ელექტრონული კურსი: მენეჯმენტის მექანიზმების კრებული ხელმძღვანელებისთვის

ზოი პორტერი

ახალი ამბების დამოუკიდებელი კონსულტანტი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

ზოის აქვს 30 წლიანი გამოცდილება ახალი ამბების ინდუსტრიაში, ის ბოლო წლებში მუშაობდა BBC-ში ხელმძღვანელ პოზიციებზე. როგორც უფროსი რედაქტორი, იგი ხელმძღვანელობდა BBC-ის საერთაშორისო საინფორმაციო წარმომადგენლობას სინგაპურსა და ვაშინგტონში, ასევე ხელმძღვანელობდა BBC-ის მთავარ დილის სატელევიზიო პროგრამას დიდ ბრიტანეთში. იგი მუშაობდა ციფრულ განვითარებაზე საერთაშორისო ახალი ამბების სერვისებში და ხელმძღვანელობდა BBC-ის პირველი მოკლე ფორმის ახალი ამბების ბიულეტენების გაშვებას მობილური მოწყობილობებისთვის. მას ასევე აქვს გამოცდილება ცვლილებების მენეჯმენტში, BBC-ის მასშტაბით პროექტების განვითარების ხელმძღვანელობაში. როგორც მედია კონსულტანტი, ის მუშაობს საინფორმაციო ორგანიზაციებთან, რომლებიც ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადიან და ეხმარება სარედაქციო რეორგანიზაციის პროცესებში. კარიერის განმავლობაში მუშაობდა რეპორტიორად და ტელე წამყვანად, ასევე ამზადებდა და გადასცემდა ახალი ამბებს ადგილიდან და პირდაპირ ეთერში სტუდიიდან.

ნატალია მუმლაძე

ახალი ამბების დირექტორი „პალიტრა მედია“ თბილისი, საქართველო

ნატალია ათ წელზე მეტია ხელმძღვანელობს საქართველოში ყველაზე დიდი მედია სახლის “პალიტრა მედიის” მულტიმედია ნიუსრუმს. მისი ხელმძღვანელობის პირობებში, ნიუსრუმი ტრანსპფორმირდა მულტი პლატფორმულ და მულტი ფორმატულ მედიად, ნიშურ ვებსაიტებად ქვეყანაში ყველაზე მაღალი აუდიტორიით. მისი მთავარი მიზანი იყო თანამედროვე და კომფორტული სამუშაო სივრცის შექმნა სხვადასხვა მედია გუნდის თანამშრომლობისთვის და ორგანიზაციის ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება. ნატალიას აქვს ტელეპროდიუსერად და ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება. ეს ეხმარება მას უკეთ გაიაზროს მედია გუნდების საჭიროებები და ხარისხიანი და ინოვაციური ჟურნალისტიკის მნიშვნელობა.


მიმოხილვა

მენეჯმენტის მექანიზმების წინამდებარე კრებული წარმოადგენს [დამხმარე] რესურსს ახალი ამბების რედაქციების ხელმძღვანელებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყანა – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა).

კრებულის მიზანია, ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოების ახალი ამბების განყოფილების რედაქტორების ტრენინგსა და მათთვის ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას. [მენეჯმენტის მექანიზმების კრებულში მოცემული] ძირითადი დოკუმენტების ნიმუშები და დახმარე ვიდეომასალა რედაქტორებს დაეხმარება ახალი ამბების მენეჯმენტის საფუძვლების ათვისებასა და პრაქტიკულ დანერგვაში.

მიზნები

> დაეხმაროს ახალი ამბების განყოფილების (რედაქციის) ხელძღვანელებს, შეიმუშაონ სტრატეგიული მიდგომა ახალი ამბების ერთგვაროვანი მიმართულებიდან მულტიმედიურზე გადასვლის პროცესში.

> რეკომენდაციებით დაეხმაროს გადაწყვეტილების მიღების, გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიების შემუშავების პროცესში, როგორებიცაა, მაგალითად, მულტიმედიური პროდუქტის დაგეგმვა და დაკვეთა.

> ხელი შეუწყოს მულტიმედიურ რედაქციაში გუნდების ორგანიზებას, მათ შორის ხაზოვანი მენეჯმენტის დიაგრამების ნიმუშების და სამუშაოს აღწერილობის ნიმუშების ჩათვლით.

> ხელი შეუწყოს რედაქციებში გენდერული მგრძნობელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქალთა თანასწორობის ხელშემწყობი სახელმძღვანელო პრინციპების საშუალებით.

სპეციფიკური მახასიათებლები

მოცემული პაკეტი გამოიყენება და რედაქციებს მიეწოდებათ ბიზნეს მენეჯმენტის სფეროში გამოცდილების გაზიარების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ EU4IM-ის ექსპერტები. პაკეტი მოიცავს:

  • სისტემური მიდგომა ორგანიზაციული სტრუქტურისადმი (სქემების ნიმუშები, რომლებიც შეიძლება მოერგოს ნებისმიერი რედაქციის საჭიროებებს);
  • სხვადასხვა სამუშაო პოზიციასა და დეპარტამენტს შორის ურთიერთობების განმარტება;
  • ვიდეოები, რომელშიც ხაზგასმულია გავრცელებული პრობლემები და მოცემულია ექსპერტების რჩევები.

სამიზნე ჯგუფები

მთავარი ჯგუფი: ახალი ამბების დამოუკიდებელი ორგანზიაციების რედაქტორები და მენეჯერები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

მეორადი სამიზნე ჯგუფი: მენეჯმენტისა და ბიზნესის ადგილობრივი მენტორები, რომლებიც ახალი ამბების რედაქციებს ბიზნესპრაქტიკისა და ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებაში ეხმარებიან.


შინაარსი

1. მენეჯმენტის პაკეტის შესავალი

მენეჯმენტისადმი ერთიანი მიდგომა და ცვლილების მიზეზები
მულტიმედიური პროდუქტის დაგეგმვასა და დაკვეთასთან დაკავშირებული რჩევები
შემოსავალის წყაროების დივერსიფიცირებასთან დაკავშირებული რჩევები

2. ახალი ამბების რედაქციის სტრუქტურული სახელმძღვანელო

ორგანიზაციული სქემებისა და თანამდებობათა დასახელებები
სხვადასხვა სამუშაო პოზიციას შორის კავშირების განმარტება
სამუშაოს აღწერილობის ნიმუშების მაგალითები

3. თანასწორობის ხელშეწყობის პოლიტიკა

ქალებისათვის თანაბარი სამუშაო შესაძლებლობების ხელშემწყობი პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები

4. დამხმარე ვიდეომასალა

ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ჩაწერილი მოკლე ვიდეორგოლები


1. მენეჯმენტის პაკეტის შესავალი

წინამდებარე კრებულში აღწერილია იმ საინფორმაციო გუნდების (ახალი ამბების გუნდების) მართვის მეთოდები, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმის აუდიტორიას ემსახურებიან. კრებულში განმარტებულია, რა სარგებელი მოაქვს მულტიმედიურ ფორმატზე გადასვლას თქვენი ბიზნესმოდელისთვის და როგორ აუმჯობესებს, თქვენი, როგორც დამსაქმებლის რეპუტაციას.

რატომ უნდა შეიცვალოს ახალი ამბების რედაქცია?

აუდიტორია: რათა უკეთ ემსახუროთ მუდმივად განვითარებად და ცვალებად აუდიტორიას, რომელიც მუდმივად ეძებს ინფორმაციის ახალ, ტრადიციული რადიოსგან, ტელევიზიისა თუ ვებგვერდებისგან განსხვავებულ წყაროებს; მოიზიდოთ უფრო ახალგაზრდა აუდიტორია და გაზარდოთ ბრენდისადმი ერთგულების დონე.

მაგალითად, უპასუხოთ ახალ ამბებზე მოთხოვნას, რომელიც იკვეთება ახალგაზრდა აუდიტორიის (16-24 წელი) მხრიდან ისეთ სოციალურ პლატფორმებზე, როგორებიცაა: YouTube, Instagram და TikTok.

შემოსავალი: შეიძლება დაგეხმაროთ შემოსავლების ახალი წყაროების მოძიებაში, არამხოლოდ ე.წ. ნატივური კონტენტის, არამედ ტრადიციული რეკლამის საშუალებითაც. ამ გზით თქვენი ორგანიზაცია მომავალი ცვლილებებისადმი უფრო მედეგი გახდება.

