საქართველომ კლიმატის ცვლილების დასაძლევად საჭირო ეროვნული ვალდებულებები განაახლა
მაისი 14, 2021

საქართველომ კლიმატის ცვლილების დასაძლევად საჭირო ეროვნული ვალდებულებები განაახლა


საქართველომ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტი განაახლა, რის საფუძველზეც სათბური აირების ჯამური ემისიის უფრო მეტად შემცირების ვალდებულება აიღო. განახლებული დოკუმენტი საქართველოს მთავრობამ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას (UNFCCC) 5 მაისს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებული პროექტის, EU4Climate, მხარდაჭერით წარუდგინა.

ამ დოკუმენტით საქართველომ აიღო ვალდებულება, 2030 წლისთვის  35 პროცენტით შეამციროს სათბური აირების ემისიის ის მაჩვენებელი, რომელიც 1990 წელს ეროვნულ დონეზე დაფიქსირდა (ეს ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 16-პროცენტიან შემცირებას უდრის). ქვეყანა სახავს რეალისტურ მიზნებს ემისიის დონის შესამცირებლად შემდეგ შვიდ სექტორში: ტრანსპორტი, შენობები, ენერგიის გენერაცია და გადაცემა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ნარჩენები და ტყის მართვა. დასახული მიზნის თანახმად, ქვეყანამ გამოფრქვევის მაჩვენებელი საბაზისო დონის საფუძველზე გაკეთებულ პროგნოზებთან შედარებით 15 პროცენტით უნდა შეამციროს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორებში; 10 პროცენტით — სატყეო სექტორში; და 5 პროცენტით  — სამრეწველო სექტორში. ამას გარდა, საქართველო მშენებლობის, ნარჩენების მართვის და სოფლის მეურნეობის სექტორებში დაბალნახშირბადიანი განვითარების პრინციპებზე  გადასვლის ვალდებულებასაც იღებს. 

ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებით საქართველომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პასუხისმგებლობით ეკიდება იმ ვალდებულებას, რომელიც პარიზის 2015 წლის შეთანხმების ხელმოწერისას აიღო. მსოფლიო ლიდერების მიერ მიღწეული ამ შეთანხმების მიზანია, გატარდეს ზომები, რათა გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდამ 2°C-ს არ გადააჭარბოს. იმავდროულად, ხელმომწერები დამატებით ძალისხმევასაც სწევენ იმისთვის, რომ ტემპერატურის მატება უფრო უსაფრთხო მაჩვენებელზე, 1.5°C-ზე შეჩერდეს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,