ელექტრონული კურსი: სარედაქციო გზამკვლევი

მირანდა ჰერსტი (Miranda Hurst)

ედინბურგის ნეპერის (Napier) უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ლექტორია

მირანდა ჰერსტი (Miranda Hurst) ედინბურგის ნეპერის (Napier) უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ლექტორია, სამაუწყებლო ახალი ამბების მიმართულებით. მანამდე, 25 წელი მუშაობდა BBC-ში ჟურნალისტად ტელევიზიაში, რადიოში და ონლაინ პლატფორმაზე. მირანდამ 11 წელი იმუშავა ლონდონში BBC World News-ში, BBC-ის საერთაშორისო 24-საათიან სატელევიზიო არხზე, სადაც ახალი ამბების განყოფილებას უძღვებოდა და ზედამხედველობდა პირდაპირი ეთერის საინფორმაციო გამოშვებებს, რომლის ყოველკვირეული აუდიტორია 110-მილიონია. მირანდა, ასევე, მუშაობდა გაერთიანებული სამეფოს საყოველთაო არჩევნების (2015, 2017 და 2019) და შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის (2014) გაშუქებაზე. მანამდე 13 წელი იმუშავა BBC Scotland-ში, სადაც პოლიტიკურ სიახლეებს გადმოსცემდა. მირანდა ჰერსტი ასევე არის ვიდეო-რეპორტიორი, ტრენერი და მენტორი.


რას წარმოადგენს სარედაქციო გზამკვლევი?

სარედაქციო გზამკვლევი სწორედაც რომ გზამკვლევია და არა წესების ერთობლიობა, რომლებსაც აუცილებლად უნდა დაემორჩილოთ. გზამკვლევში აღწერილი მიდგომები (პრაქტიკა) და პრინციპები შემუშავებულია იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ და დაგეხმაროთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სიუჟეტების შექმნაში გარემოებების პრობლემურობისა თუ თავად ამბის კომპლექსურობის მიუხედავად.
ამასთან, სარედაქციო გზამკვლევი ახალი ამბების განყოფილებას თანმიმდევრულობის შენარჩუნებაში ეხმარება. თუ თითოეულმა თანამშრომელმა იცის, კონკრეტულად რა უნდა მოიმოქმედოს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სიუჟეტის მოსამზადებლად, მაშინ გუნდს პრაქტიკაშიც არ გაუჭირდება სასურველი შედეგის მიღწევა. კოლეგებს შეუძლიათ წყაროების გადამოწმებასა თუ ინფორმაციის დადასტურებაში დაგეხმარონ, რედაქტორებს ეცოდინებათ, რაზე გაამახვილონ ყურადღება და სად არის საჭირო მათი მხარდაჭერა, წამყვანებს კი შეუძლიათ სრულად ენდონ მასალას, რომელსაც გუნდი აწვდის.

რატომ არის მნიშვნელოვანი სარედაქციო გზამკვლევი?

ერთი სიტყვით – ნდობისთვის. ნდობა მედია ორგანიზაციისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. თუ აუდიტორია ენდობა თქვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სწორედ თქვენ აგირჩევთ ახალი ამბების წყაროდ. თქვენთან მოიძიებენ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების თაობაზე თქვენს რეპორტაჟებს ენდობიან და თქვენსავე კონტენტს გაავრცელებენ. მეტიც, თუ წყაროებიც გენდობიან, ისინიც მოგაწვდიან ინფორმაციას და დაგეხმარებიან სიუჟეტების მოძიებასა თუ მომზადებაში. თუ კომერციულ პარტნიორებსაც ეცოდინებათ, რომ აუდიტორია გენდობათ, მათაც ენდომებათ საქმიანი ურთიერთობა.

რა ქმნის ნდობას?

ნდობას დამსახურება სჭირდება. აუდიტორიამ უნდა დაინახოს, რომ მედია ძალისხმევას არ იშურებს ინფორმაციისა თუ ახალი ამბების სიზუსტის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ეს ძალისხმევა მკაფიო და ცხადი უნდა იყოს, რადგან [აუდიტორიის] აღქმა (პერცეფცია) რეალობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ახალი ამბების სიუჟეტი სანდოდ და დამაჯერებლად უნდა აღიქმებოდეს, ხოლო როცა ფაქტები ვერ მოწმდება ან შეცდომები დაიშვება, საინფორმაციო სააგენტომ არ უნდა სცადოს ამის მიჩქმალვა. საინფორმაციო სააგენტოსა და აუდიტორიას შორის ურთიერთობა უნდა იყოს გამჭვირვალე და გულახდილი. სწორედ ამისთვის არის საჭირო სარედაქციო გზამკვლევი.

ნილ მაკინტოში

„სკოტსმენის“ (The Scotsman) ახალი ამბების განყოფილება, გაერთიანებული სამეფო.

ტრანსკრიპტი: “რატომ იყიდდნენ ჩვენს გაზეთებს, ან რაში სჭირდებათ ჩვენი ვებგვერდის გამოწერა ნდობის გარეშე? რა აზრი აქვს, თუ არ სჯერათ, რასაც კითხულობენ, არც იმ მეთოდებს ენდობიან, რომელთა საშუალებითაც ინფორმაცია მოვიპოვეთ და გამოვაქვეყნეთ? ნდობის გარეშე არაფერს წარმოვადგენთ. .ასე რომ, დიახ, გზამკვლევი უმნიშვნელოვანესია ნდობის მოპოვების პროცესში.
გაიდლაინების საჯაროობა და მათზე მითითების შესაძლებლობა, როდესაც ადამიანები ჩივიან და ასევე, მათზე თანდართული დამოუკიდებელ ორგანოში გასაჩივრების პროცედურა, მართლაც მნიშვნელოვანია ნდობის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად, თქვენი სიუჟეტის ან სარედაქციო პოზიციის კრიტიკის ფონზე და, რა თქმა უნდა, ამ კრიტიკის მიზეზი შეიძლება იყოს არა ის, რომ რაიმე შეცდომა დაუშვით, არამედ ის. რომ რაღაც თქვით, რის მოსმენაც ხალხს არ უნდა. ესაა ჩვენი საქმე. ასე რომ გზამკვლევი გვეხმარება, ხელს გვიწყობს, ვაკეთოთ ჩვენი საქმე.”

