირდაპირი დადებითი გავლენა აქვს ადამიანების კეთილდღეობასა და ცხოვრების სტანდარტზე, მათი განხორციელებისას უზრუნველყოფილია გამჭვირვალობა და სათანადო კომუნიკაცია ხალხთან.

რა პროექტები ხორციელდება ამჟამად?

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ამჟამად რამდენიმე პროექტი ხორციელდება.

მათ შორისაა:

  • კვლევები უნგენი-კიშინიოვი-ოდესის სატრანსპორტო დერეფნის გასავითარებლად, რომელიც TEN-T-ის ძირითადი ქსელის გაფართოებას წარმოადგენს და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიას აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით კვეთს. ეს დერეფანი რუმინეთს, მოლდოვასა და უკრაინას აკავშირებს და ადამიანების მიმოსვლისა და პროდუქტის გადაადგილებისთვის საკვანძო მარშრუტია.
  • გიუმრის შემოვლითი გზა – პროექტის განხორციელების შესაძლებლობის შესწავლის განახლება და დეტალური შემუშავება: გიუმრის შემოვლითი გზის მონაკვეთი სომხეთის მთავრობის მიერ მაღალი პრიორიტეტის ინვესტიციად არის განსაზღვრული და წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ჩრდილოეთ-სამხრეთის გზის დერეფნისთვის, რომელიც სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული ელემენტი და TEN-T-ის გაფართოებული ქსელის ნაწილი არის.
  • ბაქო-ბიოიუქის სარკინიგზო დერეფნის გზაჯვარედინების უსაფრთხოების გაუმჯობესება: დერეფანი აზერბაიჯანში TEN-T-ის ძირითადი ქსელის ნაწილი და ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი სარკინიგზო კავშირი არის, რომელიც დედაქალაქ ბაქოსა და პორტს საქართველოს რკინიგზის ქსელთან აკავშირებს და შავი ზღვის მიმართულებით გრძელდება.
  • საკონსულტაციო მხარდაჭერა უკრაინაში სატრანსპორტო სექტორის პროექტების ერთიანი პორტფელის მოსამზადებლად: ევროკავშირსა და ბალკანეთის ქვეყნებში ევროკავშირის მიერ გაღებული დაფინანსებით შეძენილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, EPIC უკრაინის ხელისუფლებას სატრანსპორტო სექტორზე ფოკუსირებული საჯარო ინვესტიციების მართვის (PIM) სისტემის შესაქმნელად გზამკვლევის შემუშავებაში ეხმარება.

EPIC-ის მიერ მხარდაჭერილ სხვა ინიციატივებთან გაცნობა EPIC -ის ვებსაიტზე არის შესაძლებელი.

ჩასვით
The recommended iFrame size is 100% width and 750px height


ყველაზე წაკითხული


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,