წრიული ეკონომიკა პროდუქტის წარმოებისა და მოხმარების ახალი გზა არის. ის გვეხმარება გადავიაზროთ, თუ როგორ ვგეგმავთ, ვქმნით და ვიყენებთ სხვადასხვა პროდუქტს, რათა ნივთები მეტად გამძლე, მათი წარმოების პროცესი კი მეტად ეკომეგობრული იყოს.
რეალურად, ეს ნიშნავს ნარჩენების მინიმუმამდე შემცირებას. როცა პროდუქტი ვარგისი აღარ არის, მასალა, რომლისგანაც ის შედგება, შეძლებისდაგვარად რჩება ეკონომიკურ ბრუნვაში მეორეული მოხმარების, შეკეთების, გადამუშავებისა თუ აღდგენის გზით. ეს მასალის მრავალჯერ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
წრიული ეკონომიკა განსხვავდება წარმოების ტრადიციული, წრფივი მოდელისგან, რომელიც ეყრდნობა პრინციპს, „მოიპოვე-შექმენი-მოიხმარე-გადააგდე“ და იყენებს დიდი რაოდენობის იაფფასიან, ადვილად ხელმისაწვდომ ნედლეულსა და ენერგიას.

შეზღუდული რესურსების სამყაროში აუცილებელია, რომ გადავაფასოთ წარმოებისა და მოხმარების ფორმები. ეს ნიშნავს:
დღეს ჩვენ რესურსებს იმაზე 50%-ით სწრაფად მოვიხმართ, ვიდრე დედამიწას შეუძლია მათი შევსება. წრფივიდან წრიულ ეკონომიკაზე გადასვლა რამდენიმე მიზეზით არის აუცილებელი:
გარემოს დაცვა
პროდუქტების ხელახლა გამოყენებისა და გადამუშავებისას ჩვენ უფრო ნელა მოვიხმართ ბუნებრივ რესურსებს, ნაკლებად ვანადგურებთ ლანდშაფტსა და საცხოვრებელ გარემოს და უკეთ ვინარჩუნებთ ბიომრავალფეროვნებას. ამასთან, ამ გზით ნაკლები სათბურის აირიც გამოიყოფა.
ნედლეულზე დამოკიდებულების შემცირება
მსოფლიოს მოსახლეობა იზრდება და მასთან ერთად იზრდება შეზღუდული რაოდენობის ნედლეულზე მოთხოვნაც. წრიული ეკონომიკა ამცირებს ნედლეულის მიწოდებასთან დაკავშირებულ ისეთ რისკებს, როგორიცაა ფასების მერყეობა, ხელმისაწვდომობა და იმპორტზე დამოკიდებულება.
სამუშაო ადგილების შექმნა და ფულის დაზოგვა
წრიულ ეკონომიკაზე გადასვლით შეიძლება გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა, ხელი შეეწყოს ინოვაციებს, დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდა და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები (მხოლოდ ევროკავშირში მოსალოდნელია, რომ 2030 წლამდე დაახლოებით 700,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება).
მწარმოებლებისთვის წრიული ეკონომიკის მოდელზე გადასვლა ნიშნავს ეფექტიანობის გაზრდას და მასალების ხელახლა გამოყენების ხარჯზე დამატებითი ღირებულების შექმნას. ეს, თავის მხრივ, ამცირებს ხარჯებს; გაუმჯობესებული მასალები, ტექნოლოგიური განვითარების მაღალი ტემპი და ენერგოეფექტიანობა კი მოგების მიღების მეტ შესაძლებლობას იძლევა.
მომხმარებლები მიიღებენ მეტად გამძლე და ინოვაციურ პროდუქტებს, რაც მათ გრძელვადიან პერსპექტივაში ფულს დააზოგვინებს.
ევროკავშირმა ეკონომიკის წრიულობის უზრუნველსაყოფად მსოფლიოში ყველაზე პროგრესული სამართლებრივი ბაზა შეიმუშავა. ეს წესები ეხება პროდუქტის მთელ სასიცოცხლო ციკლს. კერძოდ, წარმოების ისეთ ეტაპებს, როგორიცაა:
სამართლიანი წესები ევროკავშირში და მის საზღვრებს გარეთ – ევროკავშირის 2020 წლის წრიული ეკონომიკის სამოქმედო გეგმა უზრუნველყოფს იმას, რომ იმპორტირებული პროდუქცია ევროკავშირის წრიული ეკონომიკის სტანდარტებს შეესაბამებოდეს და, ამასთან, ევროკავშირიდანაც შემცირდეს მავნე ნარჩენების ექსპორტი სხვა ქვეყნებში.
ევროკავშირის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები სულ უფრო უახლოებენ თავიანთ პოლიტიკას წრიულ ეკონომიკაზე ევროკავშირის სტანდარტებს. მაგალითად:
რეალურად, რეგიონში მრავალი მცირე საწარმო წრიული ეკონომიკის მეთოდებს უკვე იყენებს, უბრალოდ, ჯერ ამ სახელს არ არქმევს. ევროკავშირის მხარდაჭერა მათ აღიარების მოპოვებაში, საქმიანობის გაფართოებასა და ახალ ბაზრებზე გასვლაში ეხმარება.