როგორ გვეხმარება სარედაქციო გზამკვლევი ახალი ამბების განყოფილებაში?

სარედაქციო გზამკვლევი მოიცავს უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი სიუჟეტის მომზადებისთვის საჭირო ეფექტურ, ეტაპობრივ პროცედურებს. თუკი დანერგილია სისტემა, რომელსაც იაზრებს და ერთგულებს მედია ორგანიზაციის ყველა ჟურნალისტი, ბევრად უფრო ნაყოფიერი და მდგრადია სიუჟეტებისა თუ რეპორტაჟების მომზადების პროცესი, რადგან თითოეული სიუჟეტი საერთო სტანდარტის მიხედვით იქმნება. ჟურნალისტებს უადვილდებათ, მოითხოვონ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, რედაქტორებიც უფრო მარტივად არკვევენ, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და ასე გროვდება გამოცდილება და ცოდნა ახალი ამბების განყოფილებაში.

ალინა გირნეტი

„დიეზ მოლდოვა“ (Diez Moldova).

ტრანსკრიპტი: “ახალი ამბების განყოფილებაში სარედაქციო გზამკვლევის არსებობა უზრუნველყოფს გუნდის ყველა წევრის შეთანხმებულ მუშაობას.
იმის გამო, რომ რეპორტიორები მუშაობენ სხვადასხვა ცვლაში და მთელი დღის განმავლობაში გაშუქებისას სხვადასხვა სახის სირთულეს აწყდებიან, ყველას მიერ შეთანხმებული წესების დაცვა გვეხმარება განვსაზღვროთ ხარისხის სტანდარტები დოკუმენტების, ინტერვიუს, რედაქტირებისა და გამოქვეყნების კუთხით, მათ შორის სოციალურ მედიაში განთავსებისა და ჩვენს აუდიტორიასთან და პარტნიორებთან ურთიერთქმედებაში.
უფრო მეტიც, რადგან საზოგადოებრივი დღის წესრიგი ხშირად განისაზღვრება მეტწილად არაპროგნოზირებადი მოვლენებით, სახელმძღვანელო ინსტრუქციების არსებობა გვეხმარება, გავიკვლიოთ გზა ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, შევარჩიოთ აუდიტორიისთვის აქტუალური თემები და ყურადღება გავამახვილოთ იმის გაშუქებაზე, რაც, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია.”

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედია ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი სარედაქციო გზამკვლევების უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ სამ ასპექტზე: სიზუსტე, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა. რატომ ეს სამი? თუ როგორც ჟურნალისტი შეძლებთ აჩვენოთ, რომ თქვენ მიერ გადმოცემული ინფორმაცია (ახალი ამბავი) ზუსტი, მიუკერძოებელი და სამართლიანია, მაშინ თქვენი სიუჟეტებიც მეტ ნდობას დაიმსახურებს. მოდით თანმიმდევრობით განვიხილოთ თითოეული მათგანი.
თუკი აუდიტორიის ნდობის შენარჩუნება გსურთ, აუცილებელია გამჭვირვალობა. უნდა დააზუსტოთ, რამდენად დარწმუნებული ხართ ფაქტების სისწორეში.

სიზუსტე:

ეს ნიშნავს იმ თქვენი ფაქტების, წყაროების, ვარაუდების, ტერმინებისა და აღწერილობების შემოწმებას, რომლებსაც იყენებთ. თუკი ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, მაგალითად, კონფლიქტების შემთხვევაში, ეს აუცილებლად უნდა თქვათ. იყო გამჭვირვალე იმის შესახებ, რაც იცით და რამდენად დარწმუნებული ხართ მასში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აუდიტორიის ნდობის შესანარჩუნებლად.

მიუკერძოებლობა

ნიშნავს დარწმუნდეთ, რომ თქვენი ახალი ამბები არ არის მიდრეკილი სიუჟეტის რომელიმე მხარისკენ და არის დამოუკიდებელი რაიმე გავლენისგან. მიუკერძოებელი თხრობა არის დაბალანსებული და იძლევა კონტექსტს. ამგვარი მიდგომა აშენებს ნდობას თქვენს აუდიტორიასთან. აუდიტორია დაუჯერებს თქვენს ორგანიზაციას, თუ თვლის, რომ თქვენ წარმოადგენთ მათ ინტერესებს და არა უფრო ძლიერი ორგანიზაციის ან ავტორიტეტის ინტერესებს.

სამართლიანობა

გულისხმობს ღიაობას, პატიოსნებასა და პატივისცემას ყველას მიმართ, ვისთანაც ურთიერთობთ. ეს ნიშნავს სამართლიანობას აუდიტორიის, თანაავტორების (კონტრიბუტორების), წყაროებისა და იმ ადამიანების მიმართ, ვისაც თქვენი სიუჟეტი მოიცავს და ეხება; სამართლიანობა, ასევე, მოიაზრებს ახალი ამბებზე მომუშავე ყველა თანამშრომლის პატივისცემას და თანაბარ მოპყრობას. ყველა პირს, რომელსაც ესა თუ ის სიუჟეტი ეხება, უნდა ჰქონდეს უფლება, უპასუხოს ნებისმიერ ბრალდებას და გადმოსცეს ამბის საკუთარი ვერსია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვაგვარად შეუძლებელია გარკვეული მტკიცე სარედაქციო მიზეზებიდან გამომდინარე.

მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული.

სიზუსტე

სიზუსტე ნებისმიერი ახალი ამბის სიუჟეტის ქვაკუთხედია და, მეტწილად, სწორედ ის განაპირობებს აუდიტორიის ნდობას საბოლოო პროდუქტისადმი. მედიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის მიერ დაბეჭდილი თუ გადმოცემული [ამბის] ნამდვილობის უზრუნველსაყოფად. მედია ორგანიზაციამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს აუდიტორია და არ უნდა გაავრცელოს ყალბი ახალი ამბები. არსებითად, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სიუჟეტი უნდა ეყრდნობოდეს სანდო წყაროს, ხოლო ფაქტები უნდა იყოს გადასინჯული და დამოწმებული. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ სიზუსტე სისწრაფეზე მნიშვნელოვანია. აზრი არ აქვს პირველობას, თუ ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
ვნახოთ, რას ნიშნავს ზემოთქმული პრაქტიკაში.

