რა პირობებში მუშაობენ ქალი ჟურნალისტები საქართველოში
ოქტომბერი 31, 2023

რა პირობებში მუშაობენ ქალი ჟურნალისტები საქართველოში


რასთან ასოცირდება თქვენთვის ჟურნალისტიკა? დიდ ნიუსრუმში მჯდომ ადამიანთან? ქუჩაში გადაღებაზე მყოფ პირთან, რომელიც მოქალაქეების აზრს არკვევს? სტუდიიდან მოლაპარაკე წამყვანთან? თუ ჩაფხუტით და პრესის ჟილეტით შემოსილ ადამიანთან, რომელიც ცხელი წერტილიდან ერთვება? ჟურნალისტებისთვის, ყველაფერი ეს ყოველდღიური რეალობაა. თუმცა, ამას გარდა არსებობს დაბრკოლებები და პრობლემები, რომლებსაც ჟურნალისტები სისტემატურად აწყდებიან. ისინი ზოგჯერ გადარჩენისთვის იბრძვიან, ზოგჯერ კი თავდასხმებსა და დისკრედიტაციის კამპანიებს იგერიებენ.

ხშირად, ჟურნალისტები, უმიზეზოდ ხდებიან თავდასხმის მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და კითხვებს სვამენ, იკვლევენ იმას, რის დამალვასაც აქტიურად ცდილობენ. ამის გამო, თავდასხმა შეიძლება იყოს როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური. იყენებენ დისკრედიტაციის კამპანიებსაც — დეზინფორმაციით, მანიპულაციით და დიფფეიკებით ცდილობენ, მათ წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას შეუწყონ ხელი.

ეს პრობლემები ყველა ჟურნალისტს აწუხებს. თუმცა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ხშირად ქალი ჟურნალისტები სქესისა და გენდერის ნიშნით თავდასხმის სამიზნე არიან. მაგალითად, მედიის განვითარების ფონდის კვლევაში “ანტიგენდერული და ანტილგბტქი მობილიზება საქართველოში” ვკითხულობთ, რომ ყველაზე ხშირად შეურაცხმყოფელი ლექსიკის ადრესატები ოპოზიციონერი ქალები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები, დასავლელი პოლიტიკოსი ქალები და მედიის წარმომადგენლები არიან.

MDF-ის კიდევ ერთ კვლევაში “გენდერული დეზინფორმაცია” საუბარია იმაზეც, რომ ჟურნალისტების წინაააღმდეგ სექსისტური სიძულვილის ენის ფორმა სლატშეიმინგიც გამოიყენეს. სლატშეიმინგი ე.წ. მრუშობით შერცხვენაა, რაც გულისხმობს ქალების და გოგოების კრიტიკას იმის გამო, რომ მათი ქცევა, გარეგნობა თუ ჩაცმულობა არ შეესაბამება საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ გენდერულ ნორმებსა და წარმოდგენებს.

ამ ფორმით კამპანია აუგორეს კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკის მქონე მედიების – მთავარი არხის და ტვ პირველის ქალ ჟურნალისტებს. მაგალითად, დაამუშავეს დეა მამისეიშვილის ფოტო, რომელზეც მას იმ დროისთვის პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას მხარდამჭერი მაისური ეცვა წარწერით — “ირაკლი! ნიკა კრიმინალი არ არის!”. სხვადასხვა გვერდებმა წარწერა ასე შეცვალეს — “ლიფი მიჭერს”, რის შემდეგაც ფაბრიკაცია სექსისტური კომენტარებით გავრცელდა — “თავისუფლება ძუძუებს”, “არა გვჯერა, გვანახე”, “სალამი ბიჭებს! მე ლიფი მიჭერს!”.

გამოვლინდა გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით ქალებზე თავდასხმაც, რაც მათ ინტელექტუალურ უნარებს, კომპეტენციასა და გამოცდილებას აყენებდა ეჭვქვეშ. ამ ნიშნით გამოვლენილი 39 შემთხვევის სამიზნე უმეტესწილად პოლიტიკოსი და უფლებადამცველი ქალები იყვნენ, რამდენიმე შემთხვევაში კი – ჟურნალისტებიც.

იმის გასარკვევად, თუ რა პირობებში მუშაობენ ქართულ მედიაში ქალები და რა სახის დაბრკოლებებს აწყდებიან მოვალეობის შესრულებისას, მთავარი არხის ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს, ნეტგაზეთის ჟურნალისტს, თამთა კახაბერიძეს და ქარტიის საბჭოს თავმჯდომარესა და მედია აპრილის დამფუძნებელს, ჟურნალისტ ხატია ღოღობერიძეს ვესაუბრეთ.

