ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო: საქართველომ უნდა გააგრძელოს მნიშვნელოვანი რეფორმები და დაძლიოს პოლარიზაცია
სექტემბერი 8, 2022

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო: საქართველომ უნდა გააგრძელოს მნიშვნელოვანი რეფორმები და დაძლიოს პოლარიზაცია


6 სექტემბერს ბრიუსელში ევროკავშირმა და საქართველომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ასოცირების საბჭოს შეხვედრის ძირითადი თემა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება გახლდათ. კერძოდ, სხდომაზე ხაზი გაესვა ევროპული საბჭოს მზადყოფნას, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მაშინვე, როგორც კი ის ევროკომისიის მოსაზრებებში კონკრეტულად ჩამოყალიბებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. 

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პარლამენტში ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებას და მმართველ პარტიას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად ინკლუზიურ პროცესში ჩართვის რეკომენდაცია მისცა. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებზეა დამოკიდებული და რომ ევროკავშირი მზად არის, გამოიყენოს ყოველგვარი საშუალება მის მხარდასაჭერად. 

საქართველომ უნდა გააგრძელოს მნიშვნელოვანი რეფორმები და დაძლიოს პოლარიზაცია, აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. „არ არსებობს მარტივი გზები და არც სასწაულები მოხდება“, — დასძინა მან, — „ეს არის არა პოლიტიკური დეკლარაციების საკითხი, არამედ — პოლიტიკური ნებისა, რომელიც ნებას შედეგებად გარდაქმნის“.

ასოცირების საბჭო მიესალმა ევროკავშირი-საქართველოს 2021-2027 წლების დღის წესრიგის შესწორებული ვერსიის დამტკიცებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფაც. 

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ასევე ხაზი გაუსვა თავის მზადყოფნას, დაეხმაროს ქვეყანას ჰიბრიდული თუ კიბერ საფრთხეების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,