იულია მაკგაფი

“ნვ-უკრაინა“ (NV Ukraine)

ტრანსკრიპტი: “აი, ძალიან მარტივი მაგალითიც. კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა კიივზე. გვესმის აფეთქებების ხმა, მაგრამ არ ვაქვეყნებთ სპეკულაციურ ვარაუდებს, სარაკეტო თავდასხმაა თუ საჰაერო თავდაცვა მუშაობს. სანდო წყაროს ან ოფიციალურ დადასტურებას ველოდებით – მხოლოდ ამის შემდეგ ვაქვეყნებთ. შეიძლება სოციალური მედიის ზოგიერთ პლატფორმას სიჩქარეში ჩამოვრჩებოდეთ, მაგრამ, სამაგიეროდ, სანდო ფაქტები გვექნება, არა ისტერიული რეაქცია.
მეორე შემთხვევა. ახალი წლის ღამეს (22/23), უკრაინულმა არმიამ გაანადგურა ასობით რუსი ჯარისკაცი მაკიივკაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რასაც ბევრი პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულება მოწმობდა. რვა დღის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა რევანშისტული ღონისძიება და აღინიშნა, რომ „600 უკრაინელი სამხედრო განადგურდა ქალაქ კრამატორსკში“, დონბასის ყველაზე დიდ ქალაქში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს. ეს ინფორმაცია გაავრცელეს რუსულმა პროპაგანდისტულმა საინფორმაციო სააგენტოებმა.
რატომ არაფერი გამოვაქვეყნეთ მაშინვე? არ დავწერეთ, რომ რუსების ცნობით, 600 უკრაინელი დაიღუპა. ეს აშკარა პროპაგანდისტული ნარატივია. ამის ნაცვლად, უკრაინულ მხარეს ვთხოვეთ ოფიციალური რეაგირება და ინფორმაციაც უკრაინის პასუხზე დაყრდნობით გავავრცელეთ. კრამატორსკში არავინ გვყავს, მაგრამ იქ „როიტერსის“ ჟურნალისტები წავიდნენ და დაგვიდასტურეს, რომ ნახეს ცარიელი სკოლა, რომელსაც რუსებმა, სავარაუდოდ, შეუტიეს. მოვლენების განვითარებასთან ერთად წყაროებიც მრავლდება. ფაქტების შემოწმება რუსულ პროპაგანდასთან გამკლავებაში გვეხმარება.”

ინფორმაციის შემოწმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იქნება ეს ფაქტობრივი, ანონიმური, კონფიდენციალური წყაროსგან მიღებული თუ ციფრული (მაგალითად, ფოტო-ვიდეო) მასალა. გადამოწმება დეზინფორმაციასა და შეცდომაში შემყვან ინფორმაციასთან ბრძოლისას საკვანძო ინსტრუმენტია. თუ შეგიძლიათ, თავად დაესწარით მოვლენებს. თუ არა, მაშინ ეცადეთ, იპოვოთ თვითმხილველი ან სანდო პირველწყარო. თუ იძულებული ხართ, მხოლოდ წყაროებს დაეყრდნოთ, მოიძიეთ სულ მცირე ორი ადამიანი, ვისაც შეუძლია დაამოწმოს მომხდარი და ვისი მონათხრობიც ერთმანეთს ამყარებს. მტკიცებები და ბრალდებებიც უნდა იყოს გადასინჯული და გადამოწმებული მეორე წყაროსთან. გადაამოწმეთ ნებისმიერი ფაქტი და სტატისტიკური მონაცემი და განსაზღვრეთ, არის თუ არა ინფორმაცია რაიმე პირობით შეზღუდული (მაგ., რამდენი წლის წინანდელია და ა. შ.).
თუ, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, მაინც ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება თქვენთვის მისაღები ფორმით, მაშინ ესეც უნდა ითქვას. გარკვეული გარემოებები, როგორებიცაა ტერორისტული აქტები, კონფლიქტები და ბუნებრივი კატასტროფები ძალიან ართულებს ფაქტების დამოწმებას. მედიას ყოველთვის უნდა ერიდოს სპეკულაციას და კეთილსინდისიერად აღიაროს, რაც არ იცის. ეს ნაწილი განსაკუთრებით აქტუალურია კონფლიქტის ან კატასტროფის პირობებში.

იულია მაკგაფი

“ნვ-უკრაინა“ (NV Ukraine)

ტრანსკრიპტი: “სოლედარი უკრაინისთვის ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის ქალაქია დონბასის რეგიონში და ქალაქზე კონტროლისთვის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ სოლედარი აიღეს.
რას ვაკეთებთ, როცა რუსები კვლავ გამოაცხადებენ, რომ სოლედარი აიღეს? ვთხოვთ, ოფიციალურ უწყებებს დაგვიდასტურონ ან უარყონ ეს მტკიცება. თავდაცვის სამინისტრო ხშირად თავად გვასწრებს და სწრაფადვე აკეთებს განცხადებებს. ასევე, ვცდილობთ მათთან დაკავშირებასაც, ვინც ფრონტის ხაზზეა.
საბოლოო ჯამში, სიტუაციის განვითარებაზე წარმოდგენას ვიქმნიდით შეგროვებულ ფაქტებზე დაყრდნობით და მათგან არცერთი არ ადასტურებდა სოლედარის დაცემას. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიფრთხილე და ნაჩქარევი დასკვნების არიდება. ჩვენმა ჯარმა გარკვეულ ადგილებში უკან დაიხია, თუმცა ქალაქი არ დაუტოვებია.”