ნატალი ჯახუტაშვილი არაერთი წელია მედიაში მუშაობს და რამდენიმე ტელეკომპანია გამოიცვალა. ის რამდენჯერმა გახდა თავდასხმის სამიზნე. ამბობს, რომ ქვეყანაში მედიაგარემო უსაფრთხო არ არის და კრიტიკულ მედიებთან ბრძოლით, კრიტიკული კითხვების მიუღებლობით, ხელისუფლება ძალადობას ახალისებს. მუშაობისას თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. გვიხსნის, რომ ჟურნალისტებს ყოველთვის აქვთ თავდასხმის მოლოდინი, თუნდაც მაშინ, როცა ქუჩაში არასამუშაო დროს გადიან.

კითხვაზე, რას ნიშნავს იყო ჟურნალისტი საქართველოში ასე გვპასუხობს: „აქ ყოველთვის არსებობს რისკი იმისა, რომ ჟურნალისტს რაღაც საფრთხე შეექმნას. მოლოდინი ყველას გვაქვს, რომ ნებისმიერ დროს, იმის გამო, რომ არ მოსწონთ შენი მსოფლმხედველობა ან კრიტიკული მიდგომა ხელისუფლების მიმართ, გაგისწორდებიან ფიზიკურად, ან დაზიანდები. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც სტრესი ხშირია”.

2022 წლის 25 ივლისს ნატალის ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსი დაესხა თავს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან ჟურნალისტი სექსისტური ტერმინებით მოიხსენია. “ძალიან მარტივია — თავს დამესხა იმიტომ, რომ არ მოეწონა ჩემი კითხვები. ზოგადად, ხელისუფლების წარმომადგენლებს მიუღებლობა აქვთ კრიტიკული კითხვების და ჩემი აზრით, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულად არ მიიჩნევენ თავს და ვერ ხვდებიან, რომ აქვთ ვალდებულება, ყველა კითხვას გასცენ პასუხი, რამდენადაც სენსიტიური არ უნდა იყოს მათთვის და რამდენადაც მიუღებლად არ უნდა მიიჩნევდნენ”, — ასე იხსენებს ის იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს.

ამ შემთხვევას გამოეხმაურა ეთიკის ქარტია და განაცხადა, რომ სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება. “მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ. დაუშვებელია, მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება”, — ეწერა მათ განცხადებაში.

“ფაქტია, რომ დაშინება სურთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, როდესაც ებრძვიან კრიტიკულ ჟურნალისტებს. მათი მთავარი ამოცანა არის, რომ საზოგადოება იყოს საინფორმაციო ვაკუუმში და უნდათ, რომ ჟურნალისტმა სენსიტიურ თემებზე არ ისაუბროს. დაშინების მიზნით, თავს გესხმიან კიდეც, აგრესიით არიან განწყობილი ჩვენს მიმართ. ალბათ, ფიქრობენ, რომ ასეთ მეთოდებს თუ გამოიყენებენ, შესაძლოა, თვითცენზურა დაიწესოს ამა თუ იმ ჟურნალისტმა. მაგრამ ცხადია, რომ ასე არ მოხდება. ამიტომ შიში არ მაქვს, შეჩვეულები ვართ. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ქვეყანაში, მაგრამ ის რომ ამის გამო პროფესიიდან წავიდე, გამორიცხულია”, — ამბობს ნატალი.

თამთა კახაბერიძე ამჟამად ნეტგაზეთის ჟურნალისტია. ის On.ge-ში მუშაობდა, როცა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სექსისტური მიდგომის მსხვერპლი გახდა. ამბობს, რომ უმეტესად ე.წ. პოზიტიური დისკრიმინაციის სამიზნე იყო და მის მიმართ იყენებდნენ ფრაზებს “პატარა გოგო”, “კარგი გოგო”. როგორც სამართალდამცავები, ისე ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები.

2021 წლის 23 თებერვალს თამთა ნაციონალური მოძრაობის ოფისში მუშაობდა. იმ დროს, როცა სპეცრაზმი შენობაში შევიდა ნიკა მელიას დასაკავებლად, ისიც შიგნით იყო.

