Rhisoma Lab: კულტურათაშორისი თანამშრომლობის ცენტრი თბილისში მცხოვრები შემოქმედი ადამიანებისთვის
თებერვალი 5, 2024

Rhisoma Lab: კულტურათაშორისი თანამშრომლობის ცენტრი თბილისში მცხოვრები შემოქმედი ადამიანებისთვის


თბილისის ცენტრში შემოქმედ ადამიანთა ჯგუფი სივრცულ გამოწვევებს ეკომეგობრული და სოციალურად მდგრადი მიდგომებით პასუხობს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი EU4Culture პროექტის ფარგლებში შექმნილი Rhisoma Lab ის სივრცეა, სადაც არქიტექტორებისა და დიზაინერების მუდმივად მზარდ ჯგუფს იერარქიული სტანდარტების დაძლევის და პროექტებზე კრეატიული და არასტანდარტული მიდგომებით მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ. ამ მიზნით Rhisoma Lab მათ პროექტის განვითარების რიზომატული პროცესების გამოყენებას, ტექნოლოგიებზე წვდომას და შემოქმედებითი ქსელის ნაწილად გახდომას სთავაზობს.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბელარუსმა არქიტექტორმა, ჯორჯ ზაბორსკიმ აღმოაჩინა, რომ „ბევრ ახალი ტალღის ეგრეთ წოდებულ იძულებით გადაადგილებულ მიგრანტს შეუძლია იმუშაოს პროექტებზე, რომლებიც სოციალური და შემოქმედებითი სფეროების გადაკვეთაზეა“. მან ასევე შეამჩნია, რომ მისნაირი ადამიანები ადგილობრივი სოციალური ქსოვილის ნაწილი არ იყვნენ და მხოლოდ თავიანთ ვიწრო წრეებში ურთიერთობდნენ. ჯორჯს კი სურდა, ადგილობრივ და ემიგრანტთა თემებს შორის არაიერარქიული კავშირების დამყარების გზები ეპოვა და ამის მისაღწევად იდეების ბლოკნოტში ჩანიშვნა დაიწყო.

EU4Culture-ის შესაძლებლობა: იდეის განხორციელების მოტივაცია

მან მალევე გაიგო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture კონკურსის შესახებ, რომელიც კულტურისა და ინოვაციური პროექტების შექმნით დაინტერესებულ ბელარუს ხელოვანებს ეძებდა. ჯორჯი იხსენებს, რომ კონკურსი მისთვის ერთგვარ მოტივაციად იქცა და „[პროექტზე] ფიქრის ნაცვლად, რეალური გეგმის ჩამოყალიბება“ დაიწყო. ამგვარად, მან EU4Culture-ის კონკურსზე Rhisoma Lab-ის შესახებ გააგზავნა განაცხადი და ასე ჩაეყარა საფუძველი ინიციატივას, რომლის მიზანიც დეცენტრალიზებული შემოქმედებითი თემების შექმნა და გაძლიერებაა.

2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში, ევროკავშირის 25,000 ევროს ოდენობის გრანტის მეშვეობით, ჯორჯმა და მისმა მეგობრებმა შემოქმედებითი ლაბორატორიისა და თანამშრომლობისთვის სათანადო გარემოს მოსაწყობად საჭირო აღჭურვილობა და სივრცე მოიპოვეს. შედეგად, Rhisoma Lab თბილისში, იტალიური ეზოს მქონე მეცხრამეტე საუკუნის შენობაში დაარსდა.

Rhisoma Lab-ის თემი

Rhisoma Lab დაახლოებით 150 წევრისგან შედგება და არქიტექტორებს, დიზაინერებსა და სხვა შემოქმედ ადამიანებს ტექნიკასა და სივრცეებზე წვდომას სთავაზობს. მუდმივად მზარდი, არაიერარქიული და კულტურათაშორისი თემის წევრები — ბელარუსი და ქართველი არქიტექტორები და დიზაინერები — Rhisoma Lab-ს პროექტების განვითარებისთვის, ერთმანეთთან დასაკავშირებლად და კონსულტაციების მიღებისა და გაცემისთვის იყენებენ. შესაბამისად, მიღწეულია პროექტის მთავარი მიზანი — შემოქმედი ბელარუსი ადამიანების ადგილობრივებთან დაკავშირება და მათი მხარდაჭერა „უზარმაზარი შფოთვისა და ახალ და საშინელ გარემოებაში საკუთარი მნიშვნელოვნების სრულად დაკარგვის განცდის“ დასაძლევად.

„თემის ბირთვი 50 ადამიანისგან შედგება, მთლიანობაში კი ის 150-მდე ადამიანს მოიცავს“, — ამბობს ჯორჯი, —  „ჩვენ არ ვადგენთ საზღვრებს და სწორედ ამიტომ ვუწოდეთ პროექტს რიზომა. ადამიანებისთვის იმის ჩვენება, რომ არაიერარქიული და ინკლუზიური სტრუქტურების არსებობა შესაძლებელია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკური მოვლენების ფონზე, როგორიცაა საპროტესტო აქციები და რეპრესიები ბელარუსში და რუსეთის შეჭრა უკრაინაში“.

ქართველ შემოქმედ ადამიანებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

ჯორჯი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული Rhisoma Lab-ის ფარგლებში ბელარუსები და ქართველები სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობენ. ამჟამად, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრთან (CCA) თანამშრომლობით, არქიტექტორებისა და დიზაინერების ჯგუფი უფლისციხესთან ხელოვანებისა და ადგილობრივ ფერმერთათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო დაწესებულების სივრცული კონცეპტუალიზაციის პროცესში არის ჩართული. ჯორჯის თქმით, ეს დაწესებულება იმისთვის იქმნება, რომ ხელი შეუწყოს სახელოვნებო მედიაციას — „დიალოგს ფერმერებსა და ადგილობრივ აქტივისტებს შორის და, ასევე, სახელოვნებო რეზიდენციას, რომელიც ხელოვანებს ამ პროცესში ჩართვაში დაეხმარება“. Rhisoma Lab ეხმარება CCA-ის, შექმნას მოქნილი, მწვანე და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო დაწესებულების დიზაინი.

„ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ასეთი მწვანე შენობის დიზაინის შესაქმნელად ბევრი უნდა ვიცოდეთ ადგილობრივ ისტორიულ ნაგებობებზე“, — აღნიშნავს ჯორჯი. ის ხაზს უსვამს, რომ „მდგრადი არქიტექტურა ისეთი ისტორიული და ყოფითი დანიშნულების მქონე შენობების დიზაინს ეფუძნება, როგორებიცაა სახლები თუ საქონლის სადგომები და არა — ისტორიული ძეგლები“. მისივე თქმით, ეს მიდგომა ადგილობრივად ხელმისაწვდომი სამშენებლო მასალის მოძიებასაც გულისხმობს, რაც სამშენებლო ხარჯებს ამცირებს.

თემის შეკრებათა პრაქტიკული მნიშვნელობა

ფიზიკურ, ონლაინ და ჰიბრიდულ ფორმატში ორგანიზებულ ღია შეხვედრებზე Rhisoma Lab-ის გუნდის წევრები განიხილავენ ისეთი მიმდინარე პროექტების წინსვლას, როგორიცაა მტკვრის ნაპირზე მშენებარე სასწავლო დაწესებულება. ამ გზით პროცესები მეტად ინკლუზიური ხდება და მათში ადამიანთა მრავალფეროვანი ჯგუფები ერთვება. „ჩვენ  21-ე საუკუნეში — ლამის მის მეორე ნახევარში — მომუშავე ექსპერტთა გუნდი ვართ“, — ამბობს ჯორჯი და დასძენს, რომ „ცოდნა გადანაწილებულია — მთავარი სხვადასხვა ადამიანის პერსპექტივების მოსმენა და გაერთიანებაა“.

ჯორჯის თქმით, კავშირების დასამყარებლად განსაზღვრული ღონისძიებები, როგორც წესი, „ორი საათი გრძელდება და შემდეგ, უბრალოდ, ვემშვიდობებით ერთმანეთს“. სწორედ ამიტომ ის მიიჩნევს, რომ კონკრეტულ პროექტებზე თანამშრომლობა არსებითი მნიშვნელობისაა, რათა შემოქმედ ადამიანთა შეკრებამ პრაქტიკული შედეგები გამოიღოს.

Rhisoma Lab-ის თემი პრეზენტაციების მოსასმენადაც იკრიბება ხოლმე. ასეთ ღონისძიებებზე სხვადასხვა სფეროს ექსპერტები თემის წევრებს უზიარებენ სიახლეებს ისეთ ინოვაციურ გადაწყვეტებზე, როგორიცაა 3D ბეჭდვა და კომპიუტერიზებული დიზაინი ნაგებობებისა თუ პროდუქტის რეალისტური ვიზუალიზაციისთვის.

ამასთანავე, Rhisoma Lab-მა,  ქართულ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, მოაწყო მულტიკულტურული გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ხელოვანებმა საქართველოდან, შვეიცარიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და პოლონეთიდან. ამგვარად, არქიტექტურისა და ინდუსტრიული დიზაინის მიღმა, პროექტი შემოქმედებითი სექტორის სხვა მიმართულებებითაც ინტერესდება.

Rhisoma Lab-ის აწმყო და მომავალი

Rhisoma Lab-ში ხელმისაწვდომი ტექნიკა და ჩატარებული ღონისძიებები საფუძვლად დაედო 12 შედეგიან თანამშრომლობას ბელარუს და ქართველ შემოქმედ ადამიანებს შორის.

არქიტექტორებისა და დიზაინერების თემის წევრები ჩაერთნენ ქართული ორგანიზაციების ხუთ პროექტში და ორ საერთაშორისო ინიციატივაში. შესაბამისად, Rhisoma Lab-ის მიზანი —„ხიდებისა და კავშირების შენება“ ბელარუს შემოქმედ ემიგრანტებსა და ქართველებს შორის — მიღწეულია და პროექტი განვითარებას აგრძელებს.

Rhisoma Lab-ის წარმატება მის ეკონომიკურ მდგრადობაზეც აისახება — EU4Culture-ის გრანტის მიღმა, თემმა სხვა დონორი ინსტიტუტებისა და პარტნიორებისგანაც შეძლო თანხების მოზიდვა. ასევე, პროექტი საქართველოს მიღმაც ამყარებს კავშირებს და თანამშრომლობს არქიტექტორებსა და დიზაინერებთან, რომლებიც ევროკავშირსა და სომხეთში იმყოფებიან. ჯორჯი ფიქრობს, რომ Rhisoma Lab „მომავლისთვის შესაძლო მოდელს“ წარმოადგენს. ის მიიჩნევს, რომ პროექტი ხელს უწყობს ჰორიზონტალური და ნაკლებად იერარქიული პროცესების მართვისთვის საჭირო უნარების განვითარებას და ეს პროცესი სხვა რეგიონებშიც შეიძლება გავრცელდეს.

ეკოლოგიურ მდგრადობაზე, ინკლუზიურობასა თუ თანასწორობაზე ორიენტირებული პროექტებითა და ღონისძიებებით, Rhisoma Lab-ის თემი რიზომატულად ზრდას განაგრძობს, რისთვისაც ნიშნეულია დეცენტრალიზებული, ერთმანეთთან დაკავშირებული და ადაპტირებადი სივრცეები, რომლებიც ტრადიციული იერარქიული მიდგომების ალტერნატივას წარმოადგენს. „ჩვენ ვინმესთვის რამის მიყიდვას კი არ უნდა ვცდილობდეთ, არამედ რეალური პრობლემები უნდა გადავჭრათ“, — ამბობს ჯორჯი, — „დიზაინის რეალური ფილოსოფია პრობლემების გადაჭრაა“.

როგორ უჭერს მხარს EU4Culture ინოვაციურ ბელარუსულ პროექტებს

ორი საგრანტო კონკურსის მეშვეობით, EU4Culture ფინანსურად დაეხმარა ბელარუსი ხელოვანებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალების 28 პროექტს. მსგავსი საგრანტო შესაძლებლობების მიზანია კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ინკლუზიურობისა და სამოქალაქო ჩართულობის წყაროს, პოპულარიზაცია, კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერება და ბელარუს შემოქმედ ადამიანებს შორის ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მიზანია კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდაჭერა — განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დედაქალაქის სტატუსის არმქონე ქალაქებში. EU4Culture-ის პროექტს ახორციელებენ: გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,