ნებისმიერი მტკიცება, ფაქტი ან ბრალდება, რომლის გადასინჯვაც ვერ ხერხდება, უნდა იყოს დამოწმებული შესაბამისი წყაროს მითითებით. “როიტერსის“ ცნობით…”, “პრემიერ-მინისტრის სპიკერმა განაცხადა…”, “სახელმწიფო მედიის თანახმად…”.
მსგავსადვე, თუ შეცდომა მაინც მოგივათ, აღიარეთ და გაასწორეთ იგი მაქსიმალურად დროულად. აუდიტორია უფრო ენდობა ორგანიზაციას, რომელიც შეცდომას აღიარებს და არა მას, რომელიც შეცდომის მიჩქმალვას ცდილობს.

მიუკერძოებლობა

მიუკერძოებლობა მედიის დამოუკიდებლობის გარანტია და გულისხმობს, რომ თქვენი პროფესიული მოსაზრებები არ უნდა იყიდებოდეს და ექცეოდეს გავლენის ქვეშ, ხოლო პირადი რწმენა არ უნდა ახდენდეს გავლენას სიუჟეტზე, რომელსაც ქმნით. ცხადია, ეს ბოლო ფაქტორი ჟურნალისტებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს, თუმცა მას საკვანძო მნიშვნელობა აქვს.
აი, ასე განმარტავს BBC მიუკერძოებლობას: „ვართ მიუკერძოებლები. ვცდილობთ, ავსახოთ აუდიტორიის ხედვები და გამოცდილება, რათა ჩვენი ნამუშევარი მოიცავდეს აზრთა ფართო სპექტრსა და მრავალფეროვნებას, არ იყოს უგულვებელყოფილი ან არასათანადოდ გაშუქებული არცერთი მნიშვნელოვანი თვალსაზრისი.“
ეს ბევრად მეტია, ვიდრე ორ მხარეს შორის ბალანსის შენარჩუნება, რადგან აზრთა სხვადასხვაობის ასახვასა და ინკლუზიურობას მოიაზრებს. აქ შეიძლება იგულისხმებოდეს არამხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისი, არამედ კულტურული ლანდშაფტის მრავალფეროვნება, სხვადასხვა გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების, ქალაქსა თუ სოფლად მცხოვრები, ხანდაზმული თუ ახალგაზრდა, შეძლებული და ღარიბი მოსახლეობის შეხედულებები. საინფორმაციო სიუჟეტმა შესაბამისი ყურადღება უნდა დაუთმოს მოვლენას, შეხედულებასა თუ ძირითად ტენდენციებს.
აქ „შესაბამისი“ სასარგებლო სიტყვაა და მას ბევრი ავტორიტეტული საინფორმაციო სააგენტო იყენებს, რადგან „ადეკვატურსა და შესაფერისს“ ნიშნავს. არსებითად, საინფორმაციო ორგანიზაციებს არ სჭირდებათ თანაბარი წონა მიანიჭონ ყველა შეხედულებას ან მოსაზრებას. მოსაზრება, რომელსაც ხალხის მცირე ჯგუფი ატარებს არ მოითხოვს ისეთივე ოდენობის განხილვას, როგორსაც უმრავლესობის შეხედულება ან სპეციალიზებული ცოდნით დამოწმებულ ფაქტი.

ნილ მაკინტოში

„სკოტსმენის“ (The Scotsman) ახალი ამბების განყოფილება, გაერთიანებული სამეფო.

ტრანსკრიპტი: “მაგალითად ავიღოთ დისკუსია, რომელიც, სამწუხაროდ, ზოგიერთისთვის ჯერ კიდევ აქტუალურია: არის თუ არა დედამიწა ბრტყელი? ვფიქრობ, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ რომ არა, დედამიწა ნამდვილად სფეროსებრია და უგულვებელვყოთ ისინი, ვინც მის სიბრტყელეს ამტკიცებს. მაგრამ ჩვენ სარედაქციო გადაწყვეტილებით ვარჩიეთ ხალხის გარკვეული ჯგუფის უგულვებელყოფა და მათ თანაბარ ხმას არ ვაძლევთ, რადგან მეცნიერება მოწმობს, რომ დედამიწა მრგვალია. მსგავსი რამ ხდება კლიმატური ცვლილებების შემთხვევაშიც. ვიცით, რომ ეს ხდება, არსებობს ბევრად უფრო საინტერესო დისკუსია, რომელიც ჩვენს მკითხველს აინტერესებს და რომელიც მოიცავს მრავალფეროვან შეხედულებას იმის შესახებ, თუ რის გაკეთება შეიძლება. ასეთ პრიზმაში ბევრი ამბის გატარება გვიწევს, მაგრამ ეს სამართლიანი მიდგომაა და ჩვენი მკითხველის ინტერესებს ემსახურება. თუმცა, სწორედ ამ დროს, წყვეტთ, განსჯით, რომელი აზრი უგულვებელყოთ და ყოველთვის იქნება შეხედულებები, რომლებსაც, ამა თუ იმ მიზეზით, ნაკლებ მნიშვნელობას მიანიჭებთ. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ძალიან მცირე, საკმაოდ მარგინალური პოლიტიკური პარტიის თვალთახედვა. ვეუბნებით: თქვენი აზრები არ ასახავს ძირითად ტენდენციას და არც ჩვენი მკითხველისთვის არის ფართოდ გავრცელებულ შეხედულებებზე საინტერესო. ასე რომ, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მუდმივად გვიწევს. ასევე, უნდა შევეწინააღმდეგოთ ექსტრემალური ხმების გაჟღერების ცდუნებას მხოლოდ სიახლის შემოტანის მიზნით, რაც უბრალოდ ხმაურს აძლიერებს და არ არის ჩვენი საქმე.”

ჟურნალისტებმა ინფორმირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომელი შეხედულება უნდა გააშუქონ და რა დრო დაუთმონ მას. კარგი წესი არის ის, რომ რაც უფრო საკამათოა თემა, მით უფრო მნიშვნელოვანია სხვადასხვა პერსპექტივის ასახვა.
მიუკერძოებლობა განსაკუთრებულად პრობლემურია კონფლიქტის ან ომის პირობებში, თუმცა, მიუკერძოებლობა იგივე არ არის, რაც ნეიტრალიტეტი. არც ჟურნალისტებისგან მოელიან ნეიტრალურობას ან ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპებისაგან გამიჯვნას, როგორიცაა ხმის მიცემის უფლება, გამოხატვის თავისუფლება და კანონის უზენაესობა.