“ყველა წავიდა ზედა სართულზე, სადაც მელია იყო. მაღლა ასასვლელ კართან ვიდექი, მინდოდა ჯერ სპეცრაზმის შემოსვლა გადამეღო, მეგონა ავასწრებდი ასვლას. რომ შემოვიდნენ გავიქეცი ზევით, მაგრამ ვერ მოვასწარი. ქუდი მქონდა თავზე და შორიდან რთული იყო გარჩევა, გოგო ვიყავი თუ ბიჭი. მომვარდა სპეცრაზმელი, მხარში ძალიან უხეშად მომკიდა ხელი, მიმაჯახა კარზე და რომ დაინახა გოგო ვიყავი, აგრესია მოთოკა და თქვა — უი, გოგოა და გაიწიეთო.

იმ სივრციდან ძალით გამომაგდეს, მაგრამ თან მესმოდა ტერმინები, ფრთხილად გოგოაო. მე ვიმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, უნდა დავრჩე, უნდა გადავიღო. მეუბნებოდნენ — შეხედე დაზიანდები, არ გვინდა რომ ცუდად გახდეო, ცუდად ხარ, ფერი არ გაქვს, მობრძანდით აქეთო. ვეუბნებოდი რომ კარგად ვარ, არ მისმენდნენ. მახსოვს ამ დროს ჩემი რეაქცია. გოგო ხარო რომ მიმახვილებდნენ ყურადღებას, ვეუბნებოდი — გოგო არ ვარ, ჟურნალისტი ვარ. განწირულად ვყვიროდი — გოგო არ ვარ, ჟურნალისტი ვარ. მაინც მეუბნებოდნენ — მიბრანძიდით გოგონა, მე ისევ ვიმეორებდი — გოგო არ ვარ, ჟურნალისტი ვარ”, — იხსენებს თამთა.

გენდერული ნიშნით თავდასხმის სამიზნე გახდა 5 ივლისსაც, როცა ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 50-ზე მეტ ჟურნალისტს დაესხნენ თავს, მათგან ერთ-ერთი, ლექსო ლაშქარავა, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. აგრესიული პირები თავდაპირველად იმაზე გაღიზიანდნენ, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, შემდეგ კი ტელეფონზე დაკრული ცისარტყელას სტიკერის გამო დაუპირისპირდნენ.

“რუსთაველზე დილით მივედი, უკვე ჩოჩქოლი იყო ატეხილი. ჩავრთე კამერა, რადგან არ ვიცოდი რა ხდებოდა და მივყვებოდი ამ ბრბოს. ქაშუეთს რომ გავცდი, მანდ მოხდა ჩემი ეპიზოდი, ორი პირი დამესხა. მეუბნებოდნენ, რომ ბავშვები უნდა გავრყვნა. აღმიქვამდნენ, როგორც მარშის მონაწილეთა მხარდამჭერს.

კამერით რომ დამინახეს ეს იყო აგრესიის პირველი მიზეზი. ზოგადად, ჟურნალისტი რომ ვიყავი ეგ აღიზიანებდათ. მერე უკვე გენდერული ნიშნით დამესხნენ თავს, თემის წევრად ან მხარდამჭერად აღმიქვამდნენ და იყო ტერმინები, რომ არ მომცემენ გარყვნის და წაბილწვის უფლებას”, — იხსენებს თამთა.

იმავე დღეს, თამთა კიდევ ერთხელ გახდა თავდასხმის მსხვერპლი, ამჯერად, უკვე გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით:

“მთავარი არხის ჟურნალისტი ჩართვისთვის ემზადებოდა, მე იქვე ახლოს ვიჯექი. გვერდით რამდენიმე ბიჭი ედგა, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ პირდაპირ ეთერში როცა შევიდოდა, რამეს ვიტყვითო. თან ემუქრებოდნენ, რას ქვია არ გვათქმევინებ, კამერას დაგიმტვრევთო. ამ ყველაფერს ჩუმად ვიღებდი. ერთ-ერთმა დაინახა, ჩემკენ წამოვიდა. აგრესიას ველოდი, მაგრამ გვერდით დამიჯდა და სხვა ბიჭებს დაუწყო ჩემს გასაგონად ლაპარაკი. ამბობდნენ, შეხედე რა კარგი გოგოა, ლამაზი გოგოა, თავისთვის ზის წყნარადო. მგონი ესეც ჟურნალისტია, მაგრამ კარგი ჟურნალისტიაო. იმას მადარებდნენ, იმიტომ, რომ ის ეკამათებოდა და მე არა. თქვეს, ახლა გამორთავს ტელეფონს, ჩაიდებს ჯიბეში და წავაო. აგრესია არ გამოხატეს, მაგრამ მუქარანარევი, ვითომ კეთილგანწყობით დამაშინეს. იმას უსვამდნენ ხაზს, რომ მე კარგი გოგო ვიყავი და უნდა მოვქცეულიყავი ისე, როგორც მათ ჰქონდათ მოლოდინი”, — იხსენებს თამთა.