რეპუტაცია: ციფრული ჟურნალისტიკის გაძლიერებამ შეიძლება უკეთ წარმოაჩინოს ორგანიზაცია აუდიტორიის თვალში და გააფართოოს მისი აუდიტორია სხვადასხვა პლატფორმაზე, რითაც განამტკიცებს თქვენს ბრენდი განიმტკიცებს ახალი ამბების დამოუკიდებელ მიმწოდებელ წყაროს.

როგორ შეიძლება შეიცვალოს რედაქცია?

რეორგანიზაცია: ხელმძღვანელებმა შეიძლება განახორციელონ ორგანიზაციული ცვლილებები სოციალურ მედიაში განთავსებული და ციფრული კონტენტის ზრდის მიზნით.

მაგალითად, სოციალურ მედიაში განთავსებული კონტენტის მოცულობის ზრდის მიზნით რედაქციის რეორგანიზაცია შეიძლება მოიცავდეს სამუშაო როლების გაფართოვებას და მულტიმედიური უნარების ჩართვას, მენეჯერული ზედამხედველობის ფუნქციაში სოციალური მედიის გათვალისწინებას ან სხვადასხვა პლატფორმაზე დაგეგმვისა და დაკვეთების კომბინირებას არსებული ჟურნალისტური შესაძლებლობების უფრო ეფექტურად გამოსაყენებლად. შეიძლება, ციფრული პლატფორმა უფრო პრიორიტეტულადაც იქცეს.

სტრატეგია: როცა ცვლილებას დაგეგმავთ, გამოაცხადებთ და თქვენს გუნდს ამის თაობაზე აცნობებთ, ყველას ეცოდინება, რა და როგორ უნდა გაკეთდეს სასურველი შედეგის მისაღწევად.

როგორ შეუძლია რედაქციის ხელმძღვანელს წამოწყების წარმატების უზრუნველყოფა?

ცოდნა-გამოცდილების გაზიარება: ხელმძღვანელები თანამშრომლობენ მენტორებთან, რომლებიც სთავაზობენ კონსულტაციასა და მხარდაჭერას ცვლილებებთან დაკავშირებით. საჭიროა სტრატეგიული ხედვა, დროის გარკვეული პერიოდისთვის მიზნების და მათი მიღწევის საშუალებების გაწერა.

კომუნიკაცია: ხელმძღვანელმა ორგანიზაციაში ყველას უნდა აცნობოს მიზნების შესახებ. გუნდთან კომუნიკაცია უნდა იყოს მკაფიო და ცხადი, ტრენინგი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის, ვისაც სჭირდება. კომუნიკაცია გულისხმობს პირისპირ შეხვედრებს, ასევე, ელ-ფოსტის შეტყობინებებსა და გზავნილებს; ასევე, საჭიროა, ინფორმაციის რეგულარულად განახლება და ყველა თანამშრომლისთვის მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ცვლილებისადმი სტრატეგიული მიდგომა რედაქციას საშუალებას აძლევს, უფრო მკაფიოდ წარმოაჩინოს, რის მიღწევა სურს და, ამგვარად, გაზარდოს წარმატების ალბათობაც.

მულტიმედიური შნაარსის დაკვეთა და დაგეგმვა

რედაქციაში სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებამდე გასათვალისწინებელი საკვანძო საკითხია ჟურნალისტური საქმიანობის დაგეგმვა-დაკვეთის ფორმები. რაც უფრო მჭიდროა მულტიმედიური რედაქციის (ახალი ამბების განყოფილების) სხვადასხვა გუნდს შორის თანამშრომლობა სიუჟეტის მომზადების პირველივე ეტაპიდან მოყოლებული, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ჟურნალისტურ პროდუქტს მეტი მსმენელი და მნახველი ეყოლება.

როგორ ხდება მულტიმედიური პროდუქტის დაგეგმვა და დაკვეთა?

ორგანიზაციის ყველა გუნდი ერთიანდება ჟურნალისტური ნამუშევრის განსახილველად და დასაგეგმად, იდეებისა და ამბების / სიუჟეტების გასაზიარებლად. ეს მოიცავს, მაგალითად, ყოველდღიურ საინფორმაციო შეხვედრებს, რომელსაც ყველა ან თითოეული გუნდის წარმომადგენელი ესწრება.

ამ შეხვედრას წარმართავს ახალი ამბების რედაქტორი, რომელიც იღებს სარედაქციო გადაწყვეტილებებს და მონაწილეობს სიუჟეტების პრიორიტეტიზაციაში.

უფრო მსხვილ ორგანიზაციებში შესაძლებელია ყოველდღიური ან ყოველკვირეული დაგეგმვითი შეხვედრები უფრო გრძელვადიანი ჟურნალისტური საქმიანობის თაობაზე იდეების გაზიარების, მომდევნო დღის სიახლეებისა და, ასევე, სპეციალური პროექტების განხილვის მიზნით.

ზოგიერთ რედაქციას აქვს დაგეგმვისა და დაკვეთის რედაქტორის თანამდებობა, რომელიც პასუხისმგებელია ახალი ამბების დაგეგმვასა და სიუჟეტების დაკვეთაზე, ასევე, უზრუნველყოფს ყველა პლატფორმისთვის შესაფერისი ჟურნალისტური საქმიანობის წარმართვას. ასეთ რედაქტორს შეუძლია, გადაწყვიტოს, რომელი ჟურნალისტურ გამოძიება გააგრძელონ და როგორ გადმოსცენ იგი. დაგეგმვა-დაკვეთის რედაქტორი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა ჟურნალისტთან, ასევე, გაყიდვებისა და სარეკლამო განყოფილებებთან.

როგორ შეუძლია მცირე გუნდს უფრო ეფექტურად გამოიყენოს თავისი ჟურნალისტები?

ახალი ამბების პატარა ორგანიზაციასაც კი შეუძლია ყოველდღიურად შეკრიბოს თავისი ჟურნალისტები სიახლეებთან დაკავშირებული გეგმებისა და იდეების, კონტენტისა თუ რესურსების ურთიერთგაზიარების მიზნით. ეს შეიძლება მოხერხდეს ადგილზე შეხვედრის ან ონლაინპლატფორმის საშუალებით.

ახალი ამბების რედაქტორმა მუდმივად უნდა ადევნოს თვალი უახლეს მონაცემებს, რათა შეაფასოს სხვადასხვა პლატფორმაზე გაშვებული სიუჟეტების გავლენა.

თქვენი კომპანიის ყველა ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, ვინ აგროვებს მასალას სიუჟეტისთვის, ვინ წერს ახალი ამბების ტექსტს, როგორ მოქმედებს სიუჟეტი აუდიტორიაზე. შეგროვილი მასალა უნდა გავრცელდეს ყველა (მულტიმედიურ) პლატფორმაზე და გადაკეთდეს ამ პლატფორმების სპეციფიკის შესაბამისად.

განმეორებით შეხვედრის ან გზავნილების სისტემის საშუალებით შესაძლებელია ჟურნალისტების ინფორმირება დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჟურნალისტურმა პროდუქტმა რაც შეიძლება დიდი აუდიტორია მოიცვას?

სიუჟეტის დაკვეთა მულტიმედიური ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ყველა ან რამდენიმე პლატფორმისთვის სიუჟეტის მომზადება.

ვიდეორგოლებისა და ახალი ამბების ტექსტის გაზიარება ყველა გუნდისთვის და მთავარი სიუჟეტების ადაპტირება სხვადასხვა მედიაპლატფორმის სპეციფიკის შესაბამისად.

ციფრული მიმართულების პრიორიტეტიზაცია და ამბების სწრაფად გამოქვეყნება, რათა აუდიტორიამ დროულად ნახოს და გააზიაროს სოციალურ მედიაპლატფორმებზე, სანამ მოგვიანებით დაგეგმილი საინფორმაციო გამოშვებები ან პროგრამები დაიწყება.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ორგანიზაციის შიგნით ყველა ინფორმირებული იყოს მიმდინარე პროცესების შესახებ?

ონლაინდღიურის სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს დაგეგმვას და მთელი ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი იქნება;

ყველას უნდა მიეწოდებოდეს უახლესი ინფორმაცია დღის განმავლობაში მოვლენების განვითარების კვალდაკვალ;

შეძლება სხვადასხვა ფორმატში მომზადდეს გრძელვადიანი ექსკლუზიური სიუჟეტები ან სპეციალური პროექტები და ერთდროულად გამოქვეყნდეს რამდენიმე მედიაპლატფორმაზე.