არსებობს სიტუაციები, რომლებშიც შეუძლებელია ნეიტრალური დარჩე, რადგან თუ ნეიტრალური ხარ, შენც თანამოაზრე ხდები. ობიექტურობა არ ნიშნავს, ყველა მხარეს ერთნაირად მოეპყრო. ეს ნიშნავს, თითოეულს მოუსმინო.

ქრისტიან ამანპური, CNN

პირადი შეხედულებები / აზრები: ბეჭდვითი, ტელე-რადიო თუ ონლაინ მედიის ვერცერთი მკითხველი თუ მსმენელი ვერ უნდა მიხვდეს ჟურნალისტის პირად შეხედულებას ან იმ სიუჟეტისადმი დამოკიდებულებას, რომელსაც გადმოსცემს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრინციპის გათვალისწინება სოციალურ მედიაშიც. რეპორტაჟების მიუკერძოებლობის შემთხვევაშიც კი, თუ საზოგადოებამ შეიტყო თქვენი პირადი შეხედულებების შესახებ, მათ აღქმაში თქვენს მიუკერძოებლობას მაინც ჩრდილი ადგება.

  • თქვენ ხართ რედაქტორი. გყავთ პოლიტიკური კორესპონდენტი, რომელიც ბრწყინვალე სიუჟეტებს ამზადებს. ასევე, ძალიან აქტიურია სოციალურ მედიაში. სოციალურ პლატფორმებს იყენებს საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაციისა და პოლიტიკური ამბების ანალიზის შემცველი პოსტების განსათავსებელად. ბოლო დროს მთავრობამ გამოაცხადა უსაფრთხოების ახალი ნორმები, რომელიც თქვენმა კორესპონდენტმა ღიად გააკრიტიკა. რამდენიმე კომენტარი დაწერა, სადაც მთავრობას მოუწოდებს გააუქმოს პოლიციის ზედამხედველობის ძალაუფლების გაზრდის მიზნით შემოთავაზებული პროექტები. რას აკეთებთ?

  • დაელაპარაკეთ თქვენს კორესპონდენტს. შეახსენეთ, რომ სოციალურ მედიაში არსებული ანგარიშიც მისი ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილია. იგი ვალდებულია, სოციალურ მედიაში განთავსებულ პოსტებში დაიცვას სიზუსტის, დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის იგივე ღირებულებები, როგორიც გამოქვეყნებული რეპორტაჟის დროს. აუხსენით, რომ ამ ქმედებით ჟურნალისტმა შესაძლოა ჩრდილი მიაყენოს საკუთარ პროფესიულ დამოუკიდებლობას და შეასუსტოს საზოგადოების ნდობა მისი რეპორტაჟებისადმი.

BBC უდგება გუნდის წევრთა აქტივობას ყველა სოციალური მედიაში, იქნება ეს BBC-ის ოფიციალური ანგარიშები თუ პირადი ანგარიშები, კორპორაციის სარედაქციო სახელმძღვანელოების მიხედვით.
„განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ სოციალურ მედიაში ჩვენი მიუკერძოებლობის შენარჩუნებაზე, როგორც პროფესიულ, ასევე პირად აქტივობებში…. BBC-ის თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ BBC-ს რეპუტაციის ეჭვქვეშ დაყენებას სოციალურ მედიაში მათი ქმედებებით“. როგორ მუშაობს ეს სინამდვილეში?

ნინა ხელაძე

“ტოკ-ტვ“ (TOK TV), საქართველო.

ტრანსკრიპტი: “ჟურნალისტების ქცევა სოციალურ ქსელში, გამოხატვის თავისუფლება და პროფესიული სტანდარტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი თანამშრომლის სამსახურში აყვანის ეტაპზე, პოტენციურ კანდიდატს ვაცნობებთ, რომ მას მოუწევს, გაითვალისწინოს სოციალურ ქსელებში ქცევასთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვები. გვაქვს სოციალურ მედიაში ქცევის სახელმძღვანელო და, ასევე, ვიცავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესებს. იმავდროულად, ჟურნალისტებს არ ვზღუდავთ, გარკვეული პოლიტიკოსების ან პოლიტიკური ჯგუფების გვერდები მოიწონონ, ან თუნდაც მათი ჯგუფების წევრები გახდნენ. ამის მიუხედავად, ვუხსნით, რომ თავი უნდა შეიკავონ კომენტარისგან, ღია დისკუსიაში ჩართვისა და რეაგირებისგან, რათა მათი ქცევა არ იყოს აღქმული რედაქციის პოზიციის გამოხატულებად. გვქონია შემთხვევა, როცა მესამე პირის Facebook-პოსტზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა უპასუხა ჩვენი ჟურნალისტის კომენტარს, რაზეც ჩვენმა ჟურნალისტმა, თავის მხრივ, კიდევ გააკეთა კომენტარი და, შემდეგ, დაეთანხმა კრიტიკულ განაცხადს. რედაქცია მალევე დაუკავშირდა ჟურნალისტს და სთხოვა კომენტარის წაშლა. მანაც გაიზიარა ჩვენი დამოკიდებულება და წაშალა ტექსტი. რამდენიმე თვის წინ თითქმის იდენტური შემთხვევა გვქონდა, როდესაც ერთმა ჟურნალისტმა გამოიყენა ცინიკური გამოთქმა იმ პოსტის კომენტარში, რომლის ადრესატიც ცნობილი პოლიტიკური ფიგურა იყო. აღნიშნულის წაშლაც ვითხოვეთ და წაიშალა კიდეც.”

რა შეიძლება ითქვას „ექსპერტების“ შესახებ, რომლებიც სიუჟეტში მონაწილეობენ? მედიამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სხვა ჟურნალისტები, საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები ან ბიზნესის სპეციალისტები გამოთქვამენ არანეიტრალურ, წინასწარგანწყობილ ან მიკერძოებულ აზრებს. ასეთ დროს, ჟურნალისტმა აუდიტორიას უნდა მიაწოდოს სათანადო მონაცემები ექსპერტების აფელაციისა და დაფინანსების შესახებ, რათა აუდიტორიამ შეძლოს ექსპერტის შეხედულებების კონტექსტთან შეჯერება.