ეს ისტორია თამთასთვის იმ დღეს არ დასრულებულა. პროკურატურამ 5 ივლისის საქმეზე დაზარალებულად ცნო და ჟურნალისტი სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიბარეს.

“მოვყევი ყველაფერი და კითხვების დასმა დამიწყეს ბრალდებულების ადვოკატებმა. რაღაცას რომ ვყვებოდი იცინოდნენ, სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ჩემს ფრაზებს იმეორებდნენ და ისევ იცინოდნენ. მასხრად მიგდებდნენ. ბოლოს მითხრეს, რომ სჯეროდათ, კარგი, პატიოსანი გოგო ვიყავი და ცუდი განზრახვა არ მექნებოდა, უბრალოდ, რაღაცები არასწორად გავაკეთე. ვითომ, მზრუნველობითი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ კარგი გოგო ხარ, მაგრამ ასე არ უნდა მოიქცეო. სერიოზულად არ აღიქვეს საერთოდ არაფერი, რასაც ვყვებოდი”, — იხსენებს თამთა.

პირად ჟურნალისტურ გამოცდილებასა და საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე ვესაუბრეთ ხატია ღოღობერიძესაც. ეთიკის ქარტიის საბჭოს დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანაში ბოლო წლებში მედიაგარემო გაუარესდა.

“5 ივლისის დანაშაულების ორგანიზატორები ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან და ლამის ყოველდღიურად ახალ ძალადობას აანონსებენ, ხელისუფლება კი დუმს. პარალელურად, ხელს უშლის მშვიდობიან გამოხატვას. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირია ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები. ეთიკის ქარტიამ არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ სათანადოდ გამოიძიოს ყველა საქმე და თავადაც ნუ წაახალისებს აგრესიას მედიის წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის, რიტორიკით“, — ამბობს ხატია.

როგორც ჟურნალისტს, ხატიას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქალთა უფლებებსა და საჭიროებებზე საზოგადოების ინფორმირებაში. მუშაობის პროცესში დაბრკოლებებს აწყდებოდა მაშინაც, როცა პოლიტიკოსების გამონათქვამებს სექსისტურად აფასებდა.

“ზოგადად, საქართველოში ჟურნალისტად მუშაობა არ არის მარტივი და წლების განმავლობაში არაერთი თავდასხმის გამოვლა შეგიძლია მოგიწიოს, იქნება ეს ფიზიკური თუ სიტყვიერი. ამის გამო, თავდაპირველად, გამიჭირდა კიდეც კონკრეტული შემთხვევის გახსენება, რადგან პირველი ასოციაციაა, რომ ეს თავდასხმები ჩემი პროფესიის გამო მოხდა და არა გენდერის. თუმცა, კონკრეტული შემთხვევების გააზრების შემდეგ, ხვდები, რომ კი, ხანდახან თავდასხმები სწორედ გენდერული ნიშნით ხდება“.

ხატია განმარტავს, რომ საზოგადოებაში, გავრცელებულია სექსისტური და მიზოგინიური დამოკიდებულებები, მათ შორის, პოლიტიკოსების მხრიდანაც, რაც ქალი ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულებაზეც მოქმედებს. ამბობს, რომ თავდამსხმელებს უმეტეს შემთხვევაში უარყოფითი დამოკიდებულება თავდაპირველად პროფესიის გამო აქვთ, ხოლო შემდგომ გენდერის გამო. არის შემთხვევებიც, როცა დისკრიმინაცია ორივე ნიშნით ხდება.

“ეს იმას არ ნიშნავს, რომ კაც ჟურნალისტებს არ შეურაცხყოფენ, მაგრამ ქალების მიმართ ე.წ. აგდებული დამოკიდებულება უფრო იგრძნობა ხოლმე. ეს ჩემი დაკვირვება და შთაბეჭდილებაა, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ასე ვფიქრობ. მე არ მგონია, რომ ფრაზები: “ნახეთ რას დაემსგავსეთ. მოიტანეთ სარკე, ჩაახედეთ ერთი, რა დღეში არი. სირცხვილია უბრალოდ, ქალბატონი ბრძანდებით ბოლო-ბოლო” ან “ბედნიერი ვარ, რომ ამდენი აღელვებული ახალგაზრდა გოგოს გარემოცვაში ვარ” სტერეოტიპებისგან დაცლილია და სექსისტური არ არის. ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როცა კაც ჟურნალისტებს მათი საქმიანობის გამო “კაცობას” უწუნებენ, ესეც სექსიზმია”, — ამბობს ხატია.

