ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი საქართველოში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას აძლიერებენ 
თებერვალი 5, 2021

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი საქართველოში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას აძლიერებენ 


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს კონსულტაციას ახალ სფეროებში გაუწევს. ინიციატივის მიზანია, COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში დაეხმაროს საწარმოებს, გადავიდნენ ციფრულ ტექნოლოგიებზე და ჰქონდეთ წვდომა კაპიტალის ბაზრებზე. ევროპის გუნდთან (Team Europe) თანამშრომლობით, EBRD კერძო სექტორის მოქნილობის და ეფექტიანობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ევროკავშირიდან მიღებული 1.8 მილიონი ევროს დაფინანსების საშუალებით, EBRD ადგილობრივ კომპანიებს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში დაეხმარება. ეს საწარმოებს მისცემს საშუალებას, პანდემიის პირობებშიც შეუფერხებლად განაგრძონ მუშაობა და განავითარონ სოციალურად პასუხისმგებლიანი და ეკომეგობრული ბიზნესი. დაფინანსების წინანდელი ფაზა ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდა.

აღნიშნულის პარალელურად, EBRD საქართველოს ეროვნულ ბანკთანაც ითანამშრომლებს. პროგრამა ადგილობრივ კომპანიებს, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებს, მხარდაჭერის იმ მექანიზმების ჩამოყალიბებასა და დანერგვაში დაეხმარება, რომლებიც გააუმჯობესებს მათ წვდომას კაპიტალის ბაზრებზე – როგორც სესხების მიღების, ისე სააქციო კაპიტალის კუთხით. მიზნობრივი მხარდაჭერის შედეგად, ქართული კომპანიები კაპიტალის ბაზრებისთვის მომზადდებიან, გაეზრდებათ დაფინანსების წყაროები და გაუადვილდებათ ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისგან ფინანსების მოზიდვა. კომპანიები შეძლებენ მიიღონ კონკრეტულად მათზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურება და ტექნიკური დახმარება. ეს გააუმჯობესებს მათი კორპორატიული მართვის სისტემას, გამჭვირვალობას და კრედიტუნარიანობის შეფასებას კაპიტალის ბაზრებიდან ინვესტიციების მისაღებად.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალი პრეზიდენტი, ოდილ რენო-ბასო 1-2 თებერვალს საქართველოს პირველად ეწვია. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წამყვანი საინვესტიციო ორგანიზაციაა საქართველოში. ქვეყანაში საქმიანობის დაწყების შემდეგ ბანკმა ფინანსურ, მრეწველობის, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სექტორებში განხორციელებულ 262 პროექტში 4.2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩადო.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,