ინტერესთა კონფლიქტი

ინტერესთა კონფლიქტი წარმოიქმნება, როცა ჟურნალისტის ან თანაავტორის (კონტრიბუტორის) პირადი კავშირი ხელს უშლის მათ მიუკერძოებლობას. ასეთი შეიძლება იყოს ფინანსური კავშირები (მეცნიერს შაქრის მავნებლობის კვლევას უფინანსებს შაქრის მწარმოებელი), პირადი კავშირები (ჟურნალისტი დაქორწინებულია სამხედროზე, რომელიც ამჟამად იმყოფება საომარ ზონაში) ან სოციალური კავშირი (გადაცემის წამყვანი არის პოლიტიკური პარტიის აქტიური წევრი).
ხშირად, ინტერესთა კონფლიქტი აღქმის პრობლემაა. ჟურნალისტმა შესაძლოა იმუშაოს მიუკერძოებლად და დაიცვას სამართლიანობა, თუმცა აუდიტორიამ შეიძლება მაინც იკითხოს, რამდენად მოქმედებს ასეთი კავშირი ჟურნალისტის მიუკერძოებლობასა და კეთილსინდისიერებაზე.

  • ვრცელდება ამბავი, რომ თქვენს რეგიონში მოქმედი დიდი ტექნოლოგიური კომპანია მომხმარებლებისგან არალეგალურად მოიპოვებს პერსონალურ მონაცემებს და მათ პოლიტიკური კამპანიების განმახორციელებლებზე ყიდის. გყავთ რეპორტიორი, რომელიც ტექნოლოგიის სფეროს შესახებ ძალიან კარგ სიუჟეტებს ამზადებს, მაგრამ კომპანიის მფლობელის ძმისშვილია და იგივე გვარი აქვს. მას ბიძასთან ერთად გადაღებული სურათები აქვს ატვირთული სოციალურ მედიაში. თქვენ, როგორც ახალი ამბების განყოფილების რედაქტორმა იცით, რომ ჟურნალისტი ამბავს მიუკერძოებლად გააშუქებს. რა უნდა მოიმოქმედოთ?

  • უნდა გაგზავნოთ სხვა რეპორტიორი მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ზემოხსენებული ჟურნალისტი მიუკერძოებელი დარჩება. მიკერძოების ეჭვი (აუდიტორიის მიერ ნავარაუდები მიკერძოება) შელახავს თქვენი ორგანიზაციის რეპუტაციას. სურვილის მიუხედავად, რეპორტიორმა შეიძლება მაინც ვერ შეძლოს მიუკერძოებლობის სათანადო ხარისხით შენარჩუნება – არაცნობიერ მიკერძოებასთან ბრძოლა ძალიან რთულია და ადამიანს ეს არ უნდა მოსთხოვო.

ყველა თანამშრომელს უნდა ეთხოვოს, განაცხადოს პიროვნული ინტერესების შესახებ, რომლებმაც შეიძლება იმოქმედოს მათ საქმიანობაზე. მენეჯერმა უნდა განსაზღვროს საჭირო ღონისძიებები, რომლებიც დამოკიდებული იქნება შემდეგ ფაქტორებზე: რა ტიპის სიუჟეტებზე მუშაობს ჟურნალისტი, რა როლს ასრულებს სიუჟეტის მომზადებაში, რა თანამდებობა უკავია და როგორ გარემოში მუშაობს. მაგალითად, თუ გადაცემის წამყვანი პოლიტიკური პარტიის წევრია, ინტერესთან კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას არჩევნების ან კონკრეტული პოლიტიკური ამბის გაშუქებისას.

არჩევნები: არჩევნების გაშუქებისას, მნიშვნელოვანია იცნობდეთ და იცავდეთ სპეციფიკურ ადგილობრივ წესებს, რეგულაციებსა და შეზღუდვებს.

სამართლიანობა

სამართლიანობა მნიშვნელოვანია. ის მნიშვნელოვანია ახალი ამბების განყოფილებაში, რითაც უზრუნველყოფილია, რომ ყველა თანამშრომელს აქვს მისთვის საჭირო სამუშაო მასალა, თითოეული გრძნობს პატივისცემასა და მხარდაჭერას, რაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში უწყობს ხელს. უმნიშვნელოვანესია თანაბარი შესაძლებლობების არსებობა ქალებისა და უმცირესობის ჯგუფებისთვის, რაც მაღალკვალიფიციური ჟურნალისტებისა და მრავალფეროვანი სიუჟეტების მომზადების საშუალებას იძლევა. სამართლიანობა ასევე მნიშვნელოვანია ახალი ამბების განყოფილების გარეთაც. ჟურნალისტები სამართლიანად უნდა მოეპყრან თანაავტორებს, წყაროებს და რეპორტაჟების ობიექტებს.
სამართლიანობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტია პასუხის გაცემის უფლება, რაც ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა უნდა უზრუნველყოს თავის დაცვის საშუალება სიუჟეტში ბრალდებული ინდივიდისა თუ ორგანიზაციისთვის. ასეთი უნდა იყოს მედიის სტანდარტული მიდგომა, ამოსავალი დებულება, გარდა მწვავე საჯარო ინტერესის ან სხვა ისეთ გარემოებებთან დაკავშირებული შემთხვევებისა, როგორებიცაა კანონიერება, უსაფრთხოება ან კონფიდენციალობა, რა დროსაც გარკვეული ინფორმაცია ვერ გამჟღავნდება. როგორც წესი, ამ ტიპის გადაწყვეტილება მთავარი რედაქტორის პრეროგატივაა.

  • თქვენ ხართ რედაქტორი. თქვენს რეპორტიორს აქვს ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია, როგორ გადასცა მთავრობამ მნიშვნელოვანი კონტრაქტი პოლიტიკურ დონორს შესყიდვების შესაბამისი პროცედურის გარეშე. თქვენმა რეპორტიორმა გაიარა ყველა სათანადო ნაბიჯი ინფორმაციის მოსაძიებლად, ორ სხვადასხვა წყაროსთან გადაამოწმა ყველა ბრალდება, მოიპოვა დოკუმენტური მტკიცებულება და გადასინჯა ფაქტები. ბოლოს ეტაპია, მთავრობას მისცეთ პასუხის უფლება, თუმცა მათგან არაფერი ისმის. გინდათ, რომ ინფორმაცია ხვალვე გაავრცელოთ, მაგრამ მთავრობის წარმომადგენელი არ პასუხობს ზარებს და ეჭვობთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ამბის გაშუქება გააჭიანუროს. რას მოიმოქმედებთ?

  • უკავშირდებით მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელს შეტყობინების ან ელ-ფოსტის საშუალებით და აცნობებთ, რომ პასუხისთვის 24 საათი აქვთ. თუ ამ დროის განმავლობაში არ გპასუხობენ, რეპორტაჟში უნდა ახსენოთ, რომ მთავრობას კომენტარი სთხოვეთ და მათ არ გიპასუხეს. თუ საჭირო იქნება, გადახედეთ მთავრობის წინა განცხადებებს ამ საკითხის შესახებ და მოიძიეთ ციტატა, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ მოცემულ კონტექსტში (“გასული წლის მაისში მინისტრმა პირობა დადო, რომ ყველა შესაბამისი პროცედურა განხორციელდებოდა წესების სრული დაცვით.“). თუ მთავრობამ გიპასუხათ ამბის გამოქვეყნების შემდგომ, ცალკე თანმდევი სიუჟეტის ფარგლებში გადმოეცით მათი პასუხი.

სამართლიანობა ებმის სიზუსტისა და მიუკერძოებლობის ასპექტებს, რომლებიც უკვე განვიხილეთ. სიზუსტე ხელს უწყობს სამართლიანობას, რადგან სიზუსტითა და პროპორციულობით გადმოსცემს ფაქტებს. მიუკერძოებლობა ხელს უწყობს სამართლიანობას, რადგან ის სხვადასხვა თვალსაზრისს აჟღერებს და ხელს უწყობს ისეთი ნარატივის არიდებას, რომელზეც დომინირებენ ძალაუფლების მქონე პირები ან უმრავლესობა. ეს ნიშნავს რაც შეიძლება ბევრი, მათ შორის, მარგინალიზებული ან გარიყული პირების თვალსაზრისის ასახვასაც. ახალი ამბების განყოფილებაში ჯანსაღი ეთიკური პროცესები აისახება ჟურნალისტების ქცევაზე მედიის გარეთ.

ალინა გირნეტი

“დიეზ მოლდოვა“ (Diez Moldova).

ტრანსკრიპტი: “მთელი ჩვენი საქმიანობა და მისია ორიენტირებულია ჩვენს აუდიტორიაზე. ჟურნალისტები ვერ ვიქნებოდით, თუ არ გვეყოლებოდა აუდიტორია, ვისაც ინფორმაციას გადავცემდით. დროთა განმავლობაში ვისწავლეთ, რომ მკითხველის ნდობის მოსაპოვებლად ახალი ამბების განყოფილებამ უნდა დაიცვას ეთიკური პრინციპები ნებისმიერი, მათ შორის, კომერციული საქმიანობისას, გაასაჯაროვოს თავისი ეთიკური პრინციპები, რათა აუდიტორიამ იცოდეს, როგორ მზადდება რეპორტაჟები; საჯაროდ აიღოს პასუხისმგებლობა რეპორტაჟებში დაშვებულ შეცდომებზე და ყოველთვის ეცადოს გამოსწორებას; კონსტრუქციულად უპასუხოს ნებისმიერ უკუკავშირს; უერთგულოს მისიას და ღირებულებებს და ისაუბროს გუნდზე სახელებითა და სახეებით.”

როგორ დავიწყოთ

სარედაქციო გზამკვლევის დაწერა თავდაპირველად შესაძლოა შეუძლებლად გეჩვენოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ აუცილებელი არ არის რთული იყოს. ბევრ ავტორიტეტულ საინფორმაციო სააგენტოს, როგორებიცაა BBC ან New York Times, გამოქვეყნებული აქვს სარედაქციო ინსტრუქციები და პრინციპები. შეიძლება ეროვნული ან რეგიონული სარედაქციო ქცევის კოდექსიც არსებობდეს. მათი საშუალებით შეძლებთ, გაიაზროთ, რა სჭირდება თქვენ ორგანიზაციას და როგორ უნდა გაიწეროს ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც თქვენი ახალი ამბების განყოფილება დაეყრდნობა. ყოველ მედიას აქვს გარკვეული თავისებურებები და, ცხადია, არ არსებობს სარედაქციო ინსტრუქციების ერთი საერთო ჩამონათვალი, რომელიც ყველას გამოადგება.

ალინა გირნეტი

“დიეზ მოლდოვა“ (Diez Moldova).

ტრანსკრიპტი: “დიეზში“ სარედაქციო გზამკვლევი შევქმენით 10-წლიანი მუშაობის პერიოდში. თავიდან დოკუმენტური ფორმით არ გვქონდა, რადგან დრო გვჭირდებოდა მისიის შესამუშავებლად, გამოცდილების შესაძენად, შეცდომების დასაშვებად და ჩვენი აუდიტორიის საჭიროებების უკეთ გასააზრებლად, რათა დაგვეწყო იმ დოკუმენტზე მუშაობა, რომელიც ჩვენი საქმიანობის სახელმძღვანელოდ იქცეოდა დროთა გამავლობაში. ეთიკის ზოგად კოდექსს ყოველთვის ვიცავდით, თუმცა, მალევე მივხვდით, რომ შიდა დოკუმენტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც სხვა მედიებისაგან განსხვავებული, განსაკუთრებული როლი გვაკისრია. კონკრეტული სამიზნე აუდიტორია გვყავს, მოლდოვის რუმინულენოვანი და რუსულენოვანი ახალგაზრდობა. ყურადღებას ვამახვილებთ მათთვის აქტუალურ, საინტერესო თემებზე და ბევრ საგანმანათლებლო პროექტში ვართ ჩართული. იმის გარდა, რაც გამოცდილებამ გვასწავლა, შევისწავლეთ სხვა ეროვნული თუ საერთაშორისო მედია-ორგანიზაციების სარედაქციო გზამკვლევები, რაც დაგვეხმარა ხედვების შეჯერებასა და ისეთი ინსტრუქციების შერჩევაში, რომლებიც ჩვენს ორგანიზაციას მიესადაგება.”

სარედაქციო ინსტრუქციების შესამუშავებლად, საჭიროა გესმოდეთ თქვენი ორგანიზაციის მთავარი ამოცანები და გამოწვევები, რომლებიც უნდა აისახოს სარედაქციო გზამკვლევში. მაგალითად, თუ ისეთ გარემოში მუშაობთ, სადაც გავრცელებულია დეზინფორმაცია და შეცდომაში შემყვანი UGC/მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი, შეიძლება საჭირო გახდეს ორმაგ წყაროზე, ვერიფიკაციასა და ფაქტების გადამოწმებაზე აქცენტირება. თუ ხედავთ, რომ თქვენი კოლეგები ხშირად გამოხატავენ საკუთარ შეხედულებებს სოციალური მედიის საშუალებით, მაშინ შეიძლება ყურადღება გაამახვილოთ მიუკერძოებლობასა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ნავარაუდებმა (აღქმულმა) მიკერძოებამაც კი დააზარალოს ურთიერთობა ახალი ამბების ორგანიზაციასა და მის აუდიტორიას შორის.

დაუფიქრდით იმ დილემებსა და გამოწვევებს, რომლებიც გამოგიცდიათ თქვენ ან თქვენს კოლეგებს და იმსჯელეთ, როგორ შეიძლება შეიმუშაოთ ჟურნალისტებისთვის მსგავს სიტუაციებთან გამკლავებისთვის საჭირო ზოგადი პრინციპები. ახალი გამოწვევები, როგორებიცაა კონფლიქტი, ცვლილებები კანონმდებლობაში ან ტექნოლოგიური განვითარება, აუცილებლად უნდა აისახოს მედიისთვის განკუთვნილ გზამკვლევში. სარედაქციო გზამკვლევი შეიძლება – და სასურველია – რეგულარულად ახლდებოდეს.

ალინა გირნეტი

“დიეზ მოლდოვა“ (Diez Moldova).

ტრანსკრიპტი: “როგორც წესი, ორგანიზაციამ გზამკვლევს ყოველწლიურად უნდა გადახედოს. პრაქტიკაში ამას ისედაც ყოველდღიურად აკეთებთ ან, უკეთ რომ ვთქვათ, ყოველ ჯერზე, როდესაც საჭიროა ახალი შესაძლო გარემოებების გათვალისწინება და რეაგირების შესაბამისი მეთოდებისა და პრაქტიკის მისადაგება. მაგალითად, თუ რომელიმე მოვლენა მოითხოვს სასწრაფო და აქტიურ გაშუქებას სოციალურ მედიაში არსებული ახალი არხის საშუალებით, ალბათ საჭირო იქნება მასალის გამოქვეყნებისთვის შესაბამისი ინსტრუქციები. ასევე, შეიძლება ბევრმა ძველმა გარემოებამ აქტუალობა დაკარგოს დროთა განმავლობაში. ასე რომ, როგორც პირდაპირი ეთერის ტიტრები ახლდება საათში ერთხელ [მოვლენების შესაბამისად], ისე უნდა განვაახლოთ სარედაქციო გზამკვლევიც.”

სარედაქციო გზამკვლევის მიზანი არ არის, ხელი შეგიშალოთ სიუჟეტის მომზადებაში. პირიქით, გზამკვლევი გეხმარებათ თქვენი კონტენტის სიჯანსაღის, სიზუსტის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მაქსიმალურად უზრუნველყოფაში. შედეგად, თქვენი სიუჟეტი უძლებს კრიტიკას, ხოლო აუდიტორიას შეუძლია გენდოთ.

ნილ მაკინტოში

„სკოტსმენის“ (The Scotsman) ახალი ამბების განყოფილება, გაერთიანებული სამეფო.

ტრანსკრიპტი: “ვფიქრობ, ნდობა იწყება იმით, თუ როგორ ვაგროვებთ მასალას, ასე რომ, ეს არის სახელმძღვანელო მითითებები, თუ როგორ ვაგროვებთ მასალებს, როგორ წარმოვადგენთ მას, ეს არის ჟურნალისტის ცოდნა, იმის გაგება, თუ რამდენად შორს წავალთ ამბის ან ინფორმაციის მოსაპოვებლად და სად არ შეიძლება ამ ინფორმაციის მოგროვება, წნეხის რა ხარისხია დასაშვები ტრაგედიის მსხვერპლისგან ინფორმაციის მოპოვებისას, ან რამდენად შორს წავალთ ისეთი ინფორმაციისთვის, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. .ცხადია, ჟურნალისტიკაში ყოველთვის დგას არსებული საზღვრების დაძლევის აუცილებლობა, მაგრამ ეს გზამკვლევი გვეხმარება, დავინახოთ, სად გადის ზღვარი. ამით იწყება, მაგრამ მოიცავს იმასაც, თუ როგორ გადმოვცემთ ინფორმაციას, როგორ ვარედაქტირებთ, ვინარჩუნებთ თუ არა დამამოწმებელ, დამაბალანსებელ თუ შემზღუდავ გარემოებებს გამოქვეყნებულ ტექსტებსა თუ ვიდეომასალებში. მაშინაც კი, თუ მოკლე ფორმით გვიწევს ამბის გადმოცემა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ სამართლიანად ვიქცევით. ასევე, მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომლითაც საბოლოო ნამუშევარს წარვადგენთ, რადგან გამოსახულებები თუ ვიდეო, რომლებსაც ვურთავთ ამბავს, ამბის ფონი და სხვა ყველაფერი ერთიანდება და მზადდება – უფრო სწორად, უნდა მზადდებოდეს – მკითხველის გათვალისწინებით. ყოველ ჯერზე უნდა ვეკითხებოდეთ საკუთარ თავს, ამბავთან მიმართებით, რა სჭირდება მკითხველს ჩვენგან?”


მსგავსი კონტენტი


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,