როგორ უნდა შეინარჩუნოს თვითმყოფადობა ცალკეულმა მიმართულებებმა (მაგ., ვებგვერდები, რადიო)?

მონაცემთა ანალიზისა და სხვა მეთოდების საშუალებით შეისწავლეთ, რა მოსწონს სხვადასხვა აუდიტორიას და რას აზიარებს. გამოიყენეთ ეს ინფორმაცია თქვენი კონტენტის ფორმირებისას. მონაცემები გაჩვენებთ, რომელმა ამბავმა გამოიწვია მეტი ინტერესი სხვადასხვა პლატფორმაზე, ასევე, შეგიძლიათ ერთი და იმავე კონტენტის სხვადასხვა სტილით დაწერა და რედაქტირება.

ცხადია, აუდიტორიას მიუთითებთ ამბების უფრო ვრცელ და დეტალურ რადიო თუ ონლაინვერსიებზეც.

სპეციალისტებს შეუძლიათ კონტენტის მართვა სხვადასხვა პლატფორმის სპეციფიკის გათვალისწინებით და ამბების შესაფერისად რეფორმულირება. მაგალითად, ონლაინრედაქტორი კონტენტს ვებგვერდს მოარგებს, ხოლო სოციალური მედიის პროდიუსერი პოსტების მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.

ზოგიერთი ამბავი ერთ პლატფორმაზე ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა სხვებისთვის შესაფერისი არ არის.


შემთხვევის ანალიზი – „ბი-ბი-სი ნიუსის“ (BBC News) ყოველდღიური შეკრებები

BBC-ის ახალი ამბების განყოფილება ყოველი სამუშაო დღის დილას მართავს შეხვედრებს, რომელსაც ხელმძღვანელობს უფროსი რედაქტორი ან ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელი. ამ შეხვედრაზე წარმოდგენილია „ბი-ბი-სი ნიუსის“ ყველა მიმართულება (განყოფილება).

კომპანიას აქვს სიახლეების საერთო დღიური, რომელსაც დაგეგმვის რედაქტორი ამზადებს. დილით ადრე დღიური ახლდება უახლესი მოვლენების გათვალისწინებით და განიხილება შეხვედრაზე სიუჟეტის დეტალებთან და სარედაქციო საკითხებთან ერთად. შეხვედრა, ასევე, მიმოიხილავს მონაცემთა ანალიზის შედეგებს, რათა შეაფასონ სიუჟეტების წარმატება სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე. დილის ნებისმიერი პროგრამის რედაქტორი დანარჩენებს მოახსენებს დილას განვითარებული ამბებისა და [აუდიტორიის] რეაქციის თაობაზე.

ყველას შეუძლია ჩაერთოს, გაუზიაროს სხვებს საკუთარი გეგმები ან გამოთქვას შეხედულება სარედაქციო საკითხებთან დაკავშირებით.

რედაქტორები ერთად განიხილავენ, რომელი პერსპექტივებია უფრო მნიშვნელოვანი, უზიარებენ სხვებს ცოდნასა და ინფორმაციას, მოისმენენ ექსკლუზიური ინტერვიუებსა და რეპორტაჟებთან დაკავშირებულ იდეებს. შეხვედრის მიზანია, ახალი ამბების თითოეულმა დეპარტამენტმა იცოდეს, რას აკეთებენ დანარჩენები. რედაქტორები წყვეტენ, რომელი ამბები (სიუჟეტები) უნდა შეირჩეს და როგორ უნდა გადმოიცეს ამბავი კონკრეტული პლატფორმისა და მისი აუდიტორიისთვის შესაფერისი ფორმებით. დღის განმავლობაში [გუნდის წევრები] ერთმანეთს უზიარებენ უახლეს ტექსტებს, ვიდეო და ფოტომასალას.

მნიშვნელოვანი ამბის მიმდინარეობისას, შეხვედრაზე პირდაპირ ჩაერთვება ადგილზე მყოფი რეპორტიორი; თუ რთული სამართლებრივი საკითხი განიხილება, შეიძლება იურისტის ჩართვაც, რათა ყველას მიეწოდოს შესაფერისი სამართლებრივი ინფორმაცია. მოგვიანებით იგეგმება განმეორებითი შეხვედრა დღის მოვლენების შესახებ უახლესი ცნობისა და მომდევნო დღის პროგრამების განსახილველად.

„ბი-ბი-სი ნიუსს“ აქვს ფოტო-ვიდეომასალის საერთო პორტალი, რათა ყველა გუნდს შეეძლოს მასალაზე წვდომა მისი ატვირთვისთანავე. დამუშავებული სცენარი შეიძლება გადაიკითხოს მეორე გუნდმა კვლევის დუბლირების არიდებისა და ფაქტების შემოწმების მიზნით.

შეხვედრის ფორმატი დროთა განმავლობაში იცვლება და ციფრული [მოდელი] თანდათანობით უპირატესობას იძენს, რადგან „ბი-ბი-სი ნიუსი“ უფრო და უფრო ორიენტირებული ხდება სოციალური მედიასა და ციფრულ ვიდეომასალაზე.


შემოსავლის წყაროების დივერსიფიცირება

ფინანსური მდგრადობა თანამედროვე რედაქციებისთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. მულტიმედიური პროდუქტის მოცულობის ზრდას შეუძლია ხელი შეუწყოს შემოსავლის ახალი წყაროების წარმოქმნას და, იმავდროულად, არ ავნოს კონტენტის ხარისხს. [მულტიმედიური მიმართულება] უზრუნველყოფს რედაქციის მდგრადობას ცვლილებებისადმი. ხელმძღვანელებმა უნდა დააბალანსონ სარედაქციო და დაფინანსებულ კონტენტი.

ონლაინმედიისთვის გასათვალისწინებელი შემოსავლის წყაროები მოიცავს შემდეგს:

ტრადიციული რეკლამა: ბანერები, დესკტოპისა და მობილურის პოპ-აპები, ვიდეორგოლის თანმხლები რეკლამები („პრეროლები“), სტატიას დართული დაფინანსებული ვიდეო, პარტნიორი ორგანიზაციების RSS-არხები, მობილური აპლიკაციების მონეტიზაცია.

ე.წ. ნატივური რეკლამა: კონტენტ-მარკეტინგი, კონენტ-რეკლამა – ყოველთვიური გამოწერა პარტნიორი ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის დაწესებული ფიქსირებული გადასახადით (გრძელვადიანი), დაფინანსებული კონტენტი, კონკრეტული თემისა თუ სტატიის სპონსორული მხარდაჭერა (დაფინანსება).

ვებგვერდის გამოწერის სისტემა მკითხველებისთვის: („ფეიუოლის“ (Paywall) კონტენტი) ყოველთვიური და ყოველწლიური გამოწერის სისტემა სხვადასხვა სერვისის მომხმარებლებისთვის – ახალი ამბების, სპეციალიზებული კონტენტის, თამაშების, მკითხველთა კლუბის წევრობა; სპეციალური მომსახურება მკითხველებისთვის – მაგ., ექიმთან, იურისტთან კონსულტაცია.

ელექტრონული კომერციალიზაციის ელემენტები: აფილირებული (პარტნიორული) მარკეტინგი, ელექტრონული კომერციის წარმართვა საინფორმაციო ვებპორტალებზე.

სოციალური მედიაპლატფორმების გამოყენება: Youtube-ზე განთავსებული ვიდეოების მონეტიზაცია. პროდუქტის განთავსება Facebook-ის გვერდებსა და ჯგუფებში, Tik-Tok-სა და Instagram-ზე.

გარე ღონისძიებების ორგანიზება: დაფინანსებული (დასპონსორებული) კონფერენციები, ფესტივალები, მედია. ახალი ამბების პერსონალმა შეიძლება უმასპინძლოს ღონისძიებებს.

მომსახურებების შეთავაზება: ტრენინგი ან მედიაინტერვიუ, ჟურნალისტების ტრენინგი. ადგილობრივი სიახლეების აღმწერი ტექსტების / მასალის სხვა ორგანიზაციებისთვის შეთავაზება.

საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების დაფინანსება: სპეციფიკური კონტენტი, რომელიც დონორების მიერ ფინანსდება.

ტექნიკური გუნდის (ვებდეველოპერების) მომსახურების გაყიდვა – კლიენტებისთვის ახალი ვებგვერდების შექმნა და არსებული კომპიუტერული პროგრამების გაყიდვა.

