რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: ევროკავშირის სანქციები დამატებით 15 პირს და 9 ორგანიზაციას შეეხო
მარტი 17, 2022

რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: ევროკავშირის სანქციები დამატებით 15 პირს და 9 ორგანიზაციას შეეხო


15 მარტს ევროკავშირის შემზღუდველი ზომების სამიზნე რუსეთში დამატებით 15 პირი და 9 ორგანიზაცია გახდა. აღნიშნული სანქციები იმ მეოთხე პაკეტის ნაწილია, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაამტკიცა.

ჩამოთვლილ პირებში შედიან გავლენიანი ოლიგარქები, რომან აბრამოვიჩი და გერმან ხანი, ასევე სხვა გამოჩენილი ბიზნესმენები ისეთი წამყვანი ეკონომიკური სექტორებიდან, როგორიცაა რკინის და ფოლადის წარმოება, ენერგეტიკა, საბანკო სექტორი, მედია, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების  პროდუქტები და სერვისები. ეს სია ასევე მოიცავს ლობისტებს და პროპაგანდისტებს, როგორიცაა კონსტანტინ ერნსტი (რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის აღმასრულებელი დირექტორი), რომლებიც მხარს უჭერენ კრემლის ნარატივს უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე.

სანქციები შეეხოთ კომპანიებსაც ავიაციის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების, გემთმშენებლობის და მანქანათმშენებლობის სექტორებიდან.

„ჩვენ სანქციების სიას ვამატებთ ოლიგარქებს და რეჟიმთან დაკავშირებული ელიტის წარმომადგენლებს, მათ ოჯახებს და გამოჩენილ ბიზნესმენებს, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკურ სექტორებში და რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლების წყაროს ქმნიან“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა — „ეს სანქციები ასევე ეხება მათ, ვინც წამყვან როლს ასრულებს იმ დეზინფორმაციასა და პროპაგანდაში, რომელიც თან სდევს პრეზიდენტ პუტინის ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენი სათქმელი მკაფიოა: მათ, ვინც ხელს უწყობს უკრაინაში შეჭრას, საკუთარი ქმედებებისთვის ფასის გადახდა მოუწევთ“. 

ევროკავშირის შემზღუდველი ზომები ამ ეტაპზე სულ 877 ფიზიკურ პირს და 62 იურიდიულ პირს ეხება. მათ ეყინებათ აქტივები, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებს და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფინანსების მიწოდება. ფიზიკურ პირებზე დამატებით ვრცელდება მგზავრობის აკრძალვა, რაც ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ევროკავშირში შესვლის ან მისი ტერიტორიის ტრანზიტისთვის გამოყენების უფლება. 

საბჭომ ახლახან ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ, ვინც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრასა და საფრთხის შექმნაზეა პასუხისმგებელი, შეზღუდვები კიდევ ექვსი თვით, 2022 წლის 15 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდებათ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,