ევროკავშირი ყველა უკრაინელი ლტოლვილის შესაფარებლად და ახალი სანქციების დასაწესებლად მზადყოფნას გამოთქვამს

ევროკავშირი ყველა უკრაინელი ლტოლვილის შესაფარებლად და ახალი სანქციების დასაწესებლად მზადყოფნას გამოთქვამს

მარტი 12, 2022

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა განაცხადეს, რომ „უკრაინის ომის ყველა ლტოლვილს“ დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფენ. მათ ასევე მოითხოვეს რუსული ძალების სრული და უპირობო გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან.

ვერსალში გამართულ ევროპის სამიტზე 11 მარტს დილით გაკეთებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე ინტერვენციაში დამნაშავე რუსები და ბელარუსები „პასუხს აგებენ საკუთარ დანაშაულებზე“ — მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებულ თავდასხმებზეც.

ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე და მის მოკავშირე ბელარუსზე. “ჩვენ მნიშვნელოვანი სანქციები დავამტკიცეთ და კვლავაც მზად ვართ, სწრაფად ვიმოქმედოთ დამატებითი სანქციების ასამოქმედებლად“, — აღნიშნეს მათ.

„ორი კვირის წინ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა“, — ვკითხულობთ განცხადებაში, — „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია საერთაშორისო კანონების და გაეროს ქარტიის პრინციპების უხეში დარღვევაა და ის ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას ევროპასა და მთელ მსოფლიოში“.

ევროკავშირის ლიდერებმა მოიწონეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება, დაიწყოს გამოძიება უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე. მათ, ამასთან, უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების და დაცულობის დაუყოვნებელი უზრუნველყოფა მოითხოვეს. 

ლიდერებმა თქვეს, რომ ევროკავშირი უკრაინის ომის ყველა ლტოლვილს დროებით თავშესაფარს სთავაზობს. მათ ასევე მადლობა გადაუხადეს ევროპის ქვეყნებს — განსაკუთრებით, უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებს — „იმ განუზომელი სოლიდარობისთვის, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობაში გამოავლინეს“.

„ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გააგრძელებენ ყველა ლტოლვილისა და მათი მასპინძელი ქვეყნებისთვის ჰუმანიტარული, სამედიცინო და ფინანსური დახმარების გაწევას“, — ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადის საპასუხოდ კი ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ აღიარებენ „უკრაინის ევროპულ მისწრაფებას და არჩევანს“ და დასძინეს, რომ „უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საბჭომ სწრაფად იმოქმედა და, ხელშეკრულებების შესაბამისი პირობების თანახმად, ევროკომისიას უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა სთხოვა“.

იმავდროულად, ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, შეუფერხებლად გააგრძელონ „კავშირების გაძლიერება“ და „პარტნიორობის გაღრმავება“ უკრაინასთან.  

ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს განაცხადების შესახებაც სთხოვა მოსაზრებების წარდგენა. 

დამატებითი ინფორმაცია

განცხადება სრული სახით




გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,