ახალი ამბების რედაქციამ შეიძლება გამოიყენოს დაფინანსების რამდენიმე წყარო, რათა უზრუნველყოფილი იყოს მუდმივი შემოსავალი და ბიზნესსაქმიანობის უწყვეტობა. ამის განხორციელება მოითხოვს მჭიდრო კომუნიკაციას სარედაქციო, გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდებს შორის.


შემთხვევის ანალიზი – „პალიტრა მედიას“ სარედაქციო და მარკეტინგულ-ფინანსური სტრატეგია

„პალიტრა მედიას“ მარკეტინგის განყოფილებას და ახალი ამბების რედაქციას სხვადასხვა გუნდი უძღვება, ორივე დამოუკიდებლად აწყობს გეგმებს და გაწერს ბიუჯეტს მშობელი კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად.

წლის დასაწყისში, ორივე ამზადებს მომდევნო 12-თვიან დეტალურ ფინანსურ გეგმას. მათ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, მარკეტინგის / გაყიდვების გუნდს უფლება აქვს გაყიდოს რედაქციის პროდუქტები და დაიტოვოს მოგების 20%. რედაქცია მარკეტინგის მომსახურების ფიქსირებულ გადასახადსაც იხდის.

ამ სხვადასხვა მიმართულების წარმატება და განვითარება ორმხრივ ინტერესს ემსახურება. იმავდროულად, ორივე გუნდი განიხილავს შემოსავლის მოპოვების დამოუკიდებლ მეთოდებს და კონტენტის საშუალებით მოგების წარმოქმნასთან დაკავშირებულ იდეებს.

სარედაქციო + გაყიდვების + მარკეტინგის გუნდების ყოველკვირეულ შეხვედრებზე მტკიცდება იდეები და წყდება, ვინ განახორციელებს მათ. ხანდახან ახალი ამბების განყოფილება დამოუკიდებლად, სარეკლამო გუნდის გარეშე, იღებს მონეტიზაციის გადაწყვეტილებას. მაგალითად, ვებგვერდის მომსახურების გამოწერა და სხვადასხვა სერვისი მკითხველებისთვის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება.

გადადგმული ნაბიჯები მონეტიზაციის ახალი იდეების დაგეგმვა-განხორციელებისას:

  1. იდეის შექმნა და ინიცირება (ძირითადად, ყოველკვირეული სარედაქციო შეხვედრების დროს). თითოეული რედაქტორი მოტივირებულია, გაუზიაროს სხვებს მონეტიზაციასთან დაკავშირებული იდეები.
  2. იდეის ანალიზი – ბაზრის კვლევა, საერთაშორისო მედიასაშუალებებისა და კონკურენტების გამოცდილება. პროექტის კომპლექსურობისა და მომგებიანობის შეფასება.
  3. კონსულტაცია მარკეტინგისა და ტექნიკურ გუნდებთან.
  4. იდეის დამტკიცება და ბიზნესგეგმის შედგენა.
  5. განხორციელება.
  6. ტესტირება.
  7. გაშვება.
  8. რეკლამირება.
  9. შედეგების გაზომვა.

„პალიტრა მედიას“ ახალი ამბების რედაქციის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული პროექტის მაგალითია სამედიცინო საიტზე არსებული „საექიმო მომსახურება“. მკითხველებს შეუძლიათ დაუსვან კითხვა კონკრეტულ ექიმს და მიიღონ მისგან პასუხი.


2. ახალი ამბების განყოფილების სტრუქტურასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო პრინციპები

აქ წარმოდგენილი ორგანიზაციული სტრუქტურის ნიმუშები დაეხმარება იმ ხელმძღვანელებს, რომლებსაც სურთ ახალი ამბების განყოფილების გარდაქმნა მულტიმედიურ ფორმატის მაუწყებლობად.

ეს პრინციპები წარმოადგენს საილუსტრაციო სახელმძღვანელო ინსტრუქციებს, რომლებიც შეიძლება ადაპტირდეს და ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელებს საშუალება მისცეს, შეიმუშაონ საკუთარი რესურსებისა და პრიორიტეტების შესაბამისი სტრუქტურა.

ორგანიზაციული სქემები

  • დიდი მულტიმედიური რედაქციის (ახალი ამბების განყოფილების) ნიმუში
  • გამარტივებული ნიმუში უფრო მცირე მულტიმედიური რედაქციისთვის (ახალი ამბების განყოფილებისთვის)
ა – ორგანიზაციის სქემა 1 – დიდი რედაქციებისთვის
A - Organisation chart one - for a larger newsroom

განმარტება

დიდი საინფორმაციო ორგანიზაციისთვის განკუთვნილ ამ მოდელში სოციალურ / ონლაინმედიას, ტელევიზიასა და რადიოს ცალ-ცალკე რედაქტორები ჰყავთ. სხვადასხვა სამუშაო პოზიციის ქვემოთ მოცემული აღწერილობები დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ცალკეული თანამდებობების შესახებ. მაგალითად, მულტიმედია ჟურნალისტს, რედაქტორის ზედამხედველობით, შეუძლია შექმნას ყველა პლატფორმისთვის შესაბამისი კონტენტი; ასევე, შეიძლება ორმაგი ფუნქციის შეთავაზება [დასაქმებულისთვის] – მაგალითად, ოპერატორისა და ჟურნალისტის როლების შეთავსება.

ვებგვერდებს აქვთ სპეციალიზებული განყოფილებები – მაგალითად, ახალი ამბები, სპორტი, ანალიზი, ქალთა გვერდი, ცხოვრების სტილი და ვიდეორგოლები (შეიძლება ადამიანების ისტორიები). ზოგიერთი ამგვარი კონტენტი შესაფერისია სოციალური მედიისა და სხვა პლატფორმებისთვისაც.

ზოგიერთ რედაქციას ჰყავს ახალი ამბების (საინფორმაციო) სააგენტოს გუნდი, რომელიც მულტიმედია ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული. ისინი წერენ სიუჟეტებს და ტექსტებს, რომლებსაც შეისყიდის სხვა მედიაკომპანია. ამ ჟურნალისტებმა შეიძლება სხვა მიმართულებითაც, მაგალითად, რადიოპროდუქტზეც იმუშაონ.

მონაცემთა ანალიტიკოსი პასუხისმგებელია სხვადასხვა პლატფორმაზე ტრაფიკისა თუ აუდიტორიის მეთვალყურეობაზე და [შედეგებს] აცნობებს ახალი ამბების რედაქტორებს, რათა მათ იცოდნენ, რომელ ამბებს კითხულობს და ნახულობს აუდიტორია ყველაზე მეტად. ეს ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს ახალი ამბების დეპარტამენტის ყველა მიმართულებას და ხელი შეუწყოს სარედაქციო გადაწყვეტილებებს ისეთ ცალკეულ პლატფორმებზე, როგორიცაა ტელევიზია.

რედაქციას შეიძლება ჰყავდეს ბუნებრივი კონტენტის მწარმოებლების / მწერლების სპეციალური დანაყოფი, რომლებიც მუშაობენ როგორც სარეკლამო გუნდთან ისე ახალი ამბების რედაქტორებთან ინტერნეტისთვის ან სოციალური მედიისთვის დაფინანსებული კონტენტის შექმნაზე.

დიდ მედიაორგანიზაციას შეიძლება ჰყავდეს სარეკლამო, კადრებისა და ტექნიკური გუნდები, რომლებიც მთელ კომპანიას მოემსახურება.

ტექნიკური გუნდი იმუშავებს ბიზნესის ყველა სფეროზე, მათ შორის ყოველდღიურ პროდუქციაზე, დაგეგმვასა და ინოვაციაზე, ქსელის განახლებაზე და სხვა [მსგავსი ასპექტების] განვითარებაზე.

კადრების (HR) პასუხისმგებლობაა მენეჯმენტის მხარდაჭერა პერსონალის დაქირავებისა და ტრენინგის საშუალებით, ასევე, თანამშრომლებისთვის ანაზღაურების, კონტრაქტებისა და პოლიტიკის (წესებისა და პრინციპების) ორგანიზება, რაც მოიცავს, მაგალითად, დეკრეტული შვებულების ანაზღაურებასა და კარიერულ განვითარებას. მათ შეუძლიათ რედაქტორებთან თანამშრომლობა სამუშაო ადგილას თანასწორობის გაუმჯობესების მიზნით.

