„საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციამ ქვეყანას ევროპულ ოჯახში დაუმკვიდრა ადგილი“ —  ევროკავშირი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მე-100 წლისთავს ეხმიანება
თებერვალი 26, 2021

„საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციამ ქვეყანას ევროპულ ოჯახში დაუმკვიდრა ადგილი“ —  ევროკავშირი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მე-100 წლისთავს ეხმიანება


1921 წლის კონსტიტუცია იყო უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც თანამედროვე საქართველოს კონსტიტუციონალიზმის საფუძველი გახდა. ამ ნაბიჯით პროგრესისკენ ქვეყნის მუდმივი სწრაფვა განმტკიცდა და, რაც ყველაზე მთავარია, ქართველი ხალხის ძლიერი დემოკრატიული მისწრაფებები გამოვლინდა — ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელთა 21 თებერვლის განცხადებაში. 

„საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ ქვეყანას ევროპულ ოჯახში მყარად დაუმკვიდრა ადგილი. მისით გამოიხატა პატივისცემა დემოკრატიული მმართველობის პრინციპების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და ისეთი ძირითადი თავისუფლებების დაცვისადმი, როგორიც შეკრების, სიტყვის და ბეჭდური მედიის თავისუფლებაა“, — აღნიშნულია საქართველოს პირველი კონსტიტუციის მე-100 წლისთავისთვის მიძღვნილ განცხადებაში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე აღნიშნავს, რომ მრავალი თვალსაზრისით, ეს კონსტიტუცია თავის დროს უსწრებდა. მისით დაინერგა ისეთი საყოველთაო პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელშიც ქალები და კაცები თანაბრად შეძლებდნენ მონაწილეობას;  გაუქმდა სიკვდილით დასჯა; განისაზღვრა პოლიტიკური თავშესაფრის უფლება და ეროვნული უმცირესობების დაცვის მნიშვნელობა. კონსტიტუციამ განამტკიცა სოციალურ-ეკონომიკური უფლებებიც და განსაზღვრა მართლმსაჯულების აღსრულების მკაცრი ჩარჩოები. 

„პროგრესული დემოკრატიისადმი ამ ერთგულებამ თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და დღემდე აქტუალური ორიენტირები შექმნა“, — აღნიშნულია განცხადებაში, — „საქართველოს ამბიცია, ააშენოს წარმატებული, პლურალისტური დემოკრატია, ამ ისტორიული კონსტიტუციიდან იღებს სათავეს“.

ამ დღის საზეიმოდ აღნიშვნით ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროკავშირის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოს სვლას ძლიერი დემოკრატიისკენ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,