აქვე განმარტავს, რომ პოზიტიური დისკრიმინაციაც დისკრიმინაციაა, ხშირად ნაკლებად მტკივნეული, მაგრამ მაინც და ბევრი ქალისთვის ეს დამაკნინებელი და დამამცირებელია: “პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მე არ მსურს ჩემს გენდერს გაუსვან ხაზი, არც პოზიტიურად და არც ნეგატიურად, რადგან კონკრეტული ამბის გაშუქებისას მე ვარ ჟურნალისტი.”

ხატია ხაზს უსვამს, რომ ქარტია გმობს დისკრიმინაციას ამა თუ იმ ნიშნით და ცდილობს, გაზარდოს ცნობიერება როგორც მედიის წარმომადგენლებში, ასევე, მოქალაქეებში. “ქარტია ლობირებს ჟურნალისტთა უფლებების დაცვას და ჯანსაღი და თავისუფალი მედიაგარემოს შექმნას. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მედიის წარმომადგენლების დახმარებისა და კონსულტაციებისთვის, როცა მათ უჩნდებათ ეჭვი, რომ არიან დისკრიმინაციის სამიზნეები”, — განმარტავს ის.

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მეც არაერთხელ დამესხენ თავს. პირველად ეს 2019 წელს ჰომოფობიურ აქციაზე მოხდა. ქართული მარშის წევრებმა ხელი მკრეს და ტელეფონი დამაგდებინეს, თან პროპაგანდისტს და პროვოკატორს მეძახდნენ. ნაცვლად იმისა, რომ პოლიციას დავეცავი, “ჩემივე უსაფრთხოებისთვის” ადგილიდან გაცლა მირჩია.

მაშინ არ მიფიქრია, რომ ეს გენდერული ნიშნით თავდასხმა იყო. მხოლოდ სახლში მისულს გამახსენდა, რომ პარლამენტის წინ შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ამახვილებდნენ ყურადღებას ჩემს გარეგნობასა და თმის ფერზე. ხან ჩურჩულით, ხან წამოძახებით მაგონებდნენ, რომ “იასამნისფერი თმით არც ნორმალურს ვგავარ და არც ქალს”.

ხატია ივლისის მოვლენებსაც იხსენებს და ამბობს: “5 ივლისამდე, ჟურნალისტებს გვეგონა, რომ პრესის მაისური და ბეიჯები გვიცავდა, მაგრამ ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმამ მიგვახვედრა, რომ ასე არ არის. 2023 წლის მარტის აქციების დროს კი აღმოვაჩინე ისიც, რომ პარლამენტიდან შეიძლება გამოგაძევონ, მიუხედავად იმისა, რომ აკრედიტირებული ჟურნალისტი ხარ და სპეციალური საშვი გაქვს”.

“ჩემს 2 კოლეგასთან ერთად პარლამენტის ეზოდან ვიღებდი ე.წ. აგენტების, ანუ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას, როცა დაცვის სამსახურის თანამშრომელმა აკრედიტაცია მომთხოვა. პარლამენტის გაცემული საშვი ვაჩვენე და სიტუაციის გარკვევას დამპირდა, თუმცა რამდენიმე წამში ხელი მომკიდა და ძალის გამოყენებით გამომაგდო საკანონმდებლო ორგანოდან, ისე რომ არაფერი ამიხსნა. ასეთი აგრესიული ფორმით შეგვიშალეს ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში მე და ჩემს 2 კოლეგას, რომლებმაც პარლამენტის ოფიციალური აკრედიტაცია წარადგინეს”, — გვიყვება ხატია.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. დაბრკოლებებს ჟურნალისტები მსოფლიოს მასშტაბით ყველგან აწყდებიან, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა, მნიშნველოვანია, რომ ასეთ ქვეყნებში საგამოძიებო უწყებების მხრიდან ეფექტური რეაგირების იმედი აქვთ.

EUvsDisinfo-მ მოამზადა პოდკასტი, სადაც ქართველი ჟურნალისტი, OC Media-ს დამფუძნებელი, მარიამ ნიკურაძე და ბალკანეთში Al Jazeera-ს ჟურნალისტი, დალია ჰასანბეგოვიჩი ამ საკითხებზე თავისი ქვეყნების გამოცდილებებსა და გამოწვევებს განიხილავენ.

ავტორი: თამუნა გეგიძე

სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია On.ge-ზე



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,