ზოგიერთმა დიდმა ორგანიზაციამ შეიძლება განიხილოს შიდა ტრენინგის პროგრამები ახალი ნიჭიერი კადრის მოძიების მიზნით. მაგ., პალიტრა მედიას სოციალური მედიის მენეჯერების სტაჟირების 12-თვიანი პროგრამა: ზოგიერთი სტაჟიორი ჟურნალისტად განაგრძობს მუშაობას.

კომუნიკაცია მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ასპექტია და ზოგიერთმა დიდმა ორგანიზაციამ შეიძლება დაიქირავოს კომუნიკაციის სპეციალისტი. მეორე მხრივ, მენეჯერსაც შეუძლია იმის უზრუნველყოფა, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მრავალი სხვადასხვა არხით მიეწოდოს პერსონალის ყველა წევრს. პერსონალს, ასევე, უნდა შეეძლოს ადვილად მიაწოდოს მენეჯერებს უკუკავშირი და მიმართოს კონკრეტულ პირს სამუშაოზე წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემის თაობაზე.


B – ორგანიზაციული სქემა 2 – მცირე რედაქციებისთვის
A - Organisation chart one - for a larger newsroom

განმარტება

ეს მოდელი მოიაზრებს მულტიმედია ჟურნალისტების გაცილებით მცირე გუნდს, რომლებიც როგორც სოციალური მედიის, ისე ვებპროდუქტზე მუშაობენ. რედაქციას (მოცულობის მიხედვით) შეიძლება დასჭირდეს ვებგვერდის რამდენიმე რედაქტორი, თუმცა ახალი ამბების ერთ რედაქტორს შეუძლია კონტენტის მეთვალყურეობა და ჟურნალისტების მართვა.

მცირე რედაქციას მაინც ჰყავს მონაცემთა ანალიტიკოსი ტრაფიკის მონიტორინგისთვის, ასევე, შეიძლება ჰქონდეს პატარა საინფორმაციო სააგენტო და ე.წ. ნატივური კონტენტის მწერალი შემოსავლების ზრდის მიზნით.

[ასეთ რედაქციას] ასევე სჭირდება კადრების (HR) მენეჯერი, ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი და რეკლამის პერსონალი, რომელიც ჟურნალისტებთან ითანამშრომლებს. სხვაგვარად კადრების მოვალეობა (დაქირავება, კონტრაქტები და პერსონალის განვითარება) უნდა შეითავსოს ახალი ამბების მენეჯერმა.

ვიდეომასალისა და ტექსტის გაზიარება ორგანიზების საკვანძო პრინციპია; ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ჟურნალისტისა და რედაქტორისთვის, სიუჟეტები კი სხვადასხვა პლატფორმის სპეციფიკას ერგებოდეს, რაც ხელს შეუწყობს ზემოქმედებისა და დაფარვის დონეების მაქსიმალურად გაუმჯობესებას.


სამუშაოს აღწერილობის ნიმუშები

ამ ნაწილში წარმოდგენილია ფუნქცია-მოვალეობების რამდენიმე ნიმუში, რომლებიც ცხადყოფს, როგორ უნდა დაიწეროს სამუშაოს აღწერილობა და განმარტავს, რას შეიძლება მოიცავდეს თითოეული პოზიცია. თითოეული მათგანი შეიძლება მოარგოთ თქვენი რედაქციის საჭიროებებს.

სასურველია, გქონდეთ სამუშაოს აღწერილობისა და ხელშეკრულებების მზა ნიმუშები პერსონალის დაქირავების ან დასაქმებულის პოზიციის ცვლილების შემთხვევებისთვის, რათა დამსაქმებელისა და დასაქმებულისთვისაც ცხადი იყოს, რას უნდა ელოდნენ.

ასევე, წინასწარ განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის უზრუნველყოფა საშუალებას მოგცემთ, გამოცხადებულ პოზიციაზე საუკეთესო კადრი შეარჩიოთ.

  • ნიმუშები მოიცავს სამუშაოს მოკლე აღწერილობას, პოზიციისთვის საჭირო უნარებსა და შეხსენებას, რომ მიუთითოთ სამუშაო საათები და სახელფასო დიაპაზონი.
  • ქვემოთ მოცემული ნიმუშები განკუთვნილია უფროსი და უმცროსი პერსონალისთვის, როგორებიცაა მულტიმედიური პროდუქტის დამკვეთი რედაქტორი, მულტიმედია რეპორტიორი, სოციალური მედიის პროდიუსერი და მონაცემთა ანალიზის პროდიუსერი.
  • ასევე დართულია რამდენიმე არაჟურნალისტური, მარკეტინგისა და რეკლამირების პოზიციები, რომლებიც ახალი ამბების განყოფილების პარალელურად ფუნქციონირებს.
  • თითოეული პოზიციის აღწერილობაში უნდა იყოს მითითებული თქვენი კომპანიის სარედაქციო პრინციპები (სახელმძღვანელო ინსტრუქციები). ესენია იმ სახელმძღვანელო ინსტრუქციების ერთიანობა, რომლებსაც წერს მენეჯმენტი და აწვდის მთელ პერსონალს, რათა საშუალება მისცეს დასაქმებულებს, ხელი შეუწყონ დასახული მიზნების მიღწევას. ეს პრინციპები განსაზღვრავს თქვენი ორგანიზაციის ახალი ამბების განყოფილების ღირებულებებს და მათი განახლება უნდა მოხდეს მედიის სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად (მაგ., სოციალური მედიის სახელმძღვანელო პრინციპები, დიდი ალბათობით, შეიცვლება ახალი ტექნოლოგიის გამოჩენისას).

ვებგვერდის რედაქტორი

სამუშაოს აღწერილობა
როგორც ვებგვერდის რედაქტორი, პასუხისმგებელი იქნებით ვებგვერდ(ებ)ზე ყოველდღიურად განთავსებულ თითოეულ ამბავსა და ნებისმიერ კონტენტზე.
იმუშავებთ მულტიმედია ჟურნალისტებთან (და დამგეგმავ რედაქტორთან, თუ ასეთი გყავთ ორგანიზაციაში) სიუჟეტების დაკვეთაზე, გრძელვადიანი გეგმების შემუშავებასა და სპეციალური პროექტების განხორცილებაზე.
უნდა გესმოდეთ მონაცემთა ანალიზისა და საგამომცემლო კომპიუტერული პროგრამები, რათა შეარჩიოთ გამოსაქვეყნებელი ამბები (სიუჟეტები) და შეძლოთ მათი პოპულარიზაცია.
მჭიდროდ ითანამშრომლებთ მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან, რათა მაქსიმუმამდე გაზარდოთ ვებგვერდის აუდიტორია (წვდომა) და შემოსავალი. ასევე, გევალებათ ჟურნალისტური საქმიანობის მონეტიზაციასთან დაკავშირებული იდეების მოფიქრებაც.
არჩევითი ვარიანტი: ასევე, განახორციელებთ მედიის მეთვალყურეობას და უზრუნველყოფთ, რომ ჟურნალისტური პროდუქტი შეესაბამებოდეს სხვადასხვა აუდიტორიასა და პლატფორმას.

აუცილებელი უნარები
სამიზნე აუდიტორიისთვის შესაფერისი სიუჟეტების და სათაურის იდეების მოფიქრება;
საგამომცემლო ციკლის კოორდინირება და დარგობრივი კონტენტის მართვა;
სიუჟეტებისა თუ სტატიების რედაქტირება და კორექტირება, მონაცემებისა და ფაქტების სიზუსტის შემოწმება;
სიუჟეტში მოცემული ფაქტების ვიზუალიზაცია (ვარიანტების მოფიქრება);
კონტაქტების ქსელის შექმნა და შენარჩუნება ორიგინალური სიუჟეტების შექმნის მიზნით;
სამომავლო ჟურნალისტური გამოძიებებისა და სპეციალური პროექტების დაგეგმვა (დაგეგმვის რედაქტორთან თანამშრომლობა, თუ კომპანიას ჰყავს ასეთი სპეციალისტი);
ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობა ვებგვერდის მუშაობის მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად;
სტრესულ სიტუაციებში სწრაფად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
ვადების დაცვა და ბიუჯეტის მოთხოვნებთან თანხვედრა;
ახალი ამბების გუნდების მართვის გამოცდილება, კარგი საკომუნიკაციო და გუნდური მუშაობის უნარები;
ჩვენი კომპანიის სარედაქციო პრინციპების დაცვა.

უნდა მიეთითოს სამუშაო საათები და ანაზღაურების დიაპაზონი

დამგეგმავი და დამკვეთი რედაქტორი

სამუშაოს აღწერილობა
როგორც დამგეგმავი და დამკვეთი რედაქტორი, თქვენ იქნებით პასუხისმგებელი მულტიმედია ჟურნალისტების სამუშაოს ზედამხედველობაზე და იმუშავებთ ახალი ამბების ყველა რედაქტორთან, რათა შექმნათ და შეარჩიოთ სიახლეების კონტენტი. თქვენ დაუკვეთავთ სიუჟეტებს ჟურნალისტებს ყველა პლატფორმაზე, უზრუნველყოფთ მათი გამოქვეყნებისა და გაშუქების კოორდინაციას.
პასუხისმგებელი იქნებით ვებგვერდებისთვის დაგეგმილი კონტენტის მეთვალყურეობაზე, რაც მოიცავს ციფრულ ვიდეოს, ასევე, სოციალურ მედიას (ტელევიზიას / რადიოს, არსებობის შემთხვევაში).
თქვენ იქნებით პასუხისმგებელი ყველა გუნდის ახალი ამბების დღიურისა და საავტორო ჟურნალისტური პროდუქტის მართვაზე, მჭიდროდ ითანამშრომლებთ მარკეტინგისა და რეკლამის [გუნდებთან] შემოსავლის წარმოქმნის მიზნით.

აუცილებელი უნარები
რეპორტიორების მართვისა და სიუჟეტების მოძიების (გამოვლენის) სარედაქციო გამოცდილება;
ახალი ამბების დღიურის წარმოებისა და წინააღმდეგობრივი საჭიროებების შეჯერებისთვის საჭირო კარგი საორგანიზაციო უნარები;
სხვადასხვა აზრისა და საჭიროების მართვის უნარი, რომელიც ახალი ამბების სხვადასხვა პლატფორმაზე მაღალკვალიფიციური ჟურნალისტების გუნდის შესაკრებად არის საჭირო;
ტრადიციული მედიისა და, ასევე, სოციალური და ციფრული მედიაინოვაციის სიღრმისეული ცოდნა;
ახალი ამბების ტენდენციების შესწავლა და მონაცემთა ანალიზის გამოყენება, რითაც ხელი შეეწყობა სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღებას;
ჩვენი კომპანიის სარედაქციო პრინციპების დაცვა.

უნდა მიეთითოს სამუშაო საათები და ანაზღაურების დიაპაზონი

მულტიმედია რეპორტიორი

სამუშაოს აღწერილობა
თქვენი მოვალეობაა ჟურნალისტის ფუნქციების შესრულება ტელევიზიაში, რადიოში, ვებგვერდზე ან სოციალურ მედიაში საჭიროებისამებრ;
თქვენი მოვალეობაა სიუჟეტების მოძიება, მოკვლევა, შექმნა და წარდგენა, სხვადასხვა პლატფორმის ტექნიკური მოთხოვნებისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოთ რედაქციის სხვადასხვა განყოფილების წარმომადგენელ კოლეგებთან და მოარგოთ სიუჟეტი სხვადასხვა პლატფორმის სპეციფიკას.

აუცილებელი უნარები
ჟურნალისტური უნარები და რედაქტორის ალღო.
რედაქტორებთან თანამშრომლობის უნარი ყოველდღიურად სიუჟეტების მოძიება-შემუშავების მიზნით.
კონტაქტების ქსელის შექმნა-შენარჩუნება ექსკლუზიური სიუჟეტების მოსაპოვებლად.
ახალი ამბების პირდაპირ ეთერში გადმოცემა, ზოგიერთ შემთხვევაში ვიდეოოპერატორის დახმარებით.
სტატიებისა და პროექტებისათვის ვიდეოს რედაქტირება, ზოგჯერ ვიდეორედაქტორის დახმარებით.
მონაცემთა ვიზუალიზაციასთან დაკავშირებული იდეების შეთავაზება და ინფოგრაფიკის შექმნა.
სპეციალურ პროექტებზე ტექნიკურ გუნდსა და ახალი ამბების რედაქტორებთან მუშაობა.
სტრესულ სიტუაციებში სწრაფად და ეფექტიანად მუშაობის უნარი.
მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფა და გამოქვეყნებამდე ფაქტების გადამოწმება.
მონაცემების ანალიტიკოსებთან თანამშრომლობა [აუდიტორიაზე] ამბის მაქსიმალური ზეგავლენის უზრუნველსაყოფად.
საკომუნიკაციო და გუნდური მუშაობის უნარები.
ჩვენი კომპანიის სარედაქციო პრინციპების დაცვა.

უნდა მიეთითოს სამუშაო საათები და ანაზღაურების დიაპაზონი

სოციალური მედიის პროდიუსერი

სამუშაოს აღწერილობა
როგორც სოციალური მედიის პროდიუსერი, შეადგენთ და გამოაქვეყნებთ ახალი ამბების კონტენტს სოციალური მედიაპლატფორმებისთვის, რაც დაგვეხმარება აუდიტორიის გაფართოებასა და ახალი ამბების ბრენდის ცნობადობის გაზრდაში. ასევე, დაგვეხმარებით სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავებაში.

აუცილებელი უნარები
ჟურნალისტური უნარები და რედაქტორული ალღო;
სიუჟეტების იდეების მოფიქრება ყოველდღიური აქტივობისა და გრძელვადიანი პროექტებისთვის;
სოციალური მედიის მუშაობის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა: Facebook, Instagram, ასევე, TikTok და YouTube;
იმგვარი კონტენტის იდენტიფიცირება, რომელსაც ბევრი ადამიანი გააზიარებს; ასეთი კონტენტის შექმნა, შეფუთვა და გაყიდვა სოციალურ მედიაში;
წერის კარგი უნარი, გამართული ტექსტის შექმნა ზუსტი დამოწმებებით;
ვიზუალური და რედაქტორული უნარები მასალის პოპულარიზაციის ეფექტურად ხელშესაწყობის მიზნით;
მულტიმედია ჟურნალისტებთან თანამშრომლობა, პირდაპირი ეთერის და მოკლე ვიდეოსიუჟეტების დაგეგმვა;
სოციალურ მედიაში გაზიარების, აუდიტორიაზე წვდომისა და ჩართულობის დონეების გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა;
მჭიდრო თანამშრომლობა ონლაინგუნდებთან და ჟურნალისტების ტრენინგში ჩართვა;
სოციალური მედიაპლატფორმების მონაცემების ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშების მომზადება;
კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
ჩვენი კომპანიის სარედაქციო პრინციპების დაცვა.

უნდა მიეთითოს სამუშაო საათები და ანაზღაურების დიაპაზონი

მონაცემთა ანალიტიკოსი

სამუშაოს აღწერილობა
ჩვენს პლატფორმებზე ტრაფიკის მონაცემების ანალიზის საშუალებით, გააუმჯობესებთ აუდიტორიაზე წვდომისა და კონტენტის გაზიარების მაჩვენებლებს (ახალი ამბების ორგანიზაციის ყველა მიმართულებაზე). მოამზადებთ ჩვენი ვებგვერდის შესახებ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვიურ ანგარიშებს და წარუდგენთ მათ სარედაქციო თუ სარეკლამო გუნდებს. დაესწრებით ახალი ამბების გუნდების შეხვედრებს და წარადგენთ თითოეული ვებგვერდის წინა დღის მონაცემების (შესრულების) ანალიზს.
მონაცემების შესწავლის საფუძველზე, კონსულტაციას გაუწევთ ახალი ამბების რედაქტორებს და სოციალური მედიის გუნდს.

აუცილებელი უნარები
ჟურნალისტური უნარები და რედაქტორული ღირებულებები;
კვლევის უნარი, მონაცემთა ანალიზისთვის ყველაზე ეფექტური პლატფორმების იდენტიფიცირება და გამოყენება;
ინფორმაციის ნათლად წარდგენა ახალი ამბების რედაქტორებისა და მენეჯმენტისთვის;
რედაქტორებთან, ტექნიკურ გუნდთან და მენეჯმენტთან თანამშრომლობა ვებგვერდებზე მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
რედაქტორებისა და სარეკლამო გუნდისთვის პერიოდული ტრენინგის უზრუნველყოფა, რათა უკეთ ესმოდეთ, როგორ გამოიყენონ მონაცემები უკეთესი შესრულებისთვის;
კარგი საკომუნიკაციო და გუნდური მუშაობის უნარები;
ჩვენი კომპანიის სარედაქციო პრინციპების დაცვა.

