ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს EESC-თან მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ
იანვარი 9, 2024

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს EESC-თან მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ


ევროპის ეკონომიკურმა და სოციალურმა კომიტეტმა (EESC) ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, დამსაქმებელთა ორგანიზაციების, პროფკავშირებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის კონკურსი გამოაცხადა. შერჩეული კანდიდატები  EESC-ის საპილოტე პროექტში მიიღებენ მონაწილეობას და „გაფართოების კანდიდატი წევრები“ (ECMs) გახდებიან. 

ინიციატივის შედეგად, EESC ევროკავშირის პირველი უწყებაა, რომელიც კანდიდატ ქვეყნებს მუშაობაში ჩართვისა და მონაწილეობის კონკრეტულ შესაძლებლობას სთავაზობს. ინიციატივა ერთწლიან საპილოტე პროექტს წარმოადგენს, რომლის შედეგებიც 2024 წლის დეკემბერში შეფასდება.

EESC ევროკავშირის განუყოფელი ნაწილია, რომელიც 1957 წელს რომის ხელშეკრულებით შეიქმნა. ის კონსულტაციას უწევს ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ქსელების ევროპის განვითარების პროცესში ჩართულობას. EESC ევროკავშირის პოლიტიკისა და კანონმდებლობის დემოკრატიულობასა და ეფექტიანობას უწყობს ხელს და ევროკავშირის მოქალაქეთა საჭიროებებს ასახავს. გარდა ამისა, ევროკავშირის საკანონმდებლო ინიციატივების მნიშვნელოვანი ნაწილი მიღებამდე EESC-ს უნდა წარედგინოს, რომელიც შემდგომ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს. 

EESC ბრიუსელში მდებარეობს და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი 329 წევრისგან შედგება. წევრები წარმოადგენენ დამსაქმებელთა ასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ასოციაციებს, პროფკავშირებს, მომხმარებლებს, ფერმერებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისთვის მებრძოლებს, აკადემიურ წრეებს, ქალთა უფლებადამცველებს, გარემოს დამცველებს, კოოპერატივებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებსა და სხვა. 

„გაფართოების კანდიდატი წევრი“ საპატიო წოდებაა. ამ სტატუსის მქონე წევრები მონაწილეობას მიიღებენ EESC-ის შერჩეული მოსაზრებების მომზადების მთლიან პროცესში და აქტიურ წვლილს შეიტანენ  EESC-ის გარკვეული რაოდენობის მოსაზრებების მომზადებაში. 

EESC დაფარავს „გაფართოების კანდიდატი წევრების“ ფინანსურ ხარჯებს, რომელთა გაღებაც მათ EESC-თან გარე მონაწილეების სახით მუშაობისას მოუწევთ. 

შერჩევის პროცესში გაითვალისწინებენ კონკურსანტების გამოცდილებასა და წარმომადგენლობითობას,  ეროვნულ ან საერთაშორისო ქსელებში მონაწილეობას, გენდერულ ბალანსსა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების ყოლას. 

განაცხადების შეტანა შესაძლებელია 25 იანვრამდე ამ ბმულის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

იანვარი 25, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,