რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: ევროკომისიამ სანქციების მეექვსე პაკეტი წარადგინა

მაისი 5, 2022

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი წარადგინა.

პირველ რიგში, ევროკავშირმა იმ მაღალი რანგის სამხედრო პირებისა და სხვა ინდივიდების სია შეადგინა, რომლებიც ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენასა და ქალაქ მარიუპოლის არაადამიანურ ბლოკადაზე არიან პასუხისმგებელნი. „ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალია კრემლის მიერ წარმოებული ომის ყველა დამნაშავისთვის: ჩვენ ვიცით, ვინ ხართ და თქვენ პასუხს აგებთ“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გარდა ამისა, ევროკავშირი რუსეთის უმსხვილეს ბანკს, Sberbank და კიდევ ორ დიდ ბანკს SWIFT-ის სისტემიდან გათიშავს. ევროკომისიის მიხედვით, ეს ბანკები სისტემატურად თამაშობენ გადამწყვეტ როლს რუსეთის საფინანსო სისტემისა და იმ გამანადგურებელი ქმედებების ხელშეწყობაში, რომელსაც პუტინი ახორციელებს. „აღნიშნული ნაბიჯი გაამყარებს რუსული საფინანსო სისტემის სრულ იზოლაციას გლობალური სისტემიდან“, — აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირი, ამასთან, თავის სივრცეში სამი რუსული სახელმწიფო მედიაკომპანიის მაუწყებლობას კრძალავს. ისინი ევროკავშირში ინფორმაციის გავრცელებას ვერცერთი ფორმით ვეღარ შეძლებენ — იქნება ეს საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობა, ინტერნეტი თუ სმარტფონის აპლიკაციები. 

„ჩვენ ეს სატელევიზიო არხები გამოვავლინეთ როგორც რუპორები, რომლებიც პუტინის სიცრუეს და პროპაგანდას აგრესიულად ავრცელებენ. ჩვენ მათ ამ სიცრუის გასავრცელებლად სცენა აღარ უნდა დავუთმოთ“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა, — „ამასთან, კრემლი ევროპელ ფინანსისტებზე, კონსულტანტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებზეა დამოკიდებული. და ამიერიდან ეს ასე აღარ იქნება. ჩვენ ვკრძალავთ ამ მომსახურებების რუსული კომპანიებისთვის მიწოდებას“.

ევროკომისიას რუსული ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვის წინადადებაც შემოაქვს — ეს მოიცავს ზღვით თუ მილსადენით მიწოდებას და ნედლ თუ გადამუშავებულ ნავთობს. ევროკავშირი უზრუნველყოფს იმას, რომ რუსული ნავთობის იმპორტირება ეტაპობრივად და ორგანიზებულად შეწყდეს. ამგვარად ევროკავშირი და მისი პარტნიორები ნავთობის მიღების ალტერნატიული გზების გამონახვასა და გლობალურ ბაზრებზე ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული გავლენის მინიმუმამდე დაყვანას შეძლებენ. 

„ესაა მიზეზი იმის, რომ ჩვენ რუსული ნედლი ნავთობის მოწოდებას ექვსი თვის განმავლობაში ეტაპობრივად შევამცირებთ, ხოლო გადამუშავებული პროდუქტების იმპორტს — მიმდინარე წლის ბოლომდე. ამით მაქსიმალურად გავზრდით ზეწოლას რუსეთზე და, იმავდროულად, მინიმუმამდე დავიყვანთ ჩვენთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიყენებულ თანმხლებ ზიანს“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს, არ დაუშვას რუსეთის ეკონომიკის დივერსიფიცირება და მოდერნიზაცია. „პუტინს სურდა, უკრაინა რუკიდან გაექრო. აშკარაა, რომ ის ამას ვერ გააკეთებს. მოხდა პირიქით: ერთიანი უკრაინა აღდგა. ხოლო, მისი ქვეყანა, რუსეთი, იძირება“, — დასკვნის სახით განაცხადა პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ „ევროკავშირს სურს, უკრაინამ ეს ომი მოიგოს“ და ის უკრაინელებს მომავალი თაობებისთვის ქვეყნის ხელახლა აშენებაში დაეხმარება. ამ მიზნით ევროკომისიას შემოაქვს წინადადება, დაიწყოს მუშაობა უკრაინისთვის განკუთვნილ მასშტაბურ აღდგენის პაკეტზე. ეს ქვეყანას მოუტანს უდიდეს ინვესტიციას, რომელიც საჭიროებების დაკმაყოფილებას, აუცილებელი რეფორმების გატარებას,  უკრაინის ეკონომიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას და მდგრადი გრძელვადიანი განვითარების საფუძვლის შექმნას მოხმარდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



თემაზე

ევროკავშირის და დიდი შვიდეულის სპეციალურმა ჯგუფმა რუსეთის სანქცირებულ მოქალაქეებს 30 მილიარდი დოლარის ქონება გაუყინა
ივლისი 1, 2022

ევროკავშირის და დიდი შვიდეულის სპეციალურმა ჯგუფმა რუსეთის სანქცირებულ მოქალაქეებს 30 მილიარდი დოლარის ქონება გაუყინა

დიდი შვიდეულის ლიდერები პუტინის რეჟიმზე და ბელარუსში მის მოკავშირეებზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას გააძლიერებენ 
ივნისი 30, 2022

დიდი შვიდეულის ლიდერები პუტინის რეჟიმზე და ბელარუსში მის მოკავშირეებზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას გააძლიერებენ 

ახალგაზრდები ჯანმრთელი და დემოკრატიული საზოგადოებისთვის: წაიკითხეთ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ჟურნალის მეორე გამოცემა 
ივნისი 29, 2022

ახალგაზრდები ჯანმრთელი და დემოკრატიული საზოგადოებისთვის: წაიკითხეთ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ჟურნალის მეორე გამოცემა 

ევროკომისიის პორტალები ევროპაში დასაქმების და პროფესიული უნარების წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა
ივნისი 28, 2022

ევროკომისიის პორტალები ევროპაში დასაქმების და პროფესიული უნარების წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა

„ოცნება შავ ზღვაზე“: ქართველი და უკრაინელი ბავშვები მშვიდობაზე თავიანთ ოცნებებს ხატავენ
ივნისი 27, 2022

„ოცნება შავ ზღვაზე“: ქართველი და უკრაინელი ბავშვები მშვიდობაზე თავიანთ ოცნებებს ხატავენ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,