უნდა მიეთითოს სამუშაო საათები და ანაზღაურების დიაპაზონი

მარკეტინგის მენეჯერი

სამუშაოს აღწერილობა
როგორც მარკეტინგის მენეჯერი, მჭიდროდ ითანამშრომლებთ ახალი ამბების რედაქტორთან / მთავარ რედაქტორთან თვენი ჟურნალისტური პროდუქტის წვდომის მაქსიმალურად გაფართოების მიზნით. თქვენ პასუხისმგებელი იქნებით მედიასაშუალებებისთვის მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვაზე, სხვადასხვა არხის საშუალებით მათ პოპულარიზაციაზე, ბიუჯეტირებასა და კამპანიების შედეგების მეთვალყურეობაზე;
პოტენციურ მედიაპარტნიორებთან თანამშრომლობა, მათთან ხელშეკრულებების დადება და ამ მედიაპარტნიორობების შედეგების მეთვალყურეობა;
სარედაქციო გუნდთან კოორდინირებული მუშაობა, რათა უკეთ გაიაზროთ მათი საჭიროებები; ასევე, სპეციალური პროექტებისა და კონკრეტული მედიაპროდუქტის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
თანამშრომლობა ბრენდის მენეჯერთან და ბრენდის განვითარების პროცესში ჩართულობა;
მარკეტინგის დეპარტამენტის გუნდის მართვა;
ციფრული ბაზრის ტენდენციების ცოდნა და მარკეტინგული ტენდენციების ანალიზი;
კონკურენტების კვლევა და ახალი ამბების რედაქტორებთან მიგნებების გაზიარება.

აუცილებელი უნარები
მარკეტინგის გამოცდილება, ჟურნალისტიკისა და სარედაქციო პრიორიტეტების კარგი ცოდნა;
ანალიტიკური ანგარიშების გააზრების უნარი და მათი გამოყენება ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიების შესამუშავებლად;
კარგი საკომუნიკაციო და ინტერპერსონალური უნარები, კონტაქტების ქსელის ფორმირება პარტნიორებთან, სარედაქციო გუნდსა და თანამშრომლებთან ურთიერთობისთვის;
ინოვაციური აზროვნება და შემოქმედებითობა – ახალი ტენდენციების შესწავლა და უახლესი მარკეტინგული ინოვაციების ცოდნა;
პროექტის მართვის უნარები – დაგეგმვა, ბიუჯეტირება, განხორციელება;
ანალიტიკური აზროვნება – განხორციელებული პროექტების შედეგების ანალიზი და პროგნოზირება;
კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის მოგვარების უნარები; საპრეზენტაციო უნარები; სტრესულ სიტუაციებში სწრაფად და ეფექტიანად მუშაობის უნარი; კარგი საკომუნიკაციო და გუნდური მუშაობის უნარები; ჩვენი კომპანიის სარედაქციო პრინციპების დაცვა.

უნდა მიეთითოს სამუშაო საათები და ანაზღაურების დიაპაზონი

სარეკლამო გაყიდვების მენეჯერი

სამუშაოს აღწერილობა
როგორც გაყიდვების მენეჯერი, პასუხისმგებელი იქნებით მედიასაშუალებებისთვის გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვაზე, მიზნების დასახვასა და გაყიდვების გეგმების შემუშავებაზე;
უნდა იყოთ ინფორმირებულნი მედიაგაყიდვების ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ და შეძლოთ მათი გათვალისწინება სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე;
მედიასაშუალებებისთვის შემოსავლის წყაროების დივერსიფიცირებაზე მუშაობა, სარედაქციო გუნდთან თანამშრომლობა;
ტექნიკურ გუნდთან მუშაობა CRM-სისტემის გაუმჯობესებასა და, ასევე, ინოვაციური ინსტრუმენტების დანერგვაზე;
კომპანიებისთვის სხვადასხვა შეთავაზების შემუშავებაში ჩართულობა;
გაყიდვების გუნდის მართვა და გაყიდვების პერსონალისთვის ტრენინგის ჩატარება;
სამოტივაციო და ბონუსსისტემების შექმნა გაყიდვების გუნდისთვის;
დასახული მიზნების შესაბამისად, გაყიდვების გუნდის შედეგების მეთვალყურეობა და ანალიზი.

აუცილებელი უნარები
გაყიდვების პირადი გამოცდილება და CRM-სისტემების კარგი ცოდნა;
ფინანსური განათლება დაგეგმვისა და ბიუჯეტირებისათვის;
კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარი, ინტერპერსონალური და კონტაქტების ქსელის შექმნის უნარები პარტნიორ ორგანიზაციებთან, ასევე, სარედაქციო და გაყიდვების გუნდებთან თანამშრომლობის მიზნით;
ინოვაციური აზროვნება – ახალი ტენდენციების შესწავლა და გაყიდვებში ინოვაციებისთვის თვალის დევნება;
ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების მოგვარება;
პრეზენტაციისა და დროის მართვის კარგი უნარი.

უნდა მიეთითოს სამუშაო საათები და ანაზღაურების დიაპაზონი


შემთხვევის ანალიზი – „პალიტრა მედიას“ მულტიმედიური რედაქცია

„პალიტრა მედია“ (თბილისი, საქართველო) წარმატებული მედიაორგანიზაციაა, რომელსაც აქვს გაზეთი („პრინტ მედია“), ასევე, სატელევიზიო და რადიოსადგურები, ვებგვერდები და სოციალური მედიაგვერდები (ძირითადად Facebook).

ორგანიზაციული სქემა აჩვენებს, როგორ შეძლო ახალი ამბების ამ ორგანიზაციამ ინტერნეტგუნდის დივერსიფიცირება სოციალური მედიისა და ციფრული ჟურნალისტიკის მიმართულებებით.

ორგანიზაციას ჰყავს მულტიმედია ჟურნალისტები, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობენ.

A - Organisation chart one - for a larger newsroom

3. ახალი ამბების განყოფილებაში ქალთა თანასწორობის ხელშეწყობის პოლიტიკა

გენდერული მგრძნობელობის საკითხების მოგვარებამ შეიძლება თქვენს ორგანიზაციას არაერთი სარგებელი მოუტანოს, როგორც ორგანიზაციის შიგნით (სამუშაოთი კმაყოფილებისა და თანამშრომლების შენარჩუნების თვალსაზრისით), ისე გარეთაც – როგორ აღიქმება იგი რეკლამის განმთავსებლებისა და გარე დამფინანსებელი ორგანიზაციების თვალში, გლობალური ორგანიზაციების, მაგალითად, გაეროს მიზანია, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა. გაერო ამას განიხილავს არამხოლოდ როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, არამედ, როგორც მშვიდობიანი, აყვავებული და მდგრადი სამყაროს შენების აუცილებელ საფუძველს.

რატომ გვჭირდება თანასწორობის პოლიტიკა?

ქალების დაქირავება და შენარჩუნება [ორგანიზაციული სტრუქტურის] ყველა დონეზე არგებს ახალი ამბების განყოფილებასა და ჟურნალისტურ საქმიანობას, უზრუნველყოფს უფრო დაბალანსებულ მენეჯმენტსა და მრავალფეროვან სიუჟეტებს, რომლებიც აუდიტორიის ინტერესებს ასახავს; ამგვარად ხელმძღვანელს დასაქირავებელი კადრის უფრო დიდი არჩევანიც აქვს.

თანასწორობას შეუძლია ორგანიზაციას არგოს რეპუტაციის თვალსაზრისითაც – თუ როგორ ჩანს ახალი ამბების განყოფილება სხვა ორგანიზაციების თვალში, რომლებიც შეძლება აფინანსებდნენ კონტენტს ან გასცემდნენ გრანტებსა და დაფინანსებას.

ცხადი და მკაფიო პოლიტიკა ამყარებს ამ პრინციპებისადმი ერთგულებას და პერსონალსაც ეცოდინება, რას უნდა ელოდოს თქვენი ორგანიზაციისგან.

როგორ ვხდებით უკეთესი დამსაქმებლები ქალებისთვის?

დასაქმების პოლიტიკა და დაქირავების სამართლიანი პრაქტიკა, რომელიც თანაბარ მდგომარეობაში აყენებს ქალებსა და კაცებს. ასევე, [მნიშვნელოვანია] ქალების კარიერული მხარდაჭერა, რაც ხელს უწყობს მათ განვითარებას, სამსახურის შენარჩუნებას და ზედა რგოლში გადანაცვლებას.

სამუშაოს მკაფიო აღწერილობა: საჭიროა დასაქმების სამართლიანი პრაქტიკისთვის. გამოავლინეთ თანამდებობისთვის აუცილებელი უნარები და შეარჩიეთ კანდიდატები კრიტერიუმების მიხედვით, რაც სამართლიანად განსჯის საშუალებას მოგცემთ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი უნარი, მაგალითად ორგანიზება და ადამიანების მენეჯმენტი, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღება.

სამართლიანი დასაქმება: მოიცავს ყველა ვაკანსიის გამოცხადებას (რეკლამირებას) და ქალებისა და კაცებისთვის განაცხადის გაკეთების თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას. კანდიდატები ირჩევიან სამუშაოს აღწერილობაში მითითებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის მიხედვით. დაქირავების სამართლიან პროცესში აუცილებელია კადრების წარმომადგენლის (ან დამოუკიდებელი მენეჯერის) დასწრება გასაუბრების დროს.

კარიერული მხარდაჭერა: ხელმძღვანელს შეუძლია ქალ თანამშრომლებს დაეხმაროს კარიერის დაგეგმვის, სამუშაო ადგილზე ტრენინგისა და განვითარების შესაძლებლობების შეთავაზებით. რეგულარული, ინდივიდუალური შეფასებები ხელს უწყობს პერსონალის პოტენციალის რეალიზებას უკუკავშირისა და მენტორობის საშუალებით.

კიდევ რა გვაქცევს თანასწორობის დამცველ დამსაქმებლად?

ქალებისა და კაცების თანაბარი ანაზღაურება, რაც ნიშნავს ერთნაირ ხელფასს ქალებისა და კაცებისთვის (მაგალითად: საქართველოში ქალის ხელფასი კაცის ხელფასის მხოლოდ 65%-ია).

მენეჯერებს შეუძლიათ აკონტროლონ სხვადასხვა დონეზე დასაქმებული ქალების / კაცების რაოდენობა რედაქციაში და ეცადონ აღმოფხვრან ნებისმიერი უთანასწორობა.

საჭიროა დეკრეტული შვებულება, რათა შენარჩუნდეს ძველი კადრი, რომელსაც დრო სჭირდება მშობიარობისთვის ან ბავშვზე ზრუნვისთვის, რაც, თავისთავად დაგიზოგავთ სხვა კადრის დაქირავება-მომზადების (ტრენინგის) ხარჯებსაც. დაეხმარეთ ქალებს, შეინარჩუნონ თანამდებობა და შეუთავსონ ოჯახზე ზრუნვის საჭიროებას.

გაითვალისწინეთ მოქნილ სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებული თხოვნები იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებული მშობელი ან მეურვეა და სურს ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, მოქნილი სამუშაო დრო ან მოქნილი სამუშაო ადგილი.

დაიქირავეთ ქალები, რომელბიც ოჯახზე ზრუნვის გამო ვერ ახერხებდნენ მუშაობას, აიყვანეთ გამოცდილი ქალები (ასაკის მიუხედავდ) ისეთ პოზიციებზე, რომელთა დაკომპლექტებაც რთულია. მათ, როგორც წესი, სხვა დარგების ცოდნაც მოაქვთ და, იმავდროულად, აბალანსებენ ასაკობრივ და გენდერული უთანასწორობას.

ასევე, გაითვალისწინეთ თანასწორობის სხვა ფორმებიც, როგორებიცაა რასობრივი, ასაკობრივი და შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული თანასწორობა.

როგორ უნდა განახორციელოს ცვლილებები ჩვენმა კომპანიამ?

თავდაპირველად განსაზღვრეთ ერთი ან ორი სფერო და ითანამშრომლეთ კადრების განყოფილებასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მათი დანერგვისთვის საჭირო პოლიტიკის შესამუშავებლად. შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ, თუ როგორ დანერგეს სხვა კომპანიებმა დეკრეტული ანაზღაურება, რისთვისაც შეგიძლიათ, გაეცნოთ შემთხვევების ანალიზს ან კონსულტაციისთვის მიმართოთ თანასწორობის ორგანიზაციებს.


დამატებითი დამხმარე რესურსები:

1. იუნისეფის ქალთა გაძლიერების პროექტი (Women Empowerment Project Unicef – WEPS) მოიცავს რესურსებს, რომლებიც კომპანიებს დაეხმარება თანასწორობის პოლიტიკის შემუშავებაში, ასევე, შემთხვევების ანალიზს, სადაც განმარტებულია, როგორ განახორციელა ზოგიერთმა კომპანიამ ცვლილებები https://www.weps.org/resources

2. გაერო ახორციელებს გლობალურ მოქმედებას გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, რომლის ხუთი მიზანიც განმარტებულია აქ: https://www.un.org/sustainabledevelopment/gender-equality/

3. გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტი (European institute for Gender Equality) ნერგავს პროგრესს ევროპის ქვეყნებში და მოიცავს სასარგებლო რჩევებსა და შემთხვევების ანალიზს: https://eige.europa.eu/

4. გაერთიანებული სამეფოს თანასწორობისა და ადამიანის უფლებების კომისია (UK’s Equality and Human Rights Commission) მუშაობს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე და მოიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს დამსაქმებლებისთვის: https://www.equalityhumanrights.com/en


4. დამხმარე ვიდეოები სუბტიტრებით ყველა ენაზე

  1. რას ველოდები ჩემი დამსაქმებლისგან და რატომ ვარჩიე აქ მუშაობა – მულტიმედია ჟურნალისტი განმარტავს, თუ რას ელის სამუშაოსგან და რატომ რჩება ამ დამსაქმებელთან კონკურენტულ ბაზარზე.
    (სალომე აბულაშვილი, მულტიმედია ჟურნალისტი, თბილისი, საქართველო)
  2. როგორ დავიქირავოთ შესაფერისი პერსონალი მულტიმედიურ ეპოქაში – ახალი ამბების განყოფილების აღმასრულებელი რედაქტორი მოგვითხრობს, როგორი პოლიტიკის დანერგვაა საჭირო იმისათვის, რომ საუკეთესო პერსონალი აიყვანოთ და როგორ უნდა დაიქირავოთ შესაფერისი ხალხი ციფრულ ეპოქაში.
    (ლიზ გიბონსი, ახალი ამბების აღმასრულებელი რედაქტორი, „ბი-ბი-სის“ მსოფლიო მაუწყებლობა (BBC World Service), ლონდონი, გაერთიანებული სამეფო)
  3. როგორ წარმოგიდგენიათ მომდევნო 5 წელი ახალი ამბების სფეროსთვის? წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მოგვითხრობს, რა მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს ახალი ამბების სფეროში და რაზე ამახვილებენ ყურადღებას ხელმძღვანელები.
    (დომინიკ ბოლი, ახალი ამბების კონტენტის დირექტორის მოადგილე, „ბი-ბი-სი ნიუსი“ (BBC News), ლონდონი, გაერთიანებული სამეფო)
  4. როგორ მივიღოთ შემოსავალი ჟურნალისტური საქმიანობისგან ?.. ახალი ამბების უფროსი რედაქტორი საუბრობს, თუ როგორ შეიძლება ჟურნალისტური საქმიანობის მონეტიზაციასა და სარედაქციო კონტროლს შორის წინააღმდეგობის მართვა.
    (ფილიპს ლასტოვისკისი, მთავარი რედაქტორი, ვებგვერდი „დელფი“ (Delfi), რიგა, ლატვია)
  5. როგორ უნდა იმუშაოს გენდერულმა თანასწორობამ კომპანიისთვის? პოლიტიკის უფროსი მკვლევარი განგვიმარტავს, როგორ უნდა გააკეთონ კომპანიებმა მეტი დეკრეტის უფლებისთვის და რატომ იქნება ეს სასარგებლო როგორც თქვენთვის, ისე დასაქმებულებისთვის.
    (დავით კეშელავა – ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი)
  6. მულტიმედიური ახალი ამბების განყოფილების მართვასთან დაკავშირებული რჩევები უფროსი მენეჯმენტისთვის – ახალი ამბების განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი გვიზიარებს მულტიმედიურ ფორმატზე გადასვლისა და ახალი ამბების განყოფილების მართვის გამოცდილებას.
    (ნატალია მუმლაძე, „პალიტრა მულტიმედიას“ ახალი ამბების განყოფილების მენეჯერი, თბილისი, საქართველო)


მსგავსი კონტენტი


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,