როგორ ხდება ეს? უკვე ათ წელზე მეტია, რაც ევროკავშირი უწყვეტად უჭერს მხარს რეგიონში წრიული ეკონომიკის განვითარებას. თავდაპირველად ეს პროგრამის, მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში (Greening Economies in the Eastern Neighbourhood 2013-17), ფარგლებში ხორციელდებოდა, ბოლო დროს კი – პროგრამის, EU4Environment – მწვანე ეკონომიკა (2019-24), ფარგლებში. პროგრამების მიერ შემუშავებული ზომები პროდუქტის მთელ სასიცოცხლო ციკლს მოიცავს (იქნება ეს დაგეგმარება, წარმოება თუ ნარჩენების მართვა). ამაში შედის:
მომავალში ახალი პროგრამა, EU4Green აღდგენა აღმოსავლეთი (2025-2028), კონკრეტულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ციფრული ინსტრუმენტები საწარმოებს წრიული ეკონომიკის დასამკვიდრებლად ხელსაყრელი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარება; სადემონსტრაციო პროექტები აჩვენებს, როგორ უნდა დაინერგოს მეთოდები პრაქტიკაში; რესურსეფექტიანი და სუფთა წარმოების (RECP) კლუბების გაფართოებული ქსელები კოლეგიურ სწავლას შეუწყობს ხელს; წრიული ეკონომიკის სტრატეგიის შემმუშავებელი პლატფორმები ტექნოლოგიური პროგნოზირებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის გზით დაეხმარებიან ადგილობრივ საწარმოებს, გავიდნენ ევროკავშირის ბაზრებზე.
ნამდვილად დაზოგავთ! ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მომუშავე საწარმოებს წრიული ეკონომიკის მოდელის დანერგვაში ეხმარება, რის შედეგადაც ისინი ფულს ზოგავენ, ნაკლებ ენერგიასა და რესურსებს იყენებ და პროდუქტიულობას აუმჯობესებენ.
მაგალითად, სომხეთში გზების მშენებელმა კომპანიამ, Ararat-Chansin, მონაწილეობა მიიღო EaP GREEN პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ რესურსეფექტიანი და სუფთა წარმოების (RECP) სადემონსტრაციო პროექტში. პროექტმა კომპანიას საწარმოო ობიექტზე ეფექტიანობის გასაზრდელად რამდენიმე რჩევა მისცა, მათ შორის, ელექტროგათბობის სისტემის ბუნებრივი აირით ჩანაცვლება და აღჭურვილობის შეკეთება და მოდერნიზაცია. ოთხი წლის თავზე წლიურად თითქმის 200,000 ევროს დაზოგვით კომპანიამ სრულად დაიბრუნა ჩადებული ინვესტიცია – მათ შორის, ასფალტის წარმოებისთვის საჭირო ელექტროენერგიის 73%-ით, ბუნებრივი აირის 42%-ით და წყლის 16%-ით შემცირების ხარჯზე.
დამატებითი ინფორმაცია: წრიული ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები სომხეთში; ქვეყნის პროფილი: სომხეთი მწვანე ეკონომიკისკენ მიმავალ გზაზე
აზერბაიჯანში ბეტონის ქარხანამ, Shamkhal-86, მონაწილეობა მიიღო EU4Environment პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ RECP სადემონსტრაციო პროექტში. პროექტმა რესურსებისა და ფულის დაზოგვის სამი მარტივი გზა გამოავლინა: სილოსებში ფილტრებისა და ცემენტის დონის განმსაზღვრელი სენსორების დამონტაჟება (რაც ხელს უშლის გარემოს დაბინძურებას, ნედლეულის დანაკარგს და აღჭურვილობის შესაძლო დაზიანებას) და ქვიშისა და ხრეშის შესანახი საწყობების აშენება, რაც ქარისა და წვიმისგან დანაკარგს მინიმუმამდე ამცირებს. შედეგად, 5,000 ევროზე ოდნავ მეტი ინვესტიციით კომპანიას წელიწადში 75,000 ევროზე მეტის დაზოგვა შეუძლია.
დამატებითი ინფორმაცია: წრიული ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები აზერბაიჯანში; ქვეყნის პროფილი: აზერბაიჯანი მწვანე ეკონომიკისკენ მიმავალ გზაზე
EU4Environment პროგრამასთან თანამშრომლობით, ქართული ღვინის კომპანია, შატო მუკუზანი, ენერგიის წყაროდ ბუნებრივი აირის ბიომასის ნარჩენებით ჩანაცვლებას განიხილავს. ეს მას წლიურად 350,000 ევროს დააზოგვინებს, ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდება ემისია და გადაიჭრება მყარი ნარჩენების მართვის პრობლემა. ამ ყველაფრისთვის კომპანიას 114,000 ევროს თავდაპირველი ინვესტიციის გაღება მოუწევს.
დამატებითი ინფორმაცია: წრიული ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები საქართველოში; ქვეყნის პროფილი: საქართველო მწვანე ეკონომიკისკენ მიმავალ გზაზე
მოლდოვაში კიშინიოვში მდებარე სტამბამ, Bons Offices, ენერგიისა და რესურსების ეფექტიანობის გასაზრდელად EaP GREEN პროგრამის ფარგლებში მიღებული ხუთი რეკომენდაცია გაითვალისწინა. 30,000 ევროზე ნაკლები თავდაპირველი ინვესტიციის ხარჯზე ის შვიდი წლის თავზე ყოველწლიურად თითქმის 40,000 ევროს ზოგავდა – ეს მოიცავს ელექტროენერგიის მოხმარების 23%-იან და გამოყენებული მასალის 10%-იან შემცირებას და პროდუქტიულობის ზრდას.
დამატებითი ინფორმაცია: წრიული ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მოლდოვაში; ქვეყნის პროფილი: მოლდოვა მწვანე ეკონომიკისკენ მიმავალ გზაზე
კომპანია Gardens of Karlivshchyna უკრაინის პოლტავის ოლქში წვენებსა და ჯემებს აწარმოებს. EU4Environment-ის ფარგლებში მოქმედი RECP კლუბების პროგრამაში მონაწილეობის შედეგად, კომპანია ფოტოვოლტური მზის სადგურის აშენებას გეგმას. ამით ის ყოველწლიურად ელექტროენერგიის მოხმარების 474,000 კილოვატ-საათით შემცირებას და გამონაბოლქვის 199 ტონა CO₂-ის ეკვ.-ით შემცირებას შეძლებს. ეს კომპანიას ენერგეტიკულად დამოუკიდებელს გახდის და იმის შესაძლებლობასაც მისცემს, რომ მორჩენილი ელექტროენერგია გაყიდოს. წლიურად თითქმის 42,000 ევროს დაზოგვა კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ ინვესტიცია ოთხ წელიწადზე ნაკლებ დროში დაფაროს.
დამატებითი ინფორმაცია: წრიული ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები უკრაინაში; ქვეყნის პროფილი: უკრაინა მწვანე ეკონომიკისკენ მიმავალ გზაზე
თქვენი საწარმოსთვის სამომავლო შესაძლებლობების გასაგებად EU4Green აღდგენა აღმოსავლეთის ვებსაიტზე თვალი ადევნეთ შესაძლებლობების განყოფილებას.
ამასთან, EU4Environment პროგრამაც გთავაზობთ მნიშვნელოვან რესურსებს, რომლებიც დაგეხმარებათ, თქვენი საწარმო წრიული ეკონომიკის მოდელს მოარგოთ:
პროდუქტის მომხმარებელი წრიული ეკონომიკის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. იმისათვის, რომ „მდგრადი მომხმარებელი“ გავხდეთ, მოხმარების ყოველ ეტაპზე რიგი საკითხები უნდა გავითვალისწინოთ:
აი, კიდევ რამდენიმე რჩევა, რომელიც პროდუქტების მდგრადად გამოყენებასა და ნარჩენების შემცირებაში დაგეხმარებათ:
სურსათი: გაზომეთ, კვირაში რა რაოდენობის საკვები ნარჩენები გრჩებათ – ამ გზით შეიძლება აღმოაჩინოთ, რა მავნე ჩვევები გაქვთ.
ტანსაცმელი: შეარჩიეთ ხარისხიანი მასალა. იარლიყზე ნახეთ ქსოვილის შემადგენლობა, რომელ ქვეყანაშია დამზადებული და შეამოწმეთ ნაკერების ხარისხი. ეს დეტალები იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, რამდენ ხანს გაძლებს სამოსი.
შეკეთება: ისწავლეთ, როგორ შეაკეთოთ ნივთები ან იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ეს შეუძლია. ტანსაცმელი მეტხანს გაგიძლებთ, თუ გარღვეული ნაკერის ან მომძვრალი ღილის დაკერებას შეძლებთ. და თუ ამის დრო არ გაქვთ, იპოვეთ ახლომახლო სახელოსნო ან სამკერვალო.
ელექტრონიკა: დაფიქრდით, სანამ იყიდდეთ. ნამდვილად გჭირდებათ ახალი მოწყობილობა? რა სიხშირით გამოიყენებთ მას? და თუ მაინც იყიდით, გაუფრთხილდით მას.
ნარჩენები: სახლშიც და სამსახურშიც გაამარტივეთ ნარჩენების დახარისხების პროცესი. სწორი ადგილი შეურჩიეთ ნაგვის ყუთებს და შვილებისთვის, ან თუნდაც უფროსი თაობის წევრებისთვის, მიაკარით ზედ სახალისო სტიკერები, რომლებითაც აღნიშნავთ, რა ტიპის ნარჩენებისთვისაა განკუთვნილი ესა თუ ის ყუთი. ეს ყველას დაეხმარება, რომ ნარჩენები სწორად დაახარისხოს.
გადადით ამ ბმულზე, რათა გაიგოთ მეტი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ, მეტად ეკომეგობრული მომხმარებელი იყოთ.
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,