აღმოსავლეთ პარტნიორობა: ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა აღდგენის, გამძლეობის და რეფორმების განახლებულ დღის წესრიგს ადგენს
ივლისი 19, 2021

აღმოსავლეთ პარტნიორობა: ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა აღდგენის, გამძლეობის და რეფორმების განახლებულ დღის წესრიგს ადგენს


2 ივნისს ევროკომისიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა წარადგინეს სამოქმედო გეგმის მონახაზი იმაზე, თუ რა პრიორიტეტები უნდა გამოიკვეთოს უახლოეს წლებში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობაში. როგორც ეს 2020 წლის მარტში განისაზღვრა, დღის წესრიგი ხუთ გრძელვადიან ამოცანას დაეყრდნობა. ამ მიზნით ევროკავშირის ბიუჯეტიდან 2.3 მილიარდი ევრო გრანტების, შერეული ფინანსირების და გარანტიების სახით გამოიყოფა, რასაც, თავის მხრივ, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებით 17 მილიარდამდე ევროს მობილიზების პოტენციალი ექნება. ეს წინადადება ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიების დაწყებას, მათ შორის — 2021 წლის დეკემბრისთვის დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.

კომპლექსური დღის წესრიგის მიზანია ვაჭრობის გაფართოება, განვითარებისა და დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესება, ინვესტირება კავშირებში, დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა და სამართლიანი, გენდერულად დაბალანსებული და ინკლუზიური საზოგადოებების ჩამოყალიბება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირისთვის პრიორიტეტულ სფეროდ რჩება. ჩვენი სურვილია, გვქონდეს ისეთი დღის წესრიგი, რომელიც პასუხობს დღევანდელობის უპრეცედენტო გამოწვევებს თუ შესაძლებლობებს და, ამავე დროს, მომავლის მოთხოვნებს შეესაბამება“, — აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა, — „ჩვენი საქმიანობის საფუძველი დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა  იქნება — ჩვენი თანამშრომლობიდან დადებითი, კონკრეტული შედეგების მისაღებად ეს პრინციპები უმნიშვნელოვანესია. აღნიშნული ეხება ბელარუსსაც, სადაც ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ ადამიანების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში“.

„ჩვენ გთავაზობთ მასშტაბურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელიც კეთილდღეობას მოუტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს. გეგმა მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის განსაზღვრულ საფლაგმანო ინიციატივებს — მათ შორის, სამომავლოდ დემოკრატიული ბელარუსის მხარდაჭერას“, — აღნიშნა ევროკომისარმა სამეზობლოს და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ, — „ახალი დღის წესრიგი ხელს შეუწყობს COVID-19-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენას, განამტკიცებს ეკონომიკურ ურთიერთობებს და შექმნის სავაჭრომარშრუტებს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის“.

კომპლექსურ დღის წესრიგში აქცენტი გაკეთებულია აღდგენაზე, გამძლეობასა და რეფორმებზე. ის მოიცავს ათ ძირითად მიზანს 2025 წლისათვის, რომლებშიც ასახულია მკაფიო ვალდებულებები თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებში. ამ პრიორიტეტთა შორისაა: 500,000 მცირე და საშუალო საწარმოს დამატებითი მხარდაჭერა, 3000 კმ. სიგრძის პრიორიტეტული საავტომობილო და სარკინიგზო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, ჰიბრიდულ და კიბერსაფრთხეებთან ბრძოლა, კორუფციასთან ბრძოლა, 250,000 შინამეურნეობაში ენერგიის მოხმარების მინიმუმ 20%-ით შემცირება, უსაფრთხო წყლის სერვისების ხელმისაწვდომობის და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, შინამეურნეობების 80%-ისთვის მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის გაუმჯობესება, ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დამატებით მხარდაჭერა, მობილობის პერსპექტივების შექმნა 70,000 სტუდენტის, მკვლევრის და ახალგაზრდისთვის.

გარდა ამისა, ახალ დღის წესრიგში გათვალისწინებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი მოდელის გადახედვა, რათა ის ახალ პრიორიტეტებს და მიზნებს სრულად შეესაბამებოდეს. 

რეგიონული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ხელს შეუწყობს COVID-19-ის პანდემიის შემდგომ აღდგენას და გრძელვადიან გამძლეობას სტრატეგიის, „უკეთესი აღდგენა“, საფუძველზე. გეგმაში მოცემულია პრიორიტეტული ინვესტიციების და საფლაგმანო ინიციატივების მოკლე აღწერა, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებთან ერთად არსებული საჭიროებების და მისწრაფებების გათვალისწინებით განისაზღვრა.

2021 წლის დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ფონზე, წინადადებებს პარტნიორი ქვეყნები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეები ერთობლივად